ივანე ჩხაიძე: იმედი გვაქვს, ივნისში დამატებითი ვაქცინების შემოტანა მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს და ყოველდღიურად 8000 აცრილი გვეყოლება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ივნისში ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.
“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, როდესაც ივნისში შემოვა ვაქცინების დამატებითი რაოდენობა, განსაკუთრებით, ეს ეხება Sinopharm-ის 500 000-ს დოზას, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს და ყოველდღიურად 5000-ის ნაცვლად გვეყოლება 7000-8000 ვაქცინირებული, რაც აუცილებელია. ტემპის გაზრდა არის აუცილებელი.
ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 4000-5000 ვაქცინირებული ყოველდღიურად, ჩვენ ვერანაირად ვერ მივაღწევთ წლის ბოლოსათვის 1 600 000 ადამიანის ვაქცინაციას.
აქ ორი მხარე არის საჭირო: ერთი – სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ვაქცინების დიდი რაოდენობით უზრუნველყოფა, 500 000 დოზა Sinopharm-ის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება Pfizer-ის 1 მილიონი დოზის შემოტანა ქვეყანაში, ვინაიდან ამ ვაქცინას უფრო მეტი ნდობა აქვს და მოსახლეობის არცთუ ისე ცოტა ნაწილი, რომელსაც უნდა, ვაქცინაციას არ იტარებს იმიტომ, რომ ელოდება Pfizer-ს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.