აღდგომა ბომბების ქვეშ – როგორ შეხვდება უკრაინა დღესასწაულს

წელს უკრაინაში მართლმადიდებლები და ბერძენი კათოლიკეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ომის პირობებში იზეიმებენ. ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ხალხს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღვთისმსახურებაში. გასულ წლებში ქვეყანაში Covid-19-თან დაკავშირებით შეზღუდვები მოქმედებდა.

ახლა ბევრი უკრაინელი ისევ ვერ ახერხებს ეკლესიაში მისვლას: სადღაც საომარი მოქმედებების გამო, ზოგან – ოკუპაციის გამო, სხვაგან კი, იმის გამო, რომ ეკლესიას მტრის ჭურვი მოხვდა.

რა შეზღუდვები იმოქმედებს უკრაინაში აღდგომის დღესასწაულზე და ღირს თუ არა ეკლესიაში წასვლა ქრისტეს აღდგომის ზეიმი, როდესაც ირგვლივ ამდენი უბედურება ხდება?

ამ და სხვა კითხვებით „უკრაინულმა პრავდამ“ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსს, ევსტათი ზორს და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დეკანოზს, იგორ იაცივს მიმართა.

ღირს თუ არა ეკლესიაში წასვლა და სააღდგომო კალათების კურთხევა?

უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყო აღდგომის დღესასწაულზე. კერძოდ, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ედესის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში მაღალია მტრის დივერსიული ჯგუფების პროვოკაციების რისკი.

როგორც ცნობილია, რუსეთი ხშირად მიაწერს უკრაინას იმას, რასაც თავად აკეთებს. ცოტა ხნის წინ რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, უკრაინა აღდგომას სროლას მოაწყობს ეკლესიებში და ამას მოსკოვს დააბრალებს.

საომარი მდგომარეობის შეზღუდვების დამორჩილებისკენ მოსახლეობას მოუწოდა უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ.

„რუსეთი მტერია, რომელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეკლესიაზე თავდასხმაც კი. გთხოვთ, ფრთხილად იყავით“, – აღნიშნა მან.

ორივე ეკლესიის ხელმძღვანელი არ იძლევა ერთგვაროვან რეკომენდაციებს მრევლისთვის. 

როგორც ისინი ამბობენ, მთავარი მორწმუნეთა უსაფრთხოებაა, ამიტომ არსებულ ვითარებას ყველა კონკრეტული რეგიონის მიხედვით უნდა მოერგოს.

„უკრაინის სხვადასხვა ნაწილში საფრთხის სხვადასხვა დონეა. თუკი ვისაუბრებთ ხარკოვზე ან უჟგოროდზე, ცხადია, რომ ამ ქალაქებში სხვადასხვა ვითარებაა. რაც უფრო ახლოსაა ფრონტთან, მით უფრო სახიფათოა. ყური უნდა დავუგდოთ სამხედრო და სამოქალაქო სიახლეებს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ“, – ამბობს ევსტათი ზორი.

 არქიეპისკოპოსი ევსტათი ზორი

უზენაესი ეკლესიის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა არ ღირს.

„გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ჯარს არ გააჩნია არავითარი მორალური ჩარჩოები. ჩვენ ვხედავთ რამდენი ეკლესია განადგურდა ამ ორი თვის მანძილზე. უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, ბზობის კვირას, სევეროდონეცკის  საკათედრო ტაძარი დაბომბეს. ადგილები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იკრიბება, რუსებმა მიზანმიმართულად დაბომბეს. ჩვენ გვესმის, რომ საქმე ბოროტების იმპერიასთან გვაქვს “, – ამბობს არქიეპისკოპოსი.

რაც შეეხება იაცივს, ის აცხადებს, ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ არა ეკლესიაში.

დეკანოზი იგორ იაცივი

„ჩვენ კიდევ უფრო დრამატული აღდგომა გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. ღვთისმსახურება იქნება, მათი გრაფიკი შედგენილია. ხალხი თავად წყვეტს, რას გააკეთებს, იმის მსგავსად, წავიდნენ თუ არა სუპერმარკეტში პურისთვის“, – ამბობს ის.

როდის იქნება ღვთისმსახურება ეკლესიაში?

როგორც წესი, აღდგომას საეკლესიო მსახურება შუა ღამეს იწყება, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინის თითქმის ყველა რაიონში კომენდანტის საათი მოქმედებს, უმეტეს ეკლესიაში მსახურება დილით – კომენდანტის საათის დასრულებისთანავე დაიწყება.

„ჩერნიჰივში, სადაც მე ვმსახურობ, ლოცვის დაწყებას 6 საათზე ვგეგმავ, რათა კომენდანტის საათი არ დავარღვიო.  იქ, სადაც საფრთხის დონე გაცილებით ნაკლებია, შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს კომენდანტის საათი, ამიტომ ღვთისმსახურების განრიგიც სხვანაირი იქნება“, – ამბობს ევსტათი ზორი.

„ყველა ეპარქიაში დროის სხვადასხვა ინტერვალია. კიევში, ჩვენს ტაძარში მსახურება დაიწყება 7:30 საათზე, კვირას. 23-ში, პარასკევს, 16-19 საათზე ტრადიციულად ვაკურთხებთ სააღდგომო კალათებს. როდის ჩატარდება ღვთის მსახურება წყვეტს ადგილობრივი ეპისკოპოსი“,- აცხადებს დეკანოზი.

როგორი იქნება ღვთის მსახურება ომის პირობებში?

ღვთის მსახურება ტრადიციული სცენარით ჩატარდება. რა თქმა უნდა, ეკლესიაში გაიხსენებენ ომში დაღუპულებსაც.

უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიებში სააღდგომო გზავნილს წაიკითხავენ მიტროპოლიტ ეპიფანეს და ასევე, ადგილობრივი ეპისკოპოსის მიმართ.

მრევლი ელოდება ქადაგებას, რომელშიც მღვდლები მათ მიმართავენ დღევანდელობის შესაბამისი სიტყვებით.

როგორ იზეიმებენ აღდგომას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ფაქტობრივად „უკანონოდ“ მოქმედებს, მაგრამ ყველა რეგიონში მაინც ერთნაირი ვითარებაა. ზოგიერთ რაიონში ეკლესიას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას.

არქიეპისკოპოსის თქმით, ეკლესია ფაქტობრივად ფარულად მოქმედებს, ღვთის მსახურების შესახებ მხოლოდ ეკლესიის წევრებს ატყობინებენ.

რატომ არის ახლა აღდგომის ზეიმი მნიშვნელოვანი?

 

„სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, ყველაფერ იმის ზეიმი, რასაც ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მოიცავს, მნიშვნელოვანია ომის პირობებში. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ საკუთარი კავშირი უსასრულობასთან და მრავალსაუკუნოვან უკრაინულ ტრადიციასთან, ვინაიდან აქედან ვიღებთ სულის სიძლიერეს“, – ამბობს ევსტათო ზორი.

ომის დროს ადამიანს ბევრი ნეგატიური ემოცია აქვს: ზოგი სასოწარკვეთილია, ზოგი სიბრაზეს და სიძულვილს გრძნობს მტრის მიმართ. როგორ უნდა იზეიმოს ასეთი განწყობით ადამიანმა აღდგომა?

იგორ იაცივი ამბობს, მას ესმის ადამიანების ემოციები, რომელთაც ახლა მტრის სიკვდილი უნდა.

„მეც ადამიანი ვარ. მეც ვიყავი ბუჩაში, ირპენში და ვლოცულობდი ძმათა საფლავებზე, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, გარდავქმნათ ჩვენი მტრისადმი სიძულვილი სამშობლოს სიყვარულად. ზუსტად ამ სიყვარულის საშუალებით ვიცავთ დღეს უკრაინას: ზოგი ომში, ზოგი მოხალისეობით, ზოგი სულიერ ფრონტზე. ყველას თავისი ბლოკპოსტი აქვს“, – აღნიშნავს იაცივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები