„თავში დაჭრილ 4 წლის კატიას საუბარი არ შეეძლო, რუსებმა კიევში მისი გადაყვანის უფლება არ მოგვცეს“
– რა რიცხვია დღეს?
– ომის მეშვიდე დღე.
ასე ითვლიდნენ დღეებს ბუჩას უმეტეს ქალაქებში 24 თებერვლის ანუ მას შემდეგ, რაც ცაში პირველი რაკეტა გამოჩნდა. 23 წლის ანასტასიამ, კიევის №4 სამშობიაროს ექიმ-ინტერნმა, დედაქალაქში ოპერაციაზე გამგზავრება ვერ მოასწრო და ერთი კვირა ადგილობრივი საავადმყოფოს შენობაში გაატარა.
„პირველ დღეს, როდესაც საკუთარი სახლის სარდაფში ვიჯექი და სროლისა და აფეთქებების ხმები მესმოდა, გადავწყვიტე, რომ რადგან ექიმი ვიყავი, ხალხს ვჭირდებოდი. დედა მუხლებზე დაჩოქილი მევედრებოდა, არ წავსულიყავი. მამა ტიროდა, მაგრამ გამიშვა სიტყვებით: „შენ ჩემი სიამაყე ხარ“.
ანასტასია საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მივიდა და უთხრა, რომ მზად არის სამუშაოდ. იმავე საღამოს იქ გაუჩერებლად შეჰყავდათ უკრაინელი ჯარისკაცები – 70 ადამიანი დღეში. გინეკოლოგიის განყოფილებას მიჩვეულს, ტრავმატოლოგიურ და ქირურგიის განყოფილებებში მუშაობა მოუწია.
„უკრაინელი ჯარისკაცები რამდენიმე დღეში ისევ საბრძოლველად წასვლას ცდილობდნენ. დაჭრილებს შორის იყო ერთი-ორი რუსი. ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ვიცავდით „ნეიტრალურ ტერიტორიას“ და ყველას ვმკურნალობდით. რუსებს მძიმე ჭრილობები არ ჰქონდათ, ჩვენ მათ ვმკურნალობდით და შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებთან ვამისამართებდით. ისინი თითქმის სულ დუმდნენ. ხანდახან ამბობდნენ, რომ მოატყუეს და არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, სად ჩამოსვეს. თითქოს, მათ უთხრეს, რომ იქნებოდა სპეცოპერაცია. მათ არ იცოდნენ, რომ ეს უკრაინა იყო… ჩვენ უკვე მესამე ასეთს ვუთხარით, რომ რაიმე განსხვავებული მოეგონებინა!“
სამოქალაქო პირები დაჭრილებს შორის თავიდან არ იყვნენ. მერე პირველი ქალი მოიყვანეს, რომელიც ბარძაყში იყო დაჭრილი – და შემდეგ ყოველდღე 15-20 ადამიანი მოჰყავდათ სხვადასხვა დაზიანებით. იმ დღეებში ანასტასია დღიურს წერდა.
„იღვიძებ მაღვიძარის გარეშე, როდესაც ჯერ კიდევ შემოსასვლელიდან გესმის სასწრაფო დახმარების გორიალას ან უბრალოდ, დაჭრილი ადამიანის ხმა, რომელიც თვითონ მოვიდა. წამოხტები, იკეთებ ხელთათმანებს, ნიღაბს. ამოწმებ, გაქვს თუ არა თან ყველა საჭირო ნივთი და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ: „კარგი, წავიდეთ!“.
ბოლო წერტილი, როგორც ანასტასია ამბობს, მისთვის 2 მარტი გახდა – როდესაც 4 წლის გოგონა, თავში დაჭრილი კატია მოიყვანეს გოსტომელიდან.
„მაშინ ყველა მივხვდით, რომ არავითარ რუსს ჩვენი საავადმყოფო მეტჯერ აღარ მიიღებდა. ეს კოლაფსი იყო ყველასთვის. ამ პატარა სხეულს ვუყურებდი და თავში ერთი რამ ტრიალებდა – რუსების სიტყვები, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიან, მით უმეტეს, ბავშვებს… შორიდან კი ექოსავით მესმოდა ქირურგის ხმა: „ნასტია, ეს ბავშვია, ყვითელი კათეტერი აიღე“.
კატიას ოჯახი ქალაქიდან გასვლას ცდილობდა. მისი დედა საჭესთან იჯდა, გოგონა კი, უკანა სავარძელზე. როდესაც მანქანას ჭურვი დაეცა, კატიას დედა ადგილზე დაიღუპა, გოგონას კი, ანასხლეტები მოხვდა.
„მას თავის ქალაში ჭურვის ნამსხვრევი ჰქონდა, ტანზე კი, ჭრილობები. ნეიროქირურგმა ოპერაცია გაუკეთა. ჩვენ მისი გადაყვანა გვინდოდა კიევში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, მაგრამ რუსებმა მისი ტრანსპორტირების უფლება არ მოგვცეს. კატიას საუბარი არ შეეძლო, მხოლოდ თავს აქნევდა. მე ვეკთხებოდი: გინდა სათამაშო? – თავს მიქნევდა. ფისო? – არა. ძაღლი? – არა. პონი? – კი. უცნობმა ადამიანებმა ბუჩადან მისთვის 6 ცალი იასამნისფერი პონი მოიტანეს“.