კორონავირუსი და საქართველოს ეკონომიკა – „გალტ ენდ თაგარტის” შეფასებები
თუ კორონავირუსმა პანდემიის სახე მიიღო, ის საქართველოს ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება – Galt and Taggart -მა საქართველოს ეკონომიკის შეფასება განაახლა.
საინვესტიციო კომპანია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი შეფასებების გაკეთება თუ რა გავლენა ექნება ამ ვირუსს საქართველოს ეკონომიკაზე: 1) აიკრძალა ფრენები ჩინეთთან და ირანთან, მაგრამ საქართველოს ამ ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი საგარეო შემოსავლები არ აქვს და გავლენაც სუსტი იქნება, 2) მაგრამ თუ ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ), მაშინ ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.
საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები აკრძალა კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად. ჩვენი შეფასებით ფრენების აღდგენამდე (აპრილი 2020) ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 2.5 მლნ აშშ დოლარი და 4,000 ვიზიტორი იქნება ჩინეთიდან. ამასთან, 2019 წელს საქართველომ ჩინეთიდან სულ 300 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ს 1.7%-ია და მთლიანი საგარეო წყაროდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 3%-ია (სპილენძის რე-ექსპორტს თუ გამოვრიცხავთ ჩინეთზე დამოკიდებულება მშპ-ს მხოლოდ 0.8%-ია).
„კორონავირუსის საფრთხის ასაცილებლად საქართველომ ირანთან მიმოსვლაც აკრძალა. ჩვენი შეფასებით, მიმოსვლის აღდგენამდე ყოველთვიური დანაკლისი დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარი და 11,000 ვიზიტორი იქნება ირანიდან. 2019 წელს საქართველომ ირანიდან სულ 177 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპს 1.0% და მთლიანი საგარეო წყაროდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 1.8%-ია.
ცხრილი 2: საქართველოს საგარეო შემოსავლები ირანიდან 2019 წელს.
„გალტ ენდ თაგარტის” შეფაებით,ტურისტული შემოსავლების მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნიათ შესაბამისი ბერკეტები, რომ ეკონომიკური ზრდა დადებითი დარჩეს 3%-ის ფარგლებში. მთავრობას აქვს საკმარისი ფისკალური სივრცე – მთავრობის ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი დაბალია და ამ პარამეტრების პირობებში უკვე გააჩნია ბუფერი 700 მლნ ლარის ოდენობით. ამ ფულს 2020 წლის ბიუჯეტის კანონით მთავრობა დეპოზიტზე აგროვებს და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მისი გამოყენება და ეკონომიკის წახალისება.