„აღარ მახსოვს, როგორ ჩავიხუტე გულში მტვრიანი დედამიწა და ცრემლით გადავწმინდე ჩემი Georgia“…
დაიბადა თბილისში, თბილ, მოსიყვარულე ოჯახში… მამამ შეაყვარა წიგნი… წერაც მაშინ დაიწყო, მამა რომ ტოროლას ეძახდა, უყვებოდა ტოროლებზე და სხვა ამბებზე… შემდეგ თბილისის 118-ე საშუალო სკოლა დაამთავრა, 1980 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პედაგოგიური მოღვაწეობა 1982 წელს დაიწყო, მაგრამ საკუთარი სურვილით შეწყვიტა მუშაობა 2000 წელს. ამ წლიდან დაიწყო მისი ოდისეა. ამბობს, რომ 2010 წელს დასრულდა მისი ყარიბობა და დაბრუნდა სამშობლოში…
არის ორი პოეტური კრებულის ავტორი. სამომავლოდ, ახალი კრებულის გამოცემაზეც ფიქრობს. – მანანა ბრაჭულის პერსონა.
– დღესაც ისევე მახსოვს და მიყვარს ჩემი მშობლები, როგორც მათ გარდაცვალებამდე მიყვარდა. დიდ პატივსა ვცემ იმ ორ უსაყვარლეს, მშრომელ, პატიოსან, სულითა და ხორცით მშვენიერ ადამიანებს, ვინც ამქვეყყნად მომავლინა. პირველმა მე დავუძახე დედა და მამა, ჩემს შემდეგ სამი ბავშვი დაიბადა. თბილ, მოსიყვარულე ოჯახში ორი გოგონა და ორი ვაჟი გაიზარდა ბავშვობა ზედმიწევნით მახსოვს, თანაც მცირე ასაკიდან.
მახსოვს უზარმაზარი, კარგად მოვლილი სახლი და ეზო, ულამაზესი ბაღი, რომელიც ხსოვნასა და ლექსებში ისევ ჯადოსნურად შრიალებს. განსაკუთრებით ის ოთახი მიყვარდა, სადაც წიგნებით სავსე კარადები გვედგა. შევიპარებოდი და ღრმად ვისუნთქავდი მათ სურნელს. მამამ შემამჩნია, ხუთი წლისას წერა-კითხვა მასწავლა. სიკვდილამდე მადლიერი ვიქნები მისი, არაჩვეულებრივი მამა იყო. კარგი თხრობა იცოდა, ამოისუნთქე გოგოო, მეტყოდა, სუნთქვაც მავიწყდებოდა,როცა ვუსმენდი. ხელდამშვენებული ბრუნდებოდა შინ. ყველას გაახარებდა საჩუქრით. იმ დეკემბერსაც ასე მოხდა.მოლოდინით მივჩერებოდი. მწვანეყდიანი „80 000 კილომეტრი წყალქვეშ” ამოაცოცა უბიდან,ბედნიერი ჩავეხუტე. არასოდეს დამავიწყდებიან, ყოველთვის ვიამაყებ მათით.
– სკოლის წლები…
– სკოლის წლებიც ტკბილად მაგონდება. ჩემზე 11 თვით უმცროსი ძმა და მე თანაკლასელები ვიყავით. ვზრუნავდით ერთმანეთზე. კარგი მოსწავლეები ვიყავით, მოწესრიგებულნი. ამის მიუხედავად, თავგადასავლები არ გვაკლდა. მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა და ზურიკელა ვაშალომიძესავით ჩანთა სავსე მქონდა წიგნებით. ჩუმ-ჩუმად გაკვეთილებზეც ვკითხულობდი. ვითომ მკვდარი ედმონდ დანტესი რომ ზღვაში ისროლეს, ისეთი ყვირილი ავტეხე… დავისაჯე – წიგნი წამართვა მასწავლებელმა. თუ სადმე გაკვეთილი ცდებოდა,შემისვებდნენ და იცოცხლეთ, ვყვებოდი უამრავ რამეს.
– რატომ გადაწყვიტეთ ფილოლოგობა?
– არ ვიცი, რა დავარქვა, სიტყვებით თამაში? დავმარცვლავდი სიტყვას, წაღმა-უკუღმა წარმოვთქვამდი, სიმღერით ვიტყოდი, მიკვირდა, რად ერქვა გამხმარ ხილს „ჩირი”, ქვას – ქვა. სკოლის დამთავრების აღსანიშნავ საღამოზე, პედაგოგების თხოვნით ლექსი წავიკითხე. ჩემმა ქიმიის მკაცრმა მასწავლებელმა რვეულში ჩამიწერა – ფილოლოგიურის გარდა არსად შეხვიდეო. მაშინ ივნისი იყო, ორი თვის მერე სრულიად ჯანმრთელი ლალა მასწავლებელი გარდაიცვალა. ჩვენ ერთი სურვილი გვქონდა, ფილოლოგიურზე ჩავირიცხე.
– როდის დაიწყეთ ლექსების წერა… რაზე იყო პირველი ლექსები?
– შინ პირველი მე ვიღვიძებდი. ერთხელ მამამ ჰაერში შემისროლა, შე ტოროლავ, შენაო. ვაამბობინე ტოროლებზე, მერე ხმითაც ვცნობდი. მოგვიანებით პირველი ლექსი ტოროლაზე დავწერე. ვწერდი ყველაზე და ყველაფერზე, რაც სულსა და გულში შემოვიდოდა.
– 18 წელი მუშაობდით პედაგოგად. შემდეგ საზღვარგარეთ სამუშაოდ წახვედით… 2000 წლიდან 10 წელი საბერძნეთში იმყოფებოდით. გვიამბეთ იქ გატარებულ წლებზე…
– 1982 წელს დავიწყე მასწავლებლობა. პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი და დღემდე მიყვარს ჩემი პროფესია. მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისთვის, რომელიც ეროვნული მოძრაობის გაშლისა და მისი დაგვირგვინების -საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით, წარუხოცელი დარჩა ჩემში, როგორც უდიდესი ბედნიერება. ბევრჯერ დავისაჯე თავისუფლების იდეისა და სიმართლისათვის, მაგრამ არაფერს ვნანობ. 2000 წელს უკანასკნელი მე-11კლასი გავაცილე და დავემშვიდობე სკოლას. საჭიროებამ მოიტანა უცხოეთში გამგზავრება. საბერძნეთი ავირჩიე. კრეტაზე გავატარე 4 წელი. იქ, ქალაქ ხანიაში დაიბადა ჩემი პირველი შვილიშვილი და სამუდამოდ დამაკავშირა თავის სამშობლოსთან.
კრეტა დაუვიწყარია მსგავსებით ჩვენს მთასა და მთიელებთან, ქართულ სინამდვილესთან, ულამაზესი და ტრადიციიებით მდიდარი მხარეა. ოჯახის დამხმარედ ვმუშაობდი მთის ერთ არაჩვეულებრივ სოფელში. დიდი მამულების პატრონ ბერდაკებს ეზოში მე-14 ს-ის ეკლესია ედგათ. რამდენჯერმე დავესწარი წირვას, ულამაზესია ბერძნული ენა, თანამედროვეთა საუბარი ამ შეფასებაში დაგაეჭვებთ. დანარჩენი წლები, მცირე შუალედით, ათენში გავატარე. იქ აღმოვაჩინე გაზეთი „ელადა”, ვთანამშრომლობდი გაზეთთან.
„ელადის ” დამფუძნებლისა და რედაქტორის ანა ყურშავიშვილისას და რედკოლეგიის წევრების დიდ სიყვარულს ვატარებ. მათ სამშობლო ღირსეულად გააცნეს ევროპას.
– ალბათ ნოსტალგია მძლავრობდა საბერძნეთში. უცხოეთში უფრო გაგიმძაფრდათ ლექსის წერის სურვილი… მრავალი ლექსი დაწერეთ ემიგრაციაში?
– დიახ, უამრავი სახის გაჭირვებასთან ერთად იყო უსაშველო ნოსტალგია. ანა ყურშავიშვილი გახლდათ ის ადამიანი, რომელმაც წიგნის გამოცემისკენ მიბიძგა, რედაქტორობაც თავს იდო და 2010 წლის აპრილში დაიბადა პირველი კრებული -„შენთან და უშენოდ”. ერთხელ კრეტაზე ასეთი რამ შემემთხვა, „ხალიდონზე“ მიმავალმა წიგნის მაღაზია დავინახე, ვიტრინაში უზარმაზარი გლობუსი იდგა. აღარ მახსოვს, შიგნით როგორ შევედი, მტვრიანი დედამიწა როგორ ჩავიხუტე გულში, ცრემლით გადავწმინდე ჩემი Georgia. არავის გაუპროტესტებია. გარს შემომეხვივნენ, ბერძნულად გამოცემული „ქართული სიწმინდეები” სამახსოვრო წარწერით დამიმშვენეს, მაჩუქეს და მადლობა გადამიხადეს უცნაური გაკვეთილისთვის.
ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება დამიტოვა მსოფლიოს ამ ულამაზესმა ქვეყანამ.
– ქართულ დიასპორაზე გვიამბეთ. რამდენად ინარჩუნებს მომავალი თაობა ეროვნულ იდენტობას, რამდენად იცის ქართული ენა?..
– ქართული დიასპორა საბერძნეთში დიდია და გამორჩეული სულიერების და იდენტობის შენარჩუნებისათვის მცდელობის თვალსაზრისით. გამოდის გაზეთი ელადა”, ჟურნალი “თაობა”, იბეჭდება წიგნები. „კავკასიური სახლი” ხშირად მასპინძლობს ქართველ სტუმრებს. მუშაობს რამდენიმე წრე, ბავშვები ცეკვავენ და მღერიან ქართულად. მოქმედებს საკვირაო ქართული სკოლა, ქართული საბავშვო ბაღი.
– რამდენი წიგნის ავტორი ხართ? და რომელ წიგნს გამოარჩევდით?
– სულ ორი კრებულის გამოცემა მოვასწარი, პირველი ათენში, მეორე – „ქარის ვიოლინოები” 2017 წლის ივნისში დაიბადა. ეს უკანასკნელი ძალიან მიყვარს, თუმცა, ისე ვერ დავხვეწე, როგორც ვისურვებდი.
– ყველაზე მეტად რა გაღელვებთ დღევანდელ საქართველოში?
– აღელვების მიზეზი, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს ჩვენცა და მსოფლიოსაც. დღეს ვერ ვაცნობიერებთ, რომ „ზნეობა ისეთი ბიოენერგიული სუბსტანციაა, რომელიც წყალივით ორთქლდება და დედამიწის გონიერ არსში უხილავ ღრუბელს ქმნის”… როცა უზნეო ცხოვრების გამო,ზნეობის სუბსტანცია განილევა, ადამიანი ავსა და კარგს ვერ არჩევს, უზნეობა სიყვარულისა და შენების წილ სიძულვილსა და ნგრევას – ბოროტებას ამკვიდრებს, რაც მთელ მსოფლიოსა და ჩვენც დაღუპვას გვიპირებს.
– ახლახან სისასტიკეს, დაპირისპირებას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. რატომ, საიდან ასეთი გულცივობა, მიზეზი რა არის – ოჯახი, სკოლა თუ სხვა რამ?
– ზემონათქვამიდან აშკარად ჩანს, რა არის სისასტიკის მიზეზი – არასწორი ცხოვრება, სიკეთისა და სიყვარულის საყოველთაო სიმცირე ოჯახშიც, სკოლაშიც და ქვეყანაშიც.
– თქვენი აზრით, რა აკლია თანამედროვე სკოლას?
– თანამედროვე სკოლას აკლია ის, რაც აკლია თითოეულ ჩვენთაგანსა და ჩვენს ქვეყანას,ესაა სიმართლე. ამის გამო აღარც მიფიქრია სკოლაში დაბრუნება.
– გვიამბეთ ოჯახზე…
– მყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ზაზა 39 წლისაა,14 წლის ელენეს მამაა, თამარი -16 წლის მარია კაციაუნის დედაა. ვცხოვრობ თბილისში. შორიდან ვეფერები უცხოეთში მცხოვრებ შვილებსა და შვილიშვილებს.
– ერთი ლექსი დაგვიწერეთ…
უ ფ ა ლ ო !
მე, ნაპერწკალი შენი ცეცხლის, უფალო ჩემო,
დასაბამიდან შენთანა ვარ, გელტვი და გჩემობ,
„ცას მიდარბაზებ“ და მადლს გიძღვნი ყოფნის თაოსანს,
როცა მკითხულობ ზღვათა შორის „ვეფხისტყაოსანს!”
– ჰობი…
– მუსიკა,მხატვრობა,ხელოვნება საერთოდ.
– ოცნება?
– სისხლითა და ცრემლით მოპოვებული თავისუფლების გამარჯვება – ერისა და ქვეყნის გაერთიანება, უცხოეთში მიმოფანტული ქართველების დაბრუნება, ჩვენი მომავლის გამრავლება და განათლება.
– სამომავლო გეგმები…
– ერთი რიგიანი წიგნის გამოცემა, სიკვდილამდე გაცემა იმ სითბოსი და სიყვარულისა, რომელიც აქ, მიწაზე მინდა დავტოვო.
მე კი ქალბატონი მანანას მოსწავლის – სოფიო გორგილაძის ეს სიტყვები გამახსენდა:
„მოგვიტაცებდა მანანა მასწავლებელი, აგვტყორცნიდა სცენაზე … ზღაპარში გვამოგზაურებდა, ქართული პოეზიის მითიურ სტრიქონებში… ასე რუდუნებით ძერწავდა ჩვენში სიყვარულს… უხმაუროდ, უსაყვედუროდ, ნატიფად და არტისტულად… ის სცენა იყო დიდი სიხარული, საიდანაც ვსაუბრობდით ყველაზე სათუთსა და წმინდაზე… უკვალოდ არაფერი ქრება… მზე შემოგქონდათ ჩემს ცხოვრებაში“ ...
ვკითხულობ და ვფიქრობ – თუნდაც ერთი მოსწავლე რომ გეტყვის, მზე შემოგქონდა ჩემს ცხოვრებაშიო, – უკვე დიდი ბედნიერებაა და ეს მზეც ერთი კი არა, მრავალია… უხილველად ჩვენში დასადგურებული…
თამარ შაიშმელაშვილი