„ქვებთან შეხება მავიწყებს რეალობას და ჩემს საქართველოში მაბრუნებს“…
ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან წერა უყვარდა, მაგრამ მშობლებს გაუწია ანგარიში და ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ამის პარალელურად მაინც ჩააბარა ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზე…
ადრეულ წლებში ლექსებს და ჩანახატებსაც წერდა, მაგრამ უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მერე წერა ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ, სამშობლოსგან მოშორებულს ბუნებრივი ქვები დაეხმარა. მათთან შეხებითა და სიახლოვით მშობლიურ ფესვებს გრძნობს, ავიწყდება რეალობა და, როგორც თავად ამბობს, შინ ბრუნდება...
10 წელია ვენაში ცხოვრობს და უკვე გამოფენებიც ჰქონდა. სულ ახლახან კი, წინასაახალწლოდ, საქართველოში, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ულამაზესი სამკაულებია, ოცნებებით, ნატვრითა და ენერგიებით სავსე! სიყვარულით ქმნის და ამბობს: მინდა, ჩემმა სამკაულებმა ბედნიერება მოუტანოს ადამიანებსო. – სამკაულების დიზაინერის, რუსუდან კაჭკაჭიშვილის პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში. დედა საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებელი იყო, მამა კი სკოლაში – ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი. რატომღაც მიღებული იყო ჩვენში, რომ შვილები აუცილებლად მშობლის გზას გაჰყოლოდნენ და ოჯახური დინასტია გაეგრძელებინათ. ამიტომ უკვე აღარ გაგიკვირდებათ ალბათ ჩემი პროფესია.
რასაც ჩემი ბავშვობიდან ყველაზე მეტად ვნანობ, ის არის, რომ ძალიან დამჯერი შვილი ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ ბუნებით და ხასიათითაც შემოქმედი ვიყავი, ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, განუწყვეტლივ ვწერდი და ვაგზავნიდი პუბლიკაციებს სხვადასხვა გაზეთში. წარმატებით მიბეჭდავდნენ ყველგან ყველაფერს, ჯერ კიდევ გაზეთმა „ნორჩმა ლენინელმა“ სულ პატარა ზედიზედ ორჯერ მაღიარა წლის საუკეთესო კორესპოდენტად და არტეკის საგზურითაც დამაჯილდოვა. მინდა მადლიერებით მოვიხსენიო გაზეთის მაშინდელი რედაქტორი, ქალბატონი მარინა თექთუმანიძე. ამ გაზეთთან და რედაქციის თანამშრომლებთან ულამაზესი წლები მაკავშირებს.
იმას ვამბობდი, რომ ჩემი მაინც ვერ გავიტანე და სკოლის დამთავრებისთანავე მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მომიწია ჩაბარებამ. მაშინ იქცა ფერფლად ჩემი სქელყდიანი დღიური, რომელიც ლექსებით იყო სავსე. ერთადერთი, რაც შემეძლო, ეს იყო რომ მეტირა. ვიტირე, დავწვი ჩემი ლექსები და ცხვარივით დავემორჩილე მშობლების ნება-სურვილს. მას მერე რამდენჯერ მინატრია, ნეტა
დრომ უკან დამაბრუნოს-მეთქი. აბსოლუტურად ყველაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ცხოვრების დიდი ნაწილი მხოლოდ სხვების ხათრით და გათვალისწინებით ვიცხოვრე, ჩემი სურვილებით თითქმის არაფერი მიკეთებია და ამას ახლა ძალიან ვნანობ.
– პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსი ხართ… გამოდის, რომ მამის კვალს გაჰყევით…
– ადრე თუ გვიან ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი კალაპოტში დგება, მაგრამ ის დაკარგული წლები მენანება, რომელიც ვერაფერში გამოვიყენე. არადა შემეძლო ბევრი კარგი საქმე მეკეთებინა. ჩემი საქმე რომ მყვარებოდა, ალბათ ნამდვილ პროფესიონალად ჩამოვყალიბდებოდი, მე კი უსურვილოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით ვსწავლობდი ფიზიკას, მათემატიკას, ინფორმატიკას და ჩემთვის ჩუმად ვწერდი, როცა დარდი შემომაწვებოდა.
ვეცადე, ამის პარალელურად რაიმე ისეთი მეკეთებინა, რაც სულსა და გულს გაახარებდა, დავამთავრე კიდეც ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი ფორმალური იყო. მაინც არავინ მომცემდა უფლებას, სრული საუნივერსიტეტო დიპლომის გარეშე სადმე მემუშავა. ამიტომ ერთ მშვენიერ დღესაც დავანებე ჟურნალისტობაზე ოცნებას თავი და მივყევი ცხოვრების დინებას.
– მესმის თქვენი, მაგრამ ასე ხომ საკუთარ მიზნებსა და ოცნებაზე თქვით უარი?
– არ მინდა იფიქროთ, რომ საყვედურს ვამბობ ჩემი მშობლების მისამართით. არა. მე უბრალოდ ამ ჩემი მორჩილი ხასიათის წყალობით დავკარგე ბევრი რამ ცხოვრებაში და დღემდე ეს სინანულის გრძნობა დამყვება, თორემ მშობლების დიდი დამსახურებაა, რომ მასწავლეს მოყვასის სიყვარული, უფროსების პატივისცემა, შრომის სიყვარული და ადამიანების დაფასება. არ დამავიწყდება, ყოველი თვის ბოლოს მამაჩემის გაბრწყინებული სახე, ხელფასს რომ აიღებდა და ეგრევე წიგნების მაღაზიაში გარბოდა, ისეთი ბედნიერი იყო, სახლში თოკით შეკრული ერთმანეთზე დაწყობილი წიგნებით რომ შემოვიდოდა. ორივე ხელში წიგნები ეჭირა, თან ყურებამდე გაბადრული ღიმილით და იმისი ნეტარებით, რომ რაც უნდოდა, ყველაფერი იყიდა. მისთვის უფრო დიდი ღირებულება არ არსებობდა და მეც უზომოდ შემაყვარა წიგნები.
20 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ დღესაც მხვდებიან ადამიანები, ვინც მას იცნობდა, ვინც მისი მოსწავლე იყო და თვითონვე რომ ამომიცნობენ, „შენ ვილენის შვილი არა ხარ, როგორ გვიყვარდა მამაშენიო”, ვხვდები, რომ არაფერს მნიშვნელობა არა აქვს ცხოვრებაში, თუ სიკეთე არ გითესია და თუ კეთილი სახელი არ დატოვე. ყველაფერი წარმავალია ამ საწუთროში, ერთადერთი – სახელი რჩება და რა ბედნიერებაა, სიყვარულით როცა მოგიგონებენ.
– ადრეულ წლებში ლექსებსაც წერდით… კრებული თუ გამოეცით და რატომ აღარ წერთ? გაიხსენეთ თქვენი ერთი ლექსი…
– ლექსებს და ჩანახატებს ჩემთვის ვწერდი, როცა დიდი ემოცია მოვარდებოდა ხოლმე და სადმე როგორღაც უნდა გამომეთქვა. არასოდეს მიფიქრია, პოეტი ვარ და კრებული უნდა გამოვცე-მეთქი. ეს ჩემი სულის გამოძახილი იყო და მიყვარს ძალიან ისინი, რომელიც შემომრჩა, იმ დროს, იმ ამბავს მაგონებს, რისთვისაც ვწერდი. საოცარია, მაგრამ რაც საქართველოში აღარ ვარ, ლექსს ვეღარ ვწერ. ვერ ვიტყვი, რომ აქ ემოცია არ მქონია, ან რაიმე სალექსო ამბავი, მაგრამ ვეღარ ვწერ და მორჩა. მიფიქრია კიდეც ამაზე…
ერთი პატარა ლექსი მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს:
„მე მოვალ მაშინ,
როს ტირიფთა თმაგაშლილ ტევრში
უკანასკნელად იმღერებენ
თეთრი გედები,
მე მოვალ მაშინ,
როცა ღმერთი მოგაგონდება,
მოვალ და შენ წინ
თაფლის სანთლად
დავიღვენთები“…
– და რა დასკვნა გამოიტანეთ? არადა, სამშობლოსგან მოშორებული მრავალი ადამიანი ნოსტალგიით უფრო წერს. საოცარია…
– ასე მგონია, რომ ის ენერგია აღარ მაქვს, რასაც ჩემი მიწა მაძლევდა. აქ მაინც ჰაერში ვარ გამოკიდებული, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ეცინებათ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ საქართველოში ჩემს მიწაზე ფეხს დავდგამ თუ არა, სხვანაირად ვივსები, სულ სხვა ადამიანი ვხდები – აი მიწაში ჩარგული ყვავილი რომ შევადაროთ წყლიან ლარნაკში ჩადებულს, ისე ვარ ხოლმე.
და გამოსავალსაც ვეძებ, ვეძებ იმ ძალას, რაც ჩემს ფესვებთან დამაბრუნებს. ამიტომ დავიწყე ქვებზე მუშაობა. ქვები ხომ ბუნების ნაწილია და მათთან შეხება და სიახლოვე მავსებს, მავიწყებს რეალობას და სახლში მაბრუნებს.
– ბუნებრივი ქვები თქვენი დიდი სიყვარულია… „თითოეულ ქვას ვეფერები, მჯერა, რომ ამ სამკაულის მფლობელი ბედნიერებას იპოვის. მათი ტარებით ხომ ყველაფერი მკვეთრად სასიკეთოდ იცვლება. და მეც ბედნიერი ვარ, ჩემი მიზანიც ეს არის, მივანიჭო ადამიანებს ჩემი წილი სიხარული და ბედნიერება“... – ასე ფიქრობთ და გჯერათ… ასე ოცნებობთ…
– ყველას ხომ თავისი წილი ოცნება აქვს. ჩემი დიდი ოცნებაა ჩემს საკუთარ სახლში, ჩემს საკუთარ ეზოში გაზაფხულზე ფერადი ტიტები გავახარო და ეს საქართველოში მოხდეს. ასე დამაქვს და ვეფერები ამ ჩემს ოცნებას და ის ბუნებრივი ფერადი ქვები, რომლებიც ამ დროს ხელში მიჭირავს, ბედნიერებით ივსება და იმუხტება.
როცა სამკაულებს ვაკეთებ, წარმოსახვით სახლში ვარ იქ, ჩემს საქართველოში და ადრეულ გაზაფხულზე ახლადმოხნული მიწის სურნელით და ტყემლის ყვავილებით დაფიფქულ მიწას ვეფერები. ჩემი ბედნიერება და სიხარული ქვებზე გადადის. უამრავ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, შენს სამკაულებს სიხარული და ბედნიერება მოაქვსო, არც მიკვირს, რატომ. ჩემი განწყობა გადადის მათზე და ახალ პატრონსაც აბედნიერებს.
ეს ჩემი ხსნა იყო, 10 წელია ემიგრაციაში ვარ და დღეს რომ მე შემიძლია კიდევ რამე შევქმნა და მომავალზე ვიფიქრო, ჩემი ქვებთან ურთიერთობის დამსახურებაცაა. ამან მომცა ძალა თმენისა და გაძლებისა, იმ სანუკვარი დღის დალოდებისა, როცა მხოლოდ ცალ ბილეთს ავიღებ და ისე გამოვფრინდები ჩემს სამშობლოში სამუდამოდ დასაბრუნებლად.
– განსაკუთრებით რომელ ქვებთან გიყვართ მუშაობა?
– არც კი მახსოვს, როდის აღმოვაჩინე ჩემში ქვების სიყვარული, მე მგონი, დაბადებიდან ხასიათივით დამყვა, ქვებს ბავშვობიდან ვეფერები და მათდამი გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ. მათ ვგრძნობ როგორც ცოცხალს, როგორც ჩემი და ბუნების ნაწილს.
მინერალები დედამიწის უძველესი მაცხოვრებლები არიან. ის სიცოცხლის სხვა ფორმაა. მათ რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში დააგროვეს თავიანთ კრისტალებში უამრავი რაოდენობის ენერგია. ისტორიული ფაქტები და თანამედროვე კვლევები უჩვენებს, რომ მინერალებსაც აქვთ საკუთარი ველი, ვიბრაცია, საკუთარი აურა, მათ მიერ გამოსხივებული ენერგია მოქმედებს ჩვენს სხეულზე და აღწევს თითოეულ უჯრედამდე. ამიტომ ითვლება, რომ ბუნებრივი ქვები არაჩვეულებრივია ადამიანის ჯანმრთელობისა და ფსიქო-ნერვული უჯრედების მოსაწესრიგებლად.
ჩემთვის ყველაზე ახლო და საყვარელი მთვარის ქვაა. ჯერაც გაუცნობიერებლად მიყვარდა იგი ყოველთვის, რადგან ჩემად ვთვლიდი, შემდეგ კი, როცა გავიგე, რომ ის ყველაზე მისტიკური თვისებების მატარებელია, რომ ეს მინერალი აღიქვამს და იზიდავს სიყვარულს, ადამიანებს ეხმარება ინტუიციის განვითარებასა და წარმოსახვაში, უკვე მივხვდი, რა მიზიდავდა მასში ასე ძალიან. ტიბეტში თვლიდნენ, რომ ეს მინერალი უნდა გამოიყენოთ მთვარის ფაზების გათვალისწინებით, ვინაიდან მისი მისტიკური ძალა საუკეთესოდ მოქმედებს სავსე მთვარის ფაზის დროს. ის შთანთქავს მთვარის ცივ ენერგიას, აცივებს და აწყნარებს გონებას, რითაც ადამიანებში აღვიძებს ოცნებებს და სინაზეს. ეს მინერალი დადებითად მოქმედებს გულის ჩაკრაზე და იწვევს დადებით ემოციებს.
არანაკლებ საყვარელი ქვაა ჩემთვის ფირუზი, სპარსეთში ითვლებოდა როგორც გამარჯვების სიმბოლო. დადებითად მოქმედებს ფარისებურ ჯირკვალსა და ხმის იოგებზე. მონღოლელი ლამები თვლიან, რომ ფირუზი არის ჯანმრთელობის ინდიკატორი. თუ ეს მინერალი ადამიანის სხეულზე მისი ტარების დროს რომელიმე პერიოდში იწყებს გამწვანებას ან გაუფერულებას, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჯანმრთელობის გაუარესების პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი. ითვლება, რომ მინერალი იწყებს ფერის აღდგენას, როცა მისი პატრონის აურა სუფთავდება.
ამეთვისტოს ქრისტიანი ეპისკოპოსები ხშირად ატარებდნენ და ახლაც ატარებენ ამ მინერალისგან დამზადებულ ბეჭდებს. ითვლება, რომ ეს ქვა მლოცველებს აყენებს ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. ამეთვისტო სამკურნალო იისფერი თვისებებით ანელებს სულიერ ტკივილებს, აქრობს განგაშის შეგრძნებებს, აწყნარებს და ასუფთავებს ფიქრებს. ავსებს აურას დადებითი ენერგიით და კეთილი სურვილებით, ხსნის უძილობას და გაღიზიანებას.
ოპალი ვიზუალურად მთვარის ქვას წააგავს, მაგრამ ამ მინერალს სულ სხვა ქიმიური შემადგენლობა აქვს. ინდოელები მას უწოდებენ რწმენის, სიყვარულისა და შემწყნარებლობის ქვას. თუ ოპალისგან არეკლილი მზის სხივები ჩვენ გარშემო ციალებენ, ისინი ასუფთავებენ ჩვენს გონებას და ნათელი შუქით ავსებენ ჩვენს აურას. ამიტომ წარმოიდგინეთ, რამდენად სასარგებლოა ოპალისაგან დამზადებული სამკაულების ტარება, განსაკუთრებით მზიან ამინდებში.
კატის თვალი საუკეთესო დამცველია მეპატრონისა და იცავს მას ავი თვალისაგან, აზღვევს ღალატისაგან და ფარავს გარეგანი უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ამაგრებს ოჯახურ კვანძებს, იღებს პროექციულ ენერგია იანს, იცავს ადამიანის აურას, როდესაც ის შესუსტებულია სხვა ადამიანის უფრო მძლავრი აურის ზემოქმედებით.
ჯერ კიდევ შუმერების სამეფოში, ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ვარდისფერი მარჯანი იყო უკვდავებისა და ბედნიერების სიმბოლო. წითელი მარჯანი შედგება სამი ელემენტისაგან – წყალი, მიწა და ცეცხლი. მარჯანის ვიბრაციას ითვისებს შვიდივე ძირითადი ჩაკრა, ამიტომაც ის სხვა სამკურნალო თვისებებთან ერთად ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებლადაც გვევლინება.
ლაზურიტი – ლაპის ლაზური ულამაზესი ლურჯი ქვაა, ძველ ჩინეთში ითვლებოდა ხელისუფლების სიმბოლოდ. ინდოეთში ამ მინერალისგან ამზადებდნენ რელიგიურ სიმბოლოებს, ვინაიდან თვლიდნენ ციურ ქვად. მათი აზრით, ეს ქვა განამტკიცებს სხეულის ფიზიკურ სიძლიერეს, გონებას და ჭკუას. ის გამოიყენება მხედველობის დაზიანების სამკურნალოდ, ეხმარება მფლობელს შემაწუხებელი, საგანგაშო აზრებისგან გამოთავისუფლებაში, ლითოთერაპევტები მას ხმარობენ არტერიული წნევის დასარეგულირებლად.
აქვამარინი ძალიან ლამაზი ცისფერი ქვაა, მაგრამ ის ფერს იცვლის ამინდის ცვალებადობისა და მისი მფლობელის განწყობის მიხედვით. ანელებს ემოციებს, აქრობს სიბრაზეს და ამშვიდებს პატრონს. ტიბეტურ და მონგოლურ მედიცინაში აკვამარინი ითვლება კარგ ბიოსტიმულატორად და სულიერი გაწონასწორების საშუალებად.
ონიქსი შთანთქავს უარყოფით ენერგიას, მუდმივად სხეულზე ტარება ეხმარება ადამიანებს სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლაში, ხელს უწყობს აურას გაჭუჭყიანებული ფრაგმენტებიდან გათავისუფლებაში.
კიდევ ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ქვებზე და მათ მაგიურ ზეგავლენაზე, მაგრამ ვხედავ, ძალიან გამიგრძელდა. ალბათ მიხვდებით, რა ბედნიერებაა ჩემთვის, ყოველდღე რომ ამ საოცრებებს ვეხები და მათგან სილამაზეს ვძერწავ. განსაკუთრებით დიდ სიხარულს მგვრის, როცა მათ ჩემს საყვარელ ადამიანებს ვჩუქნი. ქვეცნობიერად, ყველა ჩემს სამკაულში ჩემი სულის პატარა ნაწილი და დიდი სითბო დევს, რომელმაც მინდა ბედნიერება მოუტანოს მფლობელს. ყველა სურვილი ხომ საბოლოოდ მატერიალიზდება ამ სამყაროში და მეც ჩემთვის მჯერა, რომ ამით ერთ პატარა კეთილ საქმეს ვაკეთებ.
– დღეს მრავალი ტოვებს საქართველოს და სამუშაოს უცხო ქვეყანაში ეძებს. რას ეტყოდით აქ დარჩენილებს შორეული ემიგრაციიდან?
– რას ვეტყოდი ან რა უნდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არიან დარჩენილები, ან ჩემსავით სადმე უცხო ქვეყანაში გაურკვეველი დროით გადაკარგულები. მაშინ აფასებ, როცა აღარ გაქვს. ჩვენ, ემიგრანტებს, ორჯერ მეტად გვტკივა ჩვენი სამშობლო, იმიტომ რომ მასთან ყოფნის ბედნიერებას ვართ მოკლებული. არ გვცივა, არ გვშია და არ გვწყურია, მაგრამ მთავარი – გული გვაქვს ამოგლეჯილი და ამის მერე აღარც სმა-ჭამას და აღარც ჩაცმა-დახურვას აღარა აქვს მნიშვნელობა.
მე რომ იმის შანსი მქონდეს, საქართველოში სამუშაო მექნება და თავს ვირჩენ ელემენტარულად, დღესვე დავბრუნდებოდი უკან. ამასვე გეტყვით ალბათ ემიგრანტების უმრავლესობა. ძალიან გული შემტკივა იმ ადამიანებზე, ვინც საქართველოში არიან და სასოწარკვეთილნი უსახსრობისგან გამოსავალს ეძებენ და ვერ პოულობენ. ამის გახსენებისას რა ნამუსით უნდა დავიწუწუნო მე რამეზე, მაგრამ მაინც ამას ვიტყვი, თუ ოდნავ მაინც შანსი არის იმისა, რომ საქართველოში რაიმეთი მაინც იარსებო, არ უნდა წახვიდე სხვაგან საცხოვრებლად. ეს ჩემნაირ ადამიანებს შინაგანად ანგრევს, მით უმეტეს, თუ ოჯახი იხლიჩება და ნაწილი იქეთაა, ნაწილი აქეთ რჩება.
– გყავთ ტყუპი ვაჟები, მუსიკოსები არიან და ევროპაში წარმატებით მოღვაწეობენ…
– 10 წლის წინანდელი ტკივილი და ჩემი შვილების ცრემლიანი თვალები, როცა აქეთ მოვდიოდი, დღემდე ვერ განელდა ჩემში და არც განელდება იმ დანაშაულის შეგრძნება, რომ მე იმ დროს მათ გვერდით არ ვიყავი, როცა მათ ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, არათუ კლებულობს, წლებთან ერთად მატულობს და ვერაფრით შევძელი ამისი კომპენსაცია. თუმცა მათი გულისთვის წამოვედი, მაგრამ ის, რაც ამით დააკლდათ, ვერაფრით ანაზღაურდება. მარტო ერთი რამით ვიმშვიდებ თავს, მე მათ ოცნება ავუსრულე, მუსიკოსობა უნდოდათ და გზა გავუხსენი, რომ ყოფილიყვნენ, თავისუფლება მივეცი და სიკეთის კეთებით მიღებული ბედნიერების გემო ვაგრძნობინე.
ყველა მშობელი ოცნებობს, შვილები წარმატებული იყვნენ. მე მარტო ერთი რამ მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანები ბედნიერები იყვნენ, მნიშვნელობა არა აქვს ამას სად იქნებიან, რა პროფესიას გაყვებიან და რა სიმაღლეებს მიაღწევენ. ჩემთვის მთავარია, ბედნიერები იყვნენ.
– თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი…
– და ბოლოს, მინდა ერთი რამ ვთქვა. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური რამ, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებს, გახალისებს, გაბედნიერებს. ის საქმეც მშვენიერი გამოდის ამ დროს და შენც კმაყოფილი ხარ. უნდა ეძიო და აუცილებლად იპოვი, რაც შენი ნავსაყუდელია და სადაც თავს კარგად გრძნობ. წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი იქნებოდა სამყარო, ყველა ადამიანი იმას რომ აკეთებდეს, რაც სიამოვნებს და რაც უყვარს. უარყოფითი ემოციებისთვის დროც კი არავის დარჩებოდა და მათი გაკეთებული ნებისმიერი რამ ხომ საუკეთესო იქნებოდა საუკეთესოთა შორის.
ამით მივედი ერთ დიდ ჭეშმარიტებამდე, რომელიც მე არ გამომიგონია, მაგრამ ვაღიარებ, სიყვარულით შექმნილი ყველაფერი ლამაზი და კარგია. მეც ამ პრინციპით ვმუშაობ და მინდა, რომ ჩემმა სამკაულებმა ბედნიერება მოუტანოს ადამიანებს.
თამარ შაიშმელაშვილი