ანზორ ბიწაძე: რომ არა 2011 წლის 26 მაისი, დღეს სააკაშვილი პრემიერი იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ კი – მმართველი პარტია
„ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, მომავალ პარლამენტში მაქსიმალურად დიდი დოზით ვიყოთ წარმოდგენილი, რათა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ“, – აცხადებს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც ანზორ ბიწაძე ინტერვიუში აცხადებს, ის საკმაოდ სერიოზულად ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მზად არის, ყველა უხერხულ კითხვას უპასუხოს.
ნინო ბურჯანაძის შვილი ინტერვიუში თბილისის 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციებს იხსენებს და აცხადებს, რომ:
„თამამად შეიძლება. ითქვას, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ. სწორედ ნინო ბურჯანაძის დიდი ძალისხმევის შედეგად. ეს უბედურება თავიდან იქნა აცილებული. მან მოახერხა, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დაერწმუნებინა, რომ კონტრაქცია დაეშალათ და აგრესიული მხარდამჭერები სახლში გაეშვათ, რომლებიც მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერებმა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს“. – აცხადებს ანზორ ბიწაძე გამოცემასთან.
მისი შეფასებით, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების შედეგად, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური იმიჯი მკვეთრად შელახა „ნაციონალურ მოძრაობამ“.
თუმცა, ანზორ ბიწაძე მაშინდელი ოპოზიციის საპროტესტო აქციებს საკუთარი ინტერპრეტაციით აფასებს:
„პირდაპირ გეტყვით, რომ არა 2011 წლის 26 მაისი, დღეს სააკაშვილი პრემიერმინისტრი იქნებოდა, “ნაციონალური მოძრაობა” კი – საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია!”, – აცხადებს ანზორ ბიწაძე გამოცემასთან.
ამავე ინტერვიუში ნინო ბურჯანაძის შვილი აცხადებს, რომ მას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასდროს მოსწონდა და დღემდე ასეთი განწყობა აქვს.
„სააკაშვილის მიმართ ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, სანამ იგი პრეზიდენტი გახდებოდა და თვითონაც კარგად იცოდა, რომ არასოდეს მომწონდა. სხვათა შორის, ნინოსთვის არაერთხელ აქვს ნათქვამი – შენი შვილი რას მერჩის, ჩემ მიმართ ასე ცუდად რატომ არის განწყობილიო?!“ – ამბობს ანზორ ბიწაძე.
იგი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მამასთან, ბადრი ბიწაძესთან ერთად გორში იმყოფებოდა. ბადრი ბიწაძე მაშინ შს მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო.
მისი თქმით, საცეცხლე მომზადება გავლილი ჰქონდა და, უყოყმანოდ, გორში ცხელი წერტილისკენ გაემგზავრა.
მისივე თქმით, იგი მამის გვერდით მანამდე იყო, სანამ თბილისიდან ოფიციალური ბრძანება არ მივიდა.
თუმცა, აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ეუხერხულება, რადგან მაშინ ნებისმიერი ქართველი ისე მოიქცეოდა, როგორც თავად მოიქცა.
როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი ინტერვიუში განმარტავს, იგი თავს პრორუსულ პოლიტიკოსად არ მიიჩნევს.
უფრო მეტიც, ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ პარტია, რომელსაც იგი წარმოადგენს საქართველოში, ერთადერთია, რომელიც პრორუსულ ინტერესებს არ ატარებს.
იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთთან მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი.
„საქართველოში ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც უკვე ათი წელია, რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ღია ურთიერთობა აქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ მოსკოვთან პირდაპირი და ფართომასშტაბიანი დიალოგი, პირველ ყოვლისა, საქართველოს ინტერესებში შედის.
ღიად ვაცხადებ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ვერანაირად მოგვარდება; ამ ორი რეგიონის გარეშე კი ქართული სახელმწიფო, უბრალოდ, ვერ შედგება. თუ ვინმე ამას პრორუსულობად მიიჩნევს, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ კი პროქართული პარტია ვართ, რომელიც მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა ორიენტირებული!”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.