“ნაცები” სიკვდილით მემუქრებიან” – რას ჰყვება გოგონა, რომელმაც შტურმის დაგეგმვის ვიდეო გამოაქვეყნა

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობდნენ პარლამენტის შტურმზე, საბოტაჟზე, რევოლუციაზე, დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე, ხალხმა უარი უნდა თქვას სამსახურში სიარულზეო”, – ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ინტერნეტსააგენტო „ეს-პერსონას“ ჟურნალისტი, ნათია ბერიძე საუბრობს, რომელიც 20 ივნისს პარლამენტის წინ რუსი დეპუტატის, გავრილოვის სკანდალთან დაკავშირებით გამართულ აქციას აშუქებდა.
„მე 20 ივნისის აქციას პარლამენტის წინ ტელეფონით ვიღებდი და ჩართული მქონდა “ფეისბუქის” პირდაპირი ეთერი იმისთვის, რომ ეს აქცია ზემოდან გადამეღო – ანუ დამეფიქსირებინა, რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი, პარლამენტის შესასვლელის კიბეებზე ავედი და შემთხვევით აღმოვჩნდი აქციის „ნაციონალი“ ლიდერების სიახლოვეს. ამ დროს გრიგოლ ვაშაძემ მიკროფონში გამოაცხადა – ახლა ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და 15 წუთში მოგახსენებთო. მოულოდნელად გათიშეს მიკროფონები და სიტყვით გამოსვლებიც შეწყდა. ვიღაცებმა თქვეს, თათბირობენ და ხალხში ხმა რომ არ გავიდეს, ამიტომ გათიშეს მიკროფონებიო. იქვე, პარლამენტის კიბეებთან წრეში შეკრულები თათბირობდნენ! როგორც ჩანს, ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ვინმე მივიდოდა მათთან. მე კი უწყვეტი “ფეისბუქლაივი” მქონდა ჩართული და ამას უამრავი ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში. იქ იყვნენ ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, გიორგი ბარამიძე, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა, შალვა შავგულიძე, გუბაზ სანიკიძე, ცოტა ხანში მოვიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ნიკა გვარამიაც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ამ თათბირში. შემდეგ კი უარყო სპეციალურ ბრიფინგზე, არავითარი პარლამენტის შტურმის დაგეგმვაში მონაწილეობა მიმიღიაო, მაგრამ ის იქ იყო! ღიად ლაპარაკობდნენ პარლამენტის შტურმზე, საბოტაჟზე, რევოლუციაზე, დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე, ხალხმა უარი უნდა თქვას სამსახურში სიარულზეო… ეს ყველაფერი ძალიან კარგად ისმის ჩემს ვიდეოში. მართალია, ზოგიერთი რამ ბუნდოვანია, მაგრამ, თუ დასჭირდება გამოძიებას, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გაფილტრავს ხმებს!“, – აცხადებს ნათია ბერიძე.
მისი თქმით, სწორედ იქ შეთანხმდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომ შტურმი დაწყებულიყო ერთ საათში.
„იქ შეთანხმდნენ, რომ შტურმი დაწყებულიყო ერთ საათში! მაგრამ როცა განაგრძეს მიტინგის წინაშე სიტყვით გამოსვლები და დაიწყეს ლაპარაკი პარლამენტში შესვლაზე, ხალხმა კლება დაიწყო… ჰოდა, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, სანამ პარლამენტის წინ ხალხის დიდი მასა იყო, დაეწყოთ პარლამენტის შტურმი! შტურმი იმ თათბირიდან მალევე მოხდა?.. სადღაც 20 წუთში… მე მაშინ ნიკა მელიას გვერდით ვიდექი, რომელიც წინ მიუძღვებოდა ხალხის ჯგუფს პოლიციის კორდონისკენ და თან ხელით ანიშნებდა უკანა რიგებში მდგარ მომიტინგეებს, მომყევითო! როცა ის ჭყლეტა დაიწყო, პოლიციელებმა გამომიყვანეს და გამომარიდეს იქაურობას.სახლში სადღაც ღამის 2 საათზე დავბრუნდი. მეორე დღეს, ანუ 21 ივნისის დილას, სამსახურში რომ მივედი, ვთხოვე ტექნიკურ პერსონალს, რომ ამოეჭრათ იმ თათბირის ვიდეოკადრები, რადგან ვგრძნობდი, ძალიან მნიშვნელოვანი მასალა მქონდა გადაღებული! ამომიჭრეს ამ სკანდალური თათბირის კადრები და ჩემს “ფეისბუქგვერდზე” დავდე. ვიდეო უცებ გავრცელდა სხვადასხვა “ფეისბუქჯგუფში”, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები იყო! უკვე მეორე დღეს, ანუ 22 ივნისს, დამიკავშირდნენ შსს-დან და დაკითხვაზე დამიბარეს მოწმის სტატუსით. როგორც ჩანს, მათაც ნახეს ჩემი ვიდეო“, – აცხადებს ბერიძე.
ის იმასაც ჰყვება, თუ როგორ მოხვდა ნიკა გვარამიას „რუსთავი – 2-ის“ ყურადღების ცენტრში.
„მე როგორც ვიცი, ნიკა მელიას ადვოკატს, კონდახაშვილს გადაეცა ჩემი, როგორც მოწმის ოქმები. აი, სწორედ ამ კონდახაშვილმა მისცა ეს ინფორმაცია „რუსთავი 2-ს!“ როდესაც „რუსთავი-2-მა“ მთელი სიუჟეტები მომიძღვნა და მლანძღეს, პროკურატურაში დავინტერესდი, როგორ მოხვდა ჩემი პირადი ინფორმაცია „რუსთავი-2-ის ხელში“ – ტელევიზიამ ხომ გაავრცელა კადრები, სადაც ყველაფერი ჩანს: ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი და ა.შ. პროკურატურაში მითხრეს, ეს ინფორმაცია სასამართლოშიც კი არ წარგვიდგენიაო! ანუ მელიას ადვოკატმა, კონდახაშვილმა ყველანაირი ნორმა დაარღვია, მოწმის ჩვენება გათქვა და ამის საფუძველზე, „რუსთავი-2-მა“ არანაკლები დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ჩემი პერსონალური ინფორმაცია გაავრცელა საჯაროდ! როგორც კი „რუსთავი-2-მა“ ჩემი პერსონალური მონაცემები გაავრცელა, მაშინვე დაიწყო ჩემთან რეკვა და მუქარები. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი ზარი ამერიკიდან იყო – ვიღაცამ პირდაპირ მითხრა, მიწიდან ამოგთხრიო და ჩემი ოჯახის წევრებსაც დაემუქრა! ეს პიროვნება ტელეფონის ნომრის მიხედვით იდენტიფიცირებულია, ძმა მყავს ამერიკაში და არ გაგვჭირვებია ეს. უამრავი ლანძღვა და მუქარაა “ფეისბუქმომხმარებლისგანაც”, სადაც” ნაცები” მემუქრებიან, ქუჩაში გამოსვლისა გეშინოდეს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთო და ასე შემდეგ“, – აცხადებს ნათია ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები