“უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც ასეთი პროვოკაცია მოაწყო; უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველებიც, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს”
“ნაცმოძრაობამ” ტანკები შემოუშვა რუსეთიდან, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” ნოხი გაუფინა ოკუპანტს საქართველოს პარლამენტში მთავარი სავარძლისკენ”, – ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელი, პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე – ოპოზიციას.
“ნაცმოძრაობამ” ტანკები შემოუშვა რუსეთიდან, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” ნოხი გაუფინა ოკუპანტს საქართველოს პარლამენტში მთავარი სავარძლისკენ. თუ პომპეოს განცხადების პასუხია პარლამენტში გავრილოვის მიყვანა, ეს არის ყველაზე სახიფათო თამაში, რის გაგებაშიც არ არის “ქართული ოცნება” და ამ ყველაფერმა შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს ქვეყანაში. ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა და როგორმე მომავალ არჩევნებამდე მიიტანოს ქართული სახელმწიფო, ანუ იმ დრომდე, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ახალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება; ასევე, მოსთხოვოს პასუხი იმ პირებს, რომლებიც პარლამენტზე შტურმს აპირებდნენ. უნდა ჩატარდეს გამოძიება კანონის სრული დაცვით და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც ასეთი პროვოკაცია მოაწყო. უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველებიც, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და ადამიანებს დამიზნებით ესროლეს, სამწუხაროდ. ამ დარბევის შემდეგ ნამდვილად დაისვა ტოლობის ნიშანი “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. გამოსავალს ვხედავ იმაშიც, რომ სასწრაფოს შეიქმნას პროდასავლური კონსერვატიული ძალების გაერთიანება, რომელიც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალურ მოძრაობისგან” გაათავისუფლებს საქართველოს მომავალს. სწორედ მათი მონაწილეობით, მათი პასუხისმგებლობით მოხდა ის, რაც მოხდა 20 ივნისს, თუმცა ამ პასუხისმგებლობაში ხელისუფლების წილი გაცილებით მეტია”, – აცხადებს დავით მაღრაძე.