თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა მსუბუქია
“სამი ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, რადგან არანაირი სიმპტომი არ აქვს, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობაა მსუბუქი, ამ ეტაპზე რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს არ საჭიროებენ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტები ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
“სამი ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, რადგან არანაირი სიმპტომი არ აქვს, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობაა მსუბუქი, ვინაიდან მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37-37,1, მცირე ხველა, ამ ეტაპზე არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, იმყოფებიან მხოლოდ დაკვირვების ქვეშ, ეს აუცილებელია, რადგან უკვე მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, ასეთი მსუბუქი დასაწყისის შემთხვევაში უახლოესი ერთი კვირის ან 10 დღის მანძილზე შესაძლებელია მოხდეს დამძიმება, მათ შორის სერიოზული დამძიმება კრიტიკულ მდგომარეობამდე, ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ეს პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან”, – განაცხადა ცერცვაძემ.