მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა – ქვეყნები რეგუულაციებს ამკაცრებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა – მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.6 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 21 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

კალიფორნიაში COVID-19-ით ყოველ საათში 2 ადამიანი იღუპება, აშშ-ში უმუშევართა რიცხვი 1 კვირაში 885 ათასით გაიზარდა

კალიფორნიის შტატში, 16 დეკემბერს კოვიდ ინფიცირების 53 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლის განცხადებით, ყოველ საათში შტატში 2 ადამიანი იღუპება და მდგომარეობა საგანგაშოა. ასევე, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, ამჟამად კორონავირუსი არის უფრო საშიში, ვიდრე სიმსივნე და გულის დაავადებები. მათივე განცხადებით, ქვეყნის მასშაბით კორონავირუსი არის ნომერ პირველი მკვლელი დაავდება.

16 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ გარდაცვალების 3 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი ანტირეკორდია. ასევე, აშშ-ში ინფიცირების საშუალო, დღიური მაჩვენებელია 215 729. მხოლოდ 16 დეკემბერს საავადმყოფოებში მოთავსებას საჭიროებდა 113 090 ადამიანი.

გასულ კვირას კიდევ 885 ათასი ახალი ადამიანი აღირიცხა აშშ-ში, როგორც უმუშევარი, რისი მოლოდინიც ჰქონდათ ეკონომისტებს. ეს სექტემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არსებობს მონაცემები, რის მიხედვითაც, ამჟამად 5 მილიონ 500 ათასი ადამიანია აღრიცხული, რომლებიც ეძებენ სამსახურს.

იტალიაში შობა-ახალი წლის პერიოდში კარანტინი ცხადდება. იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის დღესასწაულებში რეგულაციებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო. ახალი წესების თანახმად, არააუცილებელი მაღაზიები დაიკეტება 24, 25, 26, 27 და 31 დეკემბერს და 3, 5, და 6 იანვარს. ამ პერიოდში იტალიის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. დღესასწაულების პერიოდში დახურული რჩება ყველა ბარი და რესტორანი.
ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ვითარება კვლავ რთულია მთელ ევროპაში. ვირუსი ყველგან ვრცელდება. ჩვენი ექსპერტები სერიოზულად წუხდნენ, რომ შობის დღესასწაულზე იქნებოდა ახალი შემთხვევების დიდი მატება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჯუზეპე კონტემ მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

17 დეკემბერს, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 081 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 181 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, ზოგიერთ რეგიონში ზომების გამკაცრება გადაწყდა.

მადრიდში, 24-25 და 31 დეკემბერს, ასევე, 2021 წლის 1 და 6 იანვარს, შეკრებებზე 6 კაციანი შეზღუდვა იმოქმედებს და მხოლოდ ორი ოჯახის წევრები შეძლებენ ერთმანეთთან სტუმრობას.

ბოლო 14 დღის განმავლობაში ქ. მადრიდში 100 000 მოსახლეზე 262 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ესპანეთის დედაქალაქში, კომენდანტის საათი, კვლავინდებურად, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს, თუმცა შობისა და ახალი წლის ღამეს ის 01:30 საათზე ამოქმედდება;

ვალენსიაში, ახალი წლის პერიოდში, რეგიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა; კატალონიის რეგიონალური ლიდერების განცხადებით, რეგიონი კრიტიკულ ფაზაში იმყოფება. ახალი შეზღუდვები მომსახურეობის სექტორს შეეხება, კერძოდ, რესტორნებსა და ბარებს და მათ სამუშაო საათები კვლავ შეეზღუდებათ.

კატალონიაში შეკრებაზე 6 კაციანი შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა 25-26 და 31 დეკემბერს, ასევე, 2021 წლის 1 და 6 იანვარს, შეკრებებზე დაწესებული ლიმიტი 10 ადამიანამდე გაიზრდება. რეგიონის საზღვრები კვლავ ჩაკეტილია, თუმცა ნათესავების მოსანახულებლად მოქალაქეებს კატალონიიდან გასვლა კვლავ შეუძლიათ.
ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მესამე „ლოქდაუნი“ შობის შემდეგ, 26 დეკემბრიდან ამოქმედდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქებული იყო, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ხელახალი „ლოქდაუნის“ გამოცხადება გადაწყდა. სახლიდან გასვლა კვლავ შეიზღუდება და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას იქნება შესაძლებელი. დაიხურება სავაჭრო ცენტრები და არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიები. სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 2021 წლის 7-15 იანვრის პერიოდში იქნებიან. ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, 2021 წლის 18 იანვრამდე გასტანს; 2021 წლის 16-17 იანვარს, ავსტრიაში, ანტიგენზე მასობრივი ტესტირება დაიწყება.
18 დეკემბრიდან, ჩეხეთი რისკის „მესამე ზონიდან“ „მეოთხე ზონაში“ გადადის. ქვეყანაში დაიხურა პაბები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები და სპორტული დაწესებულებები. ჩეხეთში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

18 დეკემბერს, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 28 507 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 489 ადამიანი კი გარდაიცვალა; გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეშფოთება გამოთქვა ეპიდვითარების გაუარესების გამო და იმედი გამოთქვა, რომ მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან აცილება მოხერხდება;

ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 დეკემბრიდან ქვეყანაში 6 კვირიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სილამაზის სალონები მუშაობას შეწყვეტენ, ხოლო პაბებს, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ. სასიცოცხლოდ აუცილებელი მაღაზიები 20:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო დანარჩენები დაიხურება; ქვეყანაში აიკრძალება ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ჩატარება. ყველანაირი გასართობი დაწესებულება და მანქანების სამრეცხაო დაიხურება. სასტუმროები 28 დეკემბრიდან შეწყვეტენ მუშაობას; ჩრდილოეთ ირლანდიაში, საშობაოდ მხოლოდ სამ ოჯახს შეეძლება შეკრება, თუმცა აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ 27 დეკემბრამდე იქნება ძალაში და ის ახალი წლის ღამეზე არ გავრცელდება.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოშტას განცხადებით, ქვეყანაში სრულად გაუქმდა ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებები, 31 დეკემბერს კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება, ხოლო 2021 წლის 1-3 იანვრის პერიოდში კომენდანტის საათი 01:00-05:00 საათების პერიოდში იმოქმედებს.

18 დეკემბრიდან, შვედეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება რეკომენდირებული გახდა. დაიხურა ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორიცაა სავარჯიშო დარბაზები, საცურაო აუზები და ბიბლიოთეკები. 24 დეკემბრიდან, რესტორნებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ 4 ადამიანის განთავსება იქნება დაშვებული. შეზღუდვები 2021 წლის 24 იანვრამდე გაგრძელდება; 18 დეკემბერს შვედეთში COVID-19-ით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი – 9 654 ფაქტი დაფიქსირდა.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრ ადამ ნიდზელკის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ეროვნული დონის კარანტინი 28 დეკემბრიდან 2021 წლის 17 იანვრამდე გამოცხადდება, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 19:00 საათიდან 2021 წლის 1 იანვრის 06:00 საათამდე, ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, შობის დღესასწაულის პერიოდში, დამატებით შეზღუდვები არ დაწესდება;

გერმანიაში, ბოლო 24 სთ-ში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი- თითქმის 30 400 შემთხვევა. გერმანიამ პირველად გადააჭარბა 30 ათასიან ნიშნულს.

გაუარესებული ეპიდვითარების გამო, ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 დეკემბრიდან, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 11 იანვრამდე იქნება.

19 დეკემბრიდან, სასურსათო, საოჯახო ნივთების, ჰიგიენის საშუალებების, ბოსტნეულის, ნაძვის ხეების და გარკვეული სხვა პროდუქციის გარდა, სხვა სარეალიზაციო ობიექტები დაიხურება. აკრძალული იქნება კულტურული ღონისძიებები, საშობაო ბაზრობები. 1-6 კლასის მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები 1 კვირით გაუხანგრძლივდათ. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ყველა დახურულ სივრცეში.

18 დეკემბრიდან, ათენთან მდებარე, დასავლეთ ატიკის რეგიონის სამ ქალაქში – ელეუსისში, მანდრაში და ასპროპირაგოსში შეზღუდვები გამკაცრდა და კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 18:00 საათზე დაიწყება და 05:00 საათამდე გაგრძელდება. დაიკეტა მაღაზიები, სილამაზის სალონები და ეკლესიები.

ხორვატიის მთავრობის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 23 დეკემბერი – 2021 წლის 8 იანვრის პერიოდში მოსახლეობას საცხოვრებელი რეგიონის დატოვება და რეგიონებს შორის მგზავრობა აეკრძალება. ამავე პერიოდში, კერძო შეკრებებში მონაწილეობა არაუმეტეს ორი ოჯახის წევრებისთვის იქნება ნებადართული, რომელთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.

18 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 28 552 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 611 შემთხვევამდე გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი;

აზერბაიჯანის მთავრობის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვარი 2021 წლის 1 მარტამდე დაიკეტა. მიზეზად ორივე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა და გამკაცრებული შიდა რეგულაციები დასახელდა.

16 დეკემბერს თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 27 515 და ლეტალობის 243 ფაქტი დაფიქსირდა. ლეტალობის აღნიშნული მაჩვენებელი თურქეთისთვის მორიგი ანტირეკორდია.

ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 12 630 და გარდაცვალების 260 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები