საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ სხვადასხვა პროექტებში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები: ტიტუს კორლატეანი, კლოდ კერნი, ბას კლეინი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები. ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.