რა ვიცით ამ ეტაპზე კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტზე – ივანე ჩხაიძის განმარტება

დღეს ვერცერთი ექსპერტის მოსაზრებას ვერ ნახავთ, რომელიც „დელტაკრონს“ პოტენციურად შეშფოთების ვარიანტის კატეგორიის მქონე ვირუსად აფასებს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩხაიძემ კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტზე ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად როგორც „დელტას“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები აქვს.

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომლის შესახებ „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ“ ინფორმაცია წინა კვირის ოთხშაბათს გაავრცელა, დღეისათვის გარკვეულწილად უნიკალურია, ვინაიდან ჰიბრიდული ვარიანტია. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად აქვს როგორც „დელტას“, ისე, „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. მას წვეტის ცილი ელემენტები, ანუ იმ ნაწილის რომელიც ვირუსის უჯრედში შეღწევას განაპირობებს, „ომიკრონის“ აქვს, ხოლო სხეული „დელტასია“. შესაბამისად, ამ ვარიანტს ჰიბრიდულ რეკომბინანტული ვარიანტს უწოდებენ, რაც, გარკვეულწილად, პროგნოზირებადი იყო. როდესაც ერთი ვარიანტით გამოწვეული, კორონავირუსის პანდემიის ტალღა მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ ასეთი შესაძლებლობა, რომ ერთსა და იმავე ადამიანს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი ჰქონდეს, რა თქმა უნდა, დიდია. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ: იანვარში ქვეყანაში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე, „ომიკრონიც“, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, საქართველოშიც იყვნენ ადამიანები, რომელთაც ერთდროულად ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული რეკომბინანტული ვარიანტი ჰქონდათ.

ყველაზე მთავარი კითხვაა: შეიძლება თუ არა, ეს ვირუსი ისეთივე გავრცელებადი, ან მძიმე დაავადების გამომწვევი გახდეს, როგორც „ომიკრონი“, ან „დელტაა“. ჯერჯერობით, ეს კითხვა პასუხგაუცემელია. გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარი შეიძლება, ახლავე გაკეთდეს. თუ ჩავთვლით, რომ ეს ვარიანტი იანვარში იყო აღმოჩენილი, საკმაოდ დიდი პერიოდია გასული იმისათვის, რომ თუ ეს ვირუსი უფრო სწრაფად გადამდები იქნებოდა, ამ ორი თვის განმავლობაში „დელტაკორნით“ უფრო მეტი ინფიცირებული პაციენტი გვეყოლებოდა. ეს ასე არაა. თუ ეს ვირუსი უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი იქნებოდა, ესეც რომელიმე ქვეყნის, ან რომელიმე კლინიკის მიხედვით აისახებოდა. ეს ასე არ ხდება. ერთი შეხედვით, გარკვეულწილად, თუ შევაფასებთ, რომ ამ ახალ ჰიბრიდულ ვარიანტს ორი სხვადასხვა მუტაციის ელემენტები აქვს წამოღებული, მოსალოდნელია, რომ იყოს უფრო სწრაფად გადამდები, უფრო მძიმე და წინააღმდეგობა გაუწიოს ვაქცინებს, თუმცა, ასე არაა. დღეს ვერ ნახავთ ვერცერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც „დელტაკრონს“ აფასებს, როგორც პოტენციურად შეშფოთების ვარიანტის კატეგორიის მქონე ვირუსს, რომელსაც შეუძლია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეები შექმნას. სახელიც კი – „დელტაკრონი“, გარკვეულწილად, კრიტიკის ობიექტია იმიტომ, რომ ასეთ ხელოვნურ სახელებს „ჯანმო“ არ მიესალმება. პუბლიკაციაში, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ უნდა გამოჩნდეს, ამ ვირუსს სხვა სახელი ექნება. ტერმინი „დელტამიკრონი“ იქნება გამოყენებული. ესაა იმ მეცნიერის შეთავაზება, რომელმაც აღნიშნული ვირუსი პირველად აღმოაჩინა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, გაცილებით საშიში ახალი მუტაციის გაჩენა იქნება.

„აქედან გამომდინარე, თუ დღეს შევაფასებთ მდგომარეობას: „ჯანმო“ მიიჩნევს, რომ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საფრთხეები სრულად იყოს დაფიქსირებული. მაინც მინდა, გავიმეორო: ვერ ნახავთ ვერცერთ მოსაზრებას, რომელიც პოტენციურად აღნიშნავს, რომ ეს ჰიბრიდული ვირუსი შეიძლება, ახალი საფრთხის შემცველი იყოს. უფრო მეტიც, არის მოსაზრება, რომ ჰიბრიდული ვირუსები, ვირუსის ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით, გარკვეულწილად, ჩიხს წარმოადგენენ. გაცილებით საშიში ახალი მუტაციის გაჩენა იქნება. ისეთივესი, მაგალითად, როგორიც „ომიკრონი“ იყო. ახალ მუტაციასთან დაკავშირებით შეფასებები ერთმნიშვნელოვანია: ყველა ქვეყნის ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ ასეთი მუტაცია, სავარაუდოდ, გამოჩნდება. ახლა პანდემიას, გარკვეულწილად, „თაფლობის“ პერიოდი აქვს, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი მიდის შემცირებისკენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია. რისკი კვლავ მაღალი რჩება. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა დიდია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები