გიგი უგულავა: ამ ე.წ. ციხის კადრებში 99% დადგმული იყო

ამ ე.წ. ციხის კადრებში 99% დადგმული იყო – ამის შესახებ თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. უგულავა მიიჩნევს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა. გიგი უგულავა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზეც საუბრობს. მისი თქმით, ბევრი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის ციხეებში შექმნილი მდგომარეობა იყო.
“ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი წარმომადგენელი არ უნდა ყოფილიყო ის ხალხი, ვინც დამარცხების შემდეგ ხავსივით მოგვშორდა. თუ ბევრი შიხიაშვილი დაგიგროვდება, წააგებ. ჩვენი შეცდომა იყო ისიც, რომ ინფრასტრუქტურასა და მოდერნიზაციაზე ზრუნვაში ადამიანი, ინდივიდი დაიკარგა.
შეცდომა იყო ციხეში შექმნილი მდგომარეობაც, თუმცა არსებობს ობიქტური ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ე.წ. ციხის კადრებში 99% დადგმული იყო და ამას, ადრე თუ გვიან, საზოგადოებაც ნახავს. ციხეებში პრობლემები იყო, მაგრამ ის ცირკი და მასკარადი, რაც საზოგადოებას აჩვენეს, გადაჭარბებულია. ცრუ ბრალდებაა, თითქოს ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ვმონაწილეობდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. ციხესთან საერთო არაფერი მქონდა, თუმცა იყო ჩემს ნაცნობებთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევა. მე მათი ამბავი მოვიკითხე და მოვახერხე, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება მომხდარიყო. ეს თუ ციხეებში მეტასტაზებივით იყო მოდებული, არ ვიცოდი. წარსულზე დაუსრულებლად ლაპარაკს არ ვაპირებ! იმ ხალხს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მანდატი მისცეს არა იმისთვის, რომ ადამიანებზე ინადირონ, არამედ იმისთვის, რომ ის დაპირებული ასი ქარხანა ააშენონ ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები