სოსო გალუმაშვილი: ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა
„უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა,“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი წერს.
მისივე თქმით, ასეთი ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ენდობიან ამ ორგანიზაციებს.
„საინტერესოა, რომ უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა.
წლის დასაწყისიდან „თიბისის“ აქციები გაიზარდა 38.52%-ით, „საქართველოს ბანკის“ აქციები – 20%-ით და „ჯორჯიან კაპიტალის“ – 22%-ით.
ბოლო 6 თვეში „თიბისი“ – რეკორდული 53%, „საქბანკი“ – 40%, „ჯორჯიან კაპიტალი“ – ასევე რეკორდული – 49%. ახლა ვნახე და თვალებს არ ვუჯერებდი“, – აღნიშნავს გალუმაშვილი.