ინტეგრირებული ქსელების მანქანის – პრეზენტაცია გაიმართა

   თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სამხედრო პროდუქტის – ინტეგრირებული ქსელების მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე კავშირგაბმულობის მანქანის შექმნის მიზანი ბრძოლის დროს მობილური არმიისთვის ზუსტი ინფორმაციის სწრაფად, საიმედოდ და დაცულად გადაცემა/ მიღებაა. ოპერატიულ-ტაქტიკური დონის კავშირგაბმულობის მანქანა მსუბუქი ჯავშანმანქანა „დიდგორის“ უნიფიცირებული პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.
ახალი სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ პრეზენტაცია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა წარადგინა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მანქანა ხასიათდება საიმედო ჯავშნით, მაღალი მანერვულობით, გამავლობით, ეკიპაჟის საიმედო დაცულობითა და სწრაფი გადაადგილებით, რომელიც დაკომპლექტებულია კავშირგაბმულობის უახლესი მიღწევებით. საბრძოლო კავშირგაბმულობის მანქანა სრულად შეესაბამება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მიცემულ ტექნიკურ დავალებას. როგორც „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, ძველ და კარგ ტრადიციებზე დაყრდნობით, სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ახალი მოდერნიზებული, დაცული და ფუნქციური მანქანა შექმნა, რომელიც რეალურად პასუხობს ქართული ჯარის მოთხოვნებს. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პროდუქციას ტესტი უკვე ჩაუტარდა. გათვალისწინებულია სამხედროების შეფასებებიც. “მთავარია, რომ გავითვალისწინეთ 2008 წლის ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც აგრესიული ომი აწარმოეს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მეტი დეფიციტი სწორედ კავშირგაბმულობაში, მართვის სისტემაში ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, ეს შეკვეთა იყო მიცემული „დელტასთვის“. მათ ეს ამოცანები ძალიან კარგად შეასრულეს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ გაივლის გამოცდას ჩვეულებრივ სამუშაო, საბრძოლო ვითარებებში.
მაგრამ მთავარია, რომ დღეს უკვე ბატალიონების დონეზე გვაქვს საიმედო კავშირგაბმულობა, რაც ნიშნავს დაშიფრულ კავშირს. ეს მნიშვნელოვანი იქნება მთელი საბრძოლო მოქმედებების კავშირგაბმულობის ინტეგრირებისთვის. მომავალში სხვა პროექტებიც არის უკვე დაგეგმილი, რომელიც განხორციელდება და გავაცნობთ საზოგადოებას. აქცენტი გვაქვს გადატანილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ადგილზე, საქართველოში წარმოებაზე. მინდა გითხრათ, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრია წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდებოდა. ახლა მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც საქართველო გარკვეული მიმართულებებით ავტონომიურად შეძლებს წარმოებას, რაც ჩვენი ჯარისთვის არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ამ პროდუქციას საექსპორტო შესაძლებლობებიც გაუჩნდება“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კავშირგაბმულობის მანქანა სამხედრო მოსამსახურეების მოთხოვნების შესაბამისად ქვედანაყოფებში გადანაწილდება. კავშირგაბმულობის მანქანის პრეზენტაციას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები