“ლარი და ეკონომიკა, როგორც კორონავირუსის მძევლები”- როგორი პროგნოზი აქვთ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს შექმნილ ვითარებაში
კორონავირუსი, ადამიანების ჯანმრთელობის გარდა მსოფლიო ეკონომიკასაც უტევს. ასეა საქართველოშიც, სადაც ეროვნული ვალუტა რეკორდულადაა გაუფასურებული.
ლარის კურსსა და შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგი „კვირა“ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს ესაუბრა.
ჩვენთან საუბარში ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განცხადა, რომ ლარი და მთლიანად ეკონომიკა დღეს კორონავირუსის მძევალია.
მისი თქმით, გაურკვევლობის მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ ეს არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ეროვნული ვალუტების გაცვლით კურსებზე თავის გავლენას ახდენს.
„ლარის კურსი დამოკიდებულია როგორც ეკონომიკურ ფაქტორებზე, ასევე – არაეკონომიკურზე. ამჯერად, ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი და მთლიანად ეკონომიკა, ფაქტობრივად, არის კორონავირუსის მძევალი. საზოგადოებას შესაძლოა, უნდოდეს მეტი სტაბილურობა და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამდეს თავისი გადმოსახედიდან, მაგალითად, არ ქმნიდეს აჟიოტაჟს მაღაზიებში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან, არ ავრცელებებს პანიკას და თავის წილ პასუხისმგებლობას დებდეს ისევე, როგორც, მაგალითად, ბიზნესი, რომელიც არ აძვირებს ფასებს სურსათზე. ასევე, სხვა მთელი რიგი მიმართულებებით ხდება საკმაოდ კოორდინებული მუშაობა. მიუხედავად ამისა, გაურკვევლობის მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ ეს არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში თავის გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტების გაცვლით კურსებზე. ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ – წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების ეროვნულ ვალუტებსაც, სადაც გაცვლითი კურსები საკმაოდ დიდი მერყეობით ხასიათდება ბოლო დღეების განმავლობაში. შესაბამისად, სანამ არ დარეგულირდება ლარის გაუფასურების აჟიოტაჟით გამოწვეული კომპონენტი, მანამდე საკმაოდ რთული იქნება ლარის დაჭერა“, – განაცხადა ჭარაიამ.
ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად ნაბიჯები გადაიდგას.
„საკმაოდ ართულებს სიტუაციას ისიც, რომ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ფასების სტაბილურობისთვის გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებაა საჭირო, რომ ფასები მნისვნელოვნად არ გაიზარდოს. მეორე მხრივ კი, თუ ჩვენ დავიწყებთ მხოლოდ ლარის გამყარებაზე ზრუნვასა და ამ მიმართულებით ხარჯების განხორციელებას, შევინარჩუებთ რაღაც დოზით გაცვლით კურსს, მაგრამ შესაძლოა, ეს არ იყოს საკმარისი. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ რას – ერთი მხრივ, გავუჩინოთ საზოგადოებას ფინანსური რესურსი, რომ მათ მოახდინონ პროდუქციის შეძენა, მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება უნდა მოვახდინოთ, რომ არ ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. თუ მთავრობა მოახერხებს, რომ კოორდინირებული ნაბიჯებით თან წაახალისებს მოხმარებას და თან წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ამან შესაძლოა, გარკვეულწილად დაგვიცვას ლარის გაუფასურებისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტისაგან. მართალია, მათ, ვისაც აქვთ ბანკში უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი, ეს ვერ დაეხმარება ცალსახად, მაგრამ თუ მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკას შევაფასებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა, რომ მთლიანი საზოგადოება და ეკონომიკა იყოს უფრო მოქნილი, ჰქონდეს ფინანსური რესურსი, რომ ხარჯოს, მეორე მხრივ, კი ხარჯოს ადგილობრივი პროდუქციის მოხმარებაზე.
ამიტომ, ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ზომიერი უნდა იყოს ჩარევა გაცვლით კრუსთან მიმართებით, რასაც არ ვიტყოდი 2-3 კვირის წინ, როცა ეს პრობლემა ასე არ იდგა. დღეს უკვე ლარის ცალსახად დაცვას ვერ ექნება ის დამცავი მექანიზმი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სჭირდება. ეს იქნება დახარჯული რესურსი, რომელიც დაიცავს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ ბევრად მეტ ადამიანს დატოვებს კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს იმპროტზე, თუ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას არ შეწყო ხელი, მაშინ იმპორტირებულსაც ვერ შეიძენს ისეთი მოცულობით, რამდენსაც ყიდულობდა. ამიტომ საკმაოდ რთული გამოწვევაა, არასტანდარტუილი მდგომარეობაა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა ლარს ზომიერად უნდა დაეხმაროს, მაგრამ, პარალელურად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, თუნდაც – სოფლის მეურნეობის მიმართულებთ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
„კვირასთან“ საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კორონავირუსის ქცევა.
„ზოგადად, ეკონომიკური ვითარება საკმაოდ რთულია იქედან გამომდინარე, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება და ის, თუ რა მასშტაბის იქნება, არავინ იცის. რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
აქედან გამომდინარე, მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკური ვითარება დამოკიდებულია იმაზე, ვირუსის ქცევა როგორი იქნება და როგორ შევძლებთ მის შეკავებასა და აღმოფხვრას მთლიანად.
ასეა თუ ისე, ჩვენ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ვართ, შეიძლება, ისეთი ინტეგრირებული არ ვართ, როგორც აშშ და სხვა დიდი ეკონომიკის ქვეყნები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ლარის გაუფასურებას და ეს არის ამის ანარეკლი. იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ცუდი სიტუაციაა, ჩვენთანაც ლარის კურსზეც აისახება ეს სიტუაცია. ჩვენ უკვე აღარ გავქვს დოლარის შემოდინება ტურისტებისაგან, ძალიან რთულია იმის გარკვევა, როგორი იქნება ჩვენი ექსპორტი. ამიტომ დოლარის გამყარება ლარის მიმართ და ასეთი აჟიოტაჟი, ეს არის ამ ცუდი მოლოდინების შედეგი. დარწმუნებული ვარ, როცა ეს ვირუსი გაივლის, ყველაფერი დაუბრუნდება საწყის წერტილს. მაგრამ როდის დაუბრუნდება, ამას ვერ გეტყვით”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
ოპტიმისტური პროგოზი აქვს ეკონომიკის ექსპერტს, ანდრია გვიდიანს.
როგორც გვიდიანი აცხადებს, ეროვნულის ბანკის ნაბიჯი, რომელიც რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვას გულისხმობს, ლარის კურსის გამყარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე პორცესი გამოწვეულია იმ ფაქტორით, რასაც კორონავირუსი ჰქვია, შესაბამისად, აქ რაიმე ეკონომიკურ ლოგიკასთან კავშირი ნამდვილად არ გვაქვს. ეს ერთჯერადი ფაქტორია, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით. აჟიოტაჟი, გაურკვევლობა, რასაკვირველია, ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს და ეს, შესაბამისად, აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.
დღეს ეროვნულმა ბანკმა დააანონსა რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვა და უკვე ამ განცხადების შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. როცა აუქციონი შედგება, დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ მნიშვნელოვნად წაახალისებს ლარის კურსის გამყარების ტენდენციებს. შესაბამისად, კურსი უნდა იქნას დაჭერილი ამ და სხვა მექანიზმებით. ეროვნული ბანკი ფლობს მრავალ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ კურსის სტაბილურობა შეინარჩუნოს და თუ ბაზარზე იქნება ისეთი ვითარება, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო იქნება დარწმუნებული ვარ, ის თავის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ეფექტიანად გამოიყენებს. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადება ფისკალური სტიმულების განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს, ზოგადად, ეკონომიკის სტაბილურობასთან დაკავშირებული ღონისძიებებია და ვფიქრობ, რომ, მიუხედავად კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური სურათისა, ჩვენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. მთავრობის, ეროვნული ბანკის, ასევე, ჩვენი საერთაშროსიო დახმარებისა და შესაბამისი ღონისძიებების ფონზე საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება მდგრადი. ვფიქრობ, როცა კორონავირუსი გადაივლის, უფრო ნათლად გამოჩნდება ის ხარვეზები რაც არსებობს ჩვენს ეკონომიკაში და ის ძლიერი მხარები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურობას“- განაცხადა გვიდიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 18 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლარსა და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.
დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 9.97 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან – 10.23 თეთრი.
ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.1804 ლარი გახდა, ერთი ევროსი – 3.4997 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
თამუნა შეყილაძე