„ადამიანების გახარება მიყვარს“… –  როგორ დახატა ფეისბუქზე ნანახი უცნობი გოგონა გიორგი ნავროზაშვილმა

თიანეთის პატარა სოფელში გაატარა ბავშვობა. შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. სკოლის პრიოდში დაიწყო ხატვა, თუმცა სკოლის დასრულების შემდეგ ტურიზმის სპეციალობაზე განაგრძო სწავლა…
უყვარს მოგზაურობა და იღებს მხატვრულ ფოტოებს… ხელნაკეთ ნივთებს და სამკაულებს კი გულუხვად ასაჩუქრებს…
ამბობს, რომ ხატვას გააგრძელებს და საინტერესო პორტრეტებს შემატებს თავის „გალერეას“. – გიორგი ნავროზაშვილის პერსონა.

– თიანეთის პატარა სოფელ ჩაბანოში გავიზარდე. ბავშვობიდან თითქმის ყველაფერი მახსოვს. ვფიქრობ, კარგი ბავშვობა მქონდა. ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მშობლები წვალობდნენ, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდნენ, არაფერი მოგვკლებოდა. ცელქი ვიყავი, სახლში არ შევდიოდი, სულ რაღაცას ,,ვჩხირკედელაობდი”. გარეთ იშვიათად გავდიოდი, მერჩია, შინ ვყოფილიყავი და რამე მეკეთებინა, თუნდაც პატარა სკამი – ხისგან ან ველოსიპედი დამეშალა და თავიდან ამეწყო.
– 12 წლის იყავით, თბილისში რომ გადმოხვედით საცხოვრებლად…
– როცა გავიგე, თბილისში მოვდიოდი საცხოვრებლად, დავიბენი, სოფლელ ბავშვს  წარმოუდგენლად მეჩვენა დიდ ქალაქში ცხოვრება. მეწყინა, არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რადგან მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.
სკოლის პერიოდი გამოირჩეოდა ახლად შეძენილი მეგობრებით. თავდაპირველად მიჭირდა მათან დაახლოება, ძალიან ხათრიანი ვიყავი. გაკვეთილსაც კი ვერ ვყვებოდი. კლასის დამრიგებელი მყავდა ძალიან კარგი ადამიანი და დიდი როლი შეასრულა. ასე რომ ალბათ თითოეული წუთი გამორჩეული იყო ჩემთვის.
ხატვა სკოლის პერიოდში დავიწყე. სამოყვარულო დონეზე ვხატავდი. ერთ დღესაც მომინდა ჩემი დის დახატვა. მას შემდეგ ვხატავ პორტრეტებს. არ ვთვლი, რომ კარგი ნამუშევრები მაქვს, თუმცა როცა ვუყურებ ნახატს, მომწონს. ადრე დედაჩემიც ხატავდა და ალბათ ეს ნიჭი გამომყვა მეც.
ვან გოგი გიყვართ… ახლახან მზესუმზირები დახატეთ…
– ვან გოგის ფერები მიყვარს.  პიკასოც მიყვარს, ახვლედიანიც და ფიროსმანიც… კიდევ აივაზოვსკის ნახატები მომწონს… ასევე  ძალიან მიყვარს ხატების ცქერა…
– ტურიზმზე სწავლობთ… სამხატვრო სასწავლებელში არ გსურდათ სწავლის გაგრძელება?
–  მიყვარს სიარული. მთა მიყვარს. სამთო ტურიზმი მიზიდავდა. ახლა მგონია, რომ სამხატვროში ჩაბარება უკეთესი გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ არც ახლაა გვიანი.
– „გაიცანი საქართველო“ – ხშირად ნახავთ ასეთ წარწერას სამოგზაურო ტურებზე… და არცთუ უსაფუძვლოდ… ქართველ კაცს უცხოეთისკენ უჭირავს თვალი და საქართველოს ნაკლებად იცნობს… მოგზაურობა რომ გიყვართ, თქვენი ფოტოები ადასტურებს…
– მართალია, ასეთი წარწერები ხშირად გვხვდება. მე ვფიქრობ, ასე მარტივად არაა საქმე. საქართველოს გაცნობა ასე მარტივი არ არის, როგორც სიტყვებიდან ჩანს. ბევრს დავდივარ საქართველოს კუთხეებში და ვთვლი, რომ ძალიან ცოტა მაქვს ნანახი. იმხელა ისტორია გვაქვს,  წლები სჭირდება საქართველოს გაცნობას. ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, სხვა ქვეყანაში წასვლით მარტივად აიწყობენ ცხოვრებას. ამიტომ უჭირავთ სხვა ქვეყნებისკენ თვალი. თუ შრომა არ გეზარება, იშრომე შენს ქვეყანაში, გამოადექი ქვეყანას, რაღაც წვლილი შეიტანე და ყველაფერი კარგად იქნება. შენთვისაც და ქვეყნისთვისაც. მესმის, რომ არ გვიწყობენ ხელს, მაგრამ ვცადოთ მაინც.
– მხატვრულ ფოტოებსაც იღებთ… ეს ალბათ ჰობია…
– ფოტოების გადაღება მიყვარს. ერთ -ერთი ჩემი ჰობიც შეიძლება ვუწოდო. მხატვრული ფოტო ბევრი არ მაქვს. დროს უქონლობის გამო არ მიხერხდება ხშირად ფოტოების გადაღება.
რატომ მოგწონთ პორტრეტების ხატვა?
– ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები ლამაზები არიან. სახე ყველაზე მეტად გამოხატავს მათ სილამაზეს, როგორც სულიერს, ასევე ხორციელს.
– ვინ შეასრულა განსაკუთრებული როლი თქვენს ცხოვრებაში?
– დიდად ვუმადლი ჩემს ოჯახს, მშობლებს და  დას. რაც ვარ, ეს ყველაფერი მათი დამსახურება და, საერთოდ, ყველა ადამიანი დიდ როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში. უცხო ადამიანისგანაც მისწავლია ბევრი კარგი რამ.
– ხატვისას ალბათ შთაგონება გჭირდებათ?…
– ხასიათის მიხედვით ვხატავ. როცა ხატვის ხასიათზე ვარ,  ვირჩევ ადამიანს და ვხატავ.  მარტო როცა ვარ, ეს მაშინ ხდება.
– ბავშვობიდან ხელნაკეთ ნივთებს, სუვენირებს აკეთებთ…  და ჩუქნით მეგობრებს, ახლობლებს…
– ადამიანების გახარება მიყვარს. სუვენირების კეთებაც ამიტომ დავიწყე. დიდ გულს და სიყვარულს ვდებ ამ საქმეში და ვჩუქნი ადამიანებს.
ერთხელ მახსოვს, ფეისბუქზე ულამაზესი გოგოს ფოტო ვნახე შემთხვევით. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, მინდოდა დამეხატა. მაგრამ ვერ ვბედავდი, არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა. იმდენად მინდოდა დამეხატა, ვერ ვისვენებდი. ავდექი და დავხატე. რომ გავუგზავნე, გაოცდა, არ მიცნობდა, ვინ ვიყავი… უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის, თუმცა ახლა მეგობრები ვართ. ასე, რომ, ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე ხატვა…
– ნამუშევრების დიდი ნაწილი გააჩუქეთ. გული არ გწყდებათ?
–  როცა ვჩუქნი, არ მწყინს. მაშინ მწყდება გული, როცა არ ექცევიან კარგად ნამუშევარს. ყველა ნამუშევარი დიდი შრომითაა შექმნილი და ძვირფასია ჩემთვის. ერთხელ ბეჭედი გავაჩუქე და დაახლოებით ნახევარ საათში მითხრეს, რომ გაუტყდათ. მე კი დაახლოებით სამი დღე ვიწვალე, რომ დამემზადებინა.
– მინიატურულ წიგნებსაც აკეთებთ… ახლა ხისგან პატარა წიგნს აკეთებთ, რომლის გარეკანიც ვან გოგის ნახატით გააფორმეთ... წიგნში უცნაური ნახატის ჩახატვას აპირებთ… რას ნიშნავს იგი?
– ვისთვის არაფერს და ვისთვის სიყვარულს… ყველა თავისებურად აღიქვამს ალბათ…. ჩემთვის – გოგოს და ბიჭის სულიერ კავშირს…
– ოჯახი…
– ოჯახში ოთხნი ვართ. დედა, მამა, და და მე. ძალიან თბილები და მოსიყვარულები არიან ჩემები. თითოეული მათგანი ჩემთვის მისაბაძი ადამიანია. ვცდილობ მათზე კარგი ვიყო მაგრამ არ გამომდის, სამივეს უსაზღვრო სიყვარული შეუძლია. კიდევ ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ვღელავ და ვერ გამოვხატავ…
– ოცნება?
– აფხაზეთში ჩასვლაზე ვოცნებობ. არ ვარ იმ კუთხის შვილი, მაგრამ ძალიან მტკივა, როცა ვიცი, რომ ჩვენი ულამაზესი მხარეა და ვერ მივდივარ.
ისე კი, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია ოცნებებზე, რადგან ვიცი, რომ ღმერთის წყალობით ყველაფერი ისედაც კარგად იქნება.
და კიდევ, სიმშვიდეზე ვოცნებობ.
სამომავლო გეგმები…
– გეგმები ბევრია. პირველ რიგში, ისეთი ცხოვრების მოწყობაზე ვფიქრო, რომლითაც საკუთარ ოჯახსაც დავეხმარები და სხვასაც. მინდა ხატვა გავაგრძელო, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები