ნანა დევდარიანი: გიორგი გახარია არცერთ შემთხვევაში უნდა გადადგეს
“გიორგი გახარია არცერთ შემთხვევაში უნდა გადადგეს, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს ამ საქმის გამოძიება”, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
როგორც დევდარიანი აღნიშნავს, რაც მეტ დათმობაზე წავა ხელისუფლება, მით მეტად დაარწმუნებენ ხალხს თავის უნიათობაში.
„გიორგი გახარია არცერთ შემთხვევაში უნდა გადადგეს, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს ამ საქმის გამოძიება. გარდა ამისა, გახარიას სახით ხელისუფლებამ “ნაციონალებს” კიდევ ერთი “ბარტყი” არ უნდა გადაუგდოს. რაც მეტ დათმობაზე წავა ხელისუფლება, მით მეტად დაარწმუნებენ ხალხს თავის უნიათობაში. დაუკვირდით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძირითადად, ორ მინისტრებს ებრძვიან – თეა წულუკიანსა და გიორგი გახარიას, რადგან სწორედ მათგან იღებენ ადეკვატურ პასუხებს. ახლა თუ გახარია გადადგება, ან ეტყვიან, რომ გადადგეს, მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წასწიეს წინ “ნაციონალური მოძრაობა”. მოკლედ, რაც უფრო მალე მიხვდება ეს ხელისუფლება, რომ “ნაციონალების” აზრი არ უნდა აინტერესებდეს, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც! არადა, „ოცნების“ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტია არ გაძლიერებულიყო. ნახეთ, რა ხდება რეგიონებში. „ოცნების“ გამო ხალხი ტყვიას შუბლს რომ უშვერდა, დღეს უმუშევარი დადის, ოფისებში კი ყოფილი “ნაციონალები” სხედან! 2020 წლისთვის როგორ აპირებს „ ქართული ოცნება“ გამარჯვებას, მარტო ბიძინას მხარდაჭერით? ისევ მან უნდა იაროს სოფელ-სოფელ და მერე გზადაგზა აღმოაჩინოს ჩანერგილები?!“, – აცხადებს დევდარიანი.