უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა
ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ინფიცირების შემთხვევების დინამიკა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღინიშნა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას.
ამასთან, ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია. საბჭომ ასევე მოისმინა ინფორმაცია ვაქცინაციის მარათონის მიმდინარეობის შესახებ.
როგორც ცნობილია, მობილური ბრიგადები ჩადიან სხვადასხვა რეგიონსა და დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ.
მარათონის ფარგლებში უკვე აცრილია 1400-ზე მეტი მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 698 944 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 639 564 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 831 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 51 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 975 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 186 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.