„ეს ტანჯვისა და თმენის სამოთხეა ერთი ამოსუნთქვისთვის“… – გიორგი მელუას ფერწერა და ბედისწერა
სამეგრელოში გაიზარდა. ობლობის ხვედრი ბავშვობიდან დაჰყვა… სკოლაში კარგად სწავლობდა. ლიტერატურის სიყვარულს მამის დამსახურებად მიიჩნევს, რომელიც შინ უწიგნოდ არ ბრუნდებოდა… ისტორია-ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები დაამთავრა…
საკუთარ გაზეთს გამოსცემდა 90-ან წლებში. ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთო, ტრანსკავკასიის მაგისტრალის გვირაბის გაყვანის (და არა მარტო) საპროტესტოდ იშიმშილა კიდეც…
მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და 11 წელი ემიგრაციაში დაჰყო. ხატვა იქ დაიწყო… ქალაქ სავანაში 200 მხატვარს შორის მისმა „მოცეკვავე გედმა“ აკრილიკის მედიუმში გაიმარჯვა და პოპულარული გახდა. მონაწილეობდა გამოფენებში და ქალაქის მერის სამადლობელი წერილი დაიმსახურა.
ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს. არის ორი პოეტური და რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორი. პერსონალური და ჯგუფური გამოფენების მონაწილე. – მხატვრისა და პოეტის, გიორგი მელუას პერსონა.
– მე და ჩემი ძმა ადრე დავობლდით. დედა 23 წლისა წავიდა ამქვეყნიდან. მამაჩემს არანაირი ქალური საქმე არ ეხერხებოდა, ჩაიც კი არასოდეს აუდუღებია. ამიტომ ცივ წყალში შაქარს ჩავყრიდით და შიგ პურს ვალბობდით. დედის მხრიდან ბებიის, იუსტინე სტეფანიას დებმა გაგვზარდეს ქვედა ჩხოროწყუსა და სახვარაში – ლესიჭინესთან ახლოს.
სამეგრელო ჩემი დედულეთია – 60-ანი წლების სამეგრელო ჯერ კიდევ ძველი კოლხური კულტურის მატარებელი იყო – ტკბილი და მკაცრიც. ერთხელ ბებიაჩემი მის ტოლ მეზობელს ესაუბრებოდა, მე მათ წინ ზურგშექცევით ავიტუზე… ხედავთ, როგორ დამამახსოვრდა? მკაცრად, მაგრამ სიტკბოებაში მზრდიდნენ, ისიც მახსოვს, ბებიაჩემმა ფუჩხოლია თავისი შვილიშვილებისგან მალულად რომ მაჭამა…
ობლობა ძნელია – ჩემს ბუხართან ნუ თბებიო, გეტყვიან და… ესეც გულში ჩაგრჩება სამუდამოდ…
კიდევ არის რაღაცა, რითაც სხვათაგან განვირჩევი და ესეც ობლობის „საჩუქარია“…
კერასინაზე მუხლებმიმწვარს, ტკივილისგან კი არა, უსაშველო სიცარიელისგან სული მტკიოდა. მაშინაც და ახლაც სრულიად უმიზეზოდ ვტირი.
– რა ატირებს ამ ბავშვს? – ეკითხებოდა გამზრდელი დედა მამაჩემს…
მშობელი დედა – ელენე (ნანი) მიქელაძე ულამაზესი ქალი იყო. დღემდე ლეგენდად იხსენებენ. ბაბუა – სერგეი მიქელაძე სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისში დაბრუნებულა, იქ შავრაზმელებს მისი გენერალი ძმა მოუკლავთ და ალბათ ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში. ვიოლინისტი იყო, მაგრამ არაყი უყვარდა თურმე ნამეტნავად – მუსიკას დაწერდა, გაყიდდა და არაყს იყიდდა – ზაქარია ფლიაშვილის ძმის, ვანო ფალიაშვილის ორკესტრში უკრავდა ქუთაისში პირველ ვიოლინოდ. ეს ყველაფერი მეორე დედის – ძმის რეზო მარგველაშვილისგან ვიცი, რომელიც, თურმე ბაბუასთან ერთად უკრავდა ტრომბონზე ორკესტრში. ბაბუას მხოლოდ ერთხელ ვუნახივარ, ფრანგულად და რუსულად ლაპარაკობდა, ქართული არ სცოდნია. დღემდე ვერ ამიხსნია, ბებიაჩემს როგორ ელაპარაკებოდა. ბაბუას გავხარო, ჩემზე ამბობენ.
– მამა სკოლის დირექტორი იყო… სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?
– მამაჩემი სოფლის სკოლაში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგედ და მერე დირექტორად მუშაობდა. გამზრდელი დედაც ქიმიას ასწავლიდა.
დამამთავრებელ კლასებში ქართულს მამა მასწავლიდა. ძალიან მკაცრი იყო. მის გაკვეთილზე ხელი არასოდეს ამიწევია. კითხვას რომ დასვამდა, თუ კლასი ვერ უპასუხებდა, მე უნდა ავმდგარიყავი და პასუხი გამეცა. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა კიტხვას ვერ ვუპასუხე და ხუთოსანს პირველი ორიანი დამიწერეს.
სკოლა მედალზე არ დამიმთავრებია, რადგან მამაჩემმა ქართულ წერაში დამამთავრებელ გამოცდაზე ოთხიანი დამიწერა. მაღალნიშნიან ნაწერებს მერე რაიონში ასწორებდნენ – ვინც ჩემი ნაწერი ხელახლა გაასწორა – მამაჩემისთვის უკითხავს – ამ შენს მოგვარე მოსწალეს ნიშანი რატომ დააკელიო…
– ისტორია–ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები დაამთავრეთ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესიები?
– ის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურისადმი მომეტებული სიყვარული მქონდა, რა თქმა უნდა, მამაჩემის დამსახურებაა. ერთადერთი სიმდიდრე, რაც ჩვენს ოჯახში იყო, მდიდარი ბიბლიოთეკა გახლდათ. ქალაქში წასული მამა შინ უწიგნოდ არასოდეს დაბრუნებულა, მეზობლებს ყოველთვის ჩვენგან მიჰქონდათ საკითხავი ლიტერატურა. მასწავლებლობა არასოდეს მდომებია, უფრო არტისტობა მიზიდავდა, მაგრამ იმხანად თეატრალურში ჩაბარებაზე ოცნებაც არ შემეძლო, – ტომრობით ფული უნდაო, – ამბობდნენ. როგორც ფილოლოგიის, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კარგად ვსწავლობდი, თანაკურსელები სულ მთხოვდნენ, ლექტორისთვის „ძნელი“ შეკითხვები დამესვა.
– 1986-99 წლებში მუშაობდით ბეჭდურ მედიაში. გამოსცემდით და რედაქტორობდით საკუთარ გაზეთს, გქონდათ საავტორო პროგრამა რადიოში...
– ქართული ენის განმარტებითი და უცხო სიტყვათა ლექსიკონების დაუხმარებლად საგაზეთო მასალა არასოდეს დამიწერია. როცა მამას ეს ორი წიგნი ვთხოვე, როდის დამიბრუნებო, მკითხა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი ქართული ენა სწორედ ქართული ენის უცოდინარი ჟურნალისტების მიერ არის შერყვნილი.
აბა, რა უნდა გავიხსენო, გაზეთის ერთ გვერდს – 8 ნაბეჭდ თაბახს ვწერდი, ფოტოებსაც მე ვურთავდი და კორექტურასაც მე ვკითხულობდი. ყველაფერ ამაში 10 ლარს მიხდიდნენ… ეს ფული ერთ ბოთლ არაყს, ცოტა ძეხვსა და შოთის პურს ძლივს ჰყოფნიდა. ზოგჯერ გამომცემლობა „სამშობლოდან“ სახლში წასასვლელი ხურდაც არ მრჩებოდა. ასეთი იყო 90-ანი წლები. ჩემს გაზეთს „პერსონა“ ერქვა, როგორც თქვენს რუბრიკას. არაპირდაპირი ზეწოლის შედეგად დაიხურა: ვიღაცას ხელს არ აძლევდა ხუთჯვრიანი დროშის შესახებ სიმართლე დაბეჭდილიყო. რადიო „მწვანე ტალღასა“ და ჩემს საავტორო პროგრამა „ბაფესს“ ჩემი ყველაზე საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. ემიგრაციაში წასვლამდე ხომ ეკოლოგიურ და ანომალურ მოვლენების თემაზე მომუშავე ჟურნალისტად მიცნობდნენ. ბევრი რადიოშიც მირეკავდა და რედაქციებშიც მხვდებოდნენ. უნდოდათ, ჩემგან „იქაური“ ამბები „დანამდვილებით“ გაეგოთ.
– ეროვნულ მოძრაობაში იყავით ჩართული… მერაბ კოსტავას წერილიც მიუძღვენით. ამ გადასახედიდან, რა შეცდომა ჰქონდა მაშინდელ მოძრაობას და რა დაგამახსოვრდათ იმ წლებიდან?
– ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიასა და ვანო ხუხუნაიშვილის შემდეგ მე მეოთხე ადამიანი ვარ, ვინც 1988 წელს, ტრანსკავკასიის მაგისტრალის გვირაბის გაყვანის (და არა მარტო) საპროტესტოდ იშიმშილა. ეს პირველად მოხდა საბჭოთა კავშირში. კავშირგაბმულობის შენობიდან მიხეილ გორბაჩოვის სახელზე კრემლში საპროტესტო დეპეშა გავაგზავნე. გაოგნებული დავრჩი, როცა იქიდან პასუხი მომივიდა – თქვენი დეპეშა მიღებულია და ჩაბარდა ადრესატსო. იმხანად ერთ მრავალტირაჟიან გაზეთში ვმუშაობდი, შიმშილობის მეხუთე დღეს რედაქციაში ორი უცხო მამაკაცი შემოვიდა და მიკითხა. რედაქტორი ისე დაფრთხა, სახეზე ფერი აღარ ედო, რადგანაც უღხრეს, რომ უშიშროებიდან იყვნენ.
სუკის თანამშრომლებს ჩემთვის ზედმეტი არაფერი უკადრებიათ, მკითხეს, რაც აინტერესებდათ და მეც ვუპასუხე. ბოლოს ვიღაც ექიმი მოიყვანეს, რომ ჩემი შიმშილობის ფაქტი დაედასტურებინათ. როგორც ზემოთ ვთქვი, მეხუთე დღე იყო, ვშიმშილობდი და პირიდან აცეტონის სუნი ამომდიოდა. როცა ექიმმა ჩემი შიმშილობა დაადასტურა და მიზეზი გაიგო, სახტად დარჩა და უშიშროების თანამშრომლებთან ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი ახსენა. მეც ეს მინდოდა, მიზეზი მოვიდე და ჩვენებისთვის ხელი არ მომიწერია.
კიდევ ერთს გავიხსენებ. ეს ამბავი 1988 წლის ნოემბრის აქციებამდე სასტუმრო „თბილისის“ ქვემოთ, სახინკლეში მოხდა: გიორგი ჭანტურია და სხვა დისიდენტები ვიყავით შეკრებილნი. მაშინ სუფრასთან წავიკითხე ჩემი ეს ლექსი, რომელიც გიორგიმ იატაკქვეშეთში გამომავალ ჟურნალ „მოამბეში“ დაბეჭდა.
***
„ისევ სევდის ხეივანი მათრობს,
გული ჭკნება, როგორც ია-ია,
ბინდი სძირავს სილურჯეში მაღლობს,
ვნაღვლობ,
სამრეკლო რომ გამოკეტილია.
მაინც უნდა შევევედრო უფალს,
(ჩემი ბედიც ეკლის გვირგვინია)
მაღირსებდეს მამულს თავისუფალს
ტურფას,
როგორც მთიდან ჩამოფრენილ ნიავს“…
უზომოდ ვამაყობ ამ ლექსით, რადგან ის თავისუფალი საქართველოსადმი მიძღვნილი ერთ-ერთი პირველი დაბეჭდილი ლექსია.
ეროვნულ მოძრაობას მართლაც ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ეს იმ დროისთვის არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ღრმა ანალიზს მოითხოვს.
– 11 წელი დაჰყავით ემიგრაციაში. რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
– ცხოვრებას ბედისწერა განსაზღვრავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ჩვენი კარმულ გამოვლინებათა შედეგია. უცხოეთში გარკვეული მისიის შესასრულებლად ვიცხოვრე – ჩემი ემიგრანტული ცხოვრება რომ არა, ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ.
– ხატვა ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში დაიწყეთ. თუ ფიქრობდით ბავშვობაში, რომ მხატვარიც გახდებოდით?
– სადინარების გახსნას თავისი დრო აქვს, როცა მომენტი მომწიფდება, მაშინ გაიხსნები სიტყვით, ფერით, ხმით, ან მოძრაობით. მეც ასე დამემართა. ისრაელიდან აშშ-ში ჩემს მეგობარ ქართულ ოჯახში ძველი თაობის მოქანდაკე გია შოგირაძე ჩამოვიდა სტუმრად. მისი „ბრალია“ ჩემი მხატვრად გახდომა – ჩემს დაუკითხავად ჩემივე ფულით ფუნჯები და საღებავი იყიდა, მომაძახა, მხატვარი ხარო და ორი დღის შემდეგ ისრაელში გაბრუნდა. არ ვიცი, მხატვარი ვარ თუ არა, მაგრამ ჰარმონიისა და სრულყოფილებისკენ დაუოკებელი სურვილი რომ მაქვს, ამას ნამდვილად ვგრძნობ.
სიყმაწვილეში ხეზე ჩუქურთმის ჭრითა და ინკუსტრაციით ვიყავი გატაცებული, უამრავი ნახატი შემიქმნია კაკლის, ნეკრჩხლის, წიფლის,
ვაშლის ხის ფანერებისგან. ასე რომ, მთლად შემთხვევითაც არ შევხვედრივარ ფერწერას…
– ემიგრაციის წლები რით იყო დასამახსოვრებელი?
– მთავარია, კაცი სამშობლოს გამოადგე. ემიგრაციაში მყოფი უფრო ვადგებოდი ჩემს ქვეყანას -ემიგრანტულ ჟურნალში ქართული ენის სიწმინდის დასაცავად წერილებს ვაქვეყნებდი, კალამი ხელიდან არ გამიგდია.
სხვა მხრივ, რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში რომ აღმოჩნდები, ბევრს სწავლობ. სწორედ უცხოეთში ჩავწვდი ამ სიბრძნის სიღრმეს – „თუ გინდა, რომ დაინახო, უნდა დაშორდე!“
– პირველი ნახატები… რა განცდა დაგეუფლათ?
– მხატვრობაში ჩემი ნათლობა ქალაქ სავანას ლენდინგის მერილ ლანჩ ჰაუსის არტრიუმ გალერეაში მოხდა. პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოსაფენად ჩემი ტილო – „მოცეკვავე გედი“ მივიტანე – ასე აღმოვჩნდი 200 მხატვართა შორის საშემოდგომო გალაგამოფენის მონაწილე. არავის ვიცნობდი ასოციაციის პრეზიდენტის გარდა. გამოფენაზე უამრავი ხალხი ირეოდა, დამინახა თუ არა ქალბატონმა სუზი კროჩმა, ხელი დამიქნია, მოდი, მოდიო. ძლიერ გახარებული ჩანდა, რაღაც მნიშვნელოვანს და სასიხარულოს მეუბნებოდა. ხმაური იყო და კარგად არ მესმოდა. მერე ბუკლეტი მომაწოდა, ნახე, გაიმარჯვეო. მე აკრილიკის მედიუმში გამარჯვებული აღმოვჩნდი…
ემოცია იმდენად დიდი იყო, მანქანით უკან რომ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე, ვინმესთვის დამერეკა და ჩემი სიხარული გამეზიარებინა. ვერავის მივწვდი. ბოლოს ერთ ჩემს ამერიკელ ნაცნობს ვახარე ჩემი ამბავი. ა, კარგია, გასაგებიაო, – მითხრა ცივად.
ამ გამარჯვებამ გარკვეული პრესტიჟი და სახელი მომიტანა. ამის გამო გამომფინეს „პლანტეიშენ კლაბ გალერეაში“, „სპეის გალერეაში“. არცერთი გამოფენა აღარ გამომიტოვებია. ბოლოს სავანას სითი ჰოლში ჩემი ნახატი 6 თვე იყო გამოფენილი. ქალაქის მერმა ოტის ჯონსონმა სამადლობელი წერილიც კი მომწერა.
– რამდენიმე წელია, რაც სამშობლოში დაბრუნდით… როგორი დაგხვდათ თბილისი, რას შეცვლიდით?
– ზემოთ ბედისწერა ვახსენე – წრე შეიკრა და შვიდი წელი, რაც უკვე სამშობლოში ვარ, თუმცა ვიტყოდი, რომ ცალი ფეხი იქ დამრჩა – შეგნებული ცხოვრების 11 წელი უცხო ქვეყანაში გაატარო, ადვილი არ არის. სხვანაირი ჩამოვედი და სხვანაირი ვარ. ამას ყველა გრძნობს ჩემთან ურთიერთობაში.
სამშობლოში კი არა თითქოს სხვა ქვეყანაში დავბრუნდი – სხვა ხალხი, სხვა მენტალიტეტი… სამუშაოს საძებრად მისულს, ასეც მითხრა ერთმა – თქვენ არ იცით, ბატონო, რომ სხვა ქვეყანაში ჩამოხვედითო…
როგორც იცი, ჟურნალისტი ვარ, ბევრი დამიწერია თბილისზე და თბილისელებზე. თბილისელობა ქალაქში მცხოვრებ ადამიანთა ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმაა, დაუწერელი, ყველა ქალაქელისთვის დაურღვევლად შესასრულებელი. ასეთი რამ ჩვენს ქალაქში უკვე აღარ არსებობს. აქ ახალი ხალხი ცხოვრობს, სხვა ზნისა და სხვა წესის, რომელსაც ქალაქურს ვერ დაარქმევ.
– როგორ ხატავთ?
– ჩემთვის ხატვის პროცესი მაშინაც არ მთავრდება, როცა ფუჯებს ვწმენდ. ის თითქოს დაუსრულებელი აღმოჩენებისა და მიგნებების სერიაა – როგორი შესატყვისი სინაზით უნდა დააწვე ფუჯს, შენც როგორი შესაფერი ვიბრაციით უნდა იყო მოცული, რომ ფერის ფერთა გადაწვნა ბუნებრივი და ჰარმონიული იყოს – ეს ტანჯვისა და თმენის სამოთხეა ერთი ამოსუნთქვისთვის, ასეთ რამეს მხოლოდ ხელოვანები განიცდიან.
– პოეტური კრებულის ავტორიც ხართ. რომელს ანიჭებთ უპირატესობას – ხატვას თუ ლექსების წერას?
– ასე არ ვიტყოდი, რადგან შეერთებულ შტატებშიდაწერილ ჩემს მეორე კრებულში შესული ლექსები, შეიძლება ითქვას, „გაკეთებულია“. ის თეოსოფიური მსოფლმხედველობისა და მთვარის მისტიფიკაციის სინთეზია.
ბედნიერება მქონდა, ალექსანდრე კლიზოვსკის თეოსოფიური ნაშრომის – „ახალი ეპოქის მსოფლგაგების საფუძვლების“ ქართული თარგმანის სამი ტომის რედაქტორი ვყოფილიყავი. ამ წიგნზე მუშაობამ მთლიანად შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და სამყაროს აღქმა.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი მხატვრული ხერხებით აისახა ჩემს მეორე კრებულში. დიახ, ის ძნელი გასაგებია, რადგან სხვაგვარად არის დაწერილი და გააზრებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის მკითხველთა მცირე წრისათვის არის განკუთვნილი. ასევე ბუნებრივია ისიც, რომ ჩემი ფერწერა ჩემი თეოსოფიური პოეზიიდან გამოდის – ნახატების სერიაში, რომელსაც „პორტალი“ დავარქვი, სწორედ ამის ჩვენებას ვცდილობ, რომ სამყაროს ერთიანობა (თეოსოფიის ერთ-ერთი პრინციპი) წარმოვსახო, რომ ხილული და უხილავი, რეალური და ირეალური თანანადები შრეებია. როცა ჩემს ფერწერულ ტილოსთან მდგომ მეგობრებს ყოველივე ამას ვუხსნი, ისინი უკვე სულ სხვაგვარად აღიქვამენ ჩემს ნახატს.
– ჰობი…
– შეერთებული შატატები ძალიან მდიდარი ქვეყანაა – იქ დავიწყე შეგროვება – ვაგროვებ ფარმაციის მცირე ზომის ფერად შუშებს (ამერიკაში ამის ტრადიციაა), ასევე მცირე ზომის სამარილეებსა და საპილპილეებს, მინიატურულ ჩარჩოებს, ასევე „როუზ მედალიონის“ ფაინსს, შეძლებისდაგვარად, რაღა თქმა უნდა…
აგრეთვე, მინდა მეტი ვიცოდე ძველ ცივილიზაციაზე, არამიწიერ არტეფაქტებზე, უცხოპლანეტელებზე და კოსმოსზე, საზოგადოდ.
– ოჯახი ემიგრაციიდან დაბრუნების შედეგ შექმენით. გვიამბეთ ამ სიყვარულზე…
– ამერიკაში წასვლამდე შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბედისწერას ვერ გავექეცი – აეროპორტში რომ მაცილებდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. იმდენი სატელეფონო ბარათი შემიძენია, იმდენ წვიმასა და ქარში ვმდგარვარ სატელეფონო ჯიხურთან, რომ მასთან დამერეკა და ხმა გამეგო… ღმერთმა დალოცოს ჩვენი ცუკერბერგი, რაც სკაიპი და ფეისბუქი შემოვიდა, ორივემ ამოვისუნთქეთ. ბოლო წლებში ჩემს ყველა შესვენებას ერთად ვატარებდით სკაიპის საშუალებით. შაბათ-კვირას ნოუთბუქს გარეთ გამოვიტანდი და ჩემი სავანას ჰოლსტრიტის ხედებს ვაჩვენებდი. ერთხელ ჩემი დაბადების დღეზე „სალვადორ დალის“ სუნამო გამომიგზავნა, ძალიან იმოქმედა ჩემზე და დაიწერა:
„და თუ არ იცი, გეტყვი,
ასე შორსა ვარ რახან,
მე სიყვარულის ყალმით
გულში ჩახატული მყავხარ…
შეხე კამკამა ცაზე
დგას ცისარტყელას რკალი,
როგორც მოძღვნილი შენგან
სუნამო Salvador dali“…
– რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი და უამრავი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ხართ. სამომავლოდ… რას აპირებთ?
– ახლახან მხატვართა კაშირის ეგიდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ჯგუფურ საშობაო გამოფენაში ვმონაწილეობდი.
იმედგაცრუებული ვარ – სრულიად მოუმზადებელ და ქაოსურ ღონიძიებაზე აღმოვჩნდი. არანაირი მედია და ხელოვნების კრიტიკოსები. ექსპოზიციის სრული კოლაფსი, ზოგიერთი ნაატი იატაკიდან 20-30 სმ-ის სიმაღლეზე (მათ შორის ჩემიც) ეკიდა, განათებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღევანდელ მხატვართა კავშირში საბჭოთა კავშირი გუგუნებს. ამიტომ სამომავლოდ ჩემს ნამუშევრებს პერსონალურად გამოვფენ აქაც და უცხოეთშიც.
თამარ შაიშმელაშვილი