თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც

“მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება.

“დღეისთვის სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 20 000-მდე ადამიანი, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებულია 100 000-მდე ადამიანი. ეს დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ ისე, ძალიან ცოტაა. სხვა ქვეყნების მაგალითმა გვაჩვენა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 2/3 აიცრას. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ მაჩვენებელს მიუახლოვდნენ, მოახერხეს ახალი შემთხვევების დრამატული შემცირება და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების დრამატული შემცირებაც. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძირითადად ორი მიმართულებით: გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი და გავზარდოთ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი და დავიცვათ სოციალური დისტანცია. კარგი ის არის, რომ მიუხედავად აი ამ მესამე ტალღის საკმაოდ მაღალი პიკისა, ჯანდაცვის სისტემა დაწყებული სასწრაფო დახმარებიდან გაგრძელებული ოჯახის ექიმით და ჰოსპიტალური სექტორით გამართულად და აბსოლუტურად შეუფერხებლად მუშაობს. არც ერთი შეფერხება მესამე ტალღის დროს, განსხვავებით მეორე ტალღისგან არ დაფიქსირებულა. საქართველოზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები ასე კარგად და გამართულად ვერ უმკლავდებიან მესამე ტალღას, მაგრამ არ შეიძლება კლინიკური სექტორი მუდმივად გვყავდეს ასეთი წნეხის ქვეშ და არ შეიძლება, რომ მაინც შეზღუდვები რჩებოდეს ქვეყანაში. ამიტომ ორი რამ – მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება – ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები