„ილიამ ეს იცოდა! ჩვენ ვიცით? – არა!“ – ნინო ქუთათელაძის ერთადერთი მაშველი რგოლი გამოუვალ სიმარტოვეში

ქუთათელაძეების დიდ ოჯახში გაიზარდა. წიგნის კითხვა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო, რადგან ოჯახში ტრადიციულ რიტუალს მოჰგავდა…
სკოლაში ერთხანს მუსიკითაც იყო გატაცებული, მაგრამ მის ცხოვრებაში მალევე პოეზია გახდა მნიშვნელოვანი. ეს დეიდის დამსახურება იყო… შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის  განყოფილებაზე განაგრძო სწავლა. სიყვარულით ახსენდება ლექტორები და იქ გატარებული პერიოდი… განსაკუთრებით მძაფრად ემოციური იყო ის დღე, როცა ერთხელ  სიცოცხლეზე ხელჩაქნეული ტარიელ კვანჭილაშვილმა ამ ცხოვრებისკენ შემოაბრუნა…
ამბობს, რომ წერა მაშინ დაიწყო, როცა ასოების გამოყვანა შეძლო... ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. მის მიერ თარგმნილი ანდრეი ბელის რომანი „პეტერბურგი“ 2015 წელს გამოიცა და ლიტერატორებმა ერთხმად აღიარეს, როგორც ბელის შემოქმედებისქართული დღესასწაული“.
ამჟამად გამოასცემად ამზადებს ნოველების კრებულს და ბიოგრაფიულ რომანს, რომელიც  დიდ ქართველ მწერალს, ლევან გოთუას ეძღვნება.
მისთვის პოეზია ცხოვრებაა და, მისივე თქმით, როცა წერას შეწყვეტ, ესე იგი, დასრულდა ყველაფერი, –  ჟურნალისტისა და პოეტის ნინო ქუთათელაძის პერსონა.

პაპა – გიორგი ქუთათელაძე

– ოჯახზე  საუბარი, ალბათ პაპაჩემით, გიორგი ქუთათელაძით, უნდა დავიწყო. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან ოდესის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და მერე სულ განათლების სისტემაში მუშაობდა. ჩამოაყალიბა თეთრიწყაროსა და შემდეგ მანგლისის საბავშვო სახლები. სოხუმში სამუშაოდ გადასვლა თვითონ მოითხოვა, რადგან ბებიაჩემის მარტოხელა მამიდა იქ ცხოვრობდა და სანაპიროზე ორ საკონდიტროსაც ფლობდა. ჯერ სკოლის დირექტორად მუშაობდა, ბოლოს კი ბიოლოგიის მასწავლებლად სოხუმის პუშკინის სახელობის მეორე საშუალო სკოლაში, გახლდათ აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. მის ხელში უამრავმა თაობამ გაიარა. ზაფხულობით, როცა იქ ჩავდიოდი,  სულ  ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით სანაპიროზე, უფრო ხშირად კი – სტადიონზე, სადაც სოხუმის „დინამოს“ ვარჯიშებს ვადევნებდით თვალს.  მისი დამსახურებაა, რომ  მთელი სიცოცხლე თან გამომყვა ფეხბურთის დიდი სიყვარული.
ახლა თქვენ იკითხავთ, იმერელ კაცს რატომ ვეძახდი პაპას და არა ბაბუას?  როცა მე დავიბადე, დედაჩემის მამა უკვე გარდაცვლილი იყო, უფრო სწორად, გადასახლებაში დაღუპული. მაშინ პაპაჩემმა დედაჩემს უთხრა, მე ისიც მეყოფა, რომ ჩემს შვილიშვილს ვხედავ და ის დამიძახოს, რასაც მამაშენს დაუძახებდაო.  დედაჩემის მამა კი ქალაქელი კაცი იყო, თან – წარმოშობით ქართლელი და ცხადია,  ბაბუას  არ დავუძახებდი. ის ყოფილი პირველი სტამბის, მაშინ ჯაბადარის სტამბის (ასე ეძახდნენ სტამბას) დირექტორი  გახლდათ. სწორედ იქიდან გაუყენეს ციმბირის გზას, დააწიოკეს ოჯახი. მამის დაპატიმრებიდან მეორე დილას, დედაჩემს, 14 წლის გოგონას, სრულიად ჭაღარას გაუღვიძია.

მამასთან ერთად

ბებიებზე არაფერს ვიტყვი – ისინი, როგორც ყველა ქალი იმდროინდელ საქართველოში, ოჯახისთვის თავდადებული ადამიანები იყვნენ.
მამა, ირაკლი გიორგის ძე ქუთათელაძე, სამხედრო პირი გახლდათ.  სწორედ იმ დღეს დაბომბეს  ფაშისტებმა კიევი, როცა მამამ  კიევის საარტილერიო სასწავლებელი დაამთავრა და დიპლომი აიღო. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო  და მთელი ომი გაიარა კიევიდან სტალინგრადამდე და სტალინგრადიდან ბერლინამდე. როგორც  ის ამბობდა, პირველად ჩვენი ბატალიონი შევიდა ბერლინში, რაიხსტაგიც ჩვენ ავიღეთო, მერე  ჩვეულებრივი სპექტაკლი გაითამაშესო.
წიგნის კითხვა ჩვენს ოჯახში ტრადიციული რიტუალის მაგვარი რაღაც იყო. ღამით, როცა დამაძინებდნენ, დედა ერთ კუთხეში მიუჯდებოდა წიგნს, მამა – მეორეში. ღამე თვალს გავახელდი  და ჩუმად ვუყურებდი მათ.  წიგნის კითხვა მეც ადრე დავიწყე. ვკითხულობდი რუსულადაც და ქართულადაც.  მე და მამა ხშირად ვუსმენდით მუსიკას, საოპერო მუსიკასა და ომისდროინდელ  სიმღერებს.  შემეძლო  მთელი დღე გაუნძრევლად მესმინა  რადიოსთვის და როცა მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, მარეხ  გოძიაშვილი – მეთქი, ვპასუხობდი.
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე  სკოლა დაამთავრეთ და დღემდე დაუვიწყარია თქვენთვის სკოლის მოგონებები…

124- ე სკოლის წინ – გოგონები ქართულის მასწავლებელთან ერთად

  სკოლაშიც გაგრძელდა ჩემი გატაცება მუსიკით. ვუკრავდი ვიოლინოზე სკოლის ორკესტრში, ვმღეროდი  სოლოს სასკოლო გუნდთან ერთად. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე პოეზია გახდა. ამაში განუზომელი წვლილი დეიდაჩემს – ელეონორა კოლიაშვილს, მიუძღვის. ის იყო ჩემი გულის მესაიდუმლე, ჩემი ლექსების პირველი მსმენელი. სამწუხაროდ,  ძალიან ადრე გარდაიცვალა და ეს, რა თქმა უნდა, იმ საშინელი 30-იანი წლების შედეგი იყო.
ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი სკოლა, მართლაც,  შესანიშნავი  იყო, განსაკუთრებული.  მათემატიკის, რომელსაც მე ცუდად ვსწავლობდი,  მასწავლებელიც კი  შეუდარებელი ადამიანი გახლდათ. ყველა მასწავლებელი კარგად მახსენდება, მაგრამ ორ მათგანს მაინც გამოვყოფდი, რუსულის მასწავლებელს – ლიდია ალექსანდროვნას, ძალიან ტრაგიკული ბედის ქალბატონს და ქართულის მასწავლებელს, ნინო ლაშხიას,  რომელზეც არაერთხელ მისაუბრია რადიოთი თუ ტელევიზიით. თუკი მე რამე ვიცი რუსულ ლიტერატურასა და ზოგადად, გრამატიკაში, ყველაფერი ჩემი რუსულის მასწავლებლის დამსახურებაა.
რაც შეეხება ქალბატონ ნინოს,  ბრძენი და ღრმად განათლებული ქალი იყო. როცა მე პირველ წელიწადს ვერ ჩავირიცხე უნივერსიტეტში, საშინელი  დეპრესია  დამეწყო.  ის მოვიდა ჩემთან სახლში და გამამხნევა. იცით, რა მითხრა?  „როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში, მე ჩავირიცხე და მირზა გელოვანი გარეთ დარჩაო. ახლა ვინ იცის, ვინ ვარ, რას ვაკეთებ, მირზა გელოვანს კი მთელი ქვეყანა იცნობს“.
რით იყო გამორჩეული ჩემი სკოლა? იქ ქართული სული ტრიალებდა, იქ დიდი სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა სუფევდა. განა ეს ცოტაა?!
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდით… ვინ დატოვა საგრძნობი კვალი თქვენში?
– დიახ, მე ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის  განყოფილებაზე ვსწავლობდი. როცა  მე  ვაბარებდი ამ განყოფილებაზე, ყველა მეწინააღმდეგებოდა, ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა. ლევან გოთუამ ისიც კი მითხრა, „რა გინდა, კაცო, მეგაზეთე უნდა გამოხვიდე?!“ მე  კი ჩემსაზე ვიდექი და ჩავაბარე კიდეც. ახლაც არ ვნანობ. უნივერსიტეტში საცარი გარემო დამხვდა. პირველივე კურსიდან დავუმეგობრდი  ჩემს ლექტორსა და უსაყვარლეს ადამიანს  ნია აბესაძეს.  არ იყო არცერთი ჩემი თხოვნა, რომელიც უპასუხოდ დაეტოვებინოს. მისი ბიბლიოთეკის წიგნებით გავეცანი კაფკას, ჯოისს, პრუსტს და ა.შ. თუკი რამ იყო ჩემთვის გაუგებარი, აუცილებლად ამიხსნიდა, განმიმარტავდა.

124-ე სკოლა. შეხვედრა მარიჯანთან

განსაკუთრებული სიყვარულით უნდა გავიხსენო იოსებ ბოცვაძე, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას გვიკითხავდა. ის ტიპური ქართველი ინტელიგენტი გახლდათ. სადიპლომო შრომად პართენ გოთუას პუბლიცისტიკა ავირჩიე, თან ყველაფერი ხელთ მქონდა;  მეგონა, შემეწინააღმდეგებოდა, რადგან ამ ნაშრომში მისი მამის, ლუარსაბ ბოცვაძისა და პართენ გოთუას პოლემიკაზეც უნდა მესაუბრა. კამათისას კი ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაც უხერხულ ფრაზებსაც გამოურევენ მოპაექრენი. ჩემდა გასაკვირად, მას არც ერთხელ არ წამოსცდენია აუგი, არ გამოუმჟღავნებია წყენა. პირიქით, ძალიან გაიხარა, როცა სრულიად ახალი რამ აღმოვაჩინე და ჟურნალ „კვალის“ უკანასკნელ ნომერში დაბეჭდილი, ასე ვთქვათ, გამოსათხოვარი წერილის – „დაურღვეველი საბუთების“  ავტორად ბატონი პართენი გამოვაცხადე.  შემაქო, ჩვენ ამაზე რამდენ ხანს ვიმტვრევდთ თავსო. არ შეიძლება არ მოვიგონო  კიდევ ერთი საოცარი ადამიანი, რეზო დვალიშვილი, რომელიც სპეცკურსს გვიკითხავდა ფელეტონში. მისი ხათრით ერთი საკურსო შრომა – „მიხეილ კოლცოვის   პამფლეტებიც“ – კი დავწერე.
მინდა ბატონ ტარიელ კვანჭილაშვილზეც გესაუბროთ, რომელიც გარდა იმისა, რომ  ჟურნალისტიკის ჟანრებს გვიკითხავდა, მწერალთა წრის ხელმძღვანელიც იყო.  მაგრამ მე მას სულ სხვა რამისთვის მინდა გადავუხადო მადლობა. ჩემისთანა ემოციებს აყოლილი ადამიანები ხშირად ძლიერ სტრესს ვერ უძლებენ. ჰოდა, ერთხელ გადავწყვიტე, რომ აღარ ღირს სიცოცხლე და დავეშვი სანაპიროსკენ. უცებ ხელი წამატანა ვიღაცამ. ბატონი ტარიელი იყო. რაღაც უცნაურად შემომხედა და გამიბა ლაპარაკი. თითქმის საათნახევარი მელაპარაკა.  დღეს რომ მკითხოთ, რაზე, ალბათ დაზუსტებით ვერ გიპასუხებთ. მე მგონი, გალაკტიონზე ვსაუბრობდით. როცა ერთმანეთს დავცილდით, მივხვდი, რომ სახლისკენ მივდიოდი. ვიცოდი, რომ იმ წუთას ბატონი ტარიელი უფალმა გამომიგზავნა!
ღმერთო, ნათელში ამყოფე ყველა სიკეთისთვის მოვლენილი ადამიანის სული!

დედა და დეიდა – რუსუდანი და ელეონორა

საქართველოს ტელერადიოკორპორაციის ლიტერატურის განყოფილების გამგე იყავით. რა შეგძინათ შემოქმედებითი თვალსაზრისით ამ წლებმა?
–  ტელევიზია ჩემი სახლი  იყო. მე უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. რაღაც მაგნიტი აქვს ამ დაწესებულებას, სულ მინდოდა იქიდან  წამოსვლა და ვერ ვახერხებდი. ასე გავიდა 25 წელიწადი.  ახლა რომ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გვერდით ტრიალებდა, გულში სითბო მეღვრება. ტელევიზიაში ერთად მივედით, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, დიდი ქართველი მწერალი  სოსო პაიჭაძე, რამდენიმე კონოსცენარის ავტორი თამაზ ჟორჟოლიანი და მე. დღესაც მახსოვს ჩემი პირველი გადაცემა ნობელის პრემიის ლაურეატზე – პაბლო ნერუდაზე. რედაქციაში არ იყო არცერთი ადამიანი, რომელიც არ მეხმარებოდა. ასეთი თანადგომა იშვიათად მინახავს ცხოვრებაში.
როცა ჯემალ აჯიაშვილის „შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის“ მიხედვით ვაკეთებდით გადაცემას, ბევრი საოცარი ამბავი გადაგვხდა. მაშინ გავიცანი დიდებული ადამიანი, შესანიშნავი ებრაისტი, „ეკლესიასტეს“ მთარგმნელი  ნისან ბაბალიკაშვილი. მისი ნესტიანი ოთახი წიგნებით იყო გაძეძგილი. გამხდარი ხელით გადმოჰქონდა თაროებიდან ფოლიანტები და წინ გვილაგებდა. სწორედ მის სახლში ვნახე პირველად ბორის გაპონოვის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ შეუდარებელი გამოცემა. სწორედ მან შეგვარჩევინა საილუსტრაციო მასალა გადაცემისთვის. მოვიპოვეთ სამოელ ჰალოის მიერ ებრაულად უბადლოდ წაკითხული იეჰუდა ჰალევის საგალობელი. გავიდა გადაცემა ეთერში და რამდენიმე ამერიკულმა გაზეთმა დაბეჭდა რეცენზია მასზე, ისრაელის რადიომ მე და გადაცემის რეჟისორს, თემურ კვირკველიას, მოგვილოცა ახალი წელი… ნუ დაგვავიწყდება, რომ მაშინ 1979 წელი  იდგა. დაიწყო დაკითხვები, ზარები უშიშროების  კომიტეტიდან. მივხვდი, რომ სამსახურიდან დათხოვნა გვემუქრებოდა. მერე, ჩემდა გასაოცრად, უცებ შეწყდა ეს აურზაური. თურმე ნუგზარ ფოფხაძემ – კომიტეტის მაშინდელმა  თავმჯდომარემ თავის თავზე აიღო ყველაფერი, დასტური მე მივეცი და თუ რამ შეგვეშალა, მე უფრო ვარ დამნაშავეო. დიდი მადლობა მას ამისთვის.
ბევრი რამის მოყოლა შემიძლია, მაგალითად, ქალბატონ ლილი იოსელიანთან მუშაობის შესახებ. ეს ჩემთვის მთელი სკოლა იყო. ქალბატონი ლილი პირველი იყო, ვინც დიდ ვიდეოზე სამწამიანი კადრებით გადაფარა ლექსები. ახლა კომპიუტერით ამის გაკეთება იოლია. გასაოცარი იყო მემონტაჟისა და ოპერატორის ოსტატობა, ქალბატონ ლილის ყველა თხოვნას უსრულებდნენ. გადაცემაც მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველგან არიან შურით აღსავსე ადამიანები და გადაცემა ეთერში გასვლის შემდეგ იმევე დღეს   წაშალეს იმ საბაბით, ვითომ ფირი  შეამოაკლდათ.
მინდა გავიხსენო აგრეთვე მშვენიერი რეჟისორი ქალბატონი, დალი გურგენიძე, ტელევიზიის კოლორიტი. ის ქართულ ტელევიზიაში ერთადერთი იყო, ვინც პარტიტურას კითხულობდა. მისი გადაღებული მუსიკალური ნომრები მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნითა და დღევანდელთათვის გასაგებად რომ  ვთქვა, ევროპული დონით გამოირჩეოდა. ლიტერატურაც ფანტასტიურად იცოდა,  ჩვენ რამდენიმე გადაცემაზე ვიმუშავეთ ერთად. მათ შორის მინდა  გამოვყო  ტარიელ ჭანტურიას პოემა „ორნის“ მიხედვით გადაღებული ლიტერატურული თეატრი, რომელშიც ათასგვარი ეფექტი იყო გამოყენებული.  მოგვიანებით მე მას ლექსიც ვუძღვენი, ოღონდ რუსულ ენაზე, რადგან რუსული მისთვის მაინც მშობლიური იყო.
მახსენდება, ქართული საღამოები „ოსტანკინოში“, როცა დიდი რუსი მწერლები საქართველოზე საუბრობდნენ, როცა დიდებული რუსი პოეტები საქართველოსადმი მიძღვნილ ლექსებს კითხულობდნენ. მაშინ გავიცანი ბატონი ფაზილ ისკანდერი, რომელიც ისეთი სულაც არ აღმოჩნდა, როგორი აზრიც ჰქონდათ მასზე ქართველებს. მან ძალიან თბილად ისაუბრა ჩვენს ქვეყანაზე და როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, რადიოთიც ღიად  განაცხადა, რომ აფხაზები ქართველური  მოდგმის ხალხია, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
მოკლედ, ტელევიზია ჩემთვის ცხოვრების ხალისი, დაღლა, ბედნიერება, მოვალეობა, საქმის ერთგულება და თავგანწირვაც  იყო.  როცა იქიდან გუდა-ნაბადი აგვიკრეს, დიდხანს მესიზმრებოდა სამონტაჟო, ფერადი კადრები და ის სინათლეც, რომელიც მხოლოდ ტელევიზიაში შეიძლება იყოს.
თქვენ პოეზიაში ტრადიციულ მაგისტრალურ გზას აგრძელებთ. როგორ ფიქრობთ, ის პოეტები, ვინც ეპატაჟითა და თავის გამოჩენის რაიმე პოპულისტური მეთოდით არ იმკვიდრებენ თავს, დღეს როგორ უნდა იპოვოს მკითხველმა, როცა არც კრიტიკაა, წიგნებიც ვერ აღწევს საქართველოს მასშტაბით, რეკლამა კი ერთი და იგივე მწერალს უკეთდება?
– მე არ ვთვლი, რომ ტრადიციულ მაგისტრალურ ხაზს ვაგრძელებ, თუმცა რითმიან ლექსს ხშირად ვწერ და დღემდე მგონია, რომ ყველა სათქმელს თავისი ფორმა სჭირდება. არის ლექსი, რომელიც პირდაპირ, ჯიქურ მოითხოვს რითმას. საერთოდ, ცნობილია, რომ მხატვარმა თუ ხატვა არ იცის, ის ვერასოდეს გახდება კუბისტი, იმპრესიონისტი, სიურრეალისტი ან სხვა და სხვა. ასეა რითმიანი ლექსიც… თუ რითმიანი ლექსის წერა არ შეგიძლია, შენ პოეტი არც ხარ (ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა).

ლექსი კი არ უნდა აკეთო, საჩუქარივით უნდა მიიღო უფლისგან.

ჩემი სტიქია რიტმულად მოწესრიგებული ვერლიბრია. ის არ გიზღუდავს სათქმელს, არ გიწესებს ჩარჩოებს, განგაწყობს სააზროვნოდ… მე ჩემს მასწავლებლად ქართული საგალობლები მიმაჩნია, ოდნავ არეული რითმითა და სათქმელის სიღრმით, განუმეორებელი რიტმითა და სულიერი სიფაქიზით. აი, სწორედ მათში მჟღავნდება, რომ სიტყვა უფალია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საგალობელი რელიგიის კუთვნილებაა, არამედ იმიტომაც, რომ მასში სიტყვისა და სათქმელის ესთეტიკა აბსოლუტურად თანხვედრილია.
რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ეს ნამდვილად არ ვიცი… მე რომ ეს მცოდნოდა, არც ადრე ვიდგებოდი სადღაც კუთხეში და არც ახლა ვიქნებოდი გამოუვალ სიმარტოვეში. ლიტერატურული კრიტიკა კი ძალიან რთული დარგია, დიდ განათლებასა და ანალიტიკური უნარის ქონას მოითხოვს. ეს ისეთი სფეროა, სადაც სუბიექტური დამოკიდებულებები გვერდზე უნდა გადადო და რეალობას თვალი გაუსწორო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია.

ლიტერატურული კრიტიკა შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყანაში ყვაოდეს, რომელმაც იცის, რა უნდა, რა არის მისი მიზანი, რა ამოცანები დგას საზოგადოების წინაშე… ილიამ ეს იცოდა! ჩვენ ვიცით? – არა! აბა, რა კრიტიკაზეა ლაპარაკი. ამასთან, ეს მძიმე შრომაა და მას შესაფერისი ანაზღაურებაც სჭირდება. ლიტერატორის შრომას კი დღეს ფასი არა აქვს და სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ეროვნული კონცეფცია. აქედან გამომდინარეობს საზოგადოების ზედაპირულობა და იმ მწერალთა და პოეტთა რეკლამირებაც, რომელნიც თავის თავს თვითონ ახვევენ მასმედიას.

როდის და როგორ დაიწყეთ წერა? რა არის თქვენთვის პოეზია?
– წერა მაშინ დავიწყე, როცა ასოების გამოყვანა შევძელი. ჩემი პირველი ლექსი არავის ჩაუწერია, მე თვითონ დავწერე მოღრეცილი და მსხვილი ასოებით. ჩემთვის პოეზია ცხოვრებაა და როცა წერას შევწყვეტ, ესე იგი, დასრულდა ყველაფერი. მართალი გითხრათ, ეს არის ერთადერთი რგოლი, რომლითაც მიბმული ვარ ამ ქვეყანაზე.
რით განსხვავდება 21- საუკუნის პოეტის საფიქრალი მე-20 საუკუნის პოეტის საფიქრალისგან?
– 21-ე საუკუნის პოეტის საფიქრალი მხოლოდ ნიუანსებით განსხვავდება მე-20 საუკუნის პოეტის საფიქრალისაგან, რადგან ენა, რომლითაც ჩვენი მწერლობა საზრდოობს, დღეს გერის როლშია. მაშინ თუ რუსული გვეძალებოდა, ახლა ინგლისურის ამერიკული დიალექტი გვიტევს. თანამედროვეთა თხზულებებში ისეთი ენობრივი კონსტრუქციები გაჩნდა, დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში. ამას, რა თქმა უნდა, დიდად შეუწყო ხელი ჩვენმა განათლების სისტემამ. ახლა, მართალია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არ გვჭირდება, მაგრამ ფიქრის, აზროვნების დეფიციტი, დიახაც, სახეზეა, ეროვნულად აზროვნების საჭიროება ხომ საერთოდ გამოირიცხა.

ლალი ჯაფარაშვილი, ნინო ქუთათელაძე, მაკა სეფაშვილი – შეხვედრა 124-ე სკოლაში

ვინ არიან თქვენი რჩეული ავტორები და რატომ?
– ვგიჟდები ბარათაშვილზე! მან, სრულიად ახალგაზრდა ადამიანმა, შესძლო დაენახვებინა ჩვენთვის, რისთვის და რატომ უნდა იცხოვრო კაცმა. კი… წუთისოფელში ყველაფერი ამაოა, გვეუბნება ის და ამასვე გვასწავლის „ეკლესიასტეც“, მაგრამ შენ იმისთვის მოდიხარ, რომ აშენო მომავალი, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს… ეს მთელი ფილოსოფიაა, გააზრებული და გათავისებული ფილოსოფია. ტყუილად კი არ ეთაყვანებოდა გალაკტიონი ბარათაშვილსა და აკაკის. მას სურდა ეს ორი ფენომენი შეერწყა საკუთარ პოეზიაში – აზრი და მუსიკა. ხშირად ვკითხულობ ფრანგ და რუს სიმბოლისტთა ნაწარმოებებს, თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ ფრანგული არ ვიცი.
ვცდილობ, წელიწადში ერთი-ორჯერ მაინც წავიკითხო „ვეფხისტყაოსანი“. ნეტავ, იცოდეთ, როგორ მეხმარება ეს ნაწარმოები ცხოვრებისეული პერიპეტიების ახსნაში, მეხმარება სასოწარკვეთილებისას, მეხმარება ყოველდღიურ ყოფაში. მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილი, რადგან მის ნაწარმოებებში ქართველთა სულიერი სამყარო სუნთქავს. ამ ბოლო ხანს უფრო და უფრო მივეძალე ფილოსოფიურ ლიტერატურას. ამის გამო ხანდახან საკუთარ თავსაც დავცინი, როგორც ჩანს, დავბერდი-მეთქი. მეტი რა გითხრათ?!
პოეზია და მის ბედ დღევანდელ სამყაროშირატომ უნდა უჭირდეს პოეზიას, როცა საქართველოში ყოველი მეორე ლექსებს წერს?
– ლექსის გაგება ძალიან რთულია… მის გაგებას სპეციალური მომზადება და გული სჭირდება. თანამედროვე საზოგადოებას უტილიტარული, მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა სამშობლოს მიმართაც კი და ლექსი რაში უნდა მოიხმარო, მათი გაგებით, რა თქმა უნდა. თუ ლექსი არ დამასახლებს, სარგებელს არ მომიტანს, რატომ წავიკითხო, აი, თანამედროვეთა ფსიქოლოგია.

რასაც ყოველი მეორე წერს საქართველოში, თქვენ გგონიათ ლექსია? ეს სიტყვების გროვაა და ამ სიტყვათა საერთო რაოდენობა 100-ს იშვიათად სცდება. ჩვენში ამ თვალსაზრისით, მაინც უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე დღევანდელ ევროპაში. გოეთესა და ჰაინეს ქვეყანაში თითქმის აღარ იწერება ლექსი. ეს ტრაგედიაა! და იცით, რატომ? ადამიანები აღარ განიცდიან კათარზისს, ცრემლი მხოლოდ ფიზიკური ტკივილისას თუ მოადგებათ თვალზე… პოეზია კი კათარზისის სათავეა!

ანა კალანდაძესთან ერთად

ლევან გოთუასთან მეგობრობდითხომ ვერ გაიხსენებდით მასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ შემთხვევას, ან სიტყვებს, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა?
– ერთ საოცარ ამბავს მოგიყვებით, არსად მომიყოლია და… მე, რა თქმა უნდა, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გავიცანი ლევან გოთუა. მოგეხსენებათ, რა წლები გადაიტანა ვორკუტაში, სოლოვკებზე და გახსენებაც არ მინდა, კიდევ სად… ვერ იტანდა, როცა ვინმე რუსულად საუბრობდა, სახე აენთებოდა ხოლმე, თავს ძლივს იკავებდა, სახეზე ისეთი ტკივილი გამოეხატებოდა, თითქოს ისევ მიწურში იწვა და სიცივისაგან სუნთქვა ეკვროდა.

ერთხელ ბატონი ლევანის დებს, თინათინსა და თამარს ვესტუმრეთ, ბიძია ლევანიც იქ დაგვხვდა. მე და მამას თან გვახლდა მამიდაჩემიც, რომელსაც ქართული კი ესმოდა, მაგრამ მშობლიურ ენაზე თითქმის არ ლაპარაკობდა… გადაირია და ბოლოს ისიც კი თქვა, ეს ქალი თუ კიდევ მოვა, წინასწარ გამაგებინეთ, რომ მე არ მოვიდეო.

მაშინ ეს ძალიან გამიკვირდა. ახლა მესმის მისი… მეც ასე ვარ, ინგლისური რომ მესმის ტრანსპორტში, ან ქუჩაში, თავს ვერ ვიკავებ, რადგან ვიცი, რომ სიამტკბილობითა და ფლიდობით მოსული მტერი მტერზე მტერია. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს ინგლისურ ენაზე შექმნილი ლიტერატურა არ მიყვარდეს, ძალიან მიყვარს უიტმენის, ეზრა პაუნდის, თომას ელიოტის, ემილი დიკინსონის პოეზია და ზოგი მათგანი ორიგინალშიც წამიკითხავს, მაგრამ უკვე კარგა ხანია, აღარ დავბრუნებივარ მათ შესანიშნავ და ამაღელვებელ თხზულებებს.
თქვენი თარგმნილი წიგნი ანდრეი ბელის რომანი „პეტერბურგი“ ხანგრძლივი დროის მერე გამოიცა. რატომ აირჩიეთ ამ წიგნის თარგმნა და რას ნიშნავს თქვენთვის მისი გამოცემა?
– ჰო, ახლა თქვენ შეგიძლიათ, მკითხოთ, მაშ, ანდრეი ბელის შემოქმედება რაღად თარგმნეო? ჩემთვის ლიტერატურა და პოლიტიკა აბსოლუტურად გამიჯნულია ერთმანეთისაგან. მაშინ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ბევრი იყო გატაცებული რუსული ლიტერატურით (სამწუხაროდ, დღეს ინგლისურენოვანი მწერლების შემოქმედება არავის აინტერესებს), უმეტესობას ესენინისა და ბლოკის ლექსები ხიბლავდა. ჩემთან გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ: რუსული ლექსის ნოვატორი – ვლადიმერ მაიაკოვსკი და სრულიად ფენომენალური ანდრეი ბელი, ბორის ნიკოლაევიჩ ბუგაევი. პირველად ანდრეი ბელის „პეტერბურგი“ ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა მაჩუქა, რადგან იცოდა ჩემი გატაცების შესახებ. მას შემდეგ მე და ანდრეი ბელი არ დავშორებივართ ერთმანეთს. მხოლოდ ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ახლებურად გაიხსნა ჩემთვის მისი პოეზია. ამ წიგნის გამოცემა დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამგვარ წიგნს ძალიან დაინტერესებული პირი თუ გამოსცემდა, ამიტომ ხელნაწერი სახლში მედო და არავის ვაწუხებდი.
„პეტერბურგის“ გამოცემით ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დასასრულია და, ამასთან, ის ანდერძი თუ თხოვნაც შევასრულე, რომელიც ჩემმა ბაშვობის მეგობარმა, მიხეილ ქურდიანმა დამიბარა. როცა ის საავამყოფოში მოვინახულე, დამიმარტოხელა და მითხრა, მე ალბათ ვეღარ და როგორმე შენ თვითონ უპატრონე შენს შემოქმედებასო, აუცილებლად გამოეცი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, „პეტერბურგი“, დაასრულე შენი ნაშრომი ლევან გოთუაზე, დაწერე ბიოგრაფიული რომანი, და კიდევ… გახსოვს? – ჩვენ ერთად გვინდოდა დაგვეწერა ისტორიული პიესა გორგასალის ეპოქაზე, ესეც შენ უნდა გააკეთო უჩემოდ… ერთი პუნქტი შესრულებულია! სანამ ყველაფერს არ გავაკეთებ, ვიცი, რომ უფალი დამინდობს და არ მიმიხმობს თავისთან, თუმცა მე ამისთვისაც შინაგანად მზად ვარ.
ხუთი  პოეტური კრებულის ავტორი ხართ. ხომ არ ფიქრობთ ახალი წიგნის გამოცემას?
– ვფიქრობ, ბევრ რამეზე ვფიქრობ… პოეტური კრებულის გამოცემაც მინდა, მაგრამ ამისთვის სახსრებია საჭირო, მე კი, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე, გლახა ამპარტავანი ვარ და მუხლთ არვის მოვექნები. ახლა „თბილისურ ნოველებზე“  მუშაობას  ვაგრძელებ. იმედია, მის გამოცემაში მაინც დამეხმარება მერია იმიტომ, რომ იქ დიდი სიყვარულია ჩაღვრილი. ვმუშაობ ბიოგრაფიულ რომანზეც, რომელიც  დიდ ქართველ მწერალს, ლევან გოთუას ეძღვნება.
–  ჩვენი მკითხველისთვის თქვენი ერთი ლექსი გვითხარით…
ლექსი… ოდესმე თუ მიგიძღვნიათ ლექსი მეტოქისადმი, მეტოქისადმი სიყვარულში?!  აი, ეს ლექსიც:

ვათავისუფლებ ჩემს სიყვარულს
შენგან და ჩემგან
და აღარ მინდა ბედთან ჭიდილი.
დაღმართში იის სურნელი ფეთქავს,
ვერ გამომადგა ეს გაკვეთილი.
ვათავისუფლებ ამ ჭურჭელში
ჩაკეტილ  ტკივილს,
ტკივილს, რომელიც იწვოდა დიდხანს,
მითხარ, რამდენ ხანს ინახავს სხივი
სითბოს მოყოლილს ელვარე მზისგან?!
ვათავისუფლებ  იისფერ  ფრინველს,
სულს მასთან ერთად ფრენას  მივუსჯი,
ვათავისუფლებ, რაც უკვე ითქვა
ამ აკრძალული გაზაფხულისთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები