თვითმმართველი ქალაქები და თემები, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერების არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება დედაქალაქში, სადაც ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს ხმათა 45.28 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 34.27 პროცენტი.
მეორე ტურის ალბათობა მაღალია თელავში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს ხმათა 47.18 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს 44.96 პროცენტი.
თიანეთის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან წიკლაურს ხმათა 43.19 პროცენტი აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური საქართველოსთვის“ კანდიდატ თამაზ მეჭიაურს 30.09 პროცენტი.
ამ დროის მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება რუსთავშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 44.92 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 43.81 პროცენტი.
მეორე ტური გაიმართება ქარელშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გულიაშვილს ხმათა 45.77 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკოლოზ ახალკაცს 33.59 პროცენტი/
რაც შეეხება ქარელს, სადაც ასევე მეორე ტური გაიმართება, აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ თენგიზ ჩიტიაშვილს 44.29 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ იოსებ ბუაძეს 35.53 პროცენტი.
მეორე ტური სავარაუდოა ცაგერშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი ნემსაძეს ხმათა 49.34 პროცენტი აქვს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს 35.02 პროცენტი.
რაც შეეხება ბაღდათს, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა ენუქიძეს ხმათა 49.52 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი რობაქიძეს – 36.19 პროცენტი. შესაბამისად, სავარაუდოა მეორე ტური.
მეორე ტური გაიმართება წყალტუბოშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ გენადი ბალანჩივაძეს ხმათა 46.83 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზაზა მეტრეველს 43.02 პროცენტი.
მეორე ტური იქნება ქუთაისშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს ხმათა 43.84 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 41.53 პროცენტი.
მეორე ტური გაიმართება ოზურგეთში, სადაც „ქართული ოცნების“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმათა 42.03 პროცენტი აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს 28.53 პროცენტი.
სენაკში მმართველი პარტიის კანდიდატ ვახტანგ გადელიას ხმათა 41.41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ კობა ნაყოფიას 40.23 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება მარტვილში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას 42.41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ თეიმურაზ ჯანაშიას 37.92 პროცენტი.
მეორე ტური იქნება ხობშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ბუკიას 46.56 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესიკ შენგელიას 35.24 პროცენტი.
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას ხმათა 47.46 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 40.62 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება წალენჯიხაშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას ხმათა 41.02 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 37.17 პროცენტი.
ჩხოროწყუში მმართველი პარტიის კანდიდატ დათო გოგუას ხმათა 46.53 პროცენტი აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ბადრი ქარჩავას 34.9 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება ფოთშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 47.58 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი უგულავას – 37.73 პროცენტი.
რაც შეეხება ბათუმს, აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კირთაძეს ხმათა 42.6 პროცენტი აქვს, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს – 41.07 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური.
მეორე ტური იქნება ხელვაჩაურშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ზაზა დიასამიძეს 42.9 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მიშა ობოლაძეს 41.18 პროცენტი.