„ყველაზე მეტად რაც მაწუხებს და რასაც განვიცდი, – ადამიანთა სევდაა“…
რაჭის ულამაზეს სოფელ ღებში დარჩა მისი ბავშვობა. ამბობს, რომ ეს სოფელი მისთვის ოდენ სოფელი არ არის, არამედ, გენეტიკური კოდის ამოსავალი წერტილი და სხეულის ლიბოა… ლექსების წერა ცოტა გვიან, სკოლის პერიოდში დაიწყო, ცხოვრების კრედოც მაშინ ჩამოუყალიბდა…
სტუდენტობა დაბრკოლებებით ახსოვს. თავიდან როსტოვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მესამე კურსიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. რა აღარ გამოიარა – სამოქალაქო ომი, სამაჩაბლო და აფხაზეთი… პირველი კრებულიც სწორედ ამ დროს, 1992 წელს გამოვიდა, 25 წლის ასაკში… მას შემდეგ კალამი არ დაუდვია… ამბობს, რომ მის ყველაზე დიდ ჰობად ისევ და ისევ პოეზია ითვლება.
„პოეზიამ გადამატანინა მძიმე წლები, პოეზიით მოვდივარ დღემდე და პოეზია იქნება ჩემი შუქურვარსკვლავიც საუფლო გზაზე“, – ასეთია მისი მრწამსი. – პოეტ ჯუმბერ გოგრიჭიანის, იგივე ჯუბა ღებელის პერსონა.
– ბავშვობა სოფელში გავატარე, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი. დიდი ბებია და ბაბუა რიონის ხიდზე მეგებებოდნენ და ხელში აყვანილი მივყავდი სახლამდე. დიდ ბაბუას საკარცხული ჰქონდა, ჩაჯდებოდა, ჩამისვამდა კალთაში და მიყვებოდა ნიკოლოზისდროინდელ ამბებს… თვალწინ მიდგას ის დრო, ორი წყვილი ბებია და ბაბუა (ჩემი და მამაჩემის), დიდი სამსართულიანი სახლი და ძალიან ლამაზი მწვანე ჯეჯილიანი ეზო… ის სახლი ახლა დაკეტილია, ეზოც სევდიანია, საკარცხულიც – მიტოვებული.
იმ საკარცხულს დიდი ბაბუას სუნი ასდის, მასზე ბაბუაჩემი არ დამჯდარა არასოდეს, არც მამაჩემი, მე ვჯდები ხოლმე და თვალწინ მიტრიალებს ჩემი ბავშვობა.
– მახსოვს, ერთხელ სკოლის პერიოდი ურთულესად მოიხსენიეთ…
– სკოლის პერიოდში ღამის 1-2 საათამდე სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი. ფანჯრიდან ვუყურებდი მეგობრები, ამ დროს ეზოში წრეში ბურთს, შვიდქვაობანას რომ თამაშობდნენ. მე კი დრო არ მქონდა ამ ყველაფრისთვის. ასე გაგრძელდა მთელი ათი წელი. ამიტომ არასოდეს აღარ მინდა „იქ“ დაბრუნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების კრედოს ჩამოყალიბებაც სკოლის პერიოდს უკავშირდება. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, მაშინ დავიწყე ლექსების წერა, შევიძინე ძვირფასი მასწავლებლები, კლასელები, რომლებიც დღემდე მომყვებიან და იქიდანვე დავსახე სამომავლო გეგმები.
– თქვენს თაობას სტუდენტობის პერიოდში მოუწია ასპარეზზე გამოსვლა, ეროვნული გამოღვიძების დროს…
– ჩემი სტუდენტობა სირთულეებს უკავშირდებოდა სწავლა რუსეთში დავიწყე. დონის როსტოვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
მანამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურს გავდიოდი როსტოვთან ახლოს, ქალაქ ნოვოჩერკასკში. თავიდანვე შეამჩნიეს, რომ წერა მეხერხებოდა და შემომთავაზეს სტატიების შედგენა ჯარის პრობლემებზე.
ჩემი წერილები მკაცრი და თანადროული აღმოჩნდა, საკავშირო გაზეთმაც კი გადაბეჭდა რამდენიმე. თემა აქტუალური იყო – ეგრეთ წოდებული „დედოვშინა“, „ზემლიაჩესტვო“ და სხვა პრობლემური საკითხები… საკავშირო ყრილობაზეც კი ვიყავი დეპუტატად წარგზავნილი.
ამ ყველაფერმა გადაწყვიტა ჩემი მომავალი პროფესია – ჟურნალისტობა.
თუმცა ბოლო დროს ვიღაცას არ ესიამოვნა ჩემი „წარმატება“ და დემობილიზაციის წინ ჰაუპტვახტში მომინდომეს გამწესება. არადა, სამხედრო ბილეთი უკვე ბეჭედდარტყმული იყო. იმარჯვეს ჩემმა მეგობრებმა და ხელჩართული ჩხუბის მეშვეობით გამოვგლიჯეთ ოფიცრებს ბრძანების ფურცელი, ყაზარმიდან გადმოვეშვი და ნახევრად ჩაცმული გავიქეცი სადგურისკენ. თუმცა იქ ჩასაფრებულები მელოდებოდნენ და რის ვაივაგლახით ჩავაღწიე როსტოვამდე.
როსტოვში რამდენიმე დღე რკინიგზის სადგურში ვცხოვრობდი, იქიდან დავდიოდი გამოცდებზე, ვჭამდი 5-თეთრიან ღვეზელებს და გამქონდა თავი. ფული არ მქონდა, მამაჩემმა გამოგზავნა, მაგრამ ვერ ავიღე, რადგან ბანკში მისვლის მეშინოდა, რომ არ დავეჭირე.
ასე იყო თუ ისე, გავხდი სტუდენტი. მაშინ საბჭოეთის დიდ ქალაქებში იყო ქართული სათვისტომოები. აღმოჩნდა, რომ როსტოვში ქართული სათვისტომო არ არსებობდა. პირველივე კურსზე დავტრიალდი და მეგობრებთან ერთად ქალაქის ცენტრში ათასამდე დამსწრე საზოგადოებით როსტოვის ქართული სათვისტომოს დამფუძნებელი კრება ჩავატარეთ.
ამ კრების ხმა ისე გავარდა, რომ მალევე რაიაღმასკომში დაგვიბარეს. რექტორმა მითხრა, არ შეგეშინდეს, კარგი რაღაცის თქმა უნდათო.
აღმოჩნდა, რომ დიდი რეზონანსი მოჰყოლია სათვისტომოს ამბავს და შეშინებული პარტიული მუშაკები გვიხსნიდნენ, რომ ჩვენი წამხედურობით სხვა კავკასიელებიც მოითხოვდნენ მსგავსი ორგანიზაციების შექმნას და ეს ერთი ქალაქისთვის ნამეტანი იქნებოდა. ამიტომ შემოგვთავაზეს მთლიანად კავკასიის კულტურის სახლის პროექტი თავის დაფინანსებით და სამუშაო ოთახებით.
ეს პირველკურსელისთვის პატარა საქმე არ იყო და არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების დაწყება მთელი საბჭოეთის მასშტაბით.
– ვიცი, რომ აკაკი ბაქრაძემ დიდი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში…
– ასეა, ნამდვილად… თბილისში არდადეგებზე ჩამოსულს წილად მხვდა აკაკი ბაქრაძის ნახვის ბედნიერება. ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო, სადაც ბატონმა კაკომ სასხვათაშორისოდ მითხრა, ქართველი კაცი, მით უფრო „წერას“ ატანილი, ახლა სამშობლოში უნდა იყოსო.
როსტოვში დაბრუნებისთანავე დავიწყე საბუთების გადმოტანაზე ზრუნვა და მესამე კურსიდან სწავლა ჩვენს დედაუნივერსიტეტში გავაგრძელე.
ჩემი აქაური სტუდენტობა, რა თქმა უნდა, ცუდ დროს დაემთხვა. სულ აქციები და მიტინგები, ჯერ გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში, მერე დევნა და სამოქალაქო ომი, შემდეგ სამაჩაბლო და აფხაზეთი… უშუქობა, უპურობა და მთელმა რიგმა უბედურებებმა გაიარეს ჩემ თვალწინ, რაც ჩემს და შენს თაობას, ჩემო თამარ, ძალიან ძვირად დაგვიჯდა.
– მეორე პროფესიაც გაქვთ – ტელერეჟისორობა. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
– ჟურნალისტობაზე საკმარისად ვისაუბრე. რეჟისორობაც შემთხვევითობამ მოიტანა. მაშინ უკვე ცოლშვილიანი და 29 წლისა გახლდით. 1996 წელს საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლის ბაზაზე შეიქმნა ტელე-რადიო ინსტიტუტი და გამოცხადდა მიღება. როგორც ამბობენ – სწავლა სიბერემდეო და ვდურთე თავი. მადლობელი ვარ უფლისა, რომ მე ამ ინსტიტუტის პირველი გამოშვება ვარ და თანაც წარჩინების დიპლომით.
ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება, ძალიან განათლებული და ერუდირებული, ტელევზიის პირველი რეჟისორი ბატონი მერაბ ჯალიაშვილი.
იქ გავიცანი უნიჭიერესი ლიტერატორი და საავტორო პროგრამების წამყვანი ქალბატონი ლამარა კიკილაშვილი, რომელთანაც ჩემი თანაკურსელი დალი უბილავას რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა ლიტერატურულ გადაცემებზე.
– გაიხსენეთ პირველი ლექსები, პირველი კრებული…
– პირველი ლექსი სკოლაში დავწერე… სამშობლოს და დედას ეძღვნებოდა. მერე იყო უფრო მნიშვნელოვანი ლექსი-პოემა, რომლითაც სიყვარული ავუხსენი ჩემს მეუღლეს. ეს ლექსი საკუთრივ ჩემი არ გახლდათ, ეს იყო მამაჩემის მიერ შეთხზული ამბავი მცირე დამატებებით.
პირველი კრებული 1992 წელს გამოვიდა, მაშინ 25 წლის ვიყავი, უკვე დაბეჭდილი მქონდა ლექსები პერიოდულ პრესაში და სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში.
იმ დროს ჯერ კიდევ ფასობდა პოეზია. პოეტის, მწერლის სახელი საპატივცემულო სიტყვათა ნუსხაში მოიაზრებოდა და, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერება იყო საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემა. თუმცა მაშინ (და ალბათ ახლაც) პოეტის წოდება ჩემთვის ასე იოლად სათქმელი არ არის და არ იყო.
– 2009 წელს გამოეცით ლექსების ვრცელი კრებული „სიტყვის სასაფლაოზე“… რისი თქმა გინდოდათ ამ წიგნით?
– ამ წიგნში შევიდა ლექსები, რომლებიც ასე თუ ისე ასახავენ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ყველაზე ცუდ და დამღუპველ პერიოდს.
ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ლიტერატურასაც საკმაო ზიანი მიაყენა. იმის მიუხედავად, რომ კომპიუტერი და სოციალური ქსელი აქტიურად არ გამოიყენებოდა მაშინ, წიგნი მაინც აღარავის აინტერესებდა, მისთვის არავის ეცალა და გული მტკიოდა, ერთ დროს დიდის ამბით შეძენილი წიგნები ოჯახებიდან რომ გამოჰქონდათ და გროშების ფასად ყიდდნენ. ყიდდნენ და არც იყიდებოდა, ეყარა ასე წვიმასა და თოვაში, მიუსაფარნი და გაცრეცილნი. გაყიდეს და გაასხვისეს წიგნის მაღაზიები და ასე შემდეგ.
ამიტომაც დავარქვი ამ წიგნს „სიტყვის სასაფლაოზე“, რაც ამავე სახელწოდების ლექსიდანაა აღებული:
„მომავალი მაგიჟებს,
იდუმალის შიში მაქვს,
რუსთაველის გამზირზე,
წიგნის პანაშვიდია…
ახლა აღარ ფასობენ,
ეს წიგნები სრულიად,
სიტყვის სასაფლაოზე,
ღრუბლებს გადაუვლიათ“!
– მზია ხეთაგური ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერს, რომ რაჭის სოფელი ღები, პოეტის სულის საყრდენი ანუ წონასწორობის დაცვის ეპიცენტრია. ამიტომაც ფსევდონიმად მან ჯუბა ღებელია აირჩიაო...
– მიხარია, რომ ჩემს წიგნს თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მწერლის რედაქტორობა ხვდა ბედად. ქალბატონი მზია არა მარტო გამორჩეული მწერალი და ხელოვანია (მან დისერტაციაც დაიცვა ხელოვნების განხრით). იგი არის ზედმიწევნით პროფესიონალი რედაქტორი.
რაკი ამ თემას შევეხეთ, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო წიგნის დღევანდელი მდგომარეობა. ზოგ წიგნს ან საერთოდ არ ჰყავს რედაქტორი, ან თუ ჰყავს, მხოლოდ სიმბოლურად. მახსენდება, თითოეულ სიტყვას, თითოეულ სტროფს როგორ გულდასმით კითხულობდა და მაძლევდა რჩევებს და შენიშვნებს.სწორედ მისი რედაქტორობის დამსახურებაა, წიგნს რომ ამხელა წარმატება ჰქონდა და ახლა არცერთი ეგზემპლიარი აღარ მაქვს.
ქალბატონ მზია ხეთაგურს უნდა ვუმადლოდე აგრეთვე ჩემი, როგორც პოეტის წარმოჩენას. სხვა მხრივ კი, როგორი მზრუნველიცაა ახალგაზრდებზე, თავადაც მოგეხსენებათ და აღარ შეგაწყენთ თავს.
რაც შეეხება ჩემს სოფელს, აქაც მართალი ბრძანა ქალბატონმა მზიამ. მეტიც, ჩემი სოფელი ჩემთვის არა მარტო წონასწორობის დაცვის ეპიცენტრი, არამედ ჩემი გენეტიკური კოდის ამოსავალი წერტილი და ჩემი სხეულის ლიბოა. მასთან მაკავშირებს წინაპარი, ბებია-ბაბუა, ბავშვობა, ჭალის ქვები და ქვიშაზე ქვის ეგრეთ წოდებული მანქანებით თამაში, რომელიც მეათე კლასამდე მომყვა ლამის…
ღებელები მთის ფიცხი რაჭველები არიან და თავისი ორიგინალური ცხოვრება აქვთ. ღებელი კაცისთვის სამშობლო ყოველთვის ღებიდან იწყებოდა და სრასასახლეც რომ მიგეცათ, ღების ქოხმახში ერჩია ცხოვრება.
არ იფიქროთ, ვაზვიადებდე. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:
სტალინის დროს გადასახლებულთა შორის მთის რაჭველებიც აღმოჩნდნენ ადიგენის საზღვრისპირა სოფლებში ბევრად უკეთეს სახლებსა და პირობებში. სამსახურებიც მისცეს და სამუშაოც. უხვ მოსავლიანობით კი, მოგეხსენება, შედარებაც კი არაა რაჭისა ადიგენთან. სხვათა შორის, ჩვენი მეგობარი პოეტის, გოჩა ხარანაულის დედულეთიც ამ გადასახლებულთა შორისაა და გოჩამაც მთელი ბავშვობა იქ, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში გაატარა.
კარგი პირობების მიუხედავად, რაჭველები უკანასკნელ გროშებს ხარჯავდნენ, რომ დაცული ტერიტორიიდან გამოეღწიათ და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, თავიანთ სოფლებში დაბრუნებულიყვნენ, სადაც მათ გარკვეული დროით შეურაცხყოფა და შიმშილი ელოდათ. ასე დაბრუნდნენ ბაბუაჩემი და სხვებიც და ერთ თხის მონაწველზე ადგილის დედის წიაღში ცხოვრება არჩიეს, ადიგენში კოლმეურნეობის თავმჯდომარეობას თუ სხვა თანამდებობებს.
მეორე მაგალითსაც გეტყვით.
როცა ვაკე შენდებოდა, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 40-იანი წლების ბოლოს ეს ადგილი ხრიოკი მიწა იყო და მშენებლობას მუშახელი სჭირდებოდა, ბაბუაჩემიც მონაწილეობდა ამ მშენებლობებში. ქალაქის მთავრობა სთავაზობდა მუშაპერსონალს კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ბინებს, ოღონდ კი დარჩენილიყვნენ, მაგრამ, დამიჯერეთ, არავის მაშინ თბილისში ცხოვრება არ უნდოდა. უცხო იყო მათთვის არცთუ მთლად ქართული ქალაქი. სოფლებში კი ლხინი და თავის გემოზე ყოფნა ელოდათ.
ასე იყო და ვწუხვარ, დღევანდელ დაცარიელებულ სოფლებს რომ ვხედავ. თუ სოფელი არ აღორძინდა, საქართველო ვერ გაიმართება წელში.
ისევ ჩემს სოფელს დავუბრუნდები. ღები ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც საინტერესო სოფელია. იგი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს და რიონის მარცხენა და მარჯვენა შენაკადებზეა გაშენებული. ღებს დასავლეთ-ჩრდილოეთით ყაბარდო-ბალყარეთი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით ოსეთი.
ღებიდან 20-დე კილომეტრშია ფასის მთა, ძველი ფაზისის – რიონის სათავე, საიდანაც ცხენისწყალიც მოედინება. აქვეა ამირანის მთაც, რომელსაც ბერძნებმა ამარანტა შეარქვეს. ამ მთაზეა მიჯაჭვული მითოლოგიური პრომეთე, იგივე ამირანი და ამ მთებიდან წაიღეს არგონავტებმა ოქროს საწმისი. ამ მთების ძირშია ბრილის ცნობილი ოქროს სამარხები, თავის ბალთებითა და სამკაულებით.
ესეც არ იყოს ღები ზემო რაჭის მნიშვნელოვანი სოფელია მოსახლეობის სიდიდით და გარკვეულ როლს ასრულებს რაიონის საზოგადობრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამიტომაც გადავწყვიტე ფსევდონიმად ამეღო ჩემი სოფლის სახელი, უფრო მეტი წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.
– მეგობრებმა „სიკეთე გამოძახებით“ შეგარქვეს. ეპოქაში, როცა მომხმარებლური თვალთახედვა დომინირებს, სიყვარული და სიკეთე კი კლებულობს, ალბათ მძიმე ტვირთია ეს თქვენთვის?
– ეს, ეგრეთ წოდებული, ფრაზა თუ ეპითეტი აწ განსვენებულ უმშვენიერეს ქალბატონს და ტელევიზიის დამსახურებულ ჟურნალისტს, ამასთანავე, შესანიშნავ პოეტს, დოდო იორდანიშვილს ეკუთვნის. შემდეგ ეს არაჩვეულებრივი სიტყვათა წყობა ქალბატონმა მზია ხეთაგურმა აიტაცა და „მჭრის“ თავს, სადაც შეუძლია.
ჩემი გადასახედიდან ასე ვფიქრობ, რომ ყველა ეპოქაში და დღესაც ყველაზე რთული სიძულვილი და ბოროტების კეთებაა.
ერთხელ მამაჩემმა თავისი ბავშვობის ამბავი მიამბო. ღამით ბიჭები სკოლის ეზოში შეკრებილან, ქვები მოუმარჯვიათ სკოლის ფანჯრებისთვის. მამაჩემს შეუჩერებია და უთქვამს – სროლას ხელის გაქნევა უნდა, მერე ქვისგან დასვრილის დაბანა, თან შუშების მტვრევაც არ გამოსცემს კარგ ხმას, ხვალ პრობლემებსაც მოგვიტანს და რა სარგებელისთვის ვირჯებითო… დაეთანხმნენ, რა თქმა უნდა.
მართლაცდა, ქვის სროლა უფრო ძნელი არ იყო, არ სროლაზე?!. ალბათ, დამეთანხმებით, ასეა.
სიკეთეს რა უნდა – გაქვს გაეცი, შენს თავსვე ასიამოვნებ; ვინმეს სჭირდები – დაუდექი მხარში, ამით მხარი არ ჩამოგტყდება; სამაგიეროდ დაწოლის წინ ლოცვისას უფლისა და საკუთარი თავის აღარ შეგრცხვება.
ჩვენ, ჩემო თამარ, შემოქმედი ხალხი ვართ და ფანტაზიის წყალობით მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ბოროტთა და უსახურთა ყოველდღიურობა, ისინი ხომ საშინელ განცდებში არიან…
რატომ უნდა შეგვშურდეს მეზობლის, როცა კარგად ცხოვრობს… ნეტავ სულ მდიდრები ცხოვრობდნენ ჩვენ ირგვლივ, თორემ მართლა მიჭირს ამდენ მიუსაფარ ადამიანთა ყურება, ამდენი მშიერი და ჩაუცმელ-დაუხურავი ბავშვების ცქერა.
ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთოთ, შეუძლებელს არავინ მოგვთხოვს და დაგვავალებს, ხოლო გულით ნაკეთები „მცირედიც შეიწირების“.
წმინდა პავლე მოციქულიც გვასწავლის – „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ – ო.
– რას იტყოდით 21-ე საუკუნის ქართულ მწერლობაზე? იქნებ პარალელი გაგევლო წინა საუკუნის ბოლო წლებთან. თქვენი აზრით, რა სიახლეები მოიტანა ახალმა საუკუნემ მწერლობაში?
– არა მგონია, რამის თქმა შეიძლებოდეს ახლად დაწყებული საუკუნის მწერლობაზე.
მოდით, პარალელი გასული საუკუნის ბოლოს კი არა, საწყის პერიოდებს შორის გავავლოთ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მწერლები – ვაჟა, ილია, აკაკი და სხვანი, თამადობდნენ. ჯერ კიდევ ისინი არწევდნენ კლასიკური პოეზიის აკვანს, თუმცა ასპარეზზე უკვე ჩანდნენ პოეზიამოწყურებული ახალგაზრდები.
გავიხსენოთ მიხა ხელაშვილი, ლადო, გრიშაშვილი, გალაკტიონი, „ცისფერყანწელები“ და სხვა პოეტთა მთელი დასი. ისინი ღირსეული გამგრძელებლები აღმოჩნდნენ თავიანთი წინაპრებისა.
ამ საუკუნეზეც მიახლოებით შეიძლება იგივე ითქვას, ოღონდ მცირე შესწორებით.
ვინ არიან 21-ე საუკუნის პოეტები?
ჩემთვის ისინი, რა თქმა უნდა, მეოცე სუკუნიდან გადმოსული მგოსნები არიან. ჯერ კიდევ ისინი სწევენ პოეზიის ჭაპანს და თუმცა მე-20 საუკუნის პოეტებად შერჩებიან ისტორიას, 21-ის მთავარ შემოქმედებადაც ისინი გვევლინებიან.
ჯერჯერობით ახალმა საუკუნემ, გალაკტიონს, ანას და სხვებს რომ თავი დავანებოთ, ვერ შვა ვერც სევერიან ისიანი, ვერც გიორგი ნაფეტვარიძე, ვერც მირზა გელოვანი, ვერც ალექსანდრე საჯაია და ასე შემდეგ.
ცნობადობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, არიან ამ მხრივ გამორჩეული ახალგაზრდები, მაგრამ ისინი ვერც ქართულ ლიტერატურას და ვერც ზნეობას ვერაფერს ჰმატებენ. მათზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერლობაში „კადრებს მიღმა, კულისებში“ მოღვაწე ფრიად ნიჭიერი ახალგაზრდები.
სწორედ ესენი, ჩვენი და მომავალი თაობა აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას 21-ე საუკუნეში.
– ვიცი, რომ ლიტერატურულ კონკურსებში არ მონაწილეობთ. რატომ?
– მთლად ასეც არაა. მეგობრების თხოვნით მიმიღია ადრე ერთი-ორჯერ მონაწილეობა, თუმცა შემდეგ ჩავთვალე, რომ კარტის თამაშს გავდა და განვერიდე. ზოგადად ლიტერატურული კონკურსების მომხრე ვარ, მაგრამ არა ისეთ გარემოებაში და პირობებში, როგორშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა.
წინა ხელისუფალიდან დღევანდელამდე მიდის მწერლობის დეგრადაციის მცდელობა და არავის სჭირდება მათი წარმოჩენა. შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებს თავისი ინტერესები აქვთ და არც უნდა დაგწყდეს გული, როცა ალხანას მაგივრად ჩალხანა იმარჯვებს.
ეგეც არ იყოს, არც შემოქმედის შეფასება შეიძლება ერთი ლექსით.
გალაკტიონის ყველაზე საუკეთესო ერთი ლექსი რომ ავიღოთ, აუცილებლად მოინახება სხვა პოეტის ერთი რომელიმე უფრო ძლიერი ქმნილება. ასევე ანასიც, ასევე სხვათა და სხვათა…
გალაკტიონი მთლიანობაშია უზარმაზარი და თავისი თემატიკის მრავალფეროვნებით და რითმათა განსხვავებულობით ჭრის გალაქტიკას.
ამიტომ არ ვხედავ აუცილებლობას ლიტერატურული კონკურსებისას ვიღაცის წარმოჩენის მიზნით.
სხვა საქმეა პროზა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენ ხართ ფუძემდებელი მართლაცდა, საჭირო რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსისა. ჯერ ერთი, შემოქმედის შეფასება ერთი მოთხრობით უფრო შესაძლებელია, ვიდრე ერთი ლექსით და მეორეც, რასაც ხაზგასმით ავღნიშნავ, არის ის, რომ ეს კონკურსი თავად რევაზ ინანიშვილის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა თაობებისთვის მის გაცნობას ემსახურება.
– ჰობი…
– საინტერესო კითხვაა. რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობი ალბათ ისევ და ისევ პოეზიაა, რადგან სულ მინდა ვწერო – ქარში და წვიმაში, დარში და ავდარში, მუშაობისას თუ ვარჯიშისას, ძილში თუ სიზმარში. ყველაზე მეტად ეს შრომატევადი (ხუმრობით არ ვამბობ) საქმე მიყვარს და თუ არ ჩავთვლით „ერთ მნიშვნელოვან“ ქმედებას, მაინც პოეზია ითვლება ჩემს ყველაზე დიდი ჰობად.
ბარემ იმ ერთ „მნიშვნელოვან ქმედებასაც“ გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ის ყველა დროისა და ეპოქის უდიდებულესობა – სიყვარულია!
– „მიდის დიდებულთა ქარავანი, მოდის მშვენიერი ახალგაზრდობა“… თქვენი სიტყვებია… იქნებ განგევრცოთ…
– როცა ამ სიტყვებს ბოლო წიგნის წინასიტყვაობაში ვწერდი, 2009 წელი იდგა. ამ დიდებულთა ქარავანში, რა თქმა უნდა, ქართული მწერლობისა და ზოგადად ხელოვნების დიდებულებს ვგულისხმობდი. იმ დროს უკვე აღარ იყვნენ შოთა ნიშნიანიძე, მიხეილ ქვლივიძე, ნაზი კილასონია, ანზორ სალუქვაძე, რეზო ინანიშვილი, ჯუმბერ თითმერია, ზაურ ბოლქვაძე, ელგუჯა ამაშუკელი, გივი ჭიჭინაძე, დავით მჭედლური, ბორენა ჯაჭვლიანი,ოთარ ჩხეიძე, ოთარ ჭელიძე, ჯანსუღ ღვინჯილია, ლაშა გახარია, ჩვენი გოდერძი ჩოხელი, მურმან ლებანიძე, რომლის სასახლის თოკიც მე მეკავადა კიდევ ძალიან ბევრი დიდები და დიდებულები.
ახლა 2018 წელია და გულისტკივილით ვამბობ, რომ უკვე წავიდნენ დიდებულები, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა დარჩენილ თითზე
ჩამოსათვლელ სანთელივით ნათელ ადამიანს.
გადავავლოთ თვალი, რამდენი შეუერთდა მარადისობას 2009-დან დღემდე – ოთარ ჭილაძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ბაჩანა ბრეგვაძე, მედეა კახიძე, მიხეილ ქურდიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, ალექსი ჭინჭარაული, ჩვენი შერმადინ ქალდანი, ნოდარ გრიგალაშვილი, იმედო ჯახუა, ნუგზარ არაბული, ფრიდონ ხალვაში, ავთო გაფრინდაშვილი, რენე კალანდია, ჩვენი რამაზ ბერაძე, ავთო ჩხაიძე, ბოლოს გენო კალანდია და სულ აგერ ახლახან – ჩვენი დიდი მეგობარი ჯანსუღი… ჯანსუღს ტიტეც (ტრისტან მახაური) მიჰყვა და განეფინნენ ასე ისინი ქართული კულტურის სიწმინდეებად კოსმიურ სივრცეს…
რა თქმა უნდა, უამრავი გამომრჩა, ქედს ვიხრი მათი ხსოვნისა და სულის წინაშე…
„ძვირფასი მკვდრების სურნელი ასდის,
ჩემს მიერ თრთოლვით დანთებულ სანთლებს,
უფალო, შენი ლოცვა და მადლი,
ჰფარავდეს ყველას – წამსვლელს და დამრჩენს!“
– რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად?
– თუ პირადულს შევეხები, რა თქმა უნდა, ყველაზე მტკივნეული თემა მამაჩემია, რომელსაც გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ შესრულებია.
სულ ცოტა ხნის წინ გარდამეცვალნენ საუკეთესო ბიძები, კარგი ბაბუები, მანამდე სიმამრი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ცოტა უფრო ადრე ორი დედის ძმა, ჩემი სულის ნაწილი – ჩემი მამიდაშვილი, იმედისმომცემი 16 წლის ბიძაშვილი, ბიძაშვილის 4 წლის ცქრიალა გოგონა და უამრავი კარგი ადამიანი საბიძაშვილოდან, საახლობლოდან, სამეზობლოდან, სამეგობროდან.
მწყდება გული, რომ ისინი აღარ მივსებენ ყოველდღიურობას.რაც შეეხება ზოგად წუხილს, მე ვიტყოდი რომ ეს ვითომ „განზოგადებული ტკივილი“ უფრო მნიშ ვნელოვანი და განსხეულებულია.
ამჟამად, ამ ინტერვიუს წერისას ევროპაში ვიმყოფები და მართლა გული მტკივა ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც საბჭოეთის წლებშიც კი ყველაზე წარმატებულ რესპუბლიკად ითვლებოდა. ახლა კი მათ შორისაც მგონი ბოლოდან ვართ პირველები. აქ, კი ევროპაში, სადაც ხალხი არც განათლებით, არც შრომისუნარიანობით, არც გამჭრიახობით და არც მაინდამაინც ქცევის წესებით არ გამოირჩევა, ყველაფრით მოწესრიგებული სახელმწიფოები ჩამოყალიბდა. გადავავლოთ თვალი რას მიაღწია კაპიტულირებულმა გერმანიამ, როგორ დადგა ფეხზე საფრანგეთი, ინგლისი, ავიღოთ თუნდაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები – ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი…
ჩვენ კი რა გვჭირს, ერთი გოჯი მიწისა და ერთი პატარა ქალაქის ოდენა ხალხისთვის ვერ მოგვივლია?! არადა, რომ არა კორუფცია, ჩვენი ხალხის წელამდე ფეხის დგმას რომ თავი დავანებოთ, ემიგრაციიდან შემოსული თანხებით და სხვა მილიარდობით შემოსული დახმარებებით ბაღნარად უნდა გვქონდეს გადაქცეული ჩვენი ქვეყანა.
ყველაზე მტკივნეული თემა კი მაინც ისაა, რომ არც ევროპაში და არც ამერიკაში რეალურად არავინ გვიცნობს და ფაქტის დასაზუსტებლად მაინც რუსეთის ხსენება გვიწევს. არადა, ასე თუ ისე, ყველამ იციას მოლდავეთი, უკრაინა, ბელორუსია, შუა აზიის ქვეყნები, პრიბალტიკაზე აღარაფერს ვამბობ, თქვენ წარმოიდგინეთ აზერბაიჯანი და სომხეთიც კი. საქართველო კი, ანუ გეორგია, ამერიკის შტატზე მეტს არაფერს ეუბნებათ, ესეც ერთეულებმა თუ იციან.
სამწუხაროა, რომ არავითარი პროპაგანდული მანქანა ამ მხრივ ჩვენ არ გვაქვს.
– ადამიანი და მისი ტკივილი უმთავრესია შენს პოეზიაში… ცხოვრებაშიც – ადამიანი და სამშობლო, ასევ იტყოდი… როგორია პოეტის თვალით დანახული სამშობლო?
– ენა, მამული, სარწმუნოებაო – ბრძანა ილიამ. ღმერთი, სამშობლო, ადამიანიო – ამბობს უწმიდესი.
ჩემთვის ადამიანით (და არა მარტო მიწით და მთებით) იწყება სამშობლო და, თავის მხრივ, სამშობლოც ერთი ზნის, წეს-ჩვეულებათა, ენისა და ადათის ადამიანთა ერთობლიობას წარმოადგენს. რაც უფრო მემატება წლები, უფრო მიმტკიცდება რწმენა, რომ ადამიანი თიხისგან მოზელილი მიწაა, რომელსაც უფალმა სული შთაბერა. შესაბამისად, რაც დრო გადის, უფრო გრძნობს ადამიანი მიწის სითბოს და სურნელს, როგორც ნაწილს თავის ხორცისას და ვეღარ ელევა…
ეს მიწა კი სამშობლოა, ამიტომ ვეძახით მას დედა-მიწას. ნებისმიერი შემოქმედისთვის, განსაკუთრებით პოეტისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს სიტყვას, ხოლო სიტყვა – სამშობლოს და ადამიანს – ორჯერ ორმაგი.
ერთგან ვწერ:
„რაა იების სადარი,
ველზე რომ ამოდიანო,
ვიცი, რაცა ხარ და მაინც,
მიყვარხარ, ადამიანო“!
ადამიანი, თავის ტკივილით, ემოციით, სიხარულით, გრძნობით, გონებით ყველაზე სრულყოფილი ქმნილებაა სამყაროს იმ არეალში, რასაც ჩვენი აზროვნება სწვდება. ამიტომ, ყველაზე მეტად რაც მაწუხებს და რასაც განვიცდი, ეს ადამიანთა სევდაა, მათ თვალებში ჩაბუდებული ცრემლი და წუხილია. ჩემს ამ განწყობას ეს პატარა ლექსიც ეხმიანება:
„ასე ტირიან მერე ნისლები,
როცა მშობლიურ ქედებს ტოვებენ,
სამშობლოს მხრებით ვერ ვეზიდებით,
სამშობლო გულით დაგვაქვს პოეტებს“!
– ამჟამად ესპანეთში ხართ დროებით. საინტერესო მინიპოემა გამოაქვეყნეთ ფეისბუქზე – როგორია შორიდან დანახული საქართველო?
– როცა შორს ხარ, უფრო მეტად აცნობიერებ სამშობლოს რაობას. სიშორეს ერთი ასეთი თვისებაც აქვს – ყველაფერს თბილ და ნათელ ფერებში გაჩვენებს. ევროპაში, სხვაგანაც რამდენჯერ ვიყავი და გულახდილად უნდა ვთქვა, არ დავმალავ, რაც უფრო ვუახლოვდებოდი საქართველოს, მით უფრო ვგრძნობდი, როგორ მოუწესრიგებელ ქვეყანაში მივდიოდი, სადაც ისევ გაჭირვებული სახეები, ინერტული მოძრაობა, უსუფთაო ქუჩები და საშინელი საცობები მელოდებოდა… კიდევ იმაზე ფიქრი, რა მეკეთებინა და სად წავსულიყავი მეორე დღეს.
დიახ, ახლა ესპანეთში გახლავარ, ქვეყანაში, რომელიც საქართველოს 90-იან წლებზე უარეს დღეში იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინ და შეიცვალა თუ არა ფრანკოს ხელისუფლება, სულ რაღაც 20-30 წელიწადში ევროპის ლიდერ სახელმწიფოებს შორის მოექცა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს ქვეყანა საქართველოს ათჯერ მაინც აღემატება.
ჩვენ კი, თითქმის 30 წელი გადის „თავისუფლების მოპოვებიდან“ და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც უმჯობესდება, ხალხის მდგომარეობისა და დაკარგული ტერიტორიების აღდგენის მხრივ, სხვა გარემოებების მიხედვითაც არაფერი იცვლება.
პირიქით, უფრო და უფრო იზრდება ემიგრანტთა რიცხვი. დღემდე სამშობლოდან 20 წლის წინ წამოსულ ადამიანთა შორის 2 პროცენტიც არ დაბრუნებულა უკან. საზღვრებს გარეთ გაზრდილი თაობა, სამწუხაროდ, მენტალურად ქართული ვერ იქნება და ამ პირობებში ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ.
ამ დროს კი, მდიდრდებიან და მდიდრდებიან საკანონმდებლო და სააღმასრულებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
– თქვენს ლექსებზე შექმნილი სიმღერებიდან ამჯერად შევჩერდები ერთზე, რომელიც თბილისს ეძღვნება, რა მოგწონთ და რა არა დღევანდელ თბილისში და რას შეცვლიდით?
– ჩემთვის თბილისი ჩემს სხეულში გაბნეული ძარღვებივითაა, ყველა ქუჩა და ადგილი მიყვარს. გულისტკივილით ვამბობ, რომ ის „არა მარტო ჩემს ქალაქს აღარ ჰგავს“, ცოტა ხნის შემდეგ ყველაზე გაუვალ და უსიცოცხლოდ სავსე ქალაქად იქცევა.
როგორი კარგიც არ უნდა იყოს დღევანდელი მერი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მართლა იმედით ვუყურებ, ვერაფერს უზამს იმ ეზოებში და მოსაცდელებზე წამოჭიმულ ცათამბჯენებს, რომელთა 70 პროცენტი შეუსახლებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს კორპუსებიც რომ მთლიანად მობინადრეებით შეივსება, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ქუჩები და საკომუნალურო მატარებლები.
ჩემს სურვილზე რომ იყოს, ანუ მე რომ მერი ვიყო, პირველ რიგში, დავიწყებდი ქალაქის განტვირთვას, აუცილებლად გავაკეთებდი მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის, რა ფასიც არ უნდა დაუჯდეს სახელმწიფოს მთელ სიგრძეზე, დიდი დიღმიდან დაწყებული ლილომდე.
მეორე რასაც გავაკეთებდი, ყველანაირი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვას ავკრძალავდი და დავუშვებდი ნებართვებს მესამე მასივიდან ორხევის, ალეექსეევკა-აეროპორტის და კახეთის გზატკეცილის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიებზე.
ასევე, რა თქმა უნდა, სხვა გარეუბნებში.
აქ რომ ურბანიზაცია განვითარდეს, ჩვენი თავკომბალა ქალაქი სულ სხვა სახეს მიიღებდა.
შეიძლება პომპეზური და არა სანქცირებული განცხადებაა, მაგრამ შემოვიღებდი აღრიცხვიანობის სისტემას, ვეცდებოდი მოსახლეობის სოფლებში დაბრუნებას.
ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი მიტოვებული სოფლების აღდგენის გარეშე, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება.
თითქმის იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხალხს პირობებს შეუქმნი, სიხარულითაც კი დაუბრუნდებიან მიტოვებულ სახლ-კარს.
და კიდევ ერთი რამ – გადასასვლელები… ევროპაში თითქმის ვერ ნახავთ მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებს, რომლებზეც ჩვენთან უამრავი ფული იხარჯება და დღემდე მოუწესრიგებელია. ამ ახალ რკინის ხიდებზე გადასასვლელად ზოგ ადგილას მთამსვლელის მუხლი და გული უნდა ჰქონდეს კაცს. არ ვიცი, რა ფულის გასათეთრებელ-გასაკეთებლად მოიფიქრეს ეს უკანასკნელი მახინჯობა, ფაქტი კი ერთია, მოწესრიგებული შუქნიშანი მოძრაობის ყველაზე მარტივი და საუკეთესო ფორმაა.
მოკლედ, მთლად მერის ფუნქციებში რომ არ შევიჭრა, დროზე გავჩერდები…
– ყოველთვის ყოფითი პრობლემების გარემოცვაში რა არის თქვენთვის პოეზია?
– „ვინ მოიგონა ლექსები ნეტავ,
ან ნისლებივით აფრენა რითმის,
როცა ვწერ, გულის ყველა კარს ვკეტავ,
სხეულის ყველა უჯრედი მითრთის“!..
დიახ, პოეზია ჩემთვის ლექსიკის სავარჯიშო თემა არ არის, არც პოპულარობის შემადგენელი ნაწილია. ის ჩემი სულიერი მდგომარეობაა, ჩემს ძარღვებში სისხლად მდინარი ალია. სულ რომ უფულოდ, სულ რომ პრობლემები მქონდეს, თუ კარგი ლექსი დავწერე, ბედნიერების ჭიანჭველები მიბურძგლავენ სხეულს და საერთოდ აღარ მაინტერესებს არაფერი.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მე უმისოდ ვერ ვიცხოვრებდი, ან თუ ვიცხოვრებდი, შეიძლება სულ სხვა განხრით ყოფილიყოს წარმართული ჩემი მოღვაწეობა, სადაც არ გამოვრიცხავ არც გაბოროტებულ ძლიერთა კასტის და არც მაფიოზურ კლანთა წევრობას.
პოეზია კი ის საყრდენია, სადაც ვერ გავცდები მორალს და ეთიკას, სიყვარულს და სიკეთეს, სინდისს და ნამუსს, ღირსებას და ზნეობას, ადამიანობას და ადამიანურობას.
პოეზიამ გადამატანინა მძიმე წლები, პოეზიით მოვდივარ დღემდე და პოეზია იქნება ჩემი შუქურვარსკვლავიც საუფლო გზაზე.
– 2017 წელს თქვენი წიგნი „ანბანასხმულები“, იგივე ანბანთქება გამოიცა... როგორც ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერთ, ეს არ იყო პოეზიაში ახალი გზისა და მიმართულების ძიების ცდა. არც გონების სავარჯიშოდ მოგიგონიათ…
– მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა და მე შევძლებდი თუ არა ერთი სტროფის გაკეთებას ისე, სადაც ყოველი სიტყვა ერთსა და იმავე ასოზე დაიწყებოდა, რითმაშიც ჩაჯდებოდა და ლექსადაც ივარგებდა. ვერ ვიტყვი. რომ ოცდაცამეტივე ასოზე ეს კარგად გამომივიდა, თუმცა, საერთო ჯამში, ვთვლი რომ შედეგს მივაღწიე.
გამოგიტყდებით და, სულაც არ იყო იოლი საქმე, ზოგიერთ სტროფს ორ კვირასაც კი ვანდომებდი, ლექსიკონებში ვიქექებოდი, შესაბამის სიტყვებს ვეძებდი… ასეთი სტილის ერთი სტროფის დაწერაზე ბევრად იოლი, დამიჯერეთ, ერთი ლირიკული თუნდაც ოცდაათსტროფიანი ლექსის დაწერა უფროა. ასე რომ, ქართული სიტყვისა და თითოეული ასოს მრავალფეროვანობა და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ამ „ანბანასხმულებითაც“ დამტკიცდა.
– ლექსების ახალ კრებულზე მუშაობთ. რა შეიცვალა 2009 წლიდან, თქვენი კრებულის გამოცემიდან დღემდე, რას მისწერდი მომავალს – შვილიშვილის თაობას?
– ჩემდა სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებ დროს იმას ვუთმობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სისხლხორცეულია ჩემთვის.
პოეტი ბრძანდებით და იცით, როგორი სისხლის დენა უნდა ლექსის წერას, რამდენი დრო სჭირდება ზოგჯერ რითმას. ხანდახან ხუთ სტროფს დაწერ ნახევარ საათში და ბოლოს რაღაც ერთი სარითმო სიტყვა დაგემალება. შეიძლება დღეებიც კი მოუნდე ამ რითმის პოვნას. ამის გამოა, რომ დღეს ჩვენი პოეტების უმრავლესობა საერთოდ არც ამახვილებს ყურადღებას, კაზმულობა რომ არ ვთქვათ, სიტყვა-წყობაზე, რითმაზე, რიტმზე. აფორიზმები და მეტაფორები ხსენებაშიც აღარ გვაქვს.
ლექსს ვერ ვაკადრებ უხერხულობას, ვერც წიგნს ვაკადრებ ჰარი-ჰარალოდ მიყრილ-მოყრილებს. ამიტომაცაა (მატერიალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ), იმის მიუხედავად, რომ ერთი წიგნიც აღარ მაქვს, თუნდაც გასაჩუქებლად, 9 წლის განმავლობაში ვეღარაფერი დავბეჭდე.
აქ ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეცაა. იმედი მაქვს, დავხვეწ, შევკრებ და გაზაფხულზე წიგნად შევთავაზებ მკითხველს. მანამდე კი ჩემს ერს, ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას ვუსურვებ იმედით და ოცნებით ცხოვრებას კი არა, ჯანმრთელად, ბედნიერად და მშვიდობით ყოფნას.
თამარ შაიშმელაშვილი
–