სანდრო თვალჭრელიძე სომხეთ-აზერბაიჯანზე: ჩვენ გვიჭირავს სრული ნეიტრალიტეტი და ეს სწორია

“სწორია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მეზობლებს თბილისი შევთავაზეთ მოლაპარაკების პლატფორმად. ჩვენ გვიჭირავს სრული ნეიტრალიტეტი და ეს სწორია”, – ასე აფასებს ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საქართველოს პოზიციას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ექსპერტმა ინტერვიუში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზეც ისაუბრა.

“საქართველო სწორად მოიქცა, რომ შეაჩერა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების ჩვენს ტერიტორიაზე გატარება. სწორია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, მეზობლებს თბილისი შევთავაზეთ მოლაპარაკების პლატფორმად. ჩვენ გვიჭირავს სრული ნეიტრალიტეტი და ეს სწორია! ამასთან, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ საქართველოდან ჩვენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხონ მოხალისეებად წასვლა ვერც ერთი მიმართულებით. გარდა ამისა, თითოეულ დეზინფორმაციას უნდა გაეცეს დროული და დასაბუთებული პასუხი, რათა ზედმეტი კითხვები არავის გაუჩნდეს, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ვიღაცის პროვოკაციას. რა თქმა უნდა, ალიევს ყარაბაღის დაბრუნება სურს და გჯერათ, რომ ამ ნაბიჯს რუსეთისგან გარანტიების მიღების გარეშე გადადგამდა? მე არ მჯერა. აზერბაიჯანს ბევრი ბერკეტი აქვს რუსეთზე ზემოქმედებისთვის და ვეჭვობ, რუსეთმა ალიევი მოატყუოს. პუტინმა განაცხადა, მეზობლების შინაურ საქმეებში არ ვერევიო, ლავროვი კი მხარეებს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასე რომ, სომხეთის მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა. ეს შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. ფაქტია, რუსეთი სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც ყიდის იარაღს და ამ კონფლიქტით მშვენივრად ითბობს ხელს. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის შეჩერებას მოახერხებს.

რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს, როცა რუკებთან გაქვს საქმე, უნდა იცოდე, როდის და როგორ იხაზებოდა. ჩვენი ტოპოგრაფიული რუკების უმრავლესობა 1942 წლის დროინდელია და მათ ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვთ – ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხაზა და მათში სპეციალურად შეიტანეს ხარვეზები იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელებს ჩაუვარდებოდათ ხელში. განსაკუთრებით წვრილმასშტაბიან რუკებშია ბევრი რამ მცდარად დატანილი, მათ შორის საზღვრებიც სპეციალურად იყო დამახინჯებული. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ რუკებით დავდიოდი ველზე და მათ შესახებ ყველაფერი ვიცი. ეს უნდა სცოდნოდათ კომისიის წევრებსაც. არსებობს იმის ალბათობა, რომ ასე მიზანმიმართულად მოქცეულიყვნენ? – არსებობს, რადგან ჯერ ვერაფერს გამოვრიცხავთ. მით უფრო, რომ მე კარგა ხნის განმავლობაში ვყვიროდი, უფრო ადრინდელი რუკები უნდა გამოიყენოთ-მეთქი. იყო აქ ღალატი თუ არაპროფესიონალიზმი, არ ვიცი. იმედია, სამართალდამცავები გაარკვევენ. მე არც ის ვიცი, ვინ არიან კომისიის წევრები. საინტერესოა, იქ ერთი პროფესიონალი კარტოგრაფი მაინც არის?.. მოკლედ, მომხდარს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის უვიცობაც”,- განმარტა ექსპერტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები