ახალი კორონავირუსი: ევროპაში მგზავრობაზე ამჟამად მოქმედი შეზღუდვები

(FILES) This file photo taken on December 21, 2020 shows a general view of passengers lining up for check-in at Frankfurt International Airport in Frankfurt am Main, western Germany, amid the ongoing novel coronavirus (Covid-19) pandemic. - The operator of Frankfurt airport said on January 18, 2021 that passenger numbers in 2020 plunged to their lowest since the 1980s as the coronavirus pandemic devastated the travel sector. Germany's largest airport recorded 18.8 million passengers in 2020, a decline of 73 percent compared with the year before, Fraport said, hitting lows not seen since 1984. (Photo by Armando BABANI / AFP)

ევროპაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები და ახალი შტამების საფრთხე მთავრობებს მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებისკენ უბიძგებს მათ შესატყვის ქვეყნებში შემსვლელი პირებისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილია ევროპაში ამჟამად მოქმედი შეზღუდვების ჩამონათვალი:

ევროკავშირი

ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები, სახელდობრ საფრანგეთი და გერმანია გაერთიანებული რეაგირების გეგმას ახორციელებენ საზღვრებზე პრობლემების დაბლოკვის და კონტროლის მიზნით.

თუმცა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებზე არიან პასუხისმგებელნი და ამდენად რეაგირების  მექანიზმი ყოველთვის არ ყოფილა გაერთიანებული. ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ ერთპიროვნულად დახურა საზღვრები 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის პირველი ტალღისას და შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართა ამ ზომას ქრისტეშობამდე გაერთიანებულ სამეფოში ახალი შტამის გამოჩენისთანავე.

გასული წლის აპრილში ევროკავშირმა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ყველა სხვა სახის მგზავრობა აკრძალა ევროკავშირის ყველა არაწევრი სახელმწიფოდან (მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან) და მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს უშვებდა საკუთარ ტერიტორიაზე, რომლებიც უსაფრთხო იურისდიქციებად იყო მიჩნეული. მათ შორის არიან ავსტრალია და ახალი ზელანდია.

სამოგზაურო შეზღუდვებში გამონაკლისების ნუსხა გრძელია. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეები და ბინადრობის უფლების მქონე პირები  თუ სახლში ბრუნდებიან, გადაუდებელი საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად მგზავრობენ ან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები არიან, ასეთ გამონაკლისებს მიეკუთვნება. ევროკავშირის გარე საზღვრები კვლავ მკაცრ შეზღუდვებს ექვემდებარება ყველა სასაზღვრო წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მიმდინარე კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ რეკომენდაციას იძლევა ევროკავშირში შემომსვლელი ყველა მოგზაურისთვის სავალდებულო წესით იყოს წარმოსადგენი ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც მგზავრობამდე 72 საათის ვადაში იქნება აღებული, რათა პირს გამოფრენამდე თვითმფრინავში ჩაჯდომის ნებართვა მიეცეს.

ევროკავშირის შიგნით კომისიის რეკომენდაციაა საზღვრები წევრ სახელმწიფოებს შორის ღია დარჩეს, რათა ერთიანმა ბაზარმა ჯეროვნად იფუნქციონიროს, მაგრამ არასავალდებულო რჩევის სახით ითქვა, რომ კომისია ეწინააღმდეგება გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ყველა სხვა დანიშნულებით მგზავრობას. მისი შემოთავაზებაა ევროკავშირის შესაბამისი ტერიტორიების კლასიფიცირება მოხდეს „მუქ წითელ ზონებად“ თუ ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამ რეგიონებიდან ყველა მოგზაური ვალდებული იქნება მგზავრობის წინ ჩაიტაროს ტესტი და დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ კარანტინში დაჰყოს დრო. ევროსაბჭოს პრეროგატივაა ამ შემოთავაზების დამტკიცება ან უარყოფა. ამასობაში, ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ინფორმაცია მათ შესახებ:

გერმანია

გერმანიამ მიმდინარე თვის (იანვარი) დასაწყისში ახალი წესები შემოიღო ახალი კორონავირუსის ახალ შტამებთან საბრძოლველად, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ახლახანს იქნა დაფიქსირებული.

ხსენებული ქვეყნებიდან გერმანიაში ჩამოსულ ხალხს თან უნდა ჰქონდეთ ახალ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი. თუმცა, შესაძლოა დამატებითი შეზღუდვების ქვეშაც მოექცნენ ის პირები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები ან ბინადრობის მქონე პირები. მათ ჯეროვანი მიზეზისა და დასაბუთების გარეშე გერმანიაში შესვლაზე უარიც შეიძლება ეთქვას.

ამის გარდა, ვირუსის გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყნების მოქალაქეებს 10-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება გააჩნიათ. თვითიზოლაცია შეიძლება დასრულდეს მას შემდეგ, რაც ახალ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება მიღებული. ტესტი კი ყველაზე კარგ შემთხვევაში მეხუთე დღეს ტარდება.

ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს „რისკის ზონიდან“ (ე.ი. 100 000 მოსახლეზე 50 ახალი შემთხვევა შვიდი დღის ჭრილში) ტესტი უნდა ჩაუტარდეს გერმანიაში ჩამოსვლისთანავე (ან შეიძლება გამომგზავრებამდე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარმოადგინოს) და სახლში 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. აქაც, იზოლაცია სრულდება მეხუთე დღეს ან უფრო მოგვიანებით ტესტის აღების და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამ მექანიზმს „ორმაგი ტესტირების სტრატეგია“ ეწოდება.

გერმანიას არ გააჩნია შიდა ტერიტორიაზე მოგზაურობის საერთო აკრძალვა, თუმცა ხელისუფლებამ ყველას მოუწოდა აუცილებლობის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში უარი თქვან მგზავრობაზე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.

გერმანიის ზოგიერთ ტერიტორიაზე შეზღუდვები არსებობს იმის მიხედვით, თუ რამდენად შორს შეიძლება გაემგზავროთ როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი შვიდი დღის ჭრილში 100 000 მოსახლეზე 200 შემთხვევას აღწევს. ამ მექანიზმს „15 კილომეტრის რადიუსში მგზავრობა“ ეწოდება. მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების სისტემატიური შემოწმება უწევთ, რათა მათი მგზავრობის რადიუსი გადაამოწმონ. ამ მექანიზმის მიზანია ხალხს ხანგრძლივი მგზავრობები გადააფიქრებინოს და ერთი დღის ვადაში მოაქციოს მათი ტრაექტორია.

შვედეთი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობიდან შვედეთში შემსვლელი პირი, ისევე როგორც გამონაკლისთა ნუსხიდან არაწევრი ქვეყნის მოქალაქე, არ არის ვალდებული ტესტირება ჩაიტაროს ან კარანტინში დარჩეს ქვეყანაში ჩასვლისას, თუ სიმპტომები არ აღენიშნება.

განსხვავებული წესები მოქმედებს იმ პირებისთვის, რომლებიც შვედეთში გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ბრაზილიიდან შედიან. იგივე ეხება იმ პირებს, რომლებიც ხსენებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ შვედეთში ჩასვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში.

შვედეთში გაერთიანებული სამეფოდან და დანიიდან მგზავრობაზე აკრძალვა მოქმედებს, თუმცა რამდენიმე გამონაკლისიც არსებობს. მათ შორის არიან შვედეთის მოქალაქეები, შვედეთში მცხოვრები ან მომუშავე პირები. შვედეთის მოქალაქეების გარდა, ამ ქვეყნებიდან ჩამომსვლელმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარმოადგინოს ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამოფრენამდე არაუგვიანეს  72 საათის ვადაში იქნა აღებული. მათ უნდა წარმოადგინონ ასევე იმის მტკიცებულება, რომ გამონაკლისებიდან რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებიან.

გაერთიანებული სამეფოდან, სამხრეთ აფრიკიდან ან ბრაზილიიდან შვედეთში ჩამომსვლელი პირი, ან ვისაც ხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია გააჩნიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ვალდებულია თვითიზოლაციაში იმყოფებოდეს ჩასვლიდან 7 დღის განმავლობაში.

ამ დროის განმავლობაში მათ სხვა პირებთან მჭიდრო კონტაქტს „მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი“ და მასთან ერთად მცხოვრები პირიც მუდამ შინ უნდა იმყოფებოდეს. ამ კატეგორიაში მოაზრებულ პირებსაც მოეთხოვებათ ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩამოსვლიდან მალევე და განმეორებით – 5 დღის შემდეგ.

საფრანგეთი

საფრანგეთს არსებითად ორსიჩქარიანი პროგრამა გააჩნია სამოგზაურო შეზღუდვების ნაწილში.

ევროკავშირში მოქმედი აკრძალვების მიხედვით, გარედან (მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან) ჩამომსვლელთათვის აუცილებელია მგზავრობის აუცილებლობის დასაბუთება ქვეყანაში შესვლისას. ეს იძლევა სამსახურთან და სწავლასთან დაკავშირებით საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას, თუმცა იკრძალება ტურიზმი, ნათესავების მონახულება და მეორე (დამატებითი) სახლის მფლობელების მიმოსვლა.

ვისი მგზავრობაც აუცილებლობით არის განპირობებული, საზღვრის კვეთისას ახალ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებათ, სამგზავრო საბუთთან ერთად. სახმელეთო მარშრუტით სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი პირების გარდა ყველა სხვა პირი ვალდებულია თვითიზოლაციაში მოექცეს შვიდი დღის განმავლობაში და შემდეგ მეორე ტესტი ჩაუტარდეს. კარანტინში ყოფნა ნდობის საკითხია და ამ ვალდებულების შესრულებას არავინ ამოწმებს.

ადრე ვინც ევროკავშირის შიგნიდან მგზავრობდა არანაირი შეზღუდვის ქვეშ ექცეოდა, თუმცა ამ კვირა დღიდან მოყოლებული საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით ჩამომსვლელებს საფრანგეთში შემოსვლისას ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა მოუწევთ. სარკინიგზო ან სახმელეთო გზით საფრანგეთში  შემოსვლისას ტესტირება არ არის საჭირო, რადგან პრაქტიკული ვერ იქნება ამგვარი საზღვრის კვეთის წერტილების კონტროლი. გამონაკლისს წარმოადგენს საზღვრის ერთ მხარეს მცხოვრები, ხოლო მეორე მხარეს მომუშავე პირები და გადამზიდავები.

ევროკავშირის შიგნით მგზავრობის შემთხვევაში საფრანგეთის შესვლისთვის მიზნობრიობის დასაბუთება არ არის საჭირო, თუმცა საფრანგეთისა და ევროკავშირის ლიდერები ხალხს მოუწოდებენ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მაქსიმალურად შეიკავონ თავი მგზავრობისგან.

ავსტრია

ავსტრიის საკარანტინე წესებით, „მაღალი რისკის“ მქონე იურისდიქციიდან ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდეს კარანტინში იმისდა მიუხედავად, თუ ტესტირება გავლილი აქვთ, უარყოფითი პასუხი მიიღეს ან პირობას დებენ ავსტრიაში  გაიარონ ტესტირება.

იზოლაციაში ყოფნის ხუთი დღის შემდეგ, ხალხს ენიჭება უფლება უფასო ტესტი ჩაიტარონ კორონავირუსზე, რათა კარანტინიდან ადრე გავიდნენ. როდესაც უარყოფითი პასუხი დადასტურდება, მათ კარანტინის დასრულების უფლება ეძლევათ.  ტესტის გარეშე კარანტინი ათი დღე გრძელდება.  „მაღალი რისკის“ ქვეყნები ისინი არიან, სადაც 14 დღის ჭრილში 100-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება 100 000 მოსახლეზე.  ამჟამად ავსტრიის მეზობელი ქვეყნები ამ ზღვრულ ოდენობაზე მაღლა არიან და შესაბამისად „მაღალი რისკის“ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

დანია

საჰაერო ტრანსპორტით დანიაში ჩამომსვლელი პირებისთვის საჭიროა ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა, რომელიც ფრენამდე მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში იქნა აღებული. დანიაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამ წესს ექვემდებარებიან, ისევე როგორც დანიის მოქალაქეები.

ეს წესები ძალაში შევიდა 9 იანვარს და არსებული გეგმით 7 თებერვლამდე იმოქმედებს.

ის პირები, რომლებიც დანიის მოქალაქეები არ არიან, მაგრამ დანიის მოსაზღვრე შვედეთის ან გერმანიის რეგიონებში ცხოვრობენ, შეიძლება დანიის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხით, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იქნა აღებული, თუ მგზავრობის მიზანშეწონილობა დასაბუთებულია და სახმელეთო ან ხიდებზე არსებულ სასაზღვრო პუნქტებს კვეთენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დანიაში ბინადრობის უფლებას არ ფლობენ, ვალდებულნი არიან ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი წარმოადგინონ, რომელიც არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში იქნა აღებული.

ამჟამად დანიაში შესვლა არსებითად ეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ან სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ, ხოლო არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან თვითმფრინავებს დანიის ტერიტორიაზე დაფრენა ეკრძალებათ.

დანიის მთავრობა 10-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას იძლევა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, თუმცა ამ ნორმის აღსრულებას არ ახორციელებს. ბოლოდროინდელი ანგარიშები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება აღსრულების დაწყების საკითხს იხილავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველას ურჩევს უცხოეთში ნებისმიერი მიზნით მგზავრობისგან თავის შეკავებას.

იტალია

იტალიაში მობილობის შეზღუდვა კვლავ მკაცრია და მეტწილად დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, საიდანაც მოგზაურობთ.

გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მგზავრობა კვლავ აკრძალულია ევროპის საზღვრებს გარეთ მყოფი ქვეყნების უმრავლესობიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იტალიაში შესვლიდან კარანტინი აუცილებელია 14 დღის განმავლობაში.

ევროკავშირის მოქალაქეებმა ტესტი უნდა ჩაიტარონ იტალიაში გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში. ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე მოგზაური პირი ვალდებულია კარანტინში დარჩეს 14 დღის განმავლობაში. გაერთიანებული სამეფოდან იტალიაში მგზავრობა კვლავ აკრძალულია ვირუსის ახალი შტამით გამოწვეული წუხილის გამო. გამონაკლისს წარმოადგენს იტალიაში ბინადრობის უფლების და გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პირები. ვისაც გაერთიანებული სამეფოდან იტალიაში ჩასვლის უფლება გააჩნია, ორი ტესტის (თავდაპირველი და განმეორებითი) უარყოფითი პასუხი უნდა გააჩნდეს საზღვრის კვეთისას და შემდეგ 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში. იტალიაში კვლავ მოქმედებს ქვეყნის შიგნით მობილობის აკრძალვა და ყველა რეგიონს შორის მგზავრობა შეზღუდულია.

ესპანეთი

ესპანეთში ზომები დაწესდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან/ევროპის ეკონომიკური ზონიდან ესპანეთში ჩასვლა არ იზღუდება, თუ ტესტის უარყოფით პასუხს წარმოადგენს „მაღალი რისკის“ მქონე ქვეყნიდან მოგზაური პირი.

„მაღალი რისკის“ მქონე ქვეყნების ჩამონათვალი ამჟამად მოიცავს ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების უმრავლესობას.

ამის გარდა ესპანეთში იკრძალება ნებისმიერი მგზავრობა გაერთიანებული სამეფოდან. გამონაკლისს წარმოადგენს ესპანეთის მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება ან  ბინადრობის უფლების მქონე პირის შემოსვლა ესპანეთის ტერიტორიაზე.

ევროკავშირის გარედან ჩამომსვლელმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ესპანეთი იცავს ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ მითითებებს.

თუ ესპანეთში მიემგზავრებით საბოლოო დანიშნულების სახით ან ტრანზიტით და უარს იღებთ ქვეყანაში შესვლაზე, თქვენ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნებით მოთავსებული საემიგრაციო ზონაში, სანამ იმავე ავიაკომპანიის თვითმფრინავი განახორციელებს ფრენას უკან და თქვენი ტრანსპორტირება მოხდება.

სავალდებულო კარანტინი არ მოეთხოვებათ ესპანეთში ჩამსვლელ პირებს, თუმცა საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლისას ყველა მგზავრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტროლის ფორმა ონლაინ რეჟიმში უნდა შეავსოს გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და ახალ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩაიტაროს მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათის  განმავლობაში. ამის შემდეგ, ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლისას პირებს ენიჭებათ სწრაფი რეაგირების (QR) კოდი, რომლის გასხვისებაც შეუძლებელია და რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს (ელექტრონულად ან ქაღალდზე) ჩაფრენისას აეროპორტის სამედიცინო კონტროლის პუნქტში, სადაც მათ შეიძლება ეთხოვოთ სხეულის ტემპერატურის შემოწმება და ვიზუალური სამედიცინო შემოწმების გავლა. სახმელეთო გზით ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლისას პირები ამ მოთხოვნებისგან თავისუფლდებიან და ამდენად მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტროლის ფორმის წარმოდგენა ევალებათ სახმელეთო ან სარკინიგზო ტრანსპორტით საზღვრის კვეთისას. ესპანეთის შიგნით მგზავრობა შეზღუდულია. ქვეყნის რეგიონების უმრავლესობიდან გასვლა და შესვლა იკრძალება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აუცილებლობა დასაბუთებულია.

შვეიცარია

შვეიცარიის საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებთან, შენგენის ზონის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ღიაა.

ზოგიერთი „მაღალი რისკის“ მქონე ქვეყნიდან და რეგიონიდან შვეიცარიაში ჩასვლისას პირებს მოეთხოვებათ 10 დღის განმავლობაში კარანტინში დარჩენა და ეს ინფიცირების მაჩვენებლით არის გამოწვეული იმ ქვეყნებში, საიდანაც ეს პირები მგზავრობენ.

გაერთიანებული სამეფოდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენები აკრძალულია, თუმცა ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში ფედერალური საბჭო იხილავდა აკრძალვის მოხსნას. მთავრობა აცხადებდა, რომ „ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს იგივე რეჟიმი, რაც ყველა სხვა მესამე ქვეყნისთვის არის განსაზღვრული“.

„თავისუფალი გადაადგილების უფლების გარეშე პირებს „მაღალი რისკის მქონე“ ქვეყნებიდან შვეიცარიის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება გააჩნიათ  მხოლოდ 90 დღეზე ნაკლები ვადით, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებში მათ ავტორიზაციის საჭიროება არ გააჩნიათ“.

ქვეყნის შიგნით მობილობის შეზღუდვა არ არსებობს შვეიცარიაში.

ნორვეგია

ნორვეგიის ტერიტორიაზე შესვლისას ყველას მოეთხოვება კარანტინში დარჩენა ათი დღის განმავლობაში. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ვინც ბრუნდება ან ჩამოდის „ყვითელი“ და „მწვანე“ ქვეყნიდან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინაციის შემთხვევაშიც კარანტინის იგივე წესები გეხებათ, რადგან ჯერ არაფერი შეცვლილა ამ მხრივ. კარანტინის ვადა შეიძლება შვიდ დღემდე შემცირდეს, თუ მგზავრს ახალი კორონავირუსის ორივე (თავდაპირველი და განმეორებითი) ტესტის უარყოფითი პასუხი გააჩნია ნორვეგიაში შესვლის შემდეგ. ტესტირება აუცილებელია ჩამოსვლიდან პირველ და მეშვიდე დღეს.

ორშაბათს – 18 იანვარს – ნორვეგიამ სავალდებულო გახადა ახალ კორონავირუსზე ტესტირება მის საზღვრებზე. ვინც ვერ დაემორჩილება ამ მოთხოვნას, 20 000 ნორვეგიული კრონით დაჯარიმდება. ყველა მგზავრი, ვინც ნორვეგიაში ბრუნდება ან ჩამოდის, ვალდებულია სამთავრობო პორტალზე დარეგისტრირდეს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლამდე.

ევროპის ირგვლივ…

საერთაშორისო მოგზაურები ვალდებულნი არიან ახალ კორონავირუსზე ტესტირების უარყოფითი პასუხი იქონიონ თუ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა სურთ.

თუ „სამოგზაურო დერეფნები“ ადრე გარკვეული ქვეყნებიდან ჩამომსვლელ პირებს კარანტინის ვალდებულებას არიდებდნენ, ეს მექანიზმი უკვე გაუქმებულია.  ახლა უკლებლივ ყველა მგზავრს ეკისრება 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციის ვალდებულება. რადგან ამჟამად ლოქდაუნი მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოში, მგზავრობაზე ეს  შეზღუდვები ძალაში დარჩება 15 თებერვლამდე, თუმცა სავარაუდოა ბევრად გახანგრძლივდეს. ნიდერლანდების მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა ნებისმიერი მიზნით ქვეყანაში მგზავრობის წინააღმდეგ. ეს დათქმა არ ეხება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს.

თუმცა, ვინც მაინც გაემგზავრება ნიდერლანდებში, ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს საზღვარზე და თვითიზოლაციაში მოექცეს 10 დღის განმავლობაში.

ზოგიერთი გამონაკლისის – მაგ. გადამზიდავების – გარდა, ბელგიის მთავრობა ყველა მოგზაურისგან ჩამოსვლამდე ითხოვს ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენას. ასევე, მარტის თვემდე „ნებისმიერი პირი, რომელიც წითელ ზონაში მინიმუმ 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ვალდებულია კარანტინში დარჩეს, რომელიც მე-7 დღეს შეიძლება დასრულდეს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები