„რეზომ სიკვდილის წინ ნამდვილად ნახა სამი ანგელოზი“…

როგორ უყვარდათ რევაზ ინანიშვილს და მის მეუღლეს? როგორ გაიცნეს ერთმანეთი მწიფე ალუბლის ხესთან, როგორ მუშაობდა და ქმნიდა დიდი მწერალი.  – როზა ინანიშვილის პერსონა.

– მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში დავისვამდით ჭიამაიას ხელზე და ვეკითხებოდით, ჭია-ჭია მაია, საით დავინიშნები, ანდა საით გავთხოვდები?
რეზოს ბებია ნინოსაც ასე გაუკეთებია, ხელისგულზე დასმული ჭიამიასთვის უკითხავს, ჩემი რეზო საით დაინიშნებაო? ჭიამაია უჯარმისკენ გაფრენილა (ხაშმს და უჯარმას მდინარე იორი ჰყოფს შუაზე).
ბებიას შეუცხადებია, ვაიმე, ჩემმა რეზომ უჯარმელი ქალი უნდა ითხოვოსო. უჯარმა ადრიდანვე ღარიბულად ითვლებოდა). ახდა ეს ამბავი და გამართლდა ქართული თქმულება, სადაც იყოს ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1958 წელია და გამალებით შენდება სამგორის არხი (თბილისის ზღვის), ცენტრი უჯარმაშია. ყველა ინჟინერი აქ ცხოვრობდა. ამ დროს თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ სასწავლებელში ვსწავლობდი. რეზოს კი მიტოვებული ჰქონდა ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსი. ამის შესახებ სხვადასხვა ვარიანტს ყვებიან, ამიტომ დავაზუსტებ, სინამდვილეში როგორც იყო.

რეზოს ფეხმძიმე დას ქმარი დაღუპვია და ბავშვი რვათვიანი დაბადებულა. პატარა გადარჩა, მაგრამ დედამისი ვერ გამოჰყავდათ მდგომარეობიდან, რეზოს უფიქრია, ხაშმში წავიყვან, იქნებ უკეთ გახდესო.
ჩემი მული იხსენებდა, ერთ დღეს დამადგა რეზო დანით ხელში  და მეუბნება: თუ ძალას მოიკრებ და ბავშვს მიხედავ, ხომ კარგი, თუ არადა, ჯერ შენ მოგკლავ და მერე მე მოვიკლავ თავსო. ამის მერე ცოტ-ცოტა მობრუნებულა ჩემი მული. ამ დროს წავიდა რეზო სამგორის არხზე სამუშაოდ, რომ დის ოჯახს დახმარებოდა.
დროს ყველაფრის მკურნალიაო  და ცხოვრებაც ჩვეულებრივ გაგრძელდა ინანიშვილების ოჯახში.
რეზოს დედის ძმაც უჯარმაში მუშაობდა, რეზოსთვის ურჩევია, შვილო, წერა და ხატვა გიყვარს, უჯარმის რკინეულობის საწყობში კაცი სჭირდებათ, დაიწყე მუშაობა, არავინ შეგაწუხებს, წერე და ხატე, რამდენიც გინდაო. ასე დაუწყია რეზოს მუშაობა.
ვიცი, რომ შემთხვევით გაგიცნოთ  რეზომ…
– ზაფხულის არდადეგების დროს ჩავედი უჯარმაში, ძალიან კარგი ვენახი გვქონდა იქვე ახლოს, სადაც რეზოს სამსახური იყო.
როგორც რეზო მიყვებოდა, მოდიოდა გზაზე თავის თანამშრომლებთან ერთად. უცხო გოგო რომ დაუნახავს, მეგობრებისთვის უკითხავს, ვისია ეს გოგოო. წლინახევრიდან მამიდა მზრდიდა. ეს მეგობარიც იქაური არ ყოფილა და ზუსტად არ იცოდა, ვინ ვიყავიო.
ისე კი უთქვამს რეზოსთვის, შენ რომ ნინიკოსთან მეგობრობ, მგონი, იმის და თუ ბიძაშვილიაო. რეზოს ეს ამბავი გახარებია, მაგრამ მერე გამომიტყდა, ნინიკოსაც ვერ ვუმხელდი, ასეთი პატარა გულში რომ ჩამივარდიო.
მეორე ზაფხულს რომ ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ვინმე მათემატიკის მასწავლებელსაც მოვწონებივარ  და ჩვენთან ზედსიძედ მოსვლა მოუსურვებია. ჩემი გამზრდელი მამიდა და ბიძა უკვე მოხუცები იყვნენ და მამიდას არ მოსწონებია. მართალია თვითონ ვერ მიბედავდა თქმას, მაგრამ მთელ სანათესაოს და სამეზობლოს სთხოვდა თურმე, რომ ჩემთვის ეს დაწყვილება ერჩიათ.

რევაზ ინანიშვილის ნახატი

ჩემს დას ძალიანაც არ მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ რადგან მამიდის გაზრდილი ვიყავი, აქტიურად არ ერეოდა. ჩუმად კი მირჩევდა, რომ არ დავთანხმებულიყავი.
ერთ დღესაც რეზოს დაღონებული ნინიკოსთვის უგუნებობის მიზეზი უკითხავს და ჩემს დას ყველაფერი უამბია. რეზო მიყვებოდა მერე: ახლა კი გავიხარე, ნინიკოსთვის სურვილის გასამხელად საბაბი მომეცაო. ჰოდა, ვუთხარი, თუ ასე გადასაგდებად გინდათ ეს გოგო, ბარემ მე მომეცითო.
ამის შემდეგ გაიბა თურმე მათ შორის საიდუმლო მოლაპარაკებები. ჯერ პატარაა, ერთი ორი წელიც მოიცადე და მერე ვუთხრათო. მერე რომ სხვა შეუყვარდეს, უკვე გვიან იქნება, ახლა გამაცანიო, დაუჟინებია რეზოს.
ეზოში ალუბლები გვიმწიფდა, ნინიკო ჩამოვიდა რეზოსთან ერთად, ვითომცდა ალუბლისთვის და გამაცნო რეზო. სამუშაო ტანსაცმელი ეცვა და უცებ ვხედავ, ფეხსაცმლის ლანჩის მიმაგრება დაიწყო მავთულით (ალბათ საგანგებოდ ჰქონდა ეს მავთული წამოღებული). ჯერ ისედაც არ მომეწონა და ამ ფეხსაცმლის შეკეთებამ სულ გადამრია. ჩემთვის ვფიქრობ, ეს რანაირი მეგობარი ჰყოლია ნინიკოს.
გავიდა რამდენიმე დღე და ჩემმა დამ მითხრა: რეზოს მინდა გაჰყვე ცოლად, ძალიან კარგი ბიჭიაო. გაბრაზებულმა მივახალე: შენ რომ მეგობრობ, ხომ ძალიან მომწონს და ახლა მე მივთხოვდები-მეთქი? ჩემმა დამ ქოქოლა მომაყარა და მითხრა: შენ რა ღირსი ხარ მაგისიო.

წინათ თბილისში 1 მაისს დიდი ზეიმი იმართებოდა. საზეიმო პარადის შემდეგ ხალხი თბილისის გარეუბნებში, ან სახლებში აგრძელებდა დროისტარებას, ქეიფს.
ნინიკო ჩამოვიდა თბილისში ჩემთან და ისე სხვათაშორის მითხრა: რეზო არის დასთან ჩამოსული და ჩვენც წავიდეთო. ვიუარე, მას შემდეგ, რაც მითხარი, იქ როგორ წამოვალ-მეთქი?
ჩემი სურვილი იყო, იმან არაფერი იცისო, ამიხსნა დამაჯერებლად.
დავთანხმდი და წავედით, სუფრა ჰქონდა გაშლილი, არ გამკვირვებია, ყველა ზეიმობდა, გავიცანით რეზოს დედა, ბიძა, რომელსაც უთხრეს, რომ მე ნინიკოს და ვიყავი (ჩემს დას ყველანი კარგად იცნობდნენ). ნასვამმა ბიძამ ხელები ასწია და საზეიმოდ გამოაცხადა; ნინიკოს დაა, მაგრამ ახლა ჩვენი იქნებაო. ყველაფერს მივხვდი და გამწარებული ვფიქრობდი: საგანგებოდ მოაწყეს ეს შეხვედრა, ჩემმა დამ მიღალატა-მეთქი.
ძალიან გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და რეზოს 3 წლის დისშვილს დავუწყე მოფერება. ცოტა ხანში ეზოშიც გავიყვანე. შინ დაბრუნებულმა დებმა ვიჩხუბეთ.
– მაგრამ მალე ინტენსიური ურთიერთობა დაიწყეთ…
– სულ მალე ნიკო კეცხოველმა რეზო უნივერსიტეტში აღადგინა. ჩემს სანახავად ჩამოსული ნინიკო არ ვიცი, როდის და როგორ ახერხებდა  რეზოსთან შეთანხმებას. ყოველ ჩასვლაზე რეზო დებს თეატრში გვპატიჟებდა. პირველი შთაბეჭდილება თანდათან გამიქრა, მეორე, მესამე შეხვედრაზე თანდათან მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე. შემდეგ რეზო ნინიკოს გარეშეც მოდიოდა და ხან თეატრში, ხან კინოში მივდიოდით ერთად.

რევაზ ინანიშვილის ნახატი

რეზო ძალიან მოკრძალებულად, სათუთად მექცეოდა, როგორც პატარა დას, ბავშვს, თვითონ ხელს არ მკიდებდა, მე უნდა გამეკეთებინა ხელმკლავი. ამიტომ ვენდობოდი, სადაც არ უნდა წავეყვანე.
რეზო რომ იყო ჩემ გვერდით, თამამად დავდიოდი, განსაკუთრებით ზამთარში… სულ გუნდებს გვესროდნენ ბიჭები, ძალიან მომწონდა ეს თავისუფლება, რომ მე არავინ არ მეხებოდა.
ცოტა ხანში კი ისე მივეჩვიე, რომ მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას. ეს, რა თქმა უნდა, იგრძნო და ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა, შენ არც ისეთი პატარა ხარ, რომ ვერ მიხვდე, რატომ დავდივარ შენთანო.
გავიდა მთელი წელი, მეორე წელიწადია არაფერს ამბობს, არც მიფიქრია, იმდენად შევეჩვიე და შემიყვარდა… მაშინ ვერ ვგრძნობდი, თუ ეს სიყვარული იყო. იგი 7 წლით უფროსი იყო ჩემზე. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა:
თუ არ მოგწონვარ, მითხარი და აღარ შეგაწუხებო. მისი მოუსვლელობა ვეღარც კი წარმომედგინა. და ვთხოვე, ვყოფილიყავით ასე მეგობრულად.
ასე აღარო, გამინაწყენდა და წავიდა. კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ის დღეები ჩემთვის საშინელებად იქცა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მეგობრული სიყვარული არ იყო.
ერთ დღეს მეგობართან ვიყავი სამეცადინოდ წასული, რომ დავბრუნდი, ჩემმა სიძემ მითხრა, რეზო იყო, თეატრში უნდა წაეყვანეო. რეზოს სახელის ხსენება და დავიწყე ღრიალი, თავს ვეღარ ვიკავებდი. ჩემი სიძე გაოცებული მიყურებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ რეზო ისევ მოვიდა. 19 წლის ვხდებოდი, მომიტანა შექსპირის ტრაგედიები საჩუქრად. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, გართ ვერა, მაგრამ რომ შევედით სახლში, ვეღარ შევიკავე თავი, ვეცი და ვაკოცე. მორჩა, გავაგრძელეთ ჩვეულებრივი ყოფნა. რა თქმა უნდა, რეზოსთვის ყველაფერი გასაგები გახდა.  მას მერე მოდიოდა კიდევ, ხან უნივერსიტეტში წამიყვანდა, ხან იქ და ხან აქ…
– შეუღლდით და ხაშმში გადახვედით საცხოვრებლად…
– რეზო დასთან ცხოვრობდა და ხშირად ავყავდი მასთან. მე უკვე მეოთხე კურსზე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ სწავლის დამთავრებისთანავე შევუღლდებდით, მაგრამ ჩემი მულის დედამთილმა კეთილმა ქალბატონმა დაიჟინა, შეყვარებულები სწორედ გაწელილი დროის გამო ხშირად შორდებიან ერთმანეთს და  რატომ უნდა იყოს სხვის სახლშიო.
ნახევარი სემესტრი კიდევ მქონდა დარჩენილი, გადავწყვიტეთ, იმ ზამთარს გაგვემართლებინა ჩვენი ურთიერთობა. შევუღლდით და და წამოვედით უჯარმაში მე, რეზოს დედა  და რეზო. ეს იყო ჩვენი საქორწინო მოგზაურობაც და მაყრიონიც.  მე 18-ის ვიყავი, რეზო 26-ის.
ძალიან მიყვარდა რეზო, უმისოდ ვერ წარმომედგინა სიცოცხლე.

რეზო მეუბნებოდა ხოლმე თბილისში, ხედავ, რომ დასთან ვცხოვრობ, მაგრამ სოფელშიც არ გვაქვს ბინაო. ერთი პატარა მიწის პირველი სახლი გვაქვს, ისიც შუაზე წნულის ლასტებითაა გადაღობილი, ნახევარში ჩვენ ვცხოვრობთ, ნახევარში ძროხაო. ცხადია, ცხვარ-ძროხა სულ არ ჰყავდათ, მაგრამ მე ისე ვიყავი შეყვარებული, მასთან ერთად ყველგან ვიცხოვრებდი.
არადა, ხაშმში რომ ჩავედით, ორსართულიანი სახლი დამხვდა. მის აივანზე გართხმული ვაზი და მშვენიერი ნუშის ხე, რომლის ტოტები თითქმის აივანზე იყო შემოსული. ძალიან მიყვარდა ჩვენი სახლი და, საერთოდ, ხაშმი, რომელთანაც უამრავი თავგადასავალი მაკავშირებს.
1952-ში შევვუღლდით,  ხაშმში 8 წელიწადი ვიცხოვრეთ.
– ამ სახლში მუზეუმი დღემდე ვერ გაკეთდა…
– გადიოდა წლები, მედეა მეზვრიშვილმა მიწისძვრისგან დაზიანებული ჩვენი სახლი რომ ნახა, მითხრა, მეორე სართული მოვხსნათ და მუზეუმი გავაკეთოთო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. მაგრამ ჩემი ოჯახის და ინჟინრის დაუდევრობით ეს შეთანხმება დროში გაჭიანურდა, ამასობაში „ვარდების რევოლუციაც“ მოხდა. ამის შემდეგ კი აღარც მედიკოს ჰქონდა ძალაუფლება და აღარც ახალი ხელისუფლება იტკიებდა  რევაზ ინანიშვილის მუზეუმისთვის თავს.
იცვლებოდა მთავრობები, გადიოდა წლები… ოთარაანთ ქვრივივით ყველას ვაწუხებდი, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, მაგრამ ამაოდ.
დღეს ჩემმა შვილიშვილმა რევაზ ინანიშვილმა და მისმა სათნო მეუღლემ ქეთი ლობჟანიძემ (ქეთის მშობლების დახმარებით, თორემ ექიმებს რა საშუალება აქვთ, ასეთი ხარჯებისთვის) ერთი ოთახი ააშენეს და ალბათ მალე შეძლებენ იქ ცხოვრებას. ეს კი რეზოს სულს დიდად ეამება და დალოცავს იქიდან.

რევაზ ინანიშვილის ნახატი

– არ გილხინდათ…
– თავის დროზე რეზოს უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული ჰქონდა მოთხრობები: „სახსოვარი“ და „უცნაური“. ჟურნალ „პიონერში“ ბეჭდავდა მოთხრობებს. 1953 წელს გამოსცა პატარა წიგნი – „პირველი მოთხრობები“.
ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ბედისწერითა თუ ჩვენი დაუდევრობით 1 წლის ბავშვი დაგვეღუპა…
ნამდვილად არ გვილხინდა… ვცხოვრობდით ჩემი მულის 20 კვადრატულ ოთახში რამდენიმე სული. როცა ყველანი ვიკრიბებოდით, რვანი ვიყავით და რის ვაივაგლხით ვთავსდებოდით ბინაში. ასეთ დროს რეზოს ხშირად ეძინა საწერ მაგიდაზე. ეს მაგიდა ახლაც გვაქვს და ძალიან ვუფრთხილდებით. იქნებ ვინმე გამოჩნდეს და რეზოს ნივთების შესანახი ოთახი გაგვიკეთოს  (ძვირფასი არაფერი გვაქვს, მაგრამ….)
კოტე რომ გაგვიჩნდა, უჯარმაში ვმუშაობდი დაწყებით კლასებში, რეზო თბილისში იყო და ჩამოდიოდა ხოლმე. 70 ლარი მქონდა ხელფასი და იმას რომ მივცემდი, როგორ უხაროდა. მას ხომ შემოსავალი არ ჰქონდა.
1956 წელს დაამთავრა, უმუშევარი იყო, ჩემს რაიონში გამანაწილეთო და გაანაწილეს საგარეჯოს რაიონში. ვიფიქრე, რომ ორივეს ხელფასით შეგვიგროვდებოდა ოჯახისთვის თანხა. გადავედით საგარეჯოში, ღმერთო, ნათელში ამყოფე განათლების განყოფილების გამგე, ძალიან აქებდნენ და ჩვენ რატომღაც არ მიგვიღო კარგად. რეზომ წარუდგინა უნივერსიტეტის მიმართვა განაწილების თაობაზე.  მან შემოგვთავაზა საათები და თვეში 12 მანეთი უწევდა ხელფასი.
რა თქმა უნდა, რეზომ უარი თქვა, ამ თანხით ოჯახს როგორ არჩენდა.  წამოვედით  უმუშევრები, რამდენიმე ხანს ვიყავით ასე.
მურმან ლებანიძე დაურეკავდა ხოლმე, ღმერთმა აცხონოს, რეზო, მომიტანე რამეო და აძლევდა ჰონორარს. ძალიან უწყობდა ხელს.
– ერთხანს „ნაკადულშიც“ მუშაობდა…
–  ხუტამ ბერულავამ დააწყებინა „ნაკადულში“ მუშაობა რეზოს. ხელფასი  90 მანეთი ჰქონდა. მაშინ იმ 90 მანეთით ასე თუ ისე იოლას გავდიოდით. იმდენად უცნაური იყო რეზო, რომ წინსვლაზე, წარმატებაზე არასოდეს  ფიქრობდა. ერთხელ ავად იყო და აცდენდა სამსახურს, ხუტამ დაურეკა, რეზო მთავარ რედაქტორად უნდა გადაგიყვანოო. არაო, არაფრით არ მინდაო, არადა ემატებოდა ხელფასი და ის მომატებულიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. გაოცებული იყო ხუტა, ვაწინაურებ და უარს ამბობსო. ბოლოს ძლივს დავითანხმეთ და მოემატა 30 მანეთი.
წუთით არ შეეძლო  სამსახურის გაცდენა, თავის დროზე მიდიოდა და მოდიოდა. როცა კვარტალი მთავრდებოდა, ღამეც კი რჩებოდა სამსახურში. „ნაკადული“ ძველ უნივერმაღთან იყო, ჩვენ მარჯანიშვილზე ვცხოვრობდით. ხან ათენებდნენ კიდეც, როცა ვუსაყვედურე, ასე მიპასუხა, როგორ, დირექტორი ათენებს და მე წამოვიდეო?

რევაზ ინანიშვილის ნახატი

– შემდეგ, როგორც ვიცი,  იყო კინოსტუდია…
– რეზო ჩხეიძე იყო მაშინ დირექტორი, რეზო მუშაობდა ნახევარ შტატზე. ღმერთო, ნათელში ამყოფე, რეზო თაბუკაშვილი იყო სცენარისტების გაერთიანების უფროსი, ხელს უწყობდა ჩვენს მწერლებს, ამოვისუნთქეთ. საჭმელზე პრობლემა აღარ გვქონდა.
– ხატავდა…
– ხატავდა მაშინ, როდესაც ფიქრებში იყო, არ ვიცი, თითქოს ერთობოდა ამით. კურსელები ამბობენ, ლექციაზე სულ ხატავდა და მოგვცემდა ხოლმე ნახატებს, ჩვენ კიდევ ვაგდებდითო. ეს რა დაგვემართაო…
– საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი იყო, მანქანა ემსახურებოდა, მაგრამ გაგებული მაქვს, რომ ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად არ სარგებლობდა მანქანით…
– არასოდეს, იმ მანქანით არც ბაზარში წავსულვარ, არსად ოჯახის საქმეზე არ ვყოფილვარ. მარტო სამსახურის საქმეზე დადიოდა და იქაც ხანდახან თავისით მიდიოდა.
მძღოლი ეუბნებოდა ხოლმე, ამდენი რამე არასოდეს არ გამიკეთებია ჩემი ოჯახისთვის, რაც შენი მდივნობის დროს გავაკეთე ამ მანქანითო.
ხმა რომ უნდა მიეცათ ზვიადისთვის, არჩევნები იყო, სოფელში ვიყავით და ველოდებოდით, რომ უნდა ჩამოსულიყო მანქანა და წამოეყვანა ჩვენი თავი… ისე ნერვიულობდა. უკვე ცუდად იყო, მე ვუთხარი, რეზო დამშვიდდი, შენი ერთი ხმა რას გადაწყვეტს-მეთქი. მოვედით და დაკეტილი დაგვხვდა საარჩევნო უბანი, არ შეგვიშვეს. ისე ნერვიულობდა, გეგონება მასზე იყო დამოკიდებული ყველაფერი…
–  როგორ მუშაობდა?
–  რომ დაწერდა, დიდხანს ედო, კიდევ უნდა გადაეწერა, რაღაც ამოეშალა, ძალიან დიდხანს მუშაობდა და იმდენად დაკავებული იყო, მიფიქრია კიდეც, ეს რა სატანჯველი ყოფილა წერა, დღე და ღამე მოსვენება რომ არ აქვს-მეთქი.
ერთ დღეს დასავლეთში მუზეუმი უნდა გაეხსნათ და აუცილებლად უნდა წასულიყო… ვუსაყვედურე, რეზო, გუშინ სიცხე გქონდა, არ წახვიდე, არ შეიძლება ამ გზაზე შენი სიარული-მეთქი. სხვა მდივანი არავინ არ მოდის, ზოგმა რა თქვა და ზოგმა – რა, და მეც ხომ არ ვიტყოდი, რომ ცუდად ვარო. წავიდა და შუადღეა, რომ მობრუნდა, როცა მე საღამოს  ველოდებოდი აკანკალებული…  ძალიან ცუდად ვარო და დაწვა. 38-ზე მეტი ჰქონდა სიცხე.

რევაზ ინანიშვილის ნახატი

მერე სულ ავადმყოფობდა… თბილისის ომიც დაიყო… სულ ვცდილობდი, ტელევიზორისთვის არ ეყურებინა. ერთ დღეს არ გამომართვევინა. ჩემთვის არ უთქვამს, ჩემი მული იწვა იმ ოთახში,  მისთვის უთქვამს, რას შვრებიან ქართველები, ქართველებსა ხოცავენო? იმ ღამეს დაინგრა თბილისი და გათენებისას რეზო უკვე მძიმედ იყო… და გარდაიცვალა კიდეც…
მითხრეს, მწერალთა კავშირში გადავასვენოთ, დარწმუნებული ვართ, არცერთი მხარე  არ გაისვრის თოფს მაგ დროსო. უარი ვუთხარი. ათასნაირი ადამიანია, ვიღაცას გაუვარდეს თოფი და ჩემს მიცვალებულს ტკივილი მივაყენო, არ მინდა-მეთქი. აქედან, ამ ბინიდან  გავასვენეთ.
– როგორ მუშაობდა?
– როცა მულთან ვცხოვრობდით, ბინა რომ არ გვქონდა, საჯაროში დადიოდა, ანდა ჯაფარიძის სახელობის  ბიბლიოთეკაში შეროზიას ქუჩაზე.  იქ წერდა.
თუ სიტყვა არ მოსწონდა, წვალობდა თვეობით. ან მე, ან დედამისს შეეკითხებოდა,  ამას ასეთ დროს როგორ იტყოდითო? ბევრჯერ ყოფილა, რომ დედამთილს რაღაც სიტყვა უთქვამს და ძალიან გახარებია, ან მე მითქვამს და გახარებია. ჩვენ მასზე მეტი არ ვიცოდით, მაგრამ რატომღაც ვერ გამოდიოდა ამ ჩიხიდან. ეს აწუხებდა ძალიან და თუ მიაგნებდა ამ სიტყვას, ძალიან გახარებული იყო.
ერთხელ ვენახში იყო ჩასული, ამოვიდა და იცინის, გახარებულია, რა კარგ ხასიათზე ხარ-მეთქი და ღორი დავიჭირე ჭალაშიო. ჩვენს ნაკვეთში იყო შემოსული და დავიჭირეო. მერე სად არის -მეთქი?, – ჩავეკითხეთ. აღმოჩნდა, რომ იქ რომ ჩასულა, მოთხრობა დაუწერია, იმან ხომ იცოდა, რამდენს მისცემდნენ მოთხრობაში და ერთი ღორი მოუვიდოდა. და დაჭერაში იგულისხმა ნოველის დაწერა.
ასეთი შემთხვევაც მახსოვს: ერთხელ კოტე უკვე სამი წლისა მყავდა, ხაშმიდან თბილისში მოვდიოდით. რეზომ ჰონორარი აიღო, იყიდა ბავშვისთვის სათამაშოები, ჩემთვის – საკაბე. მაშინ ავტობუსები არ დადიოდა, ძალიან ვწვალობდით თბილისში წამოსასვლელად. ნავთლუღიდან გადიოდა რაღაც მანქანა. ჰოდა, ვდგავართ და  ვიღაც ხაშმელი გოგო შეგვხვდა, მოიკითხეს ერთმანეთი. ამ გოგოს ორჯონიკიძეში სამედიცინოზე ესწავლა, წყალი მოინდომა. მოიცა, ახალვე მოგიტანო, უთხრა რეზომ. მოტრიალდა და მეუბნება ჩანთაზე თვალი გეჭიროს, ქურდობააო, მეც ამ გოგოს ველაპარაკები და თან იმ ჩანთებს ვუყურებ. მოვიდა ერთი ბიჭი,  დამადგა ფეხი, მეტკინა და დავუწყე წუწუნი, ამ დროს მოდის რეზო და მოაქვს  წყალი, რომ დაინახა, ვეკამათები იმ ბიჭს, წასწვდა, თურმე მეორემ კიდევ ჩანთა წაიღო. გამოეკიდა რეზო, მაგრამ რას დაიჭერდა, ვინ იცის, სად შეაფარა თავი.
იმ ჩანთაში იყო ჩემი ზაფხულის სანდლები, რომ ჩამოვედით თბილისში, რეზომ მოთხრობა დაწერა და მითხრა, არ იდარდო, იმ ფეხსაცმელების ფული უკვე ვიშოვეო.

რევაზ ინანიშვილის ნახატი

– ბინა შეუღლებიდან გვიან მოგცეს…
– ჩვენი შეუღლებიდან 10 წლისთავზე მწერალთა კავშირმა  ერთოთახიანი ბინა მოგვცა. ამ დროს უკვე 2 შვილი გვყავდა და დაგვპირდნენ, რომ მეორე წელს გაგვაფართოვებდნენ. არადა 10 წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში.
როგორც იქნა, დაგვადგა საშველი. ჩვენი თხოვნა გულთან მიიტანეს ცხონებულმა გრიგოლ აბაშიძემ და ხუტა ბერულავამ. კანდელაკის ქუჩაზე მოგვცეს სამოთახიანი ბინა. მანამდე რეზოს არ ჰქონდა სახლში მუშაობის საშუალება და ბიბლიოთეკაში დადიოდა სამუშაოდ.
ახალ ბინაში დიდხანს ვერ გავიხარეთ. 7 წლის შემდეგ დაიწყო რეზომ ავადმყოფობა და 1991 წელს დამთავრდა მისი ტანჯული ცხოვრება.
– წერილებს თუ გწერდათ, სანამ შეუღლდებოდით?
– არა, შეუღლებამდე არ მოუწერია…. ცოლ-ქმარი ვიყავით, სადმე რომ წავიდოდა, მაშინ მწერდა ხოლმე.  შენახული მაქვს ის ბარათები.
– გოდერძი ჩოხელმა რევაზ ინანიშვილს ნოველა მიუძღვნა, როგორ ეხილვება სიცოცხლის ბოლო წუთებში ანგელოზები…
– ნამდვილად ნახა ეს ანგელოზები… ამ ოთახში იწვა იმ ღამეს, თბილისი რომ დაინგრა…  მეუბნება, როზაო, ნახე ის ქალები, წავიდნენო, ვინ ქალები რეზო-მეთქი? ღმერთო, ამ ხნის კაცი ვარ, რამდენი ლამაზი ქალი მინახავს და სილამაზეც, ეგეთი ლამაზები კი არაფერი მინახავსო. სამი ქალი იყო, ძალიან ლამაზებიო… სად იყვნენ, გენაცვალე-მეთქი, ბალიშთან მიდებს ხელს, აქ ისხდნენო. ცოტა ხანში მეუბნება, ნეტა შენც გენახა, როგორ მინდოდა, რა ლამაზები იყვნენო…

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები