ისტორია ბრაზილიელ წყვილზე, რომელმაც გაუდაბნოებულ ადგილზე ტყე გააშენა

სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველწლიურად 18 მილიონი აკრი (7,3 მილიონი ჰექტარი) ტყე იჩეხება, რაც პანამის სიდიდის ტერიტორიაა. დედამიწაზე ტყის მასივების ტოტალური მოსპობა რომ არა, ჰაერში სითბური აირების მოცულობა 15 პროცენტით ნაკლები იქნებოდა.

სებასტიან და ლელია სალგადოები (Sebastião and Lélia Salgado)

ასეთი შესავლის შემდეგ ერთი ბრაზილიური ოჯახის ამბავი, რომელმაც ყველა ჩვენგანს საოცარი საჩუქარი გაგვიკეთა, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება.

გიამბობთ ამბავს, როდესაც ადამიანი ბუნების საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერია, ოღონდ ამჯერად ბუნების სასარგებლოდ…

ილინოისის ნაკრძალის განაშენიანების შემდეგ ბრაზილია პირველი ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანთა ჯგუფმა  ტყის მასივი გააშენა და ეკოსისტემა მისთვის ჩვეულ რიტმში დააბრუნა.

შეიძლება, ილინოისის ნაკრძალის და ჩვენი წყვილის მიერ გაკეთებული საქმის მასშტაბები განსხვავებული იყოს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში ნაკრძალის განაშენიანებაზე მსოფლიოს პირველი შესაძლებლობის მქონე ქვეყანამ იზრუნა, ხოლო ამერიკის სამხრეთ კონტინენტზე გაუდაბნოებული ადგილი ერთმა ჩვეულებრივმა წყვილმა „გაატყიურა“.

ბრაზილიელი წყვილი სებასტიან და ლელია სალგადოები (Sebastião and Lélia Salgado) იმ იშვიათ ადამიანთა სიაში არიან, რომლებმაც ათასობით ადამიანის არასწორი ნამოქმედარი გამოასწორეს.

თვალსაჩინო შედეგი

​სალგადოების 20-წლიანმა ეკო საქმიანობამ შედეგი გამოიღო და ერთ დროს გაუკაცრიელებულ ადგილზე დღეს ტყეა, გარეული ცხოველებითა და სრულფასოვანი ეკოსისტემით.

როგორ მოხდა, რომ გაუდაბნოებული ადგილი ველური ბუნების სამოთხედ გადაიქცა?

ეს ამბავი ასე დაიწყო:

ოთხმოცდაათიან წლებში ბრაზილიელი ფოტოჟურნალისტი სებასტიან სალგადო აღმოსავლეთ აფრიკიდან მშობლიურ მხარეში დაბრუნდა, სადაც რუანდაში დატრიალებულ გენოციდის ამსახველ ფოტოებს იღებდა.

საშინელი ტრაგედიებით დაღლილ სებასტიანს მშობლიურ მინას-ჟერაისის რაიონის სიმწვანეში სურდა სიმშვიდის მოძებნა.

თუმცა იმედი არ გაუმართლდა. მისი რამდენიმე წლიანი არყოფნის დროს მწვანე მასივებით მდიდარი მშობლიური მხარის მაგივრად, მტვრიანი ლანდშაფტი დახვდა, რომელიც ფოტოგრაფს რუანდაზე არანაკლები სევდით განაწყობდა.

დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანს მშველელად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეუღლე მოევლინა. ლელიამ თითქმის შეუძლებელი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, უტოპიური მომავალი შესთავაზა – ტყე თავის ადგილზე დაებრუნებინათ და ძველებური სიმწვანე აღედგინათ...

სალგადოებმა პირველი ნერგი 1998 წელს დარგეს…

რა თქმა უნდა, ადვილად მისახვედრია, რომ ორი ადამიანი, თუნდაც განსაკუთრებული შემართებით, მთას ვერ გადააბრუნებდა და მის ადგილზე იმას ვერ გააჩენდა, რისი სურვილიც ჰქონდათ.

1 754 აკრი მიწის ტყედ გადასაქცევად წყვილმა 24 ადამიანი დაიქირავა და მათთან ერთად დღე და ღამე მუშაობდნენ.

პარალელურად, სებასტიანი მოხალისეების ძებნას შეუდგა, რომლებიც ერთი შეხედვით უიმედო საქმეს დააფინანსებდნენ.

პირველ რიგში, მეუღლეებმა შექმნეს ეკოლოგიური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაცია „Instituto Terra“, რაც პორტუგალიურიდან ითარგმნება, როგორც დედამიწის  ინსტიტუტი“.

„დედამიწის ინსტიტუტის“ მთავარი მიზანი ადგილზე ეკოსისტემის აღორძინება იყო, რაც ატლანტიკური ტყის მასივის გაშენებით იქნებოდა შესაძლებელი.

ორგანიზაციამ თანხის მოსაძიებელი კამპანიის წარმოება დაიწყო. აქციებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ფერმერები და ადგილობრივი ჩინოვნიკები.

აქციების პარალელურად, წყვილის მიერ დაარსებული ორგანიზაცია საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც ატარებდა, რათა არსებული პრობლემის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ცნობიერება აემაღლებინათ.

წყვილი კონსულტაციას უტარებდა ადგილობრივ ფერმერებს, მეშახტეებს და ყველას, ვისი საქმიანობაც ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით, ტყის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული.

ბუნებასა და ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს მძიმე შრომა დაუფასდა. ადგილობრივი ტროპიკული ხეები გაიზარდნენ. გაზრდილი ხეები კი მალე ცხოველებისა და ფრინველების ბინად გადაიქცნენ.

იმის მიუხედავად, რომ რეგიონი ტყის ჭრის სიხშირით გამოირჩევა, დღეს სალგადოების დარგული ნერგები ტყედ არის ქცეული და სრულფასოვან ეკოსისტემადაა ჩამოყალიბებული.

1998 წლიდან, ოჯახის ხელმძღვანელობით, 4 მილიონზე მეტი ნერგი დაირგო. მათ შორის, 293 იშვიათი სახეობა. 1 502 აკრი გაუდაბნოებული მიწა პირველყოფილ ტროპიკულ სამოთხეს დაემსგავსა.

სალგადოების ოჯახის მიზანმიმართულმა და ერთგულმა შრომამ დაამტკიცა, რომ მთავარია მონდომება და პატარა ნაბიჯებითაც შეიძლება გიგანტური მანძილის დაფარვა, რომ ყველას შეგვიძლია საერთო სახლის გადარჩენაში მონაწილეობის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები