მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 11 407 714 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 28 თებერვალი-6 მარტის კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.
ასევე, 7-13 მარტს ვირუსს მსოფლიოში 43 097 პაციენტი შეეწირა, რაც 28 თებერვალი-6 მარტთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების 44% ევროპის რეგიონზე მოდის.
ინფიცირების ზრდა დაფიქსირებულია დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 29%-ით; აფრიკაში 12%-ით და ევროპაში 2%-ით. ამავდროულად, შემცირებულია ჯანმო-ს დანარჩენ სამ რეგიონში. ინფიცირების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაშია გამოვლენილი 24%-ით.
რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, ის 12%-ით არის გაზრდილი დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, ამასთან, რეგიონებში შემცირდა. განსაკუთრებული კლებაა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 49%-ით და აფრიკაში 41%-ით. ევროპაში გარდაცვალების 23%-იანი კლებაა დაფიქსირებული, ამერიკაში კი – 15%-იანი.