„ო, როგორ მიყვარდა გრეტა გარბო“… – სასწაულები გურამ პეტრიაშვილის ცხოვრებაში
ბავშვობიდან ბევრს გვახსოვს გურამ პეტრიაშვილის პოეზია და ზღაპრები. მის ტრაგიკულ-სევდიან თავგადასავალს უკრაინაში ცხოვრების პერიოდმაც დამჩნია კვალი… ამის მიუხედავად, ბატონი გურამი დაუღალავად მუშაობს და ქმნის ზღაპრებსაც და ლექსებსაც. ახლახან მწერალთა სახლმა მის მიერ დაარსებულ „სახალისო“ ჟურნალის პირველ ნომერს უმასპინძლა. მთავარი რედაქტორი გურამ პეტრიაშვილია. სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ვილენ მარდალეიშვილი, მამუკა ვაშაკიძე, ბუბა ხოტივარი და ამირან დოლიძე.
რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია ბატონი გურამ პეტრიაშვილი, საინტერესო შემოქმედებითი გზით.
– ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ და ასწავლიდნენ ახლანდელ ახალგორში, რომელსაც მაშინ წინაგარი ერქვა. იქიდან მალე გადმომიყვანეს, რამდენიმე წელიწადს დედის ძმის ქვრივთან, ელო ძალოსთან ვცხოვრობდი დიდ ლილოში. დედა და მამა სოფლის პედაგოგები იყვნენ და სადაც გადაისვრიდნენ სოფლის პედაგოგს, იქ მიდიოდნენ. დავიბადე სადღაც ცაგერში თუ ლენტეხში. მაშინ იქ იყვნენ მასწავლებლებად მამა და დედა. სულ პატარამ ბავშვობა ზნაურში გავატარე, მერე ცნობიერება რომ ჩამომიყალიბდა, უკვე ლილოში ვიყავით.
– რას ასწავლიდნენ მშობლები?
– მამაჩემი იყო საოცარი კაცი, სკოლის დირექტორად მუშაობდა, უფრო ზემოთ არ უშვებდნენ, იმიტომ რომ ახალგაზრდობაში მონაწილეობდა პატრიოტულ ორგანიზაციაში, რომელსაც ახალგაზრდა მარქსისტთა კავშირი ერქვა. რადგან ასეთ რამეში იყო შემჩნეული, ზემოთ აღარ უშვებდნენ. მამა იყო ქართული ისტორიისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ძალიან მაგარი კაცი იყო. მე რომ მიტინგებზე გამოვდიოდი, ხშირად მოდიოდნენ ჩემთან ვიღაცები და მეუბნებოდნენ, კაცო, შენ მელენტი პეტრიაშვილის რამე ხომ არ ხარო?
მამაჩემია-მეთქი, რომ ვეტყოდი, შენ კი ხარ კარგი ბიჭი, მაგრამ ის სხვა სიმაღლის კაცი იყოო, მეუბნებოდნენ და მიხაროდა, მართლა დიდი კაცი იყო.
რომ დაიბადა, თურმე იმ დროს რაჭაში ერთი კარგი მღვდელი მოღვაწეობდა, რომელსაც მელენტი წექვა და მის საპატივცემულოდ, დედამისმა უთხრა მეუღლეს, მოდი, მელენტი დავარქვათო.
რაჭაშიც იყო, ლენტეხშიც, სვანეთშიც, ბოლოს ორხევია თბილისთან ახლოს, სკოლის დირექტორად, საქართველოში, სადაც გაუჭირდებოდათ, იქ გადაისროდნენ ხოლმე. იცოდნენ, რომ მაგარი იყო, მაგრამ წინ აღარ უშვებდნენ. თან მამაჩემს დამთავრებული აქვს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მაშინ, როდესაც იქ, გაოცდები და, ივანე ჯავახიშვილი ასწავლიდა.
მატრიკულში უწერია: „საქართველოს ისტორია“ „ფრიადი“. ხელმოწერა – ივ. ჯავახიშვილი. ასეთი კაცი იყო მამაჩემი.
დედა გერმანულს ასწავლიდა, მაგრამ ლილოში რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, შეიტანა განცხადება და გახდა ფოსტის გამგე. დაანება თავი პედაგოგობას, ვერ ვასწავლი ისე კარგად, როგორც საჭიროაო. ფოსტის გამგე იყო სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ხალხი ოთარაანთ ქვრივს ეძახდა, ყველას გაჭირვება გულთან მიჰქონდა, სოფელში ყველაფერი იყო კატუშა. კატუშა გვიშველისო, ამბობდნენ, თუკი რამე მოხდებოდა.
– წერა როდის დაიწყეთ?
– ცხადია, ბავშვობაში ვწერდი. როგორ შეიძლება ქართველი ბავშვი არ წერდეს ლექსებს? ჩვენი ენა ხომ პირდაპირ იმისთვის არის გაჩენილი, რომ ლექსი დაწერო. მახსოვს პირველი ლექსები. მაშინ გადიოდა ფილმი „გიორგი სააკაძე“, კიდევ გადიოდა ფილმი, რომელიც ქართველებმა ალბანელებთან ერთად გადაიღეს. იმათაც ჰყავდათ გმირი გიორგი სკანდებერგი, ორივეს როლს თამაშობდა ჩვენი აკაკი ხორავა. ალბათ ამის გავლენით დავწერე ლექსი.
ასეთი პატრიოტული მიმართულების მრავალი ლექსი მქონდა, მაშინ ფირფიტაზე ვუსმენდი სიმრერას: „მოხევის ქალო, თინაო“, ამ დროს ამ პატრიოტულ ლექსებს ვწერდი, მეორე სახის ლექსებიც მქონდა, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო. მყავდა ძმაკაცი, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა არსენა ფლიონაშვილი. მან სულ ძალიან პატარა რომ იყო დაიწყო დოლის დაკვრა. ამ დოლის დაკვრით თბილისის რომელიღაც სახელგანთქმულ ანსამბლში მონაწილეობდა და მთელი მსოფლიო შემოიარა. ჰოდა, ამაზეც ვწერდი.
– ვიდრე თქვენს ზღაპრებზე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ იღბლიანი ხართ, რადგან ცნობილი რეჟისორების ფილმებში შეასრულეთ როლები…
– „ნეილონის ნაძვის ხით“ დავიწყებ. ჩემმა მეგობარმა ამირან დოლიძემ, რომელიც „ნეილონის ნაძვის ხის“ სცენარის ავტორია, პირველმა წამიკითხა ეგ სცენარი, ვურჩიე, რომ რეზო ესაძისთვის მიეტანა. ძალიან მომეწონა სცენარი. მანდ არის ძალიან კარგი აზრი, რომ ქართველები ჩვენს თავს ვგავართ და კარგები ვართ, როცა ვმღერივართ.
სიმღერაში ხდება ქართველი კაცი ის, ვინც არის. როცა ეს ზღაპარი წაიკითხა, ამირანმა რა მითხრა იცი, შენ, ძმაო, ღმერთმა დაგაჯილდოვა, ისევ და ისევ იმ შენს პირველ სიყვარულში ხარ ჩაძირულიო.
– როგორ შეგარჩიეს „ნეილონის ნაძვის ხისთვის“?
– კი არ შემარჩიეს, სცენარისტმა და რეჟისორმა გადაწყვიტეს, მერე კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო განიხილავდა ამ სცენარს. იქ ჩამოთვალეს, ვის რა უნდა ეთამაშა, ყველაფერზე შეთანხმებულად კარგად მიდიოდა საქმე, მერე ვიღაცამ დასვა კითხვა, ვინ უნდა ითამაშოს გიჟის როლი, რომელიც ყველას აგინებსო. რეზომ უთხრა, ეგ გურამ პეტრიაშვილიაო. ყველამ ხელი ჩაიქნია, მაშინ გადაწყვეტილი ყოფილაო. ასე მოხდა ჩემი სახალხო არჩევა.
– „ნეილონის ნაძვის ხე“ … როგორ იყო თქვენი განცდა?
– ვიხსენებ და ამომიბრუნდა სული და გული… 44 წლის ვიყავი, მაგ ფილმს რომ ვიღებდით, ჩემს ცხოვრებაში არ მომიწევია არცერთი სიგარეტი, ხანდახან ჩავიდებდი პირში, ვითომ ვაბოლებდი. ხოდა, ეს ფილმი რომ დაიწყო, ესაძემ ორი თვით ადრე მითხრა, როლში შენ სიგარეტს უნდა ეწეოდე, ამიტომ სიყალბე რომ არ გამოვიდეს, ახლავე დაიწყე და მოწიე სიგარეტი. გადავიღებ ფილმს და გადააგდებ სიგარეტსაცო, ორი თვე ვვარჯიშობდი, მერე გადავიღეთ, კარგიაო, რეზომ მითხრა, ახლა შეგიძლია გადააგდოო. მაგრამ ასე ადვილია, რომ შეეჩვევი, იმის გადაგდება?.
ვიდრე 2011 წელს უკრაინაში ინსულტი არ დამემართა, მანამდე ვეწეოდი. ექიმმა მითხრა, გადააგდე, თორემ მოკვდებიო, გადავაგდე, რამდენიმე წელი აღარ ვეწეოდი, აქაც რომ ჩამოვედი, არც აქ აღარ ვეწეოდი, მერე ისევ ხელახლა დავიწყე და ახლა ვებრძვი თავს, რომ გადავაგდო. ასეთი შედეგი დატოვა ჩემში…
რაც შეეხება კარგ ხელოვნებას, როცა კარგ კინოს გადაიღებენ, ხდება ის, რაც ეროვნულ მოძრაობაში ხდებოდა, გულები იხსნება ერთმანეთთან საალერსოდ და საურთიერთობოდ. მაგალითად, ეროვნული მოძრაობა ჩემთვის მხოლოდ პოლიტიკა კი არ იყო, არამედ – ესთეტიკური მდგომარეობა, ყველას რომ ყველა გვიყვარდა. ასეთია კარგი კინოც, იქაც ასეთი ერთობაა ადამიანებისა, ერთიანობა, რომელიც ძალიან ძვირფასია და სხვაგან მიუღწეველია.
– პირველი როლი…
– ლანა ღოღობერიძემ გადამიღო ფილმში – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. მე ისეთი კაცი, ვარ ვაკვირდები ყველაფერს, ეტყობა კინოშიც არის რაღაც მოდა, მოდა სახეზე. მე კი არ ვარ ცუდი მსხიობი, მაგრამ არც ისეთი კარგი ვარ, არადა, თითქმის ყველა რეჟისორმა გადამიღო ფილმში, სულ 40 ფილმში მათამაშეს, მათ შორის, უკრაინაშიც. რაღაცნაირად მოეჩვენათ რეჟისორებს, რომ ჩემი სახე უნდა გადაეღოთ. მერე წავიდა და წავიდა… გადამიღეს და გადამიღეს… 8 მთავარი როლი შევასრულე.
– ვიცი, რომ გოდერძი ჩოხელის ფილმი „წერილი ნაძვებს“ განსაკუთრებით გიყვართ…
– რომ მეკითხებიან, რომელია ჩემი საყვარელი ფილმი, დაუფიქრებლად ვპასუხობ – „წერილი ნაძვებს“. ამ ფილმში ნაძვი ამომდის მხარზე და ეს ჩემთვის ყველაფერია. ერთხელ მე და გოდერძი გუდამაყარში წავედით, იმ დღეს გადაღება არ გვქონდა, გოდერძიმ მითხრა, მოდი, ბარემ ვნახოთ ის ადგილები, სადაც ფინალი უნდა გადავიღოთო. ხომ გახსოვს, ორმოში რომ დგება მთავარი გმირი და მერე ხე რომ ამოსდის, მაგ ადგილებს ვეძებდით. ვიარეთ ბლომად, გოდერძიმ მითხრა, აბა, თუ დაფიქრებულხარ, რატომ მინდოდა, რომ შენ გეთამაშა ეს როლიო? კმაყოფილი იყო, კარგად თამაშობო. თავიდან არ ელოდა, რომ ასე ვითამაშებდი. აბა, თუ იციო, არ ვიცი -მეთქი. მე ღარც კი მახსოვდა, შენი ლექსი „ნერგი“ წავიკითხე, ბიჭო და ამან დამაწერინა ეგ სცენარი და მოთხრობაო. აი, ეს ლექსი:
„ჩამეძინა მინდორში ერთხელ,
რომ გამეღვიძა, ვნახე,
დაბნეულ ვიღაც მებაღეს
დღეს ჩემს ყელზე
პაწაწინა ნერგი დაერგო“…
მერე იზრდება ნერგი, მიდის ცისკენ, მე დამავიწყდა, ვინ ვარ, რა ვარ, ამ ნერგს ვუყურებ და შევხარი, მიხარია, რომ მისი წვერო განუწყვეტლივ იმ ლამაზი ლაჟვარდისკენ იწევს ჯიუტად. ასეთი ლექსია.
მე კირკიტა კაცი ვარ, არაფერს ვიჯერებ და მართალიც ვარ. ცხადია, რომ ეს ჩემი ლექსი იყო კერძო რაღაცა. გოდერძიმ სცენარი გაცილებით უკეთესი დაწერა, ვიდრე ეს ლექსია. ხდება ასეთი რაღაცები ლიტერატურაში.
გახსოვთ, ივანე კერესელიძემ დაწერა: „ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენიაო“, ამის გამოძახილი იყო, ილიამ რომ დაწერა დიდებული ლექსი: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“. რეზო ლაღიძის მუსიკა ამ ლექსზე საქართველოს ჰიმნივითაა.
შენმა ლექსმა დამაწერინა და მივხვდი, რომ შენზე კარგად ვერვინ ვერ ითამაშებსო, – მითხრა გოდერძიმ. ტრაბახა არ ვარ, მაგრამ მაგ ფილმში ძალიან მაგრად ვთამაშობ. გაფითრებული ვუყურებ ხოლმე მაგ ფილმს, რა კარგად ვგრძნობ, ხე რომ ამომდის… მახსოვს, ბორჯომში ვიღებდით, ბიჭები გუნდ-გუნდად დამდევდნენ: ბიძა, ბიძა, ბიძა…. ხო, შვილო, რა გინდათ-მეთქი? როგორ გამაგრებს ნაძვს რეჟისორი მხარზეო. რომ მომაბეზრეს თავი, მერე ვუთხარი, რას მამაგრებს, რას მიქარავთ, დილით ამომდის ეს ნაძვი, საღამოს რეჟისორი ჭრის ძირში, მეორე დილას ისევ ამომდის…. მოკვდნენ სიცილით.
მახსოვს, როგორ ვღელავდი ფილმის გადაღების დროს, ბოლოს სული მეხუთება და მივდივარ, რომ ჩავდგე ორმოში და ხედ გადავიქცე, მართლა მქონდა ეგ შეგრძნება, ფილმიც მაძლევს მაგის საშუალებას, განზოგადებული კარგი რამეა. პირველად შემეშინდა, მართლა არ გადავიქცე ხედ- მეთქი, მანდ მოხდა საოცრება, არი ღმერთი რა. ვდგავარ, ყინავს და ყინვაში უძრავად დგომა საშინელებაა. თუმცა თბილად მეცვა ფეხზეც და ტანზეც. ვიყინები, ისეთ დღეში ვარ. უცებ აჩოჩქოლდა გადამღები ჯგუფი, გამნათებლები და ყველანი.
აჩოჩქოლდნენ, გამოვფხიზლდი და რა არის, ხალხო-მეთქი, ვკითხულობ? უყურე, რა დაფრინავს შენ გვერდითო. საიდან გაჩნდა ულამაზესი ჭრელი პეპელა, დაფრინავდა ჩემ ირგვლივ… გადავირიე, რომ დავინახე, დამავიწყდა სიცივეც და ყველაფერი, მაშინ კი დავიჯერე, ეტყობა კარგ რაღაცას ვიღებთ, რომ ღმერთმა ასეთი ანგელოზი გამოგვიგზავნა -მეთქი.
მთავარი სასწაული რა მოხდა კიდევ… კინოს სახლში რომ აჩვენებდა გოდერძი ამ ფილმს, თან მყავდა ჩემი 3 წლის გოგო. ბოლო კადრებამდე რომ მივედით, ჩავდექი იქ, დილით განათდა და მე აღარ ვარ. არის მხოლოდ ხე, ჩემმა გოგომ ღრიალი მორთო, გააყრუა იქაურობა, ვაიმე, მამიკო, მამიკოო… მე ვეხვეოდი და ვეუბნებოდი, შვილო, აგერა ვარ მამაშენი, კინო იყო და მე აქ ვარ, მამა. ნახევარი საათი ვამშვიდებდი…
მივხვდი, რომ კარგი რაღაც გადავიღეთ. მანდ არის ჩემთვის უსაყვარლესი კადრი, ბუჩქში ვზივარ, ვემალები მილიციონერებს, უცებ მოფრინდა ჩიტი და ჩემს ნაძვზე დაჯდა, ავხედე მარცხენა თვალით, თან ვიფიქრე, არ შევაშინო და არ გავაფრინო-მეთქი. მაინცადამაინც ჩემს ტოტზე დაჯდა, საოცარი არ არის?
– თქვენი ლექსი „ცრემლი“ ჩემს ბავშვობაში ზეპირად ვიცოდით… გვიყვარს ის ძველი ლექსები…
– ახლა ვაპირებ, ძველი და ახალი ზღაპარ-ლექსების გამოცემას. მაგ ლექსებს მე ზღაპარ-ლექსები დავარქვი.
ძველი ზღაპარ-ლექსებია: ცრემლი რომ დადის, ჟირაფს კისერს რომ მოაჭრიან, მსახიობმა ისე კარგად ითამაშა სიცივე, რომ სცენაზე მართლა მოვიდა თოვლი… ფილოსოფოსს მელოტზე ვარდი ამოუვიდა, დედაბერი მოქრის ველოსიპედით და მას მოსდევს ქმარი ცხენით, და ეძახის: ხომ გითხარი, მაგ ეშმაკის ცხენზე არ დაჯდე, დაგახრჩობ ახლაო. ახლაც ვწერ, ახლა რითმიანი ლექსები მაქვს და ძველი და ახალი ზღაპარ -ლექსების გამოცემა ერტად მინდა.
– სიყვარული… ძველი ბაღიდან აფრენილი ფოთოლი, რომელიც ქარს მოაქვს ჩვენს აივანთან…
– როცა იფიქრებ, ყველამ დაგტოვა, ძველი ბაღიდან აფრენილ ფოთოლს შენს აივანზე მოიტანს ქარი… ხდება ზოგჯერ, ვიღაცა ვიღაცას ერთხელ შეიყვარებს და სიკვდილამდე უყვარს. არის ასეთი სიყვარულიც, ერთხელ შეუყვარდებათ ქალსა და კაცს და სიკვდილამდე ერთად დარჩებიან.
მე ძალიან ბევრი ქალი მიყვარდა ცხოვრებაში. ბევრმა არც იცოდა, რომ მიყვარდა. ეს ვისზეც დავწერე, იმან არც იცოდა, რომ მიყვარდა. „ქუჩის კუთხეში მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს, რა ნაღვლიანი საღამო იყო, მე ყვავილები მიმქონდა სხვისთვის“… ძირითადად, სევდიანი ლექსები მაქვს სიყვარულზე. სიყვარულო რა ხარო… ოხერია.
– აღიარებთ, რომ მრავალი ქალი გყვარებიათ?!
– ვერც კი დავითვლი…
სიყვარული… რა იყო, იცი? მე ვარ ვერბალური, ანუ პოეზიიდან მოსული კაცი ვარ, ძალიან მიყვარს სილამაზე. ამას რაღა ჩემი თქმა უნდა, ბევრმა ჩემზე კარგადაც თქვა, ყველაფერზე ლამაზი, ყველა ყვავილზე, ნიავზე, სიოზე, ყველაფერზე ლამაზი ქვეყანაზე არის ლამაზი ქალი. უფრო ლამაზი არაფერია. ჰოდა, ლამაზ ქალს რომ დავინახავდი, შემიყვარდებოდა ხოლმე.
ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთ ოთახში ვმუშაობდით მე და ჩემი სიყვარულის ობიექტი… ისეთი ნაზი ქალი იყო, როგორ გამოვუტყდებოდი სიყვარულში. მერე ღმერთმა კარგად გამსაჯა. შევძელი ეს ჩემი სიყვარული მისთვის სხვანაირად დამემტკიცებინა, კარგი საქმე გამეკეთებინა.
მაშინ დაიწყო შემცირებები, ჩვენს ოთახში შეამცირეს ეს გოგო, სამი შვილის დედა… მე, დიდი რაინდი გურამ პეტრიაშვილი, ავდექი და ვუთხარი უფროსობას, არ მოგცემთ უფლებას, რომ ეგ ქალი შეამციროთ, მე წავალ, ოღონდ ეგ არ შეამციროთ-მეთქი… მახსოვს, კინაღამ გული ამომივარდა, მადლობის ნიშნად გადამეხვია და გადამკოცნა. იმისთვის მართლა ღირდა უმუშევრობა… კარგი სამსახურის შოვნა ყოველთვის ძნელი იყო და სამი შვილი ჰყავდა.
გადაემხვია, გადამკოცა, მეც კმაყოფილი წამოვედი, რომ რაინდული საქციელი ჩავიდინე.
– ეს რა ისტორიები გქონიათ…
– აბა, საიდან მოდის პოეზია და ზღაპარი? აქედან მოდის, იქ გულს გაუნაწილებ ვიღაცას, იქ შეგეხება ცხოვრების ბრჭყალი, ან ვერ შეგეხება…
მარტო ცოცხალი ქალები კი არ მიყვარდა. ყველამ იცის მსოფლიო კინოს ერთ-ერთი აღიარებული მსახიობი, რომელსაც ღვთაებრივ გრეტას ეძახდნენ, ეს იყო გრეტა გარბო. მან 1938 წელს სულ მცირე ასაკში, მგონი, ჯერ 36 წლისაც არ იყო, ითამაშა ბოლო ფილმში და წავიდა, აღარ მინდა კინო, მომბეზრდაო… ეს გრეტა საოცრად მიყვარდა, ვაიმე როგორ მიყვარდა, ვაფრენდი.
50 წლის წინ არის გარდაცვლილი და მე ისევ მიყვარს.
კიდევ უფრო სასწაულს გეტყვით. მიშა კვესელავამ მასწავლა, რომ დაიწყებ წიგნს, რამდენიც გინდა აქონ, მე-10 გვერდზე უკვე მიხვდები, შენი წიგნია თუ არაო. თუ შენი წიგნია, წაიკითხე, თუ არა, დაანებე თავი, ვისი წიგნიცაა, იმან წაიკითხოსო. ამიტომ თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსი“ ჩემს მიშასაც უყვარდა და მასზე დიდხანს შეეძლო ლაპარაკი. მე კი ვერაფრით წავიკითხე, ჩემი წიგნი არ ყოფილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თომას მანის „ჯადოსნური მთა“ ყოფილა ჩემი წიგნი. იქ არის გმირი მადამ შოშა, რომელიც ჰანს კასტორს მისი რენტგენის სურათით შეუყვარდება. სასწაული არ არის მწერლობა? მე მჯერა, იმიტომ შეუყვარდა, რომ ამ ქალის რენტგენის სურათი ნახა.
არ ვიცი, მართლა შეიძლება ეს თუ არა, მაგრამ დამაჯერა იმ ოხერმა. მიყვარდა და რა ვქნა? თბილისის ქუჩაში რომ მივდიოდი, რა უნდოდა თბილისში იმ ქალს, გავივლიდი სადარბაზოსთან და უცებ გული ამიფანცქალდებოდა, ახლა მადამ შოშა უნდა გამოსულიყო იქიდან…
როგორ გამოვიდოდა? სისულელეა, მაგრამ ამ სისულელეებით ყალიბდება ადამიანის პიროვნება, ამ სისულელეებმა შემიწყო ხელი, რომ რატომღაც დავიწყე ზღაპრების წერა. მთელი კვირა ზეიმი მქონდა, რომ გავიგე, ჩემნაირადვე გრეტა გარბო გრიგოლ რობაქიძეს უყვარდა.
გრიგოლ რობაქიძეს უყვარდა, როცა ცოცხალი იყო გრეტა. მას მართლა პლატონურად კი არ უყვარდა, მას მართლა უყვარდა. ო, რა წერილები აქვს დაწერილი, იცი, გრიგოლ რობაქიძეს?
ახლა არ გაინტერესებთ, ეს ყველაფერი რაში გარდაისახა? ამ ჩემი გრეტასადმი დიდი სიყვარულის შედეგი რა არის? ამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, აღარ მომწონს ქართველი პოეტები რომ წერენ, ყურპარტყუნა, კუდბუთქუნა ციყვები, თაფლიჭამია დათვები… საჭიროა სხვა რაღაცები. შეუძლებელია სულ ესენი ვიძახოთ.
ხოდა, დავწერე ლექსი:
„სარკეებთან დიდხანს დგომა
გიყვარს, ჩვენო ზღარბო,
ზედ გეტყობა, რომ გგონია
თავი გრეტა გარბო
გეტყვი, თავზე წარმოდგენა
რომ არ გქონდეს ჭარბად,
გრეტა გარბო არასოდეს
თავს არ გრძნობდა ზღარბად“.
ჩემმა ერთგულმა სიყვარულმა დამაწერინა ეს ლექსი. ო, როგორ მიყვარდა გრეტა, ერთი ჩემ გვერდით ვინმეს ეთქვა, მე მიყვარს გრეტაო, გავუტეხავდი ცხვირს.
გენიალური ფილმია „სამსახურებრივი რომანი“, იქ რომ შეუყვარდებათ ერთმანეთი, ასეთი რამ ალბათ იშვიათად ხდება. უფრო სევდიანია სიყვარულის ამბავი.
– ახლახან თქვენი ცნობილი ზღაპრების წიგნის „პატარა ქალაქის ზღაპრების“ მეოთხე გამოცემა დაიბეჭდა, რომელიც ნინო ჩაკვეტაძემ დაასურათა…
– სამი ტირაჟი გაიყიდა. ახლა მეოთხე ტირაჟი გამოვიდა, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე პირველი სამი ტირაჟი. ბესტსელერია „ბიბლუსის“ მაღაზიებში.
როგორ ვიპოვე ნინო ჩაკვეტაძე… რომ ჩამოვედი უკრაინიდან, მხატვარს ვეძებდი, შემთხვევით გადაცემა ვნახე ნინო ჩაკვეტაძეზე. გავიგე ტელეფონი, დავურეკე, მე ვარ ქართველი მწერალი გურამ პეტრიაშვილი, ზღაპრების მხატვარს ვეძებ, ძალიან გამახარებთ, თუ ჩემს ზღაპრებს დაასურათებთ -მეთქი. გაეცინა, რას ამბობთ, ჩემი უსაყვარლესი მწერალი ხარ, ზღაპრების მწერალიო. ილუსტრირება სიყვარულს ჰგავს, სიყვარული კი ორმხრივი უნდა იყოს, რომ ნაყოფი გამოიღოს. თუ მარტო ქალს უყვარს ან კაცს, შვილი ხომ არ გაჩნდება? ორივეს უნდა უყვარდეს.
მხატვარზე რომ ვუთხარი ერთ გოგოს (არ ვტრაბახობ, მაგრამ მყავს ფანები საქართველოში), რომელმაც მკითხა, როგორ არის თქვენი ზღაპრების საქმეო, დღეს ვიპოვე მხატვარი-მეთქი. ვინ იპოვეო, ნინო ჩაკვეტაძე-მეთქი. უი, რას ამბობ, მაგარი ტანდემი ხართ, საოცრად დახატავსო. მართლაც, ასე მოხდა.
– ასტრიდ ლინგრენის პრემიის ნომინანტად იყავით წარდგენილი…
– მე ცოტა წატრაბახება მიყვარს. ერთი თვის წინ აღმოვაჩინე ინტერნეტში, რუსეთში 1991 წელს გამოვიდა წიგნი „სასწაულებრივი წყარო“, სადაც შეტანილია საბჭოთა კავშირის ხალხების საუკეთესო მეზღაპრეების ნაწარმოებები. კრებულში ჩემი ორი ზღაპარი შევიდა, მეტი ქართველი არავინაა.
ვინ არიან, იცი? ჩინგიზ აითმათოვი, კონსტანტინე პაუსტოვსკი, სამუელ მარშაკი, ძალიან დიდრონი ვიღაცები. მაგათ შორის ყველაზე გამოუჩენელი კაცი მე ვარ.
რაც შეეხება ასტრიდ ლინდგრენის პრემიას, უნდა ვიცოდეთ, რა რა არის.ეს პრემია პოლიტიკური წამახალისებელია. საქართველოს რამე დიდი როლი რომ ჰქონდეს მსოფლიოში, მისცემდნენ ქართველს, ამ წუთში ქართველს არ მისცემენ, რაც არ უნდა ღირსი იყოს. მე კი მჯერა, რომ ყველაზე კარგი მეზღაპრე ვარ.
რა სინდისით არიგებენ მის პრემიებს, როდესაც ისე გარდაიცვალა, შვედებმა ნობელის პრემია არ მისცეს. ლინდგრენი დედამიწაზე ყველაზე პოპულარული მეორე ქალია. მისი ყველაზე მეტი წიგნია გაყიდული, პირველია აგატა კრისტი.
მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი ეგ არის, მართლა საბავშვო მწერალია ასტრიდ ლინდგრენი. საოცარია, გრეტა გარბოც შვედი იყო, ლინდგრენიც შვედია, რამ შემაყვარა შვედები. შვედებზე ვაფრენ.
– ახალი ჟურნალის გამოცემის გარდა, ბოლო პერიოდში ახალი ზღაპრებიც გამოაქვეყნეთ…
-„საქართველოს რესპუბლიკაში“ „ალმოდებული პეპლები“ გამოვაქვეყნე, ჩემი ბავშვობის სიყვარულზე იყო… პირველ სიყვარულზე, პირველ კლასში რომ ვიყავი.
ეს ის დროა, როცა ახალგორში ვცხოვრობთ. ეს გოგოც მაწავლებლების შვილი იყო. მახსოვს, რომ მოიტეხა ფეხი, როგორი უბედური ვიყავი, ფეხმოტეხილი იყო ჩემი შეყვარებული. მშობლებმა წამიყვანეს, ვნახოთ ის გოგოო, სახელი მანანა ამეკვიატა, მე მგონი, არ ერქვა მანანა, მაგრამ ზღაპარში მანანა დავარქვი. წავედით მანანასთან და მშობლებს ვუთხარი, აქ საქმე მაქვს, ტქვენ შედით-მეთქი. რა საქმე მქონდა, არაფერი. თოვლი მოვიდა, ახალი ფაფუკი და წმინდა თოვლი იდო. მივედი და იქ, სადაც ბოლოს მანანა იდგა და ფეხი მოიტეხა, იმ ადგილას დავიხარე და თოვლს ვაკოცე, მახსოვს თოვლზე ჩემი ტუჩების ნაკვალევი.
ზღაპარში ასე ვწერ – მოვდიოდი ხეივანში, დაეხაზათ კლასობანას სათამაშო, მივედი და დავიწყე ასკინკილით ხტუნაობა, როგორც კი ასკინკილა დავიწყე, მაშინვე საიდანღაც გაჩნდნენ უამრავი ალმოდებული პეპლები. განვაგრძე ხტუნვა და ესენიც მომდევენ, მერე რომ დავიღალე, დავდგი მეორე ფეხი მიწაზე, პეპლები გაქრნენ, მივხვდი, რომ ამ პეპლებს ვუნდივარ მაშინ, როცა ასკინკილით ვხტუნაობ. ისევ დავიწყე ასკინკილით ხტუნაობა, გაჩნდნენ და დავინახე, რომ სადღაც მექაჩებიან ხეივნიდან. გავყევი და აღმოვჩნდი იმ სოფელში, სადაც ჩემს ბავშვობაში, პირველკლასელი რომ ვიყავი და გოგო მიყვარდა, იმ გოგოს სახლის გვერდით. შევასკინკილდი ეზოში, მივედი, ვაკოცე იმ ადგილს, სადაც იჯდა ადრე და შევიხედე ფანჯარაში. რომ დამინახა, გურამო, დამიძახა, დასწვდა ყავარჯნებს, ამოიდო იღლიაში და გამოვარდა გარეთ. ირგვლივ ალმოდებული პეპლები დაფრინავენ. ესენი შენ მოიყვანეო? კი- მეთქი, ვუთხარი, იციო, მოდი, მეც ასკინკილით წამოვალო. ჩავავლეთ ხელი ერთმანეთს და ასკინკილით მოვდივართ… პეპლებიც მოდიან, პეპლებმა გაავსეს მთელი ცა ჰორიზონტამდე. უცებ მანანამ მითხრა, რაღაც უნდა გითხრაო, შემომაჭდო კისერზე ხელები და მაკოცა. ალბათ ასეთი კოცნა არც წარმომედგინა, ისეთი მსუბუქი და მწველი იყო. როგორც კი მაკოცა, პეპლები გაქრნენ, მანანაც გაქრა, ყველაფერი გაქრა და ისევ აღმოვჩნდი ხეივანში, ვზივარ და ვწერ ამ ამბავს, ლექსად ვწერ…
მენატრება, მენატრება ჩემი ბავშვობა და ვარ ბედნიერი. ასეთი სასიყვარულო ამბავი იყო, ამირანმა მითხრა, ღმერთმა დაგასაჩუქრა ამ ნიჭით, რომ ისევ ის სიყვარული გახსოვსო. რა დასამალია და რომ ვწერდი, მართლა მახსოვდა.
რამ ჩამაგონა ეს ზღაპარი? 6 წლის ბიჭმა ვაკოცე მიწას, სადაც ის მანანა იდგა, სასწაული არ არის, კაცო. არაფერი არ ვიცოდი სიყვარულზე და არაფერზე, მაგრამ ეს ჩამაგონა ალბათ ღმერთმა. მე ასე მჯერა და მართლა ეგრეა, ქრისტე არის სიყვარული, ქრისტეს შეგრძნება, ჩვენ რომ შევიგრძნობთ იმ სიყვარულს სწორედ და შთაგვაგონებს სწორედ. ალბათ იქიდან არის ყველაფერი.
რა ვიცი, აბა, მე კითხვების დასმა ვიცი, პასუხები კი არ ვიცი.
თამარ შაიშმელაშვილი