საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების დამატებით პორტფელზე მუშაობას განაგრძობს(ფოტო,ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, ბიზნესომბუდსმენი – მიხეილ დაუშვილი, პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ბექა ლილუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე – გიორგი კაკაურიძე მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრემიერმინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომლებიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მთავრობის მეთაურს სწორი მიზნობრიობების განსაზღვრის მიმართულებებით საკუთარი წინადადებები წარუდგინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ – ფინანსთა მინისტრმა.

„აგრეთვე, განიხილეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმდინარეობა. ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამურად, 685 986-მა ადამიანმა მიიღო“, – აღნიშნულია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები