„დღეს, ღამის 12 საათამდე“… – ანგელოზების მეორე სიცოცხლე და საჩუქარი, რომელიც წინასაახალწლოდ გამარჯვებულს გადაეცემა

მრავალი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანი მიგზავნის ჩემ მიერ გაკეთებული ანგელოზების ფოტოებს როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ახალ სახლებში. გადავწყვიტე, ის ფოტოები, რომლებსაც გამომიგზავნით, ავტვირთო საკონკურსო ალბომში. პირობები ძალიან მარტივია. ვისი ფოტოც მეტ მოწონებას დაიმსახურებს, მიიღებს ჩემგან ძალიან ლამაზ საჩუქარს“… – ასეთი ტექსტი გაავრცელა ქეთი არაყიშვილმა ფეისბუქის გვერდზე.
ნგელოზების კონკურსი წინასაახალწლო დღეებს, მართლაც უხდება და ლამაზ ნიუანსს ჰმატებს ჩვენს განწყობას.
დღეს, ღამის 12 საათამდე, რომელი ფოტოც მეტ მოწონებას მიიღებს, იმ ანგელოზის მფლობელს ლამაზი საჩუქარი ელის. – ხელოვან ქეთი არაყიშვილის პერსონა.

– ბედნიერი ბავშვობა მქონდა. საყვარელ ძამიკოსთან ერთად ვიზრდებოდი, რომელიც ჩემზე 2 წლით პატარაა, მაგრამ დღემდე ტყუპებივით ვართ. სულ დაკავებული ვიყავი შემოქმედებითად. ეს ჩემი ცხოვრების წესი იყო. ყოველთვის გამოვნახავდი ხოლმე ხელსაქმისთვის დროს. ვხატავდი, ვქარგავდი, ვძერწავდი.
ძალიან პატარა ვიყავი, პირველი თოჯინა რომ შევკერე. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მომავალში ჩემი პროფესია გახდებოდა.
წარმოიდგინეთ, ჩემი კუთხე სავსე იყო ლამაზი ქვებით, გამხმარი ფოთლებით. სკოლაში ყველაზე ლამაზი ჰერბარიუმები მიმქონდა არდადეგების მერე.
– და მაინც, სკოლის დასრულების შემდეგ სამედიცინოზე ჩააბარეთ…
– ძალიან რთული, ქაოსური წლები იყო. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ეს პროფესია უფრო გამომადგებოდა მომავალში. სამედიცინო წარმატებით დავამთავრე, მაგრამ პრაქტიკების დროს მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი. იმდენად ემოციური ვარ, პაციენტს რომ რამე აწუხებდა, მე ვტიროდი, განვიცდიდი. ძალიან განვიცდიდი სხვის ტკივილს. მიჭირდა, გულგრილი დავრჩენილიყავი სხვისი ტკივილის მიმართ.
ოჯინებს როდის დაუბრუნდით?
– ხელოვნების გარეშე  არცერთი პერიოდი არ მიცხოვრია. ბევრ სფეროში ვერკვეოდი, ვსწავლობდი, ვიხვეწებოდი. უზომოდ ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ძალიან მომთხოვნი ვარ. თოჯინებშიც, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ განმიხორციელებია ის იდეები, რაც გონებაში ტრიალებს და, ვფიქრობ, მომავალში ბევრად უფრო საინტერესო იქნება ჩემი საახალწლო კოლექცია.
წელს ძალიან დიდ შეკვეთას ძლივს გავართვი თავი, ფლორიდაში გაფრინდა ჩემი 150 ანგელოზი. ამიტომ დიდი დრო აღარ დამრჩა ახალი იდეებისთვის. დრო ძალიან ცოტა იყო და როგორ შევძელი ამხელა რაოდენობა, ძალიან მიკვირს. ალბათ უზომოდ რომ მიყვარს ჩემი საქმე, ეგ მაძლევს საოცარ ძალას.
ანგელოზების გაკეთება გიყვართ
– ჩემი საყვარელი თემაა ანგელოზები. ანგელოზებით ჩემი ახალი წელი ბევრად ადრე იწყება. ბევრად ადრე იქმნება საახალწლო განწყობა ჩემს სამუშაო გარემოში. უბრალოდ გოგოები და ბიჭები ვერ გამომდის, ისეთი არარეალური და უფრო ზღაპრულები არიან, რომ ფრთების გარეშე ვერცერთს ვერ ვტოვებ. სწორედ ფრთების მიმაგრებაა ის ბოლო შტრიხი, რითიც თოჯინა სრულდება.
შობას, ახალ წელს უხდება კი არა, თითქოს სჭირდება კიდეც ანგელოზები…  სახლის ანგელოზები ყველაზე მეტად შეიყვარა ჩემმა მომხმარებელმა. ჩემი ახალი წელი ბევრად ადრე იწყება, თვეები ვემზადები და ვმუშაობ, რომ უფრო ლამაზი ხელნაკეთი სათამაშოებით შევხვდე ახალ წელს თქვენთან ერთად…
მაინც, როგორები უნდა იყვნენ ანგელოზები?
– მთავარი ჩემი მიზანი არა მარტო ანგელოზების, არამედ ნებისმიერი ნივთის შექმნისას ისაა, რომ ისინი არავის ნამუშევრებს არ ჰგავდნენ. ძალიან ხშირად ხდება საავტორო უფლებების დარღვევა ისე, რომ არც უთითებენ რომელი ავტორის ნამუშევრის მიხედვით შეიქმნა ასლი.
ყოველ წელს ვცდილობ, ისეთი განსხვავებული იყოს, იმდენად ჩემი, რომ ხელწერა ეტყობოდეს, რომ ხვდებოდნენ და ცნობდნენ ჩემს ნამუშევრებს. ასევე ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის მოთხოვნა იყო, თითოეული დეტალის აღწერა და რომ მაქსიმალურად ნატურალური, ანტიალერგიული ყოფილიყო.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ცნობდეს, ისინი ქეთი არაყიშვილის ნამუშევრებია და არავისას არ ჰგავდნენ. ჩემი ლამაზი სამყაროს პატარა არსებები არიან და ყოველი მათგანი უზომოდ მიყვარს.
მართლაც, არ ჰგვანან
– ყოველი მათგანი სხვადასხვა დროს მოითხოვს. შეიძლება რთული სამუშაო, დიდი ანგელოზი უფრო მოკლე დროში მოვრჩე და ერთმა პატარა ანგელოზმა ძალიან დიდი დრო წამართვას. უბრალოდ ვერ მოიხდინოს თმის ფერი იმ კონკრეტულ გამომეტყველებაზე (სახეზე, რომელიც პირველი ეტაპია – სახის მოხატვა) და უამრავი ფერის თმა და ვარცხნილობა უნდა მოვარგო. შემდეგ ტანს რომ გავუკეთებ, ზოგი ლამაზ კაბას ითხოვს თითქოს, ზოგი ჩანთას, ზოგიც სათვალეს.
ისეთი ჯადოსნურია კეთების პროცესი, თითქოს თავად ირჩევენ, როგორები იყვნენ.
სახელებს თუ არქმევთ?
– სახელებს არ ვარქმევ. მირჩევია ის თავად მფლობელმა შეურჩიოს მომავალში, და დიდხანს არ ვაჩერებ სახლში, რადგან მე ძალიან ვიცი მიჩვევა ადამიანებზე, ნივთებზე და მერე ძალიან გამიჭირდება მათი გაყიდვა.
– ვისთან არიან თქვენი თოჯინები?
– ისინი ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ცხოვრობენ. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის, როდესაც ადამიანების გახარება შემიძლია.
 ანგელოზების კონკურსი საინტერესო იდეაა...
– ძალიან ბევრი ადამიანი მიგზავნიდა ფოტოებს, თუ როგორ აგრძელებდნენ ცხოვრებას ჩემი ანგელოზები მათ სახლებში.
გადავწყვიტე, კონკურსის სახით, ის ფოტო, რომელიც მეტ მოწონებას მოაგროვებდა, საახალწლოდ ძალიან გამეხარებინა საჩუქრით.
სრულიად უცხო ადამიანები ჩაერთვნენ კონკურსში. იმხელა სითბოს, ყურადღებას, სიყვარულს ვიღებ მათგან, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო.
დღეს ღამის 12-ზე დავითვლი და წინასაახალწლოდ გადავცემ საჩუქარს.
 რით ამზადებთ ანგელოზებს?
– სახე მოხატულია ეკოსაღებავებით. თმები ძირითადად მირინოსისაა, ტანსაცმელიც ნატურალური მასალაა. თოჯინა მთლიანად ამოვსებულია ანტიალერგიული სინთეპონით.
უფრო გავლენა იაპონური სტუდია „ძიბლის“ მიერ გადაღებული ანიმაციების პერსონაჟებმა მოახდინეს. სასწაული, ძალიან დეტალური ტიპაჟები ჰყავთ – დიდი თვალები, პატარა ცხვირები…
– სად შეიძლება თქვენი ანგელოზები ნახოს შეძენის მსურველმა?
–  საკუთარი სალონი არ მაქვს. მაქვს ადგილი ერთ დიდ მაღაზია „ჟასმინში“ პეკინზე, სადაც მუდმივად იყიდება ჩემი ნამუშევრები.
თქვენი ანგელოზები ბავშვებს უყვართ საკონკურსო ფოტოებიდან მომეწონა, ბავშვს სძინავს თქვენს ანგელოზებთან ერთად. თბილი, საახლწლო და ჯადოსნური ფოტოა… საშობაო ხელნაკეთ ბარათებსაც ამზადებთ…
– დიახ ასეა. კიდევ სკივრები საახალწლო, დეკორის აქსესუარები, თაგუნები…
და მაინც, როგორ უნდა შეიქმნას თითოეულმა საშობაო ზღაპარი?
– საშობაო განწყობაში, სასწაულების მოლოდინში, ჩვენი ბავშვობიდან გამოყოლილი ემოციები გვეხმარება.ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და მთავარია, არასოდეს დავკარგოთ ეს პატარა ბავშვი ჩვენში.
ახალი წელი ხომ განსაკუთრებული და ზღაპრულია… ჰოდა, ვიყოთ პატარებივით მხიარულები, გულწრფელები. მერე რა, რომ სანტასი აღარ გვჯერა. ლამაზი საჩუქრები, ბევრი სითბო და ბევრი სიყვარული მინდა ვუსურვო ყველას. თუ დავიჯერებთ, რომ ოცნებები ხდება, ის აუცილებლად ახდება. ამ სასწაულებიდ მოლოდინის შეგრძნების გამო უფრო მეტად მიყვარს ახალი წელი…
ოჯახი, შვილებიდა ჰობი?
– ოჯახი მეუღლე და 8 წლის ბიჭი-საბა. ჰობი? ჩემი ჰობი ჩემი პროფესია გახდა, ასე რომ, ბედნიერი  ვარ… საბაც ხატავს და ცდილობს, მანაც შექმნას რაღაცები, გარემოა ისეთი სახლში – ხანდახან მგონია, სხვა გზას არ ვუტოვებ ბავშვს…
თქვენ როგორ ხვდებით ახალ წელს?
– ოჯახის წევრები ერთად,  ანუ მე, საბუკა და დათო ერთად ვხდებით ახალ წელს…

თამარ შაიშმელაშვილი


 


 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები