ჯოჯოხეთის 21 დღე ჩერნიჰივში – როგორ დააღწია ადგილობრივმა თავი ქალაქს

„ჩემი ოჯახისთვის ომი 24 თებერვალს, დილის 7 საათზე დაიწყო. დამირეკა ძმამ და მითხრა, რომ ქალაქში სირენა იყო ჩართული. ჩვენ მისი ხმა არ გვესმოდა. ძმამ ისიც მითხრა, რომ შეტევა დაიწყო და რუსებმა საზღვარი გადმოლახეს.“

ჩერნიჰივის მაცხოვრებელი, ლუბოვ ივაშჩენკო ჰყვება, თუ როგორ მოახერხა მან გადარჩენა სამი კვირის განმავლობაში, ბავშვებთან ერთად, ქალაქის სხვადასხვა სარდაფში; ქალაქში, სადაც რუსული ავიაცია და არტილერია გამუდმებით ისროდა და შემდეგ როგორ დააღწია თავი ცხელ წერტილს.

„პირველი შეგრძნება შიში და უსუსურობაა. ბავშვებს მშვიდად ეძინათ თავიანთ საწოლებში, ხოლო მე მათ ვუყურებდი და ვტიროდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. არავინ იცოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გავქცეულიყავი ქალაქიდან? დავრჩენილიყავი? თავში მუდამ მიტრიალებდა ფიქრები, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. ეს ხომ დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა! აი, ჩვენი ჯარისკაცები მოიგერიებდნენ შემოტევას და ჯერ კიდევ არ დაწყებული ომი დასრულდებოდა.

რატომ არ გავეგმზავრე თავიდანვე?

ახლა არ შემიძლია იმის თქმა, თუ რატომ არ წამოვედი ქალაქიდან პირველივე დღეს. ბევრი მიზეზი არსებობდა. ვყოყმანობდით, ვორჭოფობდით, ავწონ-დავწონეთ, წინ დიდი გზა იყო, რაც ბავშვებისთვის ძნელი იქნებოდა. ერთმანეთს ვეკითხებოდით, სად წავსულიყავით. შევთანხმდით, რომ „დასავლეთ“ უკრაინასა და ევროპაში ჩვენ არავის ვჭირდებოდით… და ვყოყმანობდით, თან, ძვირფას დროს ვკარგავდით.

მე, ალბათ, საკუთარ თავს ამას ვერასდროს ვაპატიებ. ვიცი, თავად ვარ იმაში დამნაშავე, რომ ჩემი შვილები სამი კვირა ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ.

ჩემი გაუბედაობის გამო, ჩვენ თავის დროზე არ დავტოვეთ ჩერნიჰივი. ჩემი ორი შვილი ღამეს ცივ სარდაფში ათევდა. ჩემი პატარა პრინცესა, ნაზ, ვარდისფერ ქურთუკსა და ქუდში, დაღოღავდა ჭუჭყიან სარდაფში, სუნთქავდა მტვერს, შიმშილობდა და ავადმყოფობდა.

უფროს ვაჟი მხოლოდ იშვიათად მეკითხებოდა: „დედა, მართალია, რომ ჩვენ კარგად ვიქნებით?“

მე ვეუბნებოდი, რომ კი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვეუბნებოდი და თვითონ არ მჯეროდა. ვითარება ქალაქში, თითქმის, ყოველდღიურად უარესდებოდა. ეს ერთადერთი გამართლებაა, რასაც საკუთარი თავისთვის ვპოულობ. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. 

იმის გააზრება, რომ ბავშვები უნდა გადამერჩინა და ქალაქიდან გავქცეულიყავი, უკვე ომის მესამე დღეს დავიწყე. ჩვენ მზად ვიყავით გასამგზავრებლად. მანქანა, ბენზინით სავსე ავზით, სახლთან ეყენა, მაგრამ ამ დროს ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ქალაქიდან ყველა გასასვლელი დანაღმული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. შემდეგ გავიგეთ, რომ საავტომობილო ხიდი მდინარე დესნაზე ააფეთქეს – ეს კი, მთავარი გასასვლელი იყო ქალაქიდან. ჩვენ დავრჩით. თუკი გზები დანაღმული იყო, სად უნდა წავსულიყავით? გაქცევის სხვა საშუალებას ველოდით.

წარუმატებელი ცდა

შემდეგ ჩვენ სახლს ბომბი მოხვდა. ჩვენ სარდაფში ვიყავით. სარდაფში შემოვარდა მეზობელი და თქვა, რომ გვერდით სადარბაზოში აივნები ჩამონგრა, ბევრ ბინაში ფანჯრები ჩამოცვივდა, სახლის კედელში ხვრელია, ხოლო მაშველები ტერიტორიას იკვლევენ – ეძებენ ბომბს, რომელიც, შესაძლოა, არ აფეთქებულა და სადღაც გაიჭედა. 
ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მაგრამ იქ დაბრუნება საშიში იყო. სარდაფი გაცილებით უსაფრთხო გვეგულებოდა. რამდენიმე დღეში ისევ გამოაცხადეს, რომ ჯერჯერობით ცენტრალიზებული ევაკუაცია არ იქნება, მაგრამ ქალაქიდან ხალხი საკუთარი ავტომობილებით მიდის. 

ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვიყავით. როგორ მიდიან ადამიანები, როდესაც ხელისუფლების განცხადების მიხედვით, ყველა გასასვლელი დანაღმულია? ჩვენ ხომ ამის გვჯეროდა! ჩვენ არ მივდიოდით იმიტომ, რომ ამას ვითვალისწინებდით. ვკარგავდით დროს.

მაშინ, ომის პირველივე კვირაში გადავწყვიტეთ ფარულად წასვლა. ჩავსხედით მანქანაში, რაც გვეცვა იმით, და წავედით. მაგრამ, ჩვენი მანქანა ქალაქიდან არ გაუშვეს ისევე, როგორც ასობით სხვა. ჩერნიჰივთან ბრძოლა მიმდინარეობდა.

ძნელი აღსაწერია ჩვენი შეგრძნებები, როდესაც გადარჩენის იმედი დავკარგეთ და კვლავ ცივ სარდაფში დავბრუნდით.

„სარდაფული ცხოვრება“

სარდაფში ჩასვლა ომის მეორე დღეს დავიწყეთ. თავიდან, როდესაც ქალაქში სირენა ჩაირთო, უბრალოდ, ბარგით ვისხედით ბინის კართან. სარდაფში რამდენიმე საათს ვატარებდით, ღამე კი სახლში მივდიოდით. 

როდესაც ღამეს ბინაში ვათევდით – მე არ მეძინა. ვუსმენდი. როგორც კი განგაშის სიგნალი ჩაირთვებოდა ან რამე აფეთქდებოდა, ფანჯარასთან გავრბოდი. პირველ დღეებში ადამიანებს არ ეშინოდათ სინათლის ანთება. განათებული ფანჯრები ოდნავ მამშვიდებდა.

შემდეგ რუსებმა მრავალსართული სახლი დაბომბეს ჩერნიჰივის ცენტრში. ადამიანები დაიღუპნენ. ჩემი ძმა მაშინ სარდაფში იყო, შემდეგ კი, გაიქცა ბებიის სახლში, რომელიც, ასევე, დაზიანდა. მან პირველად ნახა მოწყვეტილი კიდურები და უსულო სხეულები – ამდენი მსხვერპლი  ერთდროულად.

იმ მომენტში ჯერ კიდევ გვქონდა ელექტროენერგია, ტელევიზორი კი, რამდენიმე არხს აჩვენებდა. დანგრეული სახლების კადრების ნახვა ინტერნეტშიც შეიძლებოდა. ადამიანებმა გაიგეს, რას ნიშნავს რაკეტების ცვენა. სარდაფებში და თავშესაფრებში მკვეთრად გაიზარდა ადამიანთა რიცხვი.

ჩვენ სარდაფის შესასვლელიდან უფრო ღრმად, შიგნით „გადავცხოვრდით“. შედარებით უსაფრთხოდ ვიყავით, მამაკაცებმა კედლებზე მუყაო გააკრეს. მიწის იატაკზე ხალიჩა დავაგეთ, ზემოდან კი, გასაბერი ლეიბი. შემდეგ ბინიდან მოვიტანეთ საბნები, პლედები და ბალიშები. ჩამოვიტანეთ საკვების მარაგი. 

ჩვენ, ფაქტობრივად, სარდაფში ვცხოვრობდით. პირველი კვირის ბოლოს იქ უკვე ყოველ ღამეს ვათევდით.

საკვები

საკვები – ეს ცალკე საკითხია. ყველას თავისი მარაგი ჰქონდა. ყველას სხვადასხვა საშუალება გააჩნდა პროდუქტების შესაძენად. ჩვენ ცოტათი მოვასწარით მომზადება. გვქონდა მცირედი ბურღულეული და ვერმიშელი, მაგრამ საერთოდ არ გვქონდა კარტოფილი. მოვასწარით პურის ყიდვა. პური რომ არ გაფუჭებულიყო, დავჭერი და საყინულეში შევინახე. ჩემმა მეუღლემ მხოლოდ რამდენიმეჯერ მოახერხა ამ დღეების განმავლობაში ახლომდებარე სუპერმარკეტში გასვლა. რამდენიმესაათიანი რიგის შემდეგ, თითქმის, სულ ცარიელ მაღაზიაში შედიოდა. იღებდა იმას, რაც რჩებოდა. ძვირიან კონსერვებს – ვინაიდან იაფაიანი უკვე დატაცებული იყო , შოკოლადს, მშრალ საუზმეს ბავშვებისთვის და პეჩენიას.

სახლში დიდი ქვაბით ვხარშავდი ფაფებს და ვერმიშელს, რათა მერე უცებ გამეცხელებინა და გვეჭამა. შემდეგ გაზი წავიდა. ვეღარსაც ვხარშავდით და ვაცხელებდით საჭმელს, მაგრამ გაგვიმართლა. მეგობრებმა მოგვცეს დენის გამათბობელი და ელექტროჩაიდანი. თუმცა, ყველაზე მეტად ჩემი პატარა გოგონას კვებაზე ვნერვიულობდი –  ორი წლის ბავშვი არ შეჭამს უგემურ ფაფას ან ცივ მაკარონს. 

ფული

ფული აღარ ფასობს და არაა საჭირო, როცა საყიდელი არაფერია. მე ფულს მირიცხავდნენ ბარათზე მეგობრები და ნათესავები. დახმარება უნდოდათ. მე კი ერთი პურის ყიდვაც არ შემეძლო.

წყალი

ძალიან მეშინოდა, რომ წყალი არ იქნებოდა. პანიკურად ვავსებდი ყველა ჭურჭელში, სადაც შემეძლო. მალე ისიც წავიდა. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მალე გააკეთებდა მტრის მიერ დაზიანებულ წყალგაყვანილობას და ასეც მოხდა. გააკეთეს, წყალი ისევ წამოვიდა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ შეწყდა. წყალთან ერთად, გაქრა პურიც. ადგილობრივი პურის ქარხნები პურს წყლის გარეშე ვერ გამოაცხობდნენ.

უკანასკნელი წვეთი

ბოლოს უკვე სინათლეც აღარ იყო. ქალაქში არ იყო არაფერი – ელექტროობა, წყალი, გაზი და სინათლე. მობილური ტელფონის ელემენტი ერთი დღე გაძლებდა. ქალაქში არ მუშაობდა მობილური კავშირი და ინტერნეტი.

ადრე მაშინებდა სირენის ხმა, ახლა კი, ისიც არ ისმოდა. სიჩუმე კი უარესი ყოფილა. რაკეტებისა და არტილერიის შესახებ მაშინ ვიგებდით, როდესაც აფეთქების ხმა გვესმოდა. გადასარჩენად წამები რჩებოდა. ჩვენი სამყარო შევიწროვდა სახლიდან სარდაფამდე. მას შემდეგ, რაც რუსებმა პურის რიგში მდგომი ხალხი ჩაცხრილეს, ჩვენ სახლს 10 მეტრზე მეტი მანძილით არ ვშორდებოდით.

როდესაც სინათლე გაითიშა, საჭმლის მომზადება უკვე შეუძლებელი იყო.

ჩვენ გავრისკეთ, მანქანაში ჩავაგდეთ ის, რაც მოვასწარი და წავედით. ახლა ვერ მოვყვები ჩემი გადარჩენის გზას. მინდორ-მინდორ მივდიოდით. ვითარება ყოველ საათში იცვლებოდა. გზა საშიში იყო. ძალიან დიდი რისკია და ყველამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, უსაფრთხო ადგილამდე ჩვენ სამი დღე-ღამე მივდიოდით.

ახლა კი ვცდილობთ, ნაწილობრივ მაინც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ჩემი პატარა გოგონა ისევ იღიმის.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები