უცნობი ადამიანები სხვების დასახმარებლად გაერთიანდნენ – ისტორია ერთი კორპუსის მაცხოვრებლებზე

ხარკოვში აქტიურად მუშაობენ მოხალისეთა ორგანიზაციები. ისინი გაერთიანებულები არიან საერთო მიზნით – დაეხმარონ ადამიანებს, მაგრამ ამას სხვადასხვაგვარად აკეთებენ.

ეს ისტორიაც ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეზობლებზეა, რომლებიც ომამდე ერთმანეთთან აქტიურად არ ურთიერთობდნენ, თუმცა ომის დროს ერთმანეთის და სხვების საყრდენებიც კი გახდნენ.

***

(სტატიის ავტორი ოლექსანდრ ლაპშინი) – „მე და ალექსეიმ ერთმანეთის სირბილისას გავიცანით. თავიდან ვუყურებდით და შეფასებას ვუწევდით ერთმანეთის ვარჯიშებს, შემდეგ კი, ერთად დავიწყეთ სირბილი. ეს 2021 წელს იყო.

დაახლოებით, ორსაათიანი სირბილისას ხარკოვის ქუჩებში მე და ალექსეიმ ბევრ რამეზე მოვასწარით საუბარი.

ახლა უკვე ყველა დეტალი არ მახსენდება, მაგრამ ჩემს გონებაში ძალიან კარგად ჩაიბეჭდა საერთო შეხედულება სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეზე. და კიდევ ერთი დეტალი – რუსულენოვან ხარკოვში ალექსეი უკრაინულად საუბრობდა და ეს ჩემში მისადმი პატივისცემას აღვივებდა.

ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი დიდი ხანი არ გვენახა.

ასე გრძელდებოდა ამ წლის მარტამდე, სანამ ჩვენ შემთხვევით არ შევხვდით ერთმანეთს ხარკოვის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე. ამ მოვლენამ იმ დღეს ძალიან გამაოცა და ეს ჩემს ფეისბუქგვერდზე დავწერე.

ამის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ალექსეი ტერიტორიულ თავდაცვაში  იყო. მე ძალიან მინდოდა მენახა, როგორ იყო იქ ყველაფერი მოწყობილი. ვწერდი და ვთხოვდი შეხვედრას. ასეც მოხდა, მაგრამ რაც ვნახე და გავიგე მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ამან კიდევ უფრო გამაოცა. მე შევიტყვე სპონტანურად შექმნილი მოხალისეთა ორგანიზაციის შესახებ.

მისი დამფუძნებლები, მონაწილეები, ინსპირატორები და მუდმივი თანამშრომლები უბრალო ადამიანები არიან – ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები. ისინი, ვინც ყოველ დილით შენს გვერდით იყვნენ მეტროში თუ ქუჩაში. ახლა კი ხარკოვში დარჩნენ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვებს ეხმარებიან.“

ანა ვერბა

ფარმაცევტ-კოსმეტოლოგი

 

„მოხალისეობის ისტორია ძალიან სპონტანურად დაიწყო. ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგის ნაცნობი ჰუმანიტარულ დახმარებას გვთავაზობდა, ჩვენ კი, ვანაწილებდით. ჩვენს სახლებში პროდუქტებით სავსე ახალ-ახალი პარკები ჩნდებოდა.

ჩვენს კორპუსში შეიქმნა ნამდვილი ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. არაფერი გამოგვივიდოდა ალექსეის ნაცნობების გარეშე, იურის წოდების (უკრაინის ეროვნული პოლიციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი) გარეშე, სანიას ხელების გარეშე, ბოგდანის გონიერების გარეშე…

გვესმოდა, რომ თუკი გუნდის ერთ-ერთი წევრი გაგვეთიშებოდა, მთელი ორგანიზმში შეწყვეტდა მუშაობას, ამიტომ ერთმანეთს ყველა საკითხში ვეხმარებოდით.

ახლა მე მედიკამენტების დახარისხებით ვარ დაკავებული, მაგრამ მაინც ხშირად ვმოგზაურობ ქალაქში სხვებთან ერთად.“

როსტისლავი

მუსიკალური სკოლის დირექტორი, ასწავლის გუნდურ სიმღერას

 

„მე მეზობელ სახლში ვცხოვრობ, მაგრამ აქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. ჩვენ ომის დაწყებამდე შევთანხმდით, რომ ხარკოვში დავრჩებოდით.

როდესაც პირველი აფეთქების ხმა გაისმა, მეგობრებთან მივედი. სარდაფში ჩასვლა არ გვინდოდა, ამიტომ დერეფანში ვისხედით. იქ მუდამ დადიოდა ხალხი, ჩვენ ვესალმებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით.

ასე გავიგეთ, რომ ალექსეი, იური და ბოგდანი ტერიტორიულ თავდაცვაში აპირებდნენ ჩაწერას, მაგრამ იქ უკვე აღარ იყო ადგილი, ასე რომ, დახმარების ახალი საშუალება უნდა მოგვეძებნა.

შემდეგ გავიგეთ მოხალისეების შესახებ ხარკოვის სახელმწიფო ადმინისტრაციაში და მოველაპარაკეთ მათ, ჩვენი კორპუსის მოსახლეობისთვის პროდუქტები მოეტანათ. როდესაც მოიტანეს, მივხვდით, რომ ჩვენთვის ეს ძალიან ბევრი იყო – ევაკუაციის გამო, კორპუსში ცოტა ხალხი დარჩა.

შემორჩენილი პროდუქტები ნაცნობებს დავურიგეთ. ამის შემდეგ რეგულარულად გვაწოდებდნენ პროდუქტებით სავსე ყუთებსა და პარკებს, რომელთაც ჩვენც ვანაწილებდით. „სარაფანის რადიომ“ მუშაობა დაიწყო!

ჩვენ შევიკრიბეთ, ჩავატარეთ თათბირი და გადავწყვიტეთ, მოვალეობები გადაგვენაწილებინა. მაგალითად, საშა პროდუქტების დაფასოებით არის დაკავებული. მე წამლების შემადგენლობა დავაორგანიზე.

წამლების არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ისინი ერთად და გაურკვევლად ეყარა. მოვიტანე მაგიდა, წამლების ცნობარის წიგნი და დავიწყე მათი დახარისხება სხეულის ნაწილების მიხედვით.

ელენა და ბოგდანი

ელენა გუნდის სოლისტია, ბოგდანი – რკინის კონსტრუქციების ინჟინერი.

 

„როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ დავიბენით. მივხვდით, რომ საერთოდ არ ვიყავით მზად. ხელზე მხოლოდ 100 გრივნა გვქონდა, ამიტომ მაშინვე ბანკომატთან წავედით. გაგვიმართლა, რომ რამდენიმე დღით ადრე მანქანის ავზი გავავსეთ. 

ინსტინქტურად ვგრძნობდით, რომ საჭირო ვიქნებოდით ქალაქში, ამიტომ არსად წავედით. ომის პირველი დღეები ნაწილობრივ ბინაში გავატარეთ, ნაწილობრივ კი – დერეფანში. ჩვენ ძველი პატარა რადიომიმღები გვქონდა და მას ვუსმენდით. დერეფანში მხოლოდ ლეიბი გამოვიტანეთ და გვეგონა, რომ ომი მხოლოდ სამ დღეს გასტანდა, მაგრამ, მეათე დღეს დერეფნის მოწყობა უფრო საფუძვლიანად დავიწყეთ.

გადაუდებელი საჭიროებები მოსახლეობას აერთიანებდა. მაგალითად, საჭირო იყო კორპუსის გარე განათების გამორთვა. მე კიბე მქონდა, ვიღაცას ნაჯახი აღმოაჩნდა. ზოგიერთი ფარანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებით გავთიშეთ.

პირველი ჰუმანიტარული დახმარება იურიმ და ალექსეიმ მოიტანეს, მაგრამ ჩვენი კორპუსის მოსახლეობისთვის ის ზედმეტი იყო, ამიტომ პროდუქტების ახლობლებისთვის მიწოდება დავიწყეთ. მიწოდების პროცესი თავიდან ძალიან ქაოსური იყო, მაგრამ შემდეგ ერთგვარი სისტემა ჩამოვაყალიბეთ.

რამდენჯერმე მოვაწყვეთ მოსახლეობის საერთო შეკრება, რომელზეც განვიხილეთ გადაუდებელი საკითხები და დავნიშნეთ პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა მიმართულებაზე.

საშა

საწყობის ყოფილი გამგე

 

„მე ამ სახლში მეუღლესა და შვილთან ერთად ვცხოვრობ. ახლა ისინი ახლობლებთან არიან, სხვა რაიონში.

ვერ ვიტყოდი, რომ ადრე ჩემს მეზობლებს ვიცნობდი. კი, ჩვენ ვესალმებოდით ერთმანეთს, როდესაც ვხვდებოდით ხოლმე, მაგრამ ახლობლური ურთიერთობა არ გვქონდა.

როდესაც იურიმ და ლიოშამ საკვების მოტანა დაიწყეს,  ჩვენ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა. გადავწყვიტე, რომ მათ დავხმარებოდი. ახლა მე ვიღებ, ვახარისხებ, ვანაწილებ პროდუქტებს, რომლებიც სხვადასხვა წყაროდან მოგვდის. ხანდახან ბიჭებთან ერთად დავდივარ მათ გასანაწილებლად.

სამწუხაროდ, ხანდახან ხდება ისე, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს ახალგაზრდა და საღ-სალამათი ხალხი მერე კი, ცხვირს იბზუებს, როდესაც მაკარონი სხვა ფირმისაა ან ბავშვის კვება – სხვა მწარმოებლის. ისინი ჩვენს სამსახურს უყურებენ არა როგორ ქველმოქმედებას ერთი ადამიანისგან მეორისადმი, არამედ როგორც ვალდებულებას. თუმცა, ძირითადად, პასუხად მაინც მადლიერებას და სითბოს ვიღებთ. ზუსტად ეს ადამიანური მადლიერება გვაძლევს ძალას. ხანდახან შესაძლოა, საღამოს 5 ან 6 საათზე ვისაუზმოთ.“

იური და ოლეგი

მუშაობდნენ საზოგადოებრივი კვების უზრუნველყოფის სფეროში

ოლეგი

 

„როდესაც დაიწყო ომი, ვიყიდეთ თამბაქო და კომპიუტერის სათამაშოდ დავსხედით. შემდეგ ტერიტორიულ დაცვაში ჩაწერა გადავიწყვიტეთ. სამი დღე ზედიზედ მივდიოდით სახელმწიფო ადმინისტრაციაში, მაგრამ უკან გვაბრუნებდნენ.

მეოთხე დღეს, როდესაც ისევ იქ ვაპირებდით წასვლას და ყავას ვსვამდით, დილის 8:02-ზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. 8:05-ზე დაგვირეკეს ტელეფონზე და გვითხრეს, ხერსონის რაიონული ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს.

შემდეგ ქალაქიდან წასვლას ვაპირებდით, მაგრამ სადგურზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. შემდეგ ტელეფონზე დაგვირეკა ალექსეიმ და ჰუმანიტარული დახმარების ვაგონების ჩამოსაცლელად დაგვიძახა.

დიდი ნაწილი წაიღეს მოხალისეებმა, მაგრამ რაც დარჩა, ჩვენ წამოვიღეთ. მივიტანეთ სახლში, დავახარისხეთ და დავიწყეთ გადანაწილება. ზუსტად ამით ვარ დაკავებული დღემდე.“

ანია კალინა

მუშაობს IT სფეროში.

 

„მე და ალექსეი მეზობლები ვართ. მას ორი კატა ჰყავს, მე – ერთი. როდესაც რომელიმე ქალაქიდან გავდიოდით, მეორე კატების მოსავლელად რჩებოდა. კიდევ ვიცნობდი ანას. მას ძაღლი ჰყავს. როდესაც ომი დაიწყო, ანა ჩემთან შემოვიდა და მკითხა: „რა გავაკეთოთ?“

ჩვენ ჩავედით სარდაფში, სადაც სტრესისა ფონზე ხალხმა ერთმანეთის გაცნობა დაიწყო. ადამიანები ძალიან გულღიად იქცეოდნენ, ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. ალექსეი მაშინვე ჩაერთო ყველაფერში. აგვარებდა რაღაც საკითხებს და ამშვიდებდა ხალხს.

მე ვხედავდი, როგორ შეიკრიბა მის გარშემო ადამიანების გუნდი, რომელსაც სხვისი დახმარება უნდოდა, მაგრამ თავად მათ არ შევუერთდი. ვხედავდი, რომ ისინი კორპუსში დარჩენილებს კვებავდნენ, მუდამ საქმეში იყვნენ და საღამოს დაღლილები ბრუნდებოდნენ. ამ დროს გადავწყვიტე, რომ მათზე მე მეზრუნა.

ადრე მაინცდამაინც არ მიყვარდა სახლის საქმეები, მაგრამ ახლა დიდი სიამოვნებით ვამზადებ საჭმელს და ვინარჩუნებ სისუფთავეს. მათი დახმარებით, ჩვენს კორპუსში უსაფრთხოების პატარა კუნძული შეიქმნა.  აღარ ვაპირებ ქალაქიდან წასვლას, მე უნდა დავრჩე და მათ დავეხმარო.“

იური

უკრაინის ეროვნული პოლიციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი

 

„მე ამ სახლში, დაახლოებით, ერთი წელია, რაც ვცხოვრობ, მაგრამ, თითქმის, არავის ვურთიერთობდი.

დილით ადრე მივდიოდი სამსახურში, ღამით გვიან ვბრუნდებოდი. 24 თებერვალს მე მთელი დღე სამმართველოში გავატარე. საღამოს დავიშალეთ და არ ვიცოდით, რა იქნებოდა შემდეგ.

„დაელოდეთ მომდევნო განკარგულებებს“, – ასე გვითხრეს. მომდევნო დილით მე რაიონულ განყოფილებაში წავედი. იქ ყველა ნერვიულობდა და ელოდებოდა, მაგრამ რას – არავინ იცოდა. დღის განმავლობაში, მე მირეკავდნენ ტელეფონზე მშობლები, მეგობრები, ნაცნობები და დაჟინებით მთხოვდნენ, ქალაქი დამეტოვებინა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ უნდა დავრჩენილიყავი. საღამოს სახლში დავბრუნდი. სროლა დაიწყო და მეც სარდაფში ჩავედი. ადრე არც კი ვიცოდი, აქ სარდაფი იყო.

იქ უკვე ბევრი ხალხი შეკრებილიყო. მე ერთი კარიდან მეორემდე დავდიოდი და წესრიგს ვაკონტროლებდი. იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურის ტანისამოსი მეცვა, მოქალაქეების ნაწილი მაჩერებდა და ეჭვით მეკითხებოდა, რუსეთის აგენტი ხომ არ ვიყავი. ამიტომაც, საბუთების ჩვენება მომიწია, რითიც ჩემი მეზობლები დავამშვიდე. 

მე და ალექსეიმ ერთმანეთი რომ გავიცანით, გადავიწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით ტერიტორიულ თავდაცვაში, მაგრამ ვერ მოვასწარით ამის გაკეთება, ვინაიდან ადმინისტრაციის შენობა დაიბომბა. მაშინ ვიფიქრეთ, რომ მოსახლეობას სურსათით დავხმარებოდით.

მოვიძიეთ მოხალისეების საკონტაქტო ინფორმაცია. მოვილაპარაკეთ პროდუქტების მიწოდებაზე. ჩამოვცალეთ მატარებლის ვაგონები და ვანაწილებდით მიღებულ საქონელს.

დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების წყარო გამოჩნდა, მაგრამ დახმარებაზე მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებდა ჩვენს შესაძლებლობებს. ვცდილობდით, გაგვენაწილებინა ის, რაც გვაქვს და დავხმარებოდით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

ახლა, მშვიდობიანი მოსახლეობის მოთხოვნით, ჩვენ ვეხმარებით საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, მედიკამენტების, ტანსაცმლისა და ცხოველების საკვების გადანაწილებასა და მიწოდებაში.

ჩვენი სახლის მცხოვრებთა შორის რამდენიმე მამაკაცი შეუერთდა ტერიტორიული თავდაცვის სამსახურს.  ჩვენ ვეხმარებით მათ. ასევე, მხარს ვუჭერთ ჩვენს ძმებს პოლიციიდან და უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან. ვიპოვეთ და მივუტანეთ ბიჭებს საჭირო აღჭურვილობა.“

ალექსეი

დირექტორი საერთაშორისო კომპანიაში

 

„მე ვიცოდი, რომ ომი იქნებოდა. წინასწარ ვემზადებოდი როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად. ოფიციალურად შევიძინე შაშხანა, მივიღე ყველა საჭირო საბუთი. რეგულარულად ვვარჯიშობდი.

ვგეგმავდი, რომ როდესაც ომი დაიწყებოდა, კიევის რაიონში წავიდოდი ჩემს მეგობრებთან ერთად და იქ შევებრძოლებოდით მტერს.

მეუღლე და კატები ომამდე ორი დღით ადრე ევაკუაციაში გავგზავნე. ვფიქრობდი, რომ რუსეთი 25-ში დაიწყებდა, მაგრამ ცოტა შევცდი.

როდესაც ვნახე, თუ რა ხდებოდა რკინიგზის სადგურზე, მივხვდი, რომ შაშხანით წასვლა ძალიან გამიჭირდებოდა, ამიტომ ქალაქში დავრჩი. დაიწყო სროლა და მე სარდაფში ჩავედი – რაც შემდეგ მოხდა, თქვენ უკვე იცით.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები