ეკატერინე ტიკარაძე გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“: პანდემიის დროს ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, ადამიანების ინფიცირების წყაროსთვის რომ ვერ მიგვეგნო

ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ, რათა შესაძლო მეორე, მესამე ან მეოთხე ტალღაც კი, რაც შეიძლება სწრაფად ჩავახშოთ, ისევე, როგორც ეს პირველი ტალღის დროს მოვახერხეთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთელი მსოფლიო დღეს „კოვიდ-19“-ის რეალობაში ცხოვრობს და ეს არის გამოწვევა.

„მოცემული დროისთვის მდგომარეობა საქართველოში სტაბილურია. ჩვენ ყოველდღიურად მხოლოდ ძალიან დაბალი რაოდენობის შემთხვევები გვიფიქსირდება, ზოგიერთ დღეს კი, საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. პანდემიის მიმდინარეობისას, ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, როცა ვერ შევძელით ინფიცირების წყაროს მიგნება. ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ არ გვაქვს მოსახლეობის დიდი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვახერხებდით კონტაქტების შემთხვევების დადგენას, რაც ჩვენი წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. გერმანიის მსგავს ქვეყანაში, სადაც 83 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, ეს რა თქმა უნდა, ბევრად რთული იქნებოდა. დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენ მიერ შემუშავებულ კორონას აპლიკაციაზე, რომელიც გვიადვილებს კონტაქტების აღმოჩენას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იყენებს ამ აპლიკაციას. ასე რომ, გვიწევს კონტაქტების დადგენის სხვა ხერხების გამოყენებაც. თუმცა, პარალელურად ვცდილობთ, დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ ავუხსნათ მოსახლეობას, რომ შეიძლება მეორე ტალღა დადგეს, რომელიც უფრო მძიმედ ჩაივლის, ვიდრე პირველმა ტალღამ ჩაიარა. ჩვენთვის ეს სცენარი ცნობილია სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების შემთხვევებიდან. თუ მოსახლეობა არ იქნება მზადყოფნაში, არც ერთი ღონისძიება არ იქნება საკმარისად ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის მიხვდა, რომ მთელი მსოფლიო დიდი პრობლემის წინაშე იდგა, მინისტრმა განაცხადა – „იანვრის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეგვატყობინა, რომ ჩინეთში დაფიქსირებული იყო საეჭვო შემთხვევები. თუმცა, რეალური მასშტაბის შესახებ წარმოდგენა მაშინ შემექმნა, როდესაც გერმანიაში ჩავედი ვიზიტით, იანვრის შუა რიცხვებში. სულ უფრო მეტი ამბავი ვრცელდებოდა მედიის საშუალებით, რომელიც გვამცნობდა, რომ ვირუსი ნამდვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და მსოფლიოში ვრცელდება. მეორე დღეს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ჩემთვის გასაგები გახდა, რომ უფრო კარგად უნდა მოვმზადებულიყავით“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ 26 იანვარს აკრძალა საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, შემდეგ კი – ირანთან და იტალიასთან, იმ მომენტში ყველაზე დიდი რისკის მქონე ტერიტორიებთან.

„შპიგელის“ ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველომ საკმაოდ ადრე დაიწყო ზომების მიღება კორონავირუსის წინააღმდეგ. არსებობს თუ არა გარკვეული დირექტივები, რომლებსაც ეფუძნებოდა გადაწყვეტილებები, მინისტრის თქმით, საქართველო იმ მაგალითით ხელმძღვანელობდა, რითაც – გერმანია.

„ისეთ სიტუაციაში, რომელიც „კოვიდ-19“-მა გამოიწვია, რაციონალობა უნდა შევინარჩუნოთ და არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ ემოციებს. არასოდეს დავრჩენილვართ იმის იმედად, რომ რამე თავისით გამოსწორდებოდა. ჩვენ ისეთივე კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ, რითიც, მაგალითად, გერმანია ხელმძღვანელობდა. გადამწყვეტი იყო ჩვენთვის რეპროდუქციის რაოდენობა და ასევე, ინტენსიური მკურნალობისთვის განკუთვნილი რამდენი საწოლი გვქონდა ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში“, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორც მოახერხა საქართველოს მთავრობამ ის, რომ პანდემიის დროს ქვეყანაში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა.

„ბევრს ეშინოდა, რომ ქრისტიანული დღესასწაულების ჩატარების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მოიმატებდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ეკლესიამ ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა, ტაძრებში მიმდინარე ღვთისმსახურებაზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხალხი შეუშვეს, გაკეთდა დისტანციის დაცვისათვის საჭირო სპეციალური მარკირება, ზოგიერთი ღვთისმსახურება ღია სივრცეში ტარდებოდა. დღეს ძნელია თქვა, რა იყო იმის მიზეზი, რომ აფეთქება არ მოხდა: იყო თუ არა ეს ამ სპეციალური ღონისძიებების შედეგი, თუ აქ შემთხვევა ჰქონდა უბრალო გამართლებას“, – განაცხადა ენატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ყველაზე ეფექტური ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ვირუსის შესაკავებლად გაატარა, იყო საკარანტინო სივრცეები.

„კარანტინი არის ყველაზე ეფექტური საშუალება იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ვირუსმა ქვეყანაში შემოაღწიოს. ჩვენ გავამზადეთ საკარანტინო ადგილები ქვეყანაში შემოსული მგზავრებისთვის. ჩვენ ის უპირატესობა გვქონდა, რომ დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით მცირე რაოდენობის მოგზაური გვყავდა. ისე რომ, ჩვენი შესაძლებლობები ამ რიცხვებს შეესაბამებოდა. დაახლოებით 40 000 ადამიანი გვყავდა კარანტინში გამწესებული. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ასევე არანაკლებ ეფექტურია სოციალური დისტანციის დაცვა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„შპიგელის“ ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა გერმანიის მსგავსად საქართველოშიც მასობრივი უფასო ტესტირების ჩატარება, მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც სამშობლოში ბრუნდება, უტარდებათ უფასო ტესტირება.

„უფასო ტესტირება უტარდებათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც ჩივილებით მოგვმართავს და ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ასეთი ტესტები ჩვენ დაგვეხმარება, რომ ინფიცირების შემთხვევების რიცხვი შევამციროთ და ამის შედეგად, გრძელვადიანი ხარჯები ავიცილოთ თავიდან. თუმცა, ჯერ არ გვაქვს გეგმაში, უფასო ტესტები ჩავუტაროთ ყველას, ვისაც არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დისტანციის დაცვის ვალდებულება კიდევ დიდხანს იქნება ცხოვრების ნაწილი.

„ჩვენი პირდაპირი კონტაქტები ისე უნდა შევზღუდოთ, რომ შეძლებისდაგვარად ყოველი ადამიანის დასახელება შევძლოთ, ვისაც შევხვდებით. მიმაჩნია, რომ ნიღბების ტარებასაც მიეჩვევა ხალხი, გვაქვს შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მოსახლეობამ ნიღბები უკვე მოდურ აქსესუარად გადააქცია. „კოვიდ-19“-მა შეცვალა საზოგადოება, მაგრამ არა მხოლოდ უარყოფითისკენ. ბევრი მეგობრისგან მესმის, მათ შორის გერმანელი მეგობრებისგანაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახებმა უკეთესად გაიცნეს ერთმანეთი, ადამიანებმა გადააფასეს, თუ რა არის ამ ცხოვრებაში ნამდვილად ღირებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, ვაქცინის შექმნის შემდეგ ხომ არ არის საშიშროება, რომ ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, ვაქცინა ვერ მიიღონ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა – „კოვიდ-19“ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. ყველა საშუალება, რომელიც შედეგს მოიტანს, გლობალურად უნდა გამოვიყენოთ. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ყველამ ერთად უნდა ითანამშრომლოს – მიუხედავად იმისა, დიდი თუ პატარა ქვეყანა ხარ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, თუმცა ჯერ უნდა მივაგნოთ შესაბამის მედიკამენტს ან ვაქცინას“.

როგორც ცნობილი გერმანული გამოცემა წერს, საქართველომ სრულიად განსხვავებული გზა გაიარა – კავკასიაში მდებარე ეს ქვეყანა, სადაც 3.7 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, უკვე მაშინ დგამდა ნაბიჯებს, ვიდრე ქვეყანაში კორონას პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა. ამ პირველმა ნაბიჯებმა ახლა გამოიღო ნაყოფი. საქართველოში, 23 ივლისის მდგომარეობით, დაფიქსირებულია ინფიცირების 1085 შემთხვევა და 16 ადამიანის გარდაცვალება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული მიზეზებით. გამოცემა წერს, რომ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, 3 მილიონი მოსახლეობით, ინფიცირებულია 30-ჯერ მეტი ადამიანი. ევროკავშირმა მოხსნა შეზღუდვები საქართველოსთან მიმოსვლაზე. მხოლოდ 12 სხვა, არაწევრ ქვეყანას აქვს მსგავსი შეზღუდვა მოხსნილი, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან ამ მხრივ ერთადერთია.

„8 ივლისიდან გადაადგილების თავისუფლება შეეხოთ გერმანელებსაც და მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა“ ,- აღნიშნავს გამოცემა.

როგორც გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის უკვე თვეზე მეტი ხანი იყო გასული, რაც აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები ჩინეთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ასეთი რეკომენდაცია არასოდეს გაუცია, აეროპორტებში ხდებოდა ტემპერატურის კონტროლი, სარისკო ტერიტორიებიდან ჩამოსული მგზავრები კარანტინში გადაყავდათ. კვირების განმავლობაში საქართველოში მოქმედებდა კომენდანტის საათი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო, ავტომფლობელებს მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ გადაადგილება, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული იყო მხოლოდ სასიცოცხლო მინიმუმამდე.
„შეზღუდვებსაც თავისი ფასი აქვს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლისთვის 5,5 პროცენტით შემცირდება. ამით ხელისუფლება გარკვეული წნეხის ქვეშაც კი არის მოყოლილი – ოქტომბერში მორიგი არჩევნებია დაგეგმილი“ ,- აღნიშნავს გერმანული გამოცემა.

გამოცემის ცნობით, „საქართველოს მთავრობის მონაცემებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ჩატარებულია 25 000 ტესტი, როდესაც გერმანიაში ეს რიცხვი სამჯერ უფრო დიდია.

,,ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გარდაცვალების რიცხვი 1,5 პროცენტს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ 1000 დაავადებულიდან 15 ადამიანი კვდება. ქვეყნებში, სადაც ინფექცია უფრო იყო გავრცელებული, მაგალითად, იტალიაში, ეს რაოდენობა ბევრად დიდი იყო. ეს მიუთითებს, რომ ვირუსი საქართველოში უმეტესწილად შეუმჩნევლად ან უკონტროლოდ არ მძვინვარებს“, – წერს გამოცემა „შპიგელი“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები