„სწრაფად სიკვდილი მინდოდა“ – 17 წლის მარიუპოლიელი გოგონა საკუთარ ისტორიას ჰყვება

17 წლის მარია ვდოვიჩენკო მარიუპოლში ცხოვრობდა. მან ისწავლა ბანდურაზე დაკვრა, მშობლებთან ერთად ეკლესიაში დადიოდა. ომის დაწყების შემდეგ მარიამ და მისმა ოჯახმა გამოიარა: შიმშილი, უწყლობა, დაბომბვა… მათი სახლი დაინგრა, ხოლო უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაქცევის დროს ისინი დაკითხეს ფილტრაციის ბანაკში, სადაც მამამისს ისე სცემეს, რომ მხედველობა დაკარგა.

მარიას ოჯახმა  მარიუპოლს თავი დააღწია და ახლა ის მსოფლიოს თავის ისტორიას უამბობს.


„ომის დაწყებიდან ორი დღე იყო გასული, როდესაც ქალაქში კომუნიკაცია, წყალი და სინათლე გაქრა.

ბინაში მუქი ფარდები დავკიდეთ, ფანჯარასა და ფარდას შორის ქვაბამბა მოვაქციეთ. გვეგონა, რომ ეს  დაგვიცავდა.

გადავწყვიტეთ აბაზანაში დავმალულიყავით. იყო დღეები, როცა უკვე ვიცოდით, რომელ საათზე დაიწყებდნენ სროლას. როგორც კი გავიგონებდით ხმაურს, შრიალს ან აფეთქებას – მაშინვე სააბაზანოში მივრბოდით. თანდათან მოსაწყენი გახდა. იმედი გადაგვეწურა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა და ჩვენ გადაგვარჩენდნენ. როგორ უნდა დაგვიცვას სააბაზანომ ჩვეულებრივ „ხრუშჩოვკაში“?

ერთ დილას ყველა ერთ ოთახში ვიწექით. გვესმოდა, როგორ ზანზარებდა ყველაფერი და გვერდზე ოთახში რაღაცები ცვიოდა. ვიწექით და ვფიქრობდით: „არა, ეს სადღაც შორს არის.“ ჩვენ ასე გვჯეროდა.

სახლიდან გამოსვლა მოვახერხეთ, მამაჩემმა გვითხრა, სწრაფად ჩავსულიყავით პირველივე შემხვედრ სარდაფში. 

ირგვლივ ყინული, შუშები, ხმაური, სროლები… ჩვენ მივრბივართ და ვფიქრობთ: ნეტავ, სარდაფში კიბე იყოს, ნეტავ, ჩასვლა მოვასწროთ…

ჩემი და სარდაფამდე პირველი მივიდა. შემდეგ – მე და ჩემი მშობლები. დავიწყეთ კაკუნი და გავიგეთ, რომ შიგნით ხალხი იყო. ბოლოს ვიღაც კაცმა გააღო კარი და თქვა, რომ ვერ შეგიშვებთ, სარდაფში ბევრი ხალხია, ზედმეტი ადგილი არ არისო. მამამ არ მოუსმინა, ხელი ჰკრა და ჩვენც შევედით.

შიგნით 20 კაცი იყო, ჩვენი მეზობლები. ჩვენთან ერთად მოვიდა კიდევ ერთი ოჯახი, ხუთი თვის ჩვილით. ჩვენ რომ არ შევსულიყავით, სახლის ეზოში ორი ოჯახი დაიღუპებოდა.

სარდაფში ბევრი საშინელება ვნახეთ. ხალხს საჭმელი ამოეწურა, ისინი ცხოველებად გადაიქცნენ. მზად იყვნენ, ერთმანეთი მოეკლათ ერთი ყლუპი წყლისთვის.

საჭმლის მოსამზადებლად არაფერი იყო. წყალს ყინულისა და თოვლის გალღობით ვიღებდით.

ერთ დღეს ჩვენი კარის წინ სარდაფში ნაღმი ჩამოვარდა. ხვრელი ისეთი დიდი იყო, თითქოს, ვიღაცამ ღრმად გათხარა. გვეგონა, რომ ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრეოდა. შენობას ნგრევა უკვე დაწყებული ჰქონდა. გვეშინოდა, რომ ეს ჩვენი საერთო საფლავი არ გამხდარიყო.

მიწა ვიბრირებდა, სახლი, თითქოს, ადგილზე ხტოდა. თავიდან ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს, რაღაც ჩამოვარდა… მერე კი, აფეთქების ტალღამ ყველაფერი დაანგრია. სახლის ზედა სართულები, უბრალოდ, ჩამოიშალა. სახურავიდან ბეტონის ნაჭრები, ავეჯი, ფილები, შუშები ცვიოდა. ყველგან ყვიროდნენ.

დედაჩემი უკვე ექვსი წელია, პოლინევროპათიით იტანჯება. სტრესულ ფონზე მან სიარული შეწყვიტა და გული ორჯერ გაუჩერდა. აფთიაქები არ მუშაობდა, წამალი არ გვქონდა. სასწრაფო დახმარების განყოფილება, ჩვენი სარდაფის მოპირდაპირედ, დაინგრა.

მამამ დედას გული ორჯერ აამუშავა, როგორც შეეძლო და იცოდა – ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა. დედას ვერ დავკარგავდით, ამიტომ წამლების ძებნა ბომბების ცვენის ქვეშ გვიწევდა.

იქ ყოფნის მეათე დღეს მხოლოდ ერთი ნაჭერი პური დაგვრჩა. ის ჩემი მუშტის ზომის იყო. ოთხზე გავყავით. ჩემს ნაჭერს ვერ ვჭამდი, რადგან ძალიან დიდხანს ვშიმშილობდით.

ხალხი ერთმანეთში ჩხუბობდა. ვიღაცის გაძევებასაც ცდილობდნენ სარდაფიდან, რათა ერთი ადამიანით ნაკლები ყოფილიყო. უკვე სიკვდილის სუნი იგრძნობოდა. ასე გაგრძელდა 12 დღე.

ჩვეულებრივ, როცა ისროდნენ, ბავშვი ტიროდა, ვიღაც ლოცვას ხმამაღლა კითხულობდა. ერთ მომენტში კი  ყველა დუმდა.

იქ ვიწექი და ვფიქრობდი: „აქედან ვერ გავალთ. ეს ჩემი საფლავია“.

უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი, არც ლოცვა შემეძლო და არც იმედი მქონდა. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. ჩემი ოჯახი, ჩემთან ერთად, ერთ საბანზე იწვა.

ღმერთს ვთხოვე, მალე მომკვდარიყავი და ჩემი ახლობლების სიკვდილი არ მენახა. არ მენახა, როგორ იტანჯებიან და მე ვერ ვეხმარები.

არაფერი გვქონდა. არც ძალა, არც იმედი, არც ჩვეულებრივი პირველადი დახმარების ნაკრები. ყველა მიხვდა, რომ თუ აქ რამე ჩამოვარდებოდა, ცოცხალი ვერავინ გააღწევდა, როგორც მეზობელ კორპუსში, საიდანაც ვერავინ ამოიყვანეს. ეს აკრძალული იყო მტრის ჯარისკაცების მიერ.

შემდგომ გავემგზავრეთ იალტაში, სადაც 10 დღეზე მეტ ხანს ვიმალებოდით ძველ პანსიონატში. საჭმელი არ გვქონდა, წყალს ჭიდან ვიღებდით. ნაღდი ფული, რომელიც დაგვრჩა, არაფრად ფასობდა.

იალტაში ზუსტად მაშინ ე.წ. დონეცკის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფლებას ცვლიდნენ და უნდოდათ საკუთარი თავი საუკეთესო სახით წარმოედგინათ ხალხისთვის. მათ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად იწვევდნენ და თან სახელსა და გვარებს იწერდნენ. ხალხი იქ თავის გადარჩენის მიზნით წავიდა, რათა შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. „დახმარება“ მიიღეს მხოლოდ ადგილობრივებმა, რომლებიც მიღებულ პროდუქტებს ბაზარში უაღრესად მაღალ ფასებში ყიდდნენ.

იალტაში ისევ შიმშილის, სიცივისა და გაყინვის შიშმა მოგვაკითხა. სულ გვქონდა ცეცხლი, წყალი, ჩაი და ორი პური. მშობლებმა წასვლა გადაწყვიტეს.

ასე მოვხვდით მანჰუშში. იქ ორი ბანაკი იყო. პირველი მათთვის, ვინც ფეხით გადაადგილდებოდა. აქ საშინლად დიდი რიგები იყო.  ხალხი გადარჩენას და გაქცევას მთელი ძალით ცდილობდა. კიდევ ერთი ბანაკი იყო მათთვის, ვინც მანქანებით იყო.

ბანაკი არ არის ერთგვარი დასახლება, ეს არის მანქანების კოლონა. ჩვენს წინ 500 მანქანა იდგა რიგში, კიდევ ათასობით ჩვენს უკან.

მანქანებიდან გადმოსვლა, საკვების მოძებნა ან წყლის ძებნა, ასევე, ტუალეტში გასვლა აკრძალული იყო. შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები ყველგან დადიოდნენ, იმუქრებოდნენ, ამოწმებდნენ, ეძებდნენ, რომ ყველა ადგილზე ყოფილიყო.

ეს ფილტრაციის ბანაკი, როგორც გვითხრეს, დილის 5-დან ღამის 11 საათამდე მუშაობდა, მაგრამ, სინამდვილეში – სანამ ისინი არ გაიღვიძებენ, ისაუზმებენ, მოსწევენ, ტელეფონზე ისაუბრებენ და გამოიცვლიან, არაფერი დაიწყება.

მათ არ აინტერესებთ მშვიდობიანი მოსახლეობა. ყოველ საათში ორი-სამი მანქანა გადიოდა. ჩვენი რიგის მოლოდინში ორი დღე მანქანაში ვიცხოვრეთ.

აი, როგორ მუშაობს ფილტრაცია: მათ აქვთ საგუშაგო. მანქანა მიდის იქ, სადაც ამოწმებენ ყველა ჯიბეს, ავტომობილის სანივთე უჯრას, საბარგულს, ყველა ჩანთას. იმასაც, რა აქვს ხალხს ტანსაცმლის ქვეშ. ქუჩაშივე, მანქანებთან, მამაკაცებს აშიშვლებენ. ეძებენ ტატუებს, რაღაც ნიშნებს, ერთი სიტყვით, „ნაციონალისტებს“.

ისეც ხდებოდა, რომ ფილტრაციას მანქანის ყველა მგზავრი ვერ გადიოდა: მათ შეეძლოთ წაეყვანათ მამა ან დედა და მანქანას სვლა უნდა გაეგრძელებინა. ხალხი დაბნეული იყო, იკარგებოდნენ. მათ იარაღი ჰქონდათ, ხალხს კი – არაფერი.

ჩვენი რიგი მოვიდა საღამოს 11 საათზე. ჩვენი მანქანა ბოლო იყო იმ დღეს. შეგვიშვეს და გაგვჩხრიკეს. დედა, ავადმყოფობის გამო, უკვე აღარ დადიოდა. მას და ჩემს დას ნება დართეს, გარეთ არ გასულიყვნენ: თქვეს, რომ „გაფილტვრა იწყება 14 წლიდან“.

მე ფილტრაციის ერთ ოთახში წავედი, მამა – მეორეში.

აიღეს ჩემი თითის ანაბეჭდები, დაასკანერეს საბუთები, შეამოწმეს ჩემი ტელეფონი, დამისვეს პროვოკაციული კითხვები ძალაუფლებაზე, უკრაინაზე, ჩემს პოზიციებზე. ისინი ცდილობდნენ, ეპოვათ სამშობლოს მოყვარული ხალხი, ვისაც ნორმალურად ცხოვრება უნდოდა.

ჩემი პასპორტი აიღეს, ნახეს, რომ 17 წლის ვიყავი. არ მომეწონა, თითქოს, ძალიან ახალგაზრდულად  გამოვიყურებოდი, ისინი კი, რამდენიმე ახალგაზრდა გოგოს ეძებდნენ.

გამომიყვანეს და მანქანამდე მათი შეიარაღებული ჯარისკაცი გამომყვა.

ის ხელს მკრავდა, თითქოს, უფრო მაჩქარებდა. დავეცი, მუხლი დავარტყი, მაგრამ მივხვდი: ახლა თუ არ ავდექი და მანქანამდე არ გავიქეცი, ვეღარ გადავრჩები. მთელი ძალით გავიქეცი.

დედამ დამინახა და მას პანიკა დაეწყო: „რა დაემართა მამას? არ გაატარეს? უკვე მოკლეს? მას სცემეს?“ და ვერაფერი ვთქვი. იქ ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მოხდებოდა შემდეგ.

მამა 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ის გარეთ გამოაგდეს. გადმოვიდა და დაეცა. წამოდგომა სცადა და დაეცა. მაგრამ მაინც მივიდა მანქანასთან.

შემდეგ წავედით ლტოლვილთა დახმარების ცენტრში, ზაპოროჟიეში. დედას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მაშინ სიარული ჯერ კიდევ არ შეეძლო. მამა ავად იყო. მე და ჩემი და – ემოციურად დაღლილები, ფსიქოლოგიურად გატეხილები.

მოხალისეები დნეპრამდე მისვლაში დაგვეხმარნენ. ქალაქში ორმა ექიმმა მამაჩემი გასინჯა და დაასკვნეს, რომ მას ჭურვის დარტყმის შედეგად ჰქონდა დაზიანება. ერთ თვალში მხედველობა სრულიად ჰქონდა დაკარგული.

ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად მოხალისეებმა ლვოვში გაგვგზავნეს. აქ მამა კიდევ ერთხელ გასინჯეს. გვითხრეს, რომ მისი მკურნალობა ხანგრძლივი, რთული და ძვირი იქნება და შესაძლოა, საზღვარგარეთ გამგზავრება მოუწიოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები