მეუფე შიო: ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება

“ძალიან ხშირად მოდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ მთელი ცხოვრება”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კვირის შესახებ ისაუბრა.

„დღეს არის დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კიდევ ერთი კვირა, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან ყველა ეკლესიაში იკითხება უფალ იესო ქრისტეს იგავი უძღები შვილის შესახებ. ეს იგავი არის ცოდვის არსზე, ადამიანის სინანულზე, ღვთის დიდ სიყვარულსა და მოწყალებაზე. ერთ კაცს ჰყავდა ორი ძე. უმცროსი შვილი მიდის მამასთან და ეუბნება: „მომეცი ჩემი წილი, რომელიც მეკუთვნის ჩემი სამკვიდრებლიდან, ჩვენი ოჯახიდან და წავალ შენგან. მე წინ მაქვს დიდი ცხოვრება“. ჩვენი სიტყვებით რომ განვავრცოთ, ძე ამბობს: „მე სავსე ვარ ჯან-ღონით, შენ შეიძლება დიდხანს იცოცხლო, მე კი როდემდე ველოდო, როდის მივიღებ ჩემს წილს. ამიტომ მომეცი ყველაფერი, რაც მეკუთვნის; თითქოს შენ აღარ არსებობს, მე წავალ შენგან და ჩემს ცხოვრებას ავაწყობ, მივხედავ“. დაახლოებით ამას ნიშნავს ის სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს ძე. მამაც უსრულებს ამ თხოვნას. მოგეხსენებათ, მამაში იგულისხმება მამაზეციერი, ხოლო – ძეებში, შვილებში, ყოველი ჩვენგანი, მთელი კაცობრიობა. სახარების ამ იგავიდან ჩანს, რომ ადამიანს შეუძლია ის ნიჭები, რომელთაც ღმერთი აძლევს, სხვადასხვაგვარად მოიხმაროს. მას აქვს იმის თავისუფლება, რომ უარი უთხრას ღმერთს, განუდგეს მას, მაგრამ იგავი გვასწავლის, რა ემართება შემდეგ ასეთ ადამიანს. მართლაც, შვილი შეკრებს თავის ქონებას და მიდის შორეულ ქვეყანაში, დასალიერში. ესეც იგავური თხრობის ფორმაა – „შორეული ქვეყანა“ ის ადგილია, სადაც ღმერთი არ არის. ძე, ნაცვლად იმისა, რომ გაემრავლებინდა, მთელ ქონებას გაფლანგავს და გაკოტრდება, ხელი მოეცარება. ეს იგავი მოგვითხრობს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც ცდილობს თავისი ცხოვრება ღვთის გარეშე მოაწყოს, მიატოვოს ღმერთი და იფიქროს, რომ თავად, ღვთისგან დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი ცხოვრება მოწყობა. ე.ი. ამ ძეს მოუნდა დამოუკიდებლობა ღვთის გარეშე. რატომ განაბნია შვილმა ქონება? როგორც სახარება გვასწავლის, იგი „არაწმინდებით ცხოვრობდა“. ამას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკლესიაშიც ხშირად ვხედავთ, განსაკუთრებით – ჩვენ, მოძღვრები. რამ მოიყვანა იგი გონს? – დიდმა გასაჭირმა და განსაცდელმა. ერთი მხრივ, ცუდია გასაჭირი, განსაცდელი, შიმშილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეიძლება გახდეს საწინდარი გონს მოსვლისა, ადამიანი ხედავს, რა დაკარგა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, საით უნდა წავიდეს, სად არის ის სიცოცხლე, ძე იწყებს მართებულ აზროვნებას და ფიქრობს, რომ ღირსი არ არის, ღვთის შვილი ეწოდოს. იგი გამოსწორდა, ანუ გაცოცხლდა ადამიანი. თქვენ ხომ კარგად გესმით – ის მარტო საჭმლისთვის კი არ მიდის მამასთან, არამედ იგავი გვიამბობს სინანულის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყველაფერს.

ძალიან ხშირად მოდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ მთელი ცხოვრება. მათ უნდათ გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანია და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ეს ყველაფერი; ხვდებიან, რომ მთელი მათი წინა ცხოვრება იყო არასწორი და მცდარი. ჩვენ ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც, ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება და ეს ყველაფერი სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები