თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47–მდე გაიზარდა – მთავრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს კეტავს
“თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47–მდე გაიზარდა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.
მისი ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში 29 შემთხვევა დადასტურდა.
“უკანასკნელი ინფიცირებულები კავშირში არიან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპასთან. დაავადებულთაგან სამი საუდის არაბეთიდან დაბრუნდა. საზღვარგარეთიდან ინფიცირების რისკი მაღალია”, – აღნიშნა მინისტრმა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მთავრობამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დახურა.
კერძოდ, დროებით დაიკეტა თეატრები, კინოდარბაზები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები, საქორწინო და სათამაშო სალონები, ინტერნეტ–კაფეები, საზოგადოებრივი აბანოები, ლუნა–პარკები, სპა–ცენტრები, ჩილიმ ბარები, ასევე, საბავშვო მოედნები.