როგორ დაუწერა ფრანგებს საჩუქრად სიმღერა ინგა გოგუაძემ…

დაიბადა და გაიზარდა ბათუმში,  15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, მერე  5 წელი გერმანიაში, ოჯახში მუშაობდა.
საქართველოში დაბრუნებული დედულეთში, სოფელ მოედანში დასახლდა. ამჟამად იქ ცხოვრობს, თან მეურნეობას მისდევს.
მართალია, გურიაში, ბავშვობიდან სულ სიმღერა ჩაეესმოდა, ამბობს, რომ თავად მხოლოდ 40 წლის ასაკში ამღერდა. თვითნასწავლი მუსიკოსია, უკვე ასზე მეტი სიმღერის ავტორი. სიმღერები დაწერა რუსულად, ფრანგულად, გერმანულად… მარტში ბონში იწვევენ, სადაც პატარა საღამოს გამართავს. მე იგი ქეთევან შენგელიას თაოსნობით გამართულ ნიკოლოზ ბარათაშვილის საღამოზე გავიცანი მწერალთა სახლში, სადაც გიტარაზე რამდნიმე ლამაზი სიმღერა შეასრულა.
აქვს მრავალ ლამაზი სურვილი. ყველაზე დიდი სურვილია, რომ მოიაროს  საქართველოს ულამაზესი კუთხეები, რადგან ბევრი რამ არ უნახავს და დღემდე ტკივილად მოჰყვება. – ინგა გოგუაძის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, გურიაში დედულეთი ყოველთვის მქონდა – სოფელი მოედანი. სოფელი ისტორიულია, საინტერესოა აქ ნაპოვნი არტეფაქტები, რომლებიც ეროვნულ მუზეუმშია. დღემდე შემორჩენილია ღვთისმშობლის სახელობის მე-9 მე-10 საუკუნის ნატაძრალი. უკვე მეორე წელია, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და ახალი ტაძარი შენდება. ის პატარა სოფელი რამდენიმე სოფლის სულიერი თავშესაყარი იყო.  სოფელს მდინარე სუფსა ჩამოუდის, გაღმა სოფლებიდანაც ნავით გადმოჰყავდათ ცხედარი და აქ ასაფლავებდნენ და ეტყობა, სახელი – მოედანიც სახელიც აქედან წამოიშვა.
აქ ვცხოვრობ უკვე ათ წელზე მეტია. დავიბადე გავიზარდე ბათუმში, შემდეგ 15 წელზე მეტი თბილისში ვცხოვრობდი, მერე ევროპაშიც ვიყავი.  5 წელი გერმანიაში ვმუშაობდი, რომ ბაშვებისთვის ორი კაპიკი მქონოდა.
– სიმღერების სიყვარული როდიდან დაიწყო…
– ბავშვობიდან მიყვარდა ქართული სიმღერა, ჩემს ოჯახში ყოველთვის ისმოდა სიმღერის ხმა, დედა, ბებო,  მეზობლები მღეროდნენ. ვგულისხმობ დედულეთს გურიაში, როცა სოფელში ჩამოვდიოდი ბათუმიდან დასასვენებლად. მეზობელთან რომ გადავსულვარ, იქ, ბუხართან წამოუწყიათ მეზობლის ქალბატონებს სიმღერა. გურული სიმღერა მაგიაა თავისი სასწაული ჩუქურთმებით. მაშინ არ ვმღეროდი, მაგრამ კარგი მსმენელი ვიყავი.
როცა სკოლა დავამთავრე და გავიზარდე, უკვე კლასიკური მუსიკისადმი გამიმახვილდა ყურადღება, რადიოში იყო საათები, სადაც მუდმივად ჟღერდა კლასიკური მუსიკა, დადარაჯებული ვიყავი და ვუსმენდი.
შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მცირე ხანს ვიმუშავე პედაგოგად და, როგორც ყველა ქართველი, გერმანიში წავედი სამუშაოდ. გერმანიაში როგორც ყველა ქართველი ვმუშაობდი ოჯახში, ლამაზი სახელი კი მერქვა – ოჯახის ასისტენტი. რასაც ქართველი ქალბატონები აკეთებდნენ სახლში, ყველაფერს ვაკეთებდი. ვიყავი მზარეული, დამლაგებელი, ბავშვების მოვლელი. ამისთვის კარგ გასამრჯელოს მაძლევდნენ, რითაც ვარჩენდი საქართველოში დატოვებულ შვილებს. ისინი არასრულწლოვანები იყვნენ, ძალიან კი მიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. 5 წელი ვიცხოვრე გერმანიაში.
გერმანიაში მაქსიმალურად შევეცადე, რომ ეს ევროპული მუსიკალური სამყარო ახლოს გამეცნო, ანუ ცოცხლად შესრულებული მომესმინა. დავდიოდი ტაძრებში, სადაც საორღანო მუსიკას ვისმენდი, შაბათი და კვირა გერმანელებისთვის საკრალური დღეებია და მასვენებდნენ.
შაბათ-კვირას გერმანია ისვენებს, მეც ვისვენებდი და ვცდილობდი, ოპერაში, თეატრში, მესმინა კარგი მუსიკა, თუკი ამინდი კარგი იყო,  ბონსა და კიოლნი, ქუჩაში გამოდიოდნენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები, პროფესიონალები, სპეციალურ მანქანას მიჰქონდა მათთვის როიალი, ინსტრუმენტები, არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომრების ნახვა შეიძლებოდა.
  – ხომ არ მონაწილეობდით იმ კონცერტებში?
– არა, მაშინ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, თუ ვიმღერებდი. ახლა ვნანობ, რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს.
– როდის ამღერდით?
– როცა დავბრუნდი გერმანიიდან, 40 წლის ასაკში, დისშვილები გიტარაზე ხშირად უკრავდნენ, თბილისშიც მეგობრები – ნანა ედიშერაშვილი, ლია ხაჩიძე, ელზა ქათამაძე სულ მღეროდნენ, რამდენიმე აკორდი მათგანაც ვისწავლე. პირველ ხმას მეც ვაყოლებდი. მერე მოხდა ისე, რომ მეც ხუმრობით დავწერე ერთი სიმღერა… მოიწონეს, დავწერე მეორე, მესამე, სოფელში მეტი დრო არის, ქალაქის გიჟური რიტმი აქ არ არის, მეტი სიმშვიდეა, მეტი სიწყნარე და იდილიაა და ეს ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავებული იყოს. უამისოდ, ვფიქრობ, ღირებული ვერაფერი იქმნება… მშვიდობიანი დილა, მდინარის ხმა, ბუნების სიმშვენიერე, არაჩვეულებრივი ფერები უფასო თერაპიაა. დღეს ქართველს თუ უნდა, რომ სულიერად გადარჩეს, სოფელი არ უნდა მიატოვოს და იქ თუ მთლიანად ვერ გადავა, ხშირად უნდა წავიდეს. თავის თავს მიზნად უნდა დაუსახოს, რომ სოფელთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს.
პირველად როდის დაწერეთ სიმღერა და რამდენი სიმღერის ავტორი ხართ?
– პირველად ქართული ლირიკული სიმღერებით დავიწყე. თავიდან ცოტა ქანთრის, როკის სტილში ვწერდი. ვითომ ვხუმრობდი… მაგრამ ამ გატაცებაბ მერე სერიოზული სახე მიიღო. ყველა ჟანრში დავწერე სიმღერა, ჯაზური კომპოზიციებიც მაქვს. ტექსტები, ძირითადად, ჩემია, თუმცა, ბოლო პერიოდში ქართველი პოეტების ლექსების ამღერება ვცადე. პირველად გალაკტიონის ლექსებზე 6 სიმღერა დავწერე და ძალიან გახარებული ვარ. სულ მინდოდა, გალაკტიონის პოეზიასთან ასეთი შეხება. გადავწყვიტე, ისეთი ლექსები გამემუსიკებინა, რომლებიც განსაკუთრებულად ლამაზნი და არაჩვეულებრივნი არიან, მაგრამ სხვების მსგავსად ცნობილები და პოპულარულები არ არიან.
ასეთი ლექსები შევარჩიე: „ბავშვი გზად ვლიდა“, „უკანასკნელი მატარებელი“, „შემოდგომაა“, „ვილანელი“, „უძილო ღამეები“… შემდეგ გადავედი რუსულ სიმღერებზე და ისე გამოვიდა, რომ ამ ჩემს შემოქმდებით ხურჯინში ყველაზე მეტი რუსული სიმღერა დაგროვდა, მხოლოდ რუსულად ამღერებული 60-მდე სიმღერის ავტორი ვარ…
ახლა 52 წლის ვარ, 40 წლიდან მოყოლებული, ასე ვჯახირობთ მე და ჩემი გიტარა.
საერთო ჯამში, ბევრი სიმღერა მაქვს, მაგრამ რომლებსაც ხშირად ვმღერი და, ასე ვთქვათ, მუდმივ სარეპეტიციო კავშირში ვარ, 100-ზე მეტს ითვლის. როგორც მუსიკოსი, არ ვარ ზარმაცი, ყოველდღე, მინდა – არ მინდა, მაინც ავიღებ ინსტრუმენტს და ვცდილობ, ის სიმღერა, რომელიც სხვამ არ იცის და ჯერ არც გაჟღერებულა, შევასრულო. ვიცი, ყველა ამ სიმღერას თავისი პატარა ბილიკი გაჭრა ელოდება, გაზრდა და შემდეგ უკვე წარდგება მსმენელის წინაშე.
– მარტო გიტარაზე უკრავთ?
– მე გიტარაზე ვუკრავ, რადგან ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლის დროსაც ვახერხებ, რომ  ჩემეულ აკომპანიმენტს. ახლა ვცდილობ, რომ აკომპანიმენტი მქონდეს, ერთი კეთილი ადამიანი გამოჩნდა და ვნახოთ, როგორ აგვეწყობა საქმე.
– სოფელში რას საქმიანობთ?
– მე და მამა ვცხოვრობთ სოფელში ერთად. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი მეურნე ვარ. ვსაქმიანობ იმდენად, რამდენადაც ვახერხებ. კარმიდამოში მცირე, პატარა თხილნარი მაქვს, რომელსაც ვპატრონობ. საქმეს რა დაულევს ადამიანს, ქალბატონს, რომელსაც სახლი აქვს. ყველაფერ იმას სიხარულით ვღებულობ, რაც შემიძლია ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, და რაც სოფელს სჭირდება, მეტნაკლებად
– თქვენი დაწერილი სიმღერებიდან ყველაზე მეტად რომელი სიმღერა გიყვართ?
– მიჭირს გამოყოფა, მაგრამ არის ერთი სიმღერა, რომლის მღერის სურვილი, ვგრძნობ, რომ ყველგან მიჩნდება, ანუ გამოდის, რომ ამ სიმღერასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ეს არის სიმღერა „სინანული“, რომლის ტექსტის ავტორია უდროოდ გარდაცვლილი პოეტი თემურ ფირცხალაიშვილი.
„სინანული ამის მერე გაჩნდა გულში, მთის ხელა,
ვინც ვერასდროს გავიხსენე, ისევ მან გამიხსენა,
ფერმიმკრთალი მზე ვიკმარე, დარდი მექცა გრიგალად,
ვინც ვერასდროს შევიყვარე, ისევ მან შემიყვარა“…
სადაც მივდივარ, რა სივრცეც არ უნდა იყოს, რა განწყობაც არ უნდა სუფევდეს, მაინც ეს უნდა ვიმღერო. ანუ გამოდის, რომ მაინც მქონია გამორჩეული სიმღერა. ვგრძნობ, ამ სიმღერით ყველაზე მეტად ვარ მსმენელთან მიერთებული. მსმენელთან კონტაქტის გარეშე ხომ სიმღერა ხიბლს კარგავს…
– 11 დეკემბერს, კონცერტებზე ხშირად გამოდიხართ?
– ბათუმში ხშირად მეძახის ინგა გოგიბერიძე, რომელიც თავად არის უამრავი წიგნის ავტორი და  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო – ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი. 11 დეკემბერს ამ ბიბლიოთეკაში მაქვს პატარა კონცერტი. შემოქმედებითი საღამოა, სადაც მეც მიმიწვიეს. ინგასგან წახალისებული ვარ ამ ღონისძიებებზე. ქეთევან შენგელიამ უკვე მესამედ დამითმო მისი სავარძელი და ძალიან მადლიერი ვარ.
– ხომ არ აპირებთ სიმღერების დისკად გამოცემას?
– მინდა, მაგრამ ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვერაფერს ვერ ვწერ. ახლა გადავწყვიტე რაღაცის გაკეტება და მარტო გიტარის ქირაობა დამიჯდა 50 ლარი. ჯერ აუცილებელია კარგი გიტარა, რომელიც წლებია არა მაქვს, მერე გიტარისტი, შემდეგ სტუდია, რომელიც ღირს ძალიან სერიოზული თანხა. დრო, გადაადგილება და… ასე რომ, ყველაფერი პრობლემებთან არის დაკავშირებული.
– ვიცი, რომ ფრანგებიც კი გააოცეთ თქვენი მოულოდნელი საჩუქრით…
– ფრანგული სიმღერები მაქვს, თუმცა არასოდეს მიფიქრია ფრანგული სიმღერების დაწერა. ნაცნობმა ფრანგებმა დამიძახეს სტუმრად ბათუმში და არ მქონდა საჩუქარი. ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი, გავამუსიკე ჟაკ პრევერის „საუზმე“, გადავიკიდე გიტარა და წავედი მათთან.  გაოცდნენ, რომ მოისმინეს… და ყველა საჩუქარს, ყველა ტორტს და ნამცხვარს აჯობა.
შემდეგ ცნობილი ფრანგი პოეტების ლექსებზე 15-მდე ფრანგული სიმღერაც დავწერე.
ასევე მაქვს რაინერ მარია რილკეს ტექსტებზე დაწერილი  10-ზე მეტი გერმანული ბალადა. ახლახან პატარა გამოძახილი მივიღე გერმანიიდან, შეიძლება  მარტში ბონში პატარა კამერულ სივრცეში ჩავატარო მუსიკალური საღამო. ასევე გავამუსიკე ბლოკის ცხრა ლექსი. მათ შორის მაქვს ერთი საოცარი ლექსი „პოეტი“, რომელიც უზომოდ მიყვარს.
მიყვარს ასევე ქეთევან შენგელიას ლექსზე დაწერილი სიმღერა – „ირწევა ტოტი და ყვება ამბავს“ (ხელთათმანი დუელისთვის).
– ჰობი…
– ამ ასაკში ჰობი აღარ მაქვს. მივხვდი, რომ ადამიანის ჰობი ყოფილა სულიერი სიმშვიდე. ასე თუ ისე, ვარ სოფლის წყალობით ამ სულიერ სიმშვიდეში, მეტ-ნაკლებად ვახერხებ, რომ უმიზეზოდ აღელვებული არ ვიყო. ბევრი რამ გადავლახე და ჰობი, ანუ გატაცება  თურმე 30 წლამდე ყოფილა. ჩემს ასაკში აღარ არის გატაცებები, არის სურვილები. სურვილია, რომ ვნახო საქართველოს ულამაზესი კუთხეები, ბევრი რამ არ მინახავს და დღემდე ტკივილად მომყვება.  ვიდრე ცოცხალი ვარ, ნიკორწმინდა აუცილებლად უნდა ვნახო. ასევე, ჩემი ოცნებაა სვანეთის ნახვა. ჩემი გოგონა გერმანულენოვანი გიდია, მთელ საქართველოში დადის, მპირდება, რომ ამ სურვილს ამისრულებს.
-პოეტური კრებულის ავტორიც ხართ…
– ვარ პატარა პოეტური კრებულის ავტორი, რომელსაც „თვალ საჩინოს ვნებანი“ ჰქვია.
კრებული ჩემი პატარა თხილნარის შემოსავლიდან მიღებული ფულით გამოვეცი. არავინ დამხმარებია, ისევ მე მოვიკელი საზრდო, რომ წიგნი მქონოდა. ჩემი შემოქმედების პირველი წარდგინება აჭარის მწერალთა სახლში მოეწყო პოეტ დავით თედორაძის დახმარებით.
ამის მიუხედავად, ამ კრებულს უცნაური ბედისწერა დაჰყვა, მას არავინ კითხულობს, თუმცა მე ძალიან მიყვარს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები