„შეიძლება ვარდისფერი პროთეზი, ყვავილებით?“ – ხელების გარეშე დარჩენილი 12 წლის სონია და 9 წლის მაშა
ბუჩას საავადმყოფოში, სადაც 23 წლის ექიმი-ინტერნი ანასტასია მუშაობდა, რუსი სამხედროები მივიდნენ. ერთ-ერთი ანასტასიას თანატოლი იყო.
„ჩვენ ოცი წამის განმავლობაში შოკირებულები ვუყურებდით ერთმანეთს და თითქოს, ვეკითხებოდით: „შენ რას აკეთებ აქ?“ – „და შენ რას აკეთებ აქ?“ კანკალამდე მივყავდი ამ გამოხედვას“.
მისი თქმით, სამხედროებმა იცოდნენ, რომ საავადმყოფოში რუსი ჯარისკაცები იყვნენ – მაგრამ მათი მოსვლის დღეს ისინი უკვე გადაყვანილი ჰყავდათ უკრაინელ სამხედროებს.
„სამხედროები პალატების დასათვალიერებლად წავიდნენ, სადაც ორსულები და ბავშვები იწვნენ, ჩვენ ამის უფლება მივეცით. უკრაინელ ჯარისკაცებს ვუთხარით, რომ ჩუმად წოლილიყვნენ, რადგან მათი დანახვისას შეიძლება საწოლიდან წამომხტარიყვნენ და ყვირილი დაეყწოთ“.
როგორც ანასტასია იხსენებს, რუსებს შორის იყო ბიჭი. დაახლოებით, 20 წლის.
„ის მიმღების კაბინეტში წავიდა, მე კი უკან გავყევი, რათა იქ არაფერი შეეგდო (იგულისხმება ბომბი ან მსგავსი რამ). მაგიდასთან დავჯექი, ის – საპირისპირო მხარეს. 30 წამით ვდუმდით. შემდეგ მან ჩემი მზერა დაიჭირა და იარაღს ხელი ააფარა. მე თავი დავუქნიე – მივხვდი, რომ სროლას არ აპირებდა. შემდეგ კი მან ლაპარაკი დაიწყო: „თქვენ ხომ გესმით, რომ ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ ვესვრით. ჩვენ არ გვაქვს ასეთი იარაღი. ეს ყველა ჭრილობა, რომელიც აქ ვნახე, ჩვენ არ გვიქნია. მე ყველაფერი აქ დავკარგე. თქვენც ხომ გვიტევთ..
მე ვზივარ და ვფიქრობ – თქვენ ხომ ტურისტებად არ მოსულხართ, არამედ იარაღით… ის ცდილობდა, რომ გადავებირებინე, მე კი ვუთხარი, რომ შემიძლია ვაჩვენო ბავშვი ხელების გარეშე, რომელიც უგონო მდგომარეობაში წევს. ის გაჩუმდა და წავიდა“.
რუსი ჯარისკაცები საავადმყოფოში მეტჯერ არ მისულან.
მთავარი ექიმი ამბობს, რომ ყველაფერი კონკრეტული დანაყოფის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული.
„ჩვენ, თუ ასე შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა. ისინი ჩვენთან ექიმების დასახვრეტად არ მოსულან. აი, რა ხდებოდა ბუჩას სხვა რაიონებში, რკინიგზის მიღმა – მკვლელობა, დახვრეტა, გაუპატიურება – ეს იმიტომ, რომ იქ დანაყოფს სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა“
საავადმყოფოში ექიმები გარე სამყაროს მოწყვეტილები იყვნენ და მათ ამბებს მხოლოდ შემოსული პაციენტები თუ უყვებოდნენ.
„მე ორ კვირაზე მეტ ხანს კავშირის გარეშე ვიჯექი საავადმყოფოში. მერე მეგობრებმა მომიყვნენ სასტიკ რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც რკინიგზასთან იდგნენ. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი მოკლეს და დახვრიტეს. როგორც ამბობენ, ზუსტად იქ იყვნენ კადიროველები“
ანასტასია იხსენებს, როგორ ეუბნებოდა მას რუსი ჯარისკაცი, თუ როგორ ვერ იტანენ უბრალო ჯარისკაცები კადიროველებს. თითქოს, ჩეჩნებს წინ უშვებენ და ისინი ამაზე ბრაზდებიან და რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ე.წ. რულეტკასავითაა – რომელი დანაყოფი დაიკავებს შენს რაიონს.
მომდევნო დღეს საავადმყოფოში მიიყვანეს 12 წლის სონია. მას დაეღუპა დედა, რომელსაც ის გამუდმებით ეძახდა. გოგონას ხელი მოკვეთეს. პალატაში მისი ყვირილი და ფანჯრის მიღმა ავიადარტყმების ხმები ისმოდა.
„ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ აფეთქებებს, რომ გვიჭირდა, თუკი ხმები არ ისმოდა“
შემდეგ მოიყვანეს ფიცრებზე დაწოლილი 9 წლის მაშა (სახელი შეცვლილია). ფიცრები პირსაწმენდებით იყო გადახვეული. მისი ოჯახი სარდაფში იჯდა, კავშირის გარეშე. მშობლებმა არ იცოდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა შემოიღეს წესი: თუკი მიდიხართ მანქანით და არ არის გამოცხადებული „მწვანე დერეფანი“, ისინი მანქანას ცეცხლს გაუხსნიან.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გადაადგილება მხოლოდ ფეხით შეიძლებოდა, მაგრამ მაშას ოჯახმა ეს არ იცოდა. დედამისმა გაიგო, რომ ქუჩაში აფეთქების და სროლის ხმა არ ისმოდა და გადაწყვიტა, რომ გაქცევის დრო იყო. ისინი ხუთნი გამოიქცნენ სარდაფიდან, ჩასხდნენ მანქანაში და როგორც კი დაქოქეს, სროლა დაიწყო. დაჭრილი მამა მანქანაში დარჩა, მეზობელი მოკლეს, ხოლო მაშა, დედასთან და უფროს დასთან ერთად, ისევ სარდაფში დაიმალა.
„მე შემთხვევით მომახვედრეს, ან შეიძლება განზრახაც. ვიმედოვნებ, რომ შემთხვევით. მე ჩემს დასთან გავიქეცი, დედამ სარდაფის კარი გააღო და წაიქცა. მე ვიფიქრე, რომ მორჩა, მაგრამ არა“, – ამბობს გოგონა ერთ-ერთ ჩანაწერში.
ქალი მიწაზე განზრახ დაეცა, რათა მსროლელებს ის მკვდარი ჰგონებოდათ. შემდეგ ისინი სამივე სარდაფში შეცვიდნენ. დაჭრილი მაშა სარდაფში ორი ღამე იწვა, სანამ ხელმა ლპობა არ დაიწყო. საავადმყოფომდე მას მთელი ბუჩა გამოატარეს დედამ, დამ და ორმა მეზობელმა. მისი ხელის ნაწილი ფიცრებზე წებოვანი ლენტით იყო მიკრული.
„სიმართლე მითხარით, კიდევ მაქვს მარცხენა ხელი თუ უკვე აღარ? მე ჯანმრთელი ვიქნები? და შეიძლება ვარდისფერი პროთეზი ყვავილებით?“, – ასეთი კითხვებით შეხვდა გოგონა ანასტასიას, რომელიც ოპერაციის შემდეგ მასთან პალატაში შევიდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge