„ჩემი ოცნებაა, გადავიღო, როგორ ბრუნდებიან ცხინვალში ქვეყნის ოთხივ კუთხით გაფანტული ქართველები“…
„ჩემო ათასსამოცდასამო ფეისბუქელო მეგობარო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ბევრი, ძალიან ბევრი სიხარული მოეტანოს თითოეული თქვენგანისთვის.
განსაკუთრებით თქვენ მინდა მოგილოცოთ, ჩემებურებო – ცხინვალელებო. მალე აგვხდენოდეს მამაპაპურ კერიაზე დაბრუნების ოცნება“, – ასე მიმართავს მეგობრებს ფოტოხელოვანი ჯემალ კასრაძე, რომელსაც ეპოქის მემატიანესაც უწოდებენ…
ვინ აღარ გადაუღია მის ფოტოობიექტივს, რა ქარიშხლები აღარ გამოუვლია? თითოეული ფოტო ნოველაა, მატიანეა, რომელიც გვიამბობს გარდასულზე, შეჩერებულ დარდსა თუ სიხარულზე…
მის ფოტოობიექტივშია ეროვნული მოძრაობა, ცხინვალი და აფხაზეთი… პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, მოღვაწენი… ჯემალ კასრაძე მარაბდისა და შინდისის გმირთა ნაკვალევზე, ილიას ნაფეხურებს ამგზავრებული… მერაბ კოსტავას ეზოში, სტეფანწმინდასა და მარაბდაში… იგი ყველგანაა, თავისი სამშობლოს ყველა კუთხე-კუნჭულში და მაინც, დიდი ცხინვალელებისკენ სხვანაირად მიუწევს გული…
ცხინვალიდან დაწყებული ბავშვობიდან სრულიად საქართველოს მოგზაური და ცოცხალი თვალია… თვალი, რომელიც გაიძულებს, რომ ასევე თვალი გაუსწორო სინამდვილეს… ჩაფიქრდე და მომავალი აშენო…
სხვადასხვა გამოფენაზე წარმოდგენილმა მისმა სურათებმა დაიმსახურეს საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო. გამოსცა სამი წიგნი: „ჩიტებით სავსე ყუთი“, „ვაჟა კაჭარავა“ და ფოტოგალერეა „ჩემი დროის ადამიანები“.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძირს მშენებლობის გადაღებისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააჯილდოვა საპატრიარქოს სიგელით.
2014 წელს, ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯემალ კასრაძეს, როგორც კულტურის სამინისტროს რჩეულს, მიენიჭა პირველი ქართველი ფოტოგრაფის – ალექსანდრე როინიშვილის ლაურეატის წოდება. ჰყავს მეუღლე – ნელი რეხვიაშვილი-კასრაძისა, შვილები – ლევანი და ჯაბა; შვილიშვილები – ანა, ნიკუშა, ანდრია, კატო და მაშო.
– დავიბადე ცხინვალში, 1945 წლის ნინოობას. რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ფოტოაპარატი, ეს აპარატი მამაჩემმა მეორე მსოფლიო ომის წინ შეიძინა, თუმცა არც მოხმარება იცოდა და არც ინტერესი ჰქონდა. მე და ჩემი ძმა რომ წამოვიჩიტეთ, გადავწყვიტეთ ამ აპარატისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა. გერმანული იყო, „გომზა“ ერქვა. ზუსტად ისეთი, პროფესიონალი ფოტოგრაფები რომ ხმარობენ. სამ ფეხზე დააყენებდი. გადაიფარებდი შავ ტილოს და ჩიტს გამოაფრენდი. კონტაქტური ბეჭდვის თითო ფირი ჩადიოდა. შემდეგ ვამზადებდით „პრაიავიტელს“ და „ზაკრეპიტელს“ (რატომღაც ამ ხსნარების სახელწოდებას ყველა რუსულად ვამბობდით), შემდეგ ვამჟღავნებდით ფირს და იწყებოდა საოცარი პროცესი: წითელ შუქზე იბადებოდა სასწაული – ფოტო ქაღალდზე გამოჩნდებოდა ადამიანი, თითქმის ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო.
მაშინ არც ფოტოგრაფიის მამამთავარი ფრანგი მხატვარი ჟაკ მანდე დაგრი ვიცოდით და არც ნეგატივის გამომგონებელი ინგლისელი ჰენრი ფოქს ტალბოტი. ასე სიმართლე თუ გინდათ, არც ალექსანდრე როინიშვილი გაგვეგონა.
უკვე იმ დროს ძალიან პოპულარული ფოტოაპარატი „სმენა“ რომ შევიძინე, ქვეყანა ჩემი მეგონა. მერე იყო „ფედი“ და საბჭოთა აპარატებიდან ყველაზე საუკეთესო „ზენიტი“. „ზენიტით“ დავიწყე პროფესიული საქმიანობაც: დღეს, როდესაც ციფრულმა ფოტომ ძალიან გაამარტივა გადაღება, დროდადრო მომენატრება ხოლმე წითელ შუქზე ჩატარებული ის საოცარი რიტუალი, როცა მე თვითონ ვიყავი ამ სასწაულის უშუალო შემოქმედი.
– პირველი ფოტოსურათები…
– პირველი ფოტოსურათი 1971 წელს „ლიტერატურულმა საქართველომ“ დამიბეჭდა. ძალიან დიდი სიხარული განვიცადე. ყველას ვაჩვენებდი. ჯიბეში გამიცვდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ფოტოსაქმე თუ გახდებოდა ჩემი მთავარი საქმიანობა.
– სპორტულ გაზეთებში – „ლელოსა“ და „მართვეში“ მუშაობდით…
– თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება რომ დავამთავრე, ფოტოგადაღებამ გადამძალა. „ლელოში“ ვთანამშრომლობდი შტატგარეშე კორესპონდენტად. თანაკურსელი ავთანდილ გურასაშვილი მეორე კურსიდან „ლელოს“ შტატში აიყვანეს და, შეიძლება ითქვას, მან გამიკვალა გზა ამ პოპულარულ გაზეთში.
ბარემ აქვს იმასაც ვიტყვი, იმ დროს რედაქციის შტატში მოხვედრა ძალიან რთული იყო. სტუდენტი ავთოს აყვანა შტატში იშვიათ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს.
1977 წელს ჟურნალ „მართვეს“ რედაქტორმა არჩილ გოგელიამ ფოტოკორესპონდენტად ამიყვანა. საოცარ სამყაროსი მოვხვდი. აქ გავიცანი მხატვარი ვახტანგ რურუა, თამაზ კვაჭანტირაძე, ნანა კვარაცხელია, რაიმონდ მაჭავარიანი, თენგიზ გაჩეცილაძე, გოგა ქორქია. მოგვიანებით შემოგვიერთდნენ: პაატა ნაცვლიშვილი და დათო კაკაბაძე.
ეს ადამიანები იმ დროისთვის ჩვენში ყველაზე მაღალი დონის ჟურნალს აკეთებდნენ. „მართვე“ გამოირჩეოდა როგორც კვალიფიციური წერილებით, ისე დიზაინით. აქ შექმნილმა შემოქმედებითმა ატმოსფერომ განაპირობა ჩემი ფოტოგრაფად დახვეწა-ჩამოყალიბება.
რედაქციის ხშირი სტუმრები იყვნენ ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები – მწერლები, მსახიობები. აღარაფერს ვამბობ დიდ სპორტსმენებზე – ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებზე.
ვახტანგ რურუასთან ურთიერთობამ საგრძნობლად დახვეწა ჩემი ფოტოგემოვნება. მეორე მხრივ ალბათ მეც გავუმართლე, რომ აკაკის „გამზრდელივით“ რადიკალური ნაბიჯი არ გადადგა.1985-ში არჩილ გოგელია გადაიყვანეს „ლელოს“ რედაქტორად. ჩემი პირველი რედაქტორი ამ პრესტიჟულ თანამდებობას იმ პირობოთ დათანხმდა, თუ „ლელოს“ რედაქციაში „მართვეც“ დაიდებდა ბინას. თუმცა „ლელო“ საქართველოს სპორტკომიტეტის ორგანო იყო, ხოლო „მართვე“ ნუგზარ ჯუღელის სტილში თუ ვიტყვით, – არც მეტი, არც ნაკლები- საქართველოს განათლების სამინისტროსი.
მოხდა ისე, რომ პირველ ეტაპზე არ იყო საშუალება მეც გადავსულიყავი, როცა გამოჩნდა, მე აღარ დამიჯდა ჭკუაში. პარალელურად ორ სპორტსკოლაში ვმუშაობდი ფოტოგრაფად და იმ პირობაზე სოლიდური შემოსავალი მქონდა.
– „ლელოში“ თქვენს წერილებზე თავად იღებდით ფოტოებს…
– რამდენიმე თვეში წერამ ამიტანა. ასე დავუკავშირე ერთმანეთს ფოტოაპარატი და კალამი და „ლელოს“ მივაკითხე. იმ დროს რედაქტორი უკვე თენგიზ გაჩეჩილაძე იყო. არჩილ გოგელია გაზეთ „თბილისის“ რედაქტორად გადაიყვანეს.
მალე ჩემი ინიციატივით შეიქმნა რუბრიკა „კვიმატი ობიექტივი“ (ნათლია ირაკლი ბერიაშვილი იყო). იბეჭდებოდა სპორტზე გადაღებული სახუმარო ფოტოები. რუბრიკამ დიდხანს ვერ გაძლო, რადგან ამ ჟანრის ფოტოებს თითქმის მარტო მე ვიღებდი.
– სპორტზე გადაღებული რამდენიმე ფოტო თქვენთვის დღესაც ძვირფასია…
– ნამდვილად ასეა. მათ შორის გამოვყოფდი ყიფიანი-ჩივაძის ფოტოს. იმის მიუხედავად, რომ უბურთოდაა გადაღებული, თუმცა ჯობია ამ ფოტოს შესახებ არჩილ გოგელიას წიგნიდან „ასეთია სპორტული ცხოვრება“ მოვიტანო ერთი ფრაგმენტი:
„ჩემს სამუშაო მაგიდის უჯრაში ინახება რამდენიმე სურათი, რომლებიც განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ალექსანდრე ჩივაძე დავით ყიფიანთან ერთად. ყიფიანი თითქოს ოპერატიულ სივრცეს ზვერავს, ჩივაძე კი ჩვენთვის ნაცნობი ჟესტით რაღაცას უჩვენებს თანაგუნდელებს. გაწვდილი ხელი კი იმას ნიშნავს, რომ მან მათზე ადრე შეამჩნია, ამოიცნო მომავალი საფეხბურთო „სვლა“. წამიც და ბურთი მის მიერ მინიშნებულ ადგილზე დავარდება, ხოლო ჩივაძის რომელიმე პარტნიორი ანდა მეტოქე უმალ გაჩნდება იქ.
ზოგჯერ დავხედავ ხოლმე ამ სურათს, რომელიც ფოტოკორესპონდენტმა ჯემალ კასრაძემ გადაიღო. ენერგიული მოძრაობა, ცოცხალი გამომეტყველება, თამაშში ოდნავ მოხრილი ფიგურა, ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივია და მაინც, ამ სურათში ვპოულობ მხოლოდ გუნდის კაპიტნისთვის ნიშანდობლივ ჟესტ-მიმიკას და იმ ხაზგასმულ ემოციებს, რაც ყველასგან გამოარჩევს ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძეს“.
ეს სურათი რომ გადავიღე, მივხვდი, მაგარი იყო და, მაშინვე, „ლელოში“ გავაქანე. მაშინდელმა რედაქტორმა ცივი წყალი გადამასხა – რა არის, ბიჭო, ეს ხულიგნური მომენტი გინდა დაბეჭდოო.
რას ვიზამდი, რედაქტორის ზევით ხომ ძალა არ არის, არადა ეს სურათი მერე და მერე უფრო ცნობილი გახდა. ათიოდე წლის წინ ფეხბურთის ფედერაციაში ვიყავი. ერთადერთი სურათი, რომელიც კედელზე იყო ჩამოკიდებული, სწორედ ეს დაწუნებული კადრი იყო,
სპორტულ თემაზე გადაღებული სურათებიდან ყველაზე უნიკალური მაინც რამაზ შენგელიას და ოდესის „ჩერნომორეცის“ ორი ფეხბურთელის კადრია – სამივე ფეხის წვერზე დგას, მეორე ფეხი მკერდის სიმაღლეზე ბურთზე აქვთ გაწვდილი.
ეს სურათი უნიკალური იმიტომაცაა, რომ ოთხმა ფოტოკორესპონდენტმა გადავიღეთ – მე, ალექსანდრე კოტორაშვილმა, ვარლამ გენგიურმა და მალხაზ დათიკაშვილმა.
სხვათა შორის, ოთხივე ავტორი სურათი „მართვემ“ გვერდიგვერდ დაბეჭდა და „ფეხბურთის ბალეტი“ უწოდა.
ამ კადრმა მრავალი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.
90-იანი წლებიდან ვმუშაობდი „კაბადონ-8“-ში, „საქართველოს პარლამენტში“, „დილის გაზეთში“. მოგიანებით ღუზა ჩავუშვი „საქართველოს რესპუბლიკაში“. პარალელურად ვიყავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების – ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის ფოტოგრაფი.
1995 წელს მოეწყო თემატური პერსონალური გამოფენა. 2010 წელს მოეწყო ზვიად კვარაცხელიას წიგნის „ყიფლიბანდის“ წარდგენა, რომელიც ეხებოდა თბილისის სამოქალაქო ომს. პარალელურად გამოიფინა ამ თემაზე გადაღებული ჩემი სურათები.
იმავე წელს 19 ოქტომბერს საჯაროს დიდ დარბაზში გაიმართა ჩემი 35-წლიანი შემოქმედების პერსონალური ფოტოგამოფენა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძირს მშენებლობის გადაღებისთვის სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააჯილდოვა საპატრიარქოს სიგელით.
– თქვენს მოგონებებში ჰამლეტ გონაშვილს განსაკუთრებიული ადგილი უკავია…
– ერთ მოგონებას გავიხსენებ… ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა „რუსთავმა“ ხუთ ფირფიტაზე ჩაწერა 10 სიმღერა. პარალელურად რეჟისორი სოსო ჩხაიძე და მხატვარი ვახტანგ რურუა ანსამბლზე იღებდნენ ფილმს. ფირფიტებს მოჰყვებოდა სურათებით გაფორმებული კატალოგი. ისე დაიგეგმა, რომ ერთ კადრში უნდა ყოფილიყვნენ ჰამლეტ გონაშვილი, ბადრი თოიძე და ჯუმბერ ყოლბაია.
კადრი რომ დინამიკური ყოფილიყო, ვთხოვე, ემღერათ. ჰამლეტმა წამოიწყო „წინწყარო“. ეს სიმღერა მრავალჯერ მომისმენია ტელევიზიით, რადიოთი, მაგნიტოფონით, ფირფიტით, მაგრამ ეს სულლ სხვა იყო. ჩემდა უნებურად, აპარატი დავუშვი და მონუსხული შევყურებდი. შუამდე რომ მივიდნენ,ჰამლეტს გაეცინა – რას შვრები, კაცო, აღარ გვიღებო?
დღესაც, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ამ სურათს ვუყურებ, პარალელურად სულ ის ხმა ჩამესმის.
– აქტიურად იღებდით ეროვნული მოძრაობის ლიდერების ფოტოებს. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში პატარა კურიოზი მოხდა – უცხოელმა ჟურნალისტმა კოსტავა და კასრაძე ერთმანეთთან გააიგივა…
– მერაბ კოსტავას დაღუპვიდან სულ მალე, ეროვნული მოძრაობის აქტივისტებმა ერთ ღამეში ჩამოხსნეს ლენინის ქუჩის ფირნიშები და წინასწარ გამზადებული ჩვენი ეროვნული გმირის ფირნიშები გააკრეს. ამ პერიოდში თბილისში იყო ჩამოსული ამერიკელი ჟურნალისტი და პოეტი ედ ჰოუკინსი. სტუმარმა რომ გაიგო ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი, ძალიან დაინტერესდა.
გაზეთ „თბილისიდან“ სოსო ჭუმბურიძემ დამირეკა – ასეთი და ასეთი ამბავია, კოსტავას სურათები მოგვთხოვა ამერიკული გაზეთისთვისო.
სამწუხაროდ, დღესაც არ ვიცი, გამოქვეყნდა თუ არა მერაბზე პუბლიკაცია. გამოიყენეს თუ არა ჩემი გადარებული სურათები. რაც კარგად ვიცი, ისაა, რომ ედმა თბილისში გამომავალ ინგლისურ ენოვან გაზეთ „მაცნეს“ გამოუგზავნა ხუთსტროფიანი ლექსი. მთელ ლექსს ლაიტმოტივად გასდევს – „კასრაძემ ღრმა ხნული გაავლო ეროვნულ მოძრაობაში“.
ალბათ ჩემი ახსნა არ დაგჭირდებათ, რომ ედს კოსტავა და კასრაძე აერია. ამ ამბავში კურიოზული ისაა, რომ თბილისში ლექსი ისე დაბეჭდეს, ეჭვიც არავის გასჩენია – ეს კასრაძე ვიღააო.თუმცა, სულო ცოდვილო, ხანდახან ეჭვი შემიპყრობს ხოლმე, ეგებდა, ჩემს ღვაწლს სამშობლოს წინაშე სათანადოდ ვერ ვაფასებ – გარედან უკეთესად ხომ არ ჩანს. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“. იქნებ არც ამერიკელს შეეშალა და ამათაც გულდასმით წაიკითხეს.
– თბილისის ომის დროსაც უამრავი ფოტო გადაიღეთ…
– საერთოდ გადაღებების დროს ვფრთხილობდი, უფრო მაშინ, როცა ხალხი ეგზალტირებული იყო. ამ დროს არ ვიცოდი, ვის რა მოეჩვენებოდა, ვინ როგორ შემოგხედავდა…
ომის წინა პერიოდია, ოპოზიცია ტელევიზიასთანაა გამაგრებული და მიტინგებს მართავს. ასევე მიტინგები იმართება მთავრობის სასახლესთან. ზვიადის მხარდამჭერი. არ მოიწყენს კაცი. ამ დროს მთავრობის სასახლესთან ერთი ქალი მეუბნება – შენ ტელევიზიასთან დაგინახე, პუტჩისტი თუ არ ხარ, იქ რას აკეთებდიო?! თან აქეთ-იქით იხედება, მხარდამჭერებს ეძებს. ალბათ ამაზეა ნათქვამი, შარო საიდან მოდიხარო… თუმცა აქ ყველაფერი გარკვეულია – ტელევიზიიდან მოდის…
– აბა, ახლა კარგად დამიგდე ყური. მე ფოტორეპორტიორი ვარ და პროფესიულ მოვალობას ვასრულებ, აი შენ თავად რა გინდოდა ტელევზიასთან, ეგ მითხარი-მეთქი. ეგრევე გაჭრა. ხმა აღარ ამოღია. ეგ კი არა, ადგილიც კი გამოიცვალა…
– უამრავი მწერალი თუ ხელოვანი აღბეჭდა თქვენმა ობიექტივმა… ჟურნალისტის პროფესია საინტერესოა იმითაც, რომ ამ დროს მრავალ ადამიანს უმეგობრდები კიდეც… გოდერძი ჩოხელსაც შეხვედრიხართ…
– გოდერძი ჩოხელი ისე, როგორც მრავალი სხვა, ჩემმა აპარატმა გამაცნო. ერთ მშვენიერ დღეს დიღმის მასივში, 14-სართულიანი ბინის მე-9 სართულზე ვეწვიე.გადაღებისას, მთავარი აქცენტი უნდა გამეკეთებინა, რომ გუდამაყრელი კაცი მრავალსართულიან ბინაში იყო გამოხვეტილი.
რესპონდენტი დამყოლი აღმოჩნდა. ყველანაირად ხელს მიწყობდა მიზნისთვის მიმეღწია. არც გამკვირვებია. გოდერძი ხომ არა მარტო მწერალი, შესანიშნავი რეჟისორიც იყო. ბოლოსკენ ოჯახის წევრებთანაც გადავიღე და წასასვლელად ჩანთისკენ დავიხარე. მასპინძელმა ჩანთა დამადებინა – შენ ისე ხომ არ გინდა წახვიდე, ოჯახი არ დამილოცო?
ამასობაში გოდერძის მეუღლეს, ნინო მელაშვილს სუფრაც გაეშალა. გოდერძიმ შამპანური გახსნა. სამ-სამ სადღეგრძელოზე გვეყო. არა, არა-მეთქი, იმერული თავპატიჟი გამოვიდე. თუმცა არ მინდოდა ამ კაცთან მალე დაცილება.
ერთი ბოთლი რას გვიზამს, რამდენი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი. ერთმანეთი არ უნდა გავიცნოთ, – დამამუნათა მასპინძელმა.
ცოტა ხანში ჯერ მე წავიყვანე ცხინვალში, მერე იმან მომატარა გუდამაყარი.
ყველა ჭიქაზე ბულბული დაჯდა. თვალისდახამხამებაში არყის ტყუპისცალი გაჩნდა. არადა დალევის იმ ფაზაში ვართ, სიმთვრალისთვის სასმელი კი არა, დროა საჭირო.
ნინო შემოვიდა – გოდერძი, ხომ იცი, შენთვის მეტის დალევა არ შეიძლება. ეგ ბოთლი ჯემალს გავატანოთ, სახლში დაგვლოცავსო.
უხერხულობისთვის მოვემზადე.
– რა ვქნა, ჯემალ, ექიმებმა ამიკრძალეს, სამი ჭიქის უფლება მომცეს, ნინოს უნდა დავუჯერო. ფარ-ხმალი დაყარა, მომიბოდიშა ოჯახის უფროსმა.
ლიფტით ერთად დავეშვით. დაბლა დაწყებული საუბარი განვაგრძეთ. მოულოდნელად გოდერძიმ მკლავში ჩამავლო ხელი.- მოდი რა, ძმურად, სახლში ავბრუნდეთ, ერთი ბოთლი რაღას გვიზამსო?
დამშვიდობებულ ოჯახთან უკან აბრუნებას დაუწერელი ტაბუ ადევს, რომელსაც თრობის ყველა სტადიაზე ემორჩილება ადამიანი.
– ხშირად იხსენებთ ჯანსუღ კახიძის დირიჟორობის დროს მომხდარ კურიოზს…
– ჯანო კახიძეს კონცერტის დროს ძალიან მაგრად არ უყვარდა ფოტოგრაფები. ამიტომ ვცდილობდით, ფორტესიმოზე გადაგვეღო, რომ ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა არ გაეგონა.
ამ წესს კი ვიცავდი, მაგრამ ხიფათი სხვა მხრიდან მეწვია. ერთ-ერთი მომღერალი ისე დადგა, იძულებული ვიყავი, ადგილი შემეცვალა. გადავდგი თუ არა ფეხი, ეშმაკად ამოწეულ პარკეტს წამოვკარი. და აი, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯანო დიდი მაესტრო იყო. თან უკან, ჩემკენ იყურებოდა და განრისხებულ თვალებს არ მაცილებდა, თან დირიჟორობდა.
– ნუგზარ შატაიძესთან მეგობრობდით. „ჯემალ კასრაძეს სულ ცოტა 30 წელია მაინც ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ, როდის ან როგორ გავიცანი. სულ მგონია, რომ ბავშვობიდან ერთად ვიყავით. ან ის სწავლობდა თბილისის 31-ე სკოლაში, ან მე – ცხინვალის პირველ საშუალოში, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ ოსმა „ბოევიკებმა“ მთლიანად გადაწვეს. ის კი ნამდვილად მახსოვს, ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ რედაქციაში ერთად რომ ვმუშაობდით“…
ნუგზარ შატაიძე იმასაც წერდა, ჯემალ კასრაძე მრავალი ცნობილი და პოპულარული ფოტოს ავტორია, ბევრი ისეთი კადრი გადაუღია, მას რომ ეკადრება (მისი სიტყვებია). ამასთან, მშვენივრადაც წერს. ეჭვი თავიდანვე მქონდა, მაგრამ როცა მისი წიგნი „ჩიტებით სავსე ყუთი“ გამოვიდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჯემალ კასრაძე მწერლად იყო დაბადებულიო.
საინტერესოა მისი მოგონება – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორმა ვახტანგ ჭელიძემ როგორ მიგავლინათ ახმეტა-ომალოს გზის გახსნის შესახებ რეპროტაჟის მოსამზადებლად…
აი ეს მოგონება: „…წავედით. ახმეტის რაიკომის პირველმა მდივანმა სულ ახალთახალ „ნივაში“ ჩაგვსხა და გზა დაგვილოცა. წვიმდა, ცა ფეხად ჩამოდიოდა. მოასფალტებული გზა ხეობას მიუყვებოდა – ავდრისგან ადიდებულ პირაქეთა ალაზანს მივადექით. აქ გზა წყდებოდა და მეორე ნაპირზე გრძელდებოდა… თურმე მშენებლებს ხიდის გაკეთება „დავიწყებოდათ“. ის იყო, უკან გამობრუნებას ვაპირებდით, რომ მოგრიალდნენ დიდი სამხედრო მანქანები და იქიდან გადმოსულმა რუსის ჯარისკაცებმა მდინარეზე სახელდახელო ტივტივა ხიდი გამართეს. საქმეს მორჩნენ თუ არა, „ნივების“ უშველებელი კოლონა გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ედუარდ შევარდნაძე და სხვა პარტიული ბობოლები მოჰყავდა. ისინი რომ გადავიდნენ, ჯარისკაცებმა ხიდი სასწრაფოდ აშალეს და ახალი გადასასვლელის მოსაწყობად ზემოთ გაცვივდნენ.
იმ ვითომდა ხიდზე მხოლოდ ჩვენ არ გადავსულვართ. ვახტანგ ჭელიძისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მე და ჯემალი უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ამ უგზო გზის გახსნის რეპორტაჟს არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით“…
– ერთ-ერთ თქვენს ჩანაწერს „უცხო ცხინვალი“ ჰქვია. დედულეთი იყო სოფელი დისევი. პაპა იროდიონ (კუწა) ოქროპირიძე სოფლის კოლორიტი… 2008 წელს, ავადმოსაგონარი ომის დროს კი ცეცხლწაკიდებულ სახლში, ბიცოლა ნატო ოქროპირიძე დაიღუპა…
– 1989 წლის 21ნოემბერს ცხინვალში მიტინგის ჩამტარებელთა მრავალრიცხოვან არმიაში მეც ვიყავი. ანდა სხვანაირად როგორ იქნებოდა – ცხინვალი ხომ ჩემი ქალაქია. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ყველამ იცის, იქ რა მოხდა. ჯერ იყო და, ერგნეთში სამი „ბეტეერით“ გადაგვიკეტეს გზა. შემდეგ, ცხინვალის ჩასასვლელში, ზღუდრიგვერდაზე დაგვახვედრეს კბილებამდე შეიარაღებული რუსული ჯარის კორდონი.
კორდონი ათ მეტრში იდგა, იმ ადგილიდან, სადაც დავიბადე და ოთხი წელი ვიცხოვრე.
უცნაური გრძნობა დამეუფლა – ვერ დავიჯერე, რომ ცხინვალში არ მიშვებდნენ. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, იქითა მხარეს გადავსულიყავი. ზემოდან, ტყის მხრიდან მოვუარე და ზღუდრის ღვთისმშობლის ეკლესიიდან მოპირდაპირე მხარეს ჩავედი. ჯარს უკან მოვექეცი. ოსებში გავერიე, თან აპარატს ვაჩხაკუნებ, თან ვფრთხილობ. თუ გაიგეს, რომ მომხდურებიდან ვარ, კარგას რას ველოდო. მცირე იმედი ის მაქვს, რომ ხშირად ვგონივარ უცხოელი. თბილისის მიტინგებზე ხშირად გამიგონია, უცხოელია, გავატაროთო.
ამ დროს ღიმილით უნდა იარო და რაც ყველაზე მთავარია, ხმა არ ამოიღო.
ოთხი ახალგაზრდა ჩამიდგა კვალში. აშკარად ეჭვით მიყურებდნენ. ბედად ჩემი მდევრები ნაცნობებმა გააჩერეს. დრო ვიხელთე, გავძვერ-გამოვძვერი და ჩვენების მხარეს შევედი.
– რომელი წამის გადაღებაზე ოცნებობს ჯემალ კასრაძე?
– ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, გადავიღო ქვეყნის ოთხი კუთხით გაფანტული ქართველები, როგორ ბრუნდებიან ცხინვალში – თავის გადამწვარ-გადაბუგულ კერაზე.
თამარ შაიშმელაშვილი