„ბედს კი ვეკიდე სადა საყურედ“…

გალში დაიბადა და გაიზარდა. მისმა ბავშვობამ და სტუდენტობამ სწორედ აფხაზეთში გაიარა. ჯერ გალის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი, შემდეგ რადიოს რედაქტორი იყო. მერე იყო დევნილობა… დიდი ტკივილი… ლექსებით  შეკრული სულის ირაო…
8 წლისამ დაწერა პირველი ლექსები, უყვარდა და იმიტომ… მერეც  მზერაში ირეკლებოდა სიყვარული და ამ განცდით ლექსების სამი კრებული შეიქმნა.
მესამე კრებულის – „სულისცალის“ წარდგინება კი ახლახან ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.  
– მაია მიქაიას პერსონა.

–  დავიბადე გალში, აფხაზეთში. იქვე დავამთავრე მეორე საშუალო სკოლა. ძალიან ლამაზი ქალაქი იყო, კოხტა სახლებით და გამწვანებული, მოვლილი ეზოებით.
როგორც თითქმის ყველა პატარა რაიონში, დიდი ქალაქისგან განსხვავებით, ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, ყველა ერთმანეთს იცნობდა ბავშვობიდან. ახლა ომისშემდგომმა მოვლენებმა დაგვაშორა, მაგრამ დღესაც მიხარია ჩემს თანაქალაქელებთან შეხვედრა. იმდენ რამეს გავიხსენებთ ხოლმე. მერე დიდხანს ამეკვიატება მოგონებები… ვცდილობ უფრო კარგი, სასიამოვნო ამბები გავიხსენო, მაგრამ ომმა ყველა მოგონებას თავისი მახინჯი დაღი დაასვა.
ბავშვობა, ვერ გეტყვით, რომ ლაღი მქონდა. დედისერთა ვიყავი და საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ. არასოდეს მქონია ის თავისუფლება, რაც ჩემ ირგვლივ ბავშვებს ჰქონდათ, თუნდაც ჩემს თანაკლასელებს. წარმოიდგინეთ, არასოდეს ვყოფილვარ კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე ან დაბადების დღეზე. სამაგიეროდ, ახლა, ამდენი წლის მერე ვინაზღაურებ ამ დანაკლისს.
მერე, თვრამეტი წლისას გამიჩნდა ძმა და სიტუაციაც შეიცვალა. პატარა ძმის აღზრდა ჩემ თავზე ავიღე, ასე ვთქვათ, დედობა გავუწიე. ბევრს ჩემი შვილიც კი ეგონა. საოცრად მიჯაჭვულები ვართ ერთმანეთს. ახლა ის ისევ აფხაზეთშია, მე კი აქ. უკვე  დიდი ბიჭია, მაგრამ როცა სტუმრად ჩამოდის, გვერდიდან არ მშორდება, მელაპარაკება, თავის ამბებს მიყვება. ძირითადად, ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, თუ რა თქმა უნდა, არ ჩაგვიხშეს რაღაც სპეციალური აპარატურით.
– გალის რაიონში სწავლობდით… რით იყო საინტერესო სკოლის პერიოდი?
– სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მართლა ძალიან მიყვარდა ჩემი მასწავლებლები და ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობდი სკოლის დამთავრების შემდეგაც. თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ქართულის მასწავლებლის, გულნარა ხაბურზანიას, რუსულის მასწავლებლის, ლამარა ჩხეძის, სამართალმცოდნეობის მასწავლებლის, ვარა ფილიშვილის დამსახურებაა… კლასელები დევნილობამ მთელ მსოფლიოში გაფანტა, მაგრამ სოციალური ქსელით ხშირად ვუკავშირდები.  აქამდე ჩემი უახლოესი მეგობრები სწორედ ჩემი კლასელები არიან.
– პროფესიით ფილოლოგი,  ჟურნალისტი და  სამართალმცოდნე ხართ… როგორ აირჩიე პროფესია და რომელს ანიჭებს უპირატესობას მაია მიქაია?
– ბავშვობიდანვე მინდოდა ჟურნალისტობა, ამიტომ, მშობლების მიერ შერჩეული ფილოლოგიის ფაკულტეტის პარალელურად, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც, დაუსწრებლად. ეს იყო, ალბათ, ჩემი სიჯიუტის პირველი გამოვლინება. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არც თავს ვუტყდებოდი და არც მშობლებს.
დიპლომი ჯერ არც მქონდა აღებული, როცა მამაჩემმა მთხოვა, მისი ოცნება ამესრულებინა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. რამდენიმე განსხვავებული საგანი ჩავაბარე და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩამრიცხეს. ასე გავხდი სამართალმცოდნეც. მაგრამ მაინც ჟურნალისტობას მივანიჭე უპირატესობა. ჯერ გალის რაიონულ გაზეთში ვმუშაობდი, შემდეგ რაიონული რადიოს რედაქტორი ვიყავი.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იყო გაზეთები: „შანსი“, „კვირის პალიტრა“, „თბილისი“, ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“ და სხვა.
– ლექსების წერა როდის დაიწყეთ? გაიხსენეთ პირველი ლექსი…
– პირველი ლექსები რვა წლისამ დავწერე. ახლა მე თვითონაც მიკვირს, რომ ამ დროს უკვე შეყვარებული ვიყავი და ლექსების უმეტესობაც, შესაბამისად, სიყვარულზე იყო. პირველი ლექსი, რომელიც რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, ასე მთავრდებოდა:
„შენ ვარსკვლავი ხარ
და მთვარესთან ღამე საუბრობ,
შენ ვარსკვლავი ხარ
და ის მთვარე, ნეტავ, ვინ არის?!“

ახლა, რა თქმა უნდა, მეცინება ჩემს ძველ ლექსებზე. თუმცა მათ მაინც აქვთ არსებობის უფლება, თუნდაც როგორც ბავშვობის მოგონებას.
– ვიდრე აფხაზეთს დავკარგავდით, გალის რაიონული რადიოს რედაქტორი იყავით… რას ფიქრობთ ამ კონფლიქტზე და როგორ უნდა გამოინახოს საერთო ენა აფხაზებთან?
–  სოხუმში სწავლის პერიოდში აფხაზ თანაკურსელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი თვითონაც ვერ ჩადის აფხაზეთში, რადგან ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიიღო. არც ერთ მათგანს მერე არ შევხვედრივარ. მართალი გითხრათ, ჯერჯერობით სიტუაციის განმუხტვის ვერავითარ გზას ვერ ვხედავ. რამდენჯერ ვცადე კონტაქტის დამყარება აფხაზ პოეტებთან, რომ შემეთავაზებინა და მეთარგმნა მათი ლექსები, მაგრამ ან უარი მივიღე, ან იგნორირება…
ვნახოთ, შეიძლება უფრო მეტი დროა საჭირო.
გალის სკოლებში ქართული ენა აიკრძალა და რუსულმა ჩაანაცვლა…
– გალის სკოლებში ქართული ენა მართლაც აკრძალულია. ყველა საგანი რუსულ ან აფხაზურ ენაზე ისწავლება. თავიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულის მასწავლებლები უსასყიდლოდ ატარებდნენ გაკვეთილებს. თუმცა მერე ისინი აიძულეს, გალის რაიონი დაეტოვებინათ…
– სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ხართ. რამდენჯერმე ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე „წმინდა ნინოს ჯვარი“ გაიმარჯვეთ…   მათ შორის საბავშვო პოეზიაში…
–  ძალიან მომწონს ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი. ბევრ პოეტს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ამ კონკურსის მიმართ, მისი რელიგიასთან დაკავშირების გამო. მე კი ვთვლი, რომ ძალიან საჭირო ფესტივალია და კარგი იქნებოდა, კულტურის სამინისტრო ან საპატრიარქო ეხმარებოდეს კონკურსის ორგანიზატორებს. ძალიან მიყვარდა კონკურსი „ხვარამზეობაც“, სადაც ლექსით „შურიმშინე“ მესამე პრემია დავიმსახურე. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელი, გარკვეული მიზეზების გამო, მონაწილეობა არ მიმიღია. სამაგიეროდ, არ გამომიტოვებია კონკურს „ოდეონის“ და „ლექსების გამოფენის“ არც ერთი წელი.
– ლექსების სამი კრებულის ავტორი ხართ: „მონოლოგი ტკივილთან“ (1995 წ.); „შურიმშინე“ (2013 წ.); „სულისცალი“ (2017 წ.)… რას განიცდის პოეტი მაია მიქაია კრებულიდან კრებულამდე?
–  კი, სამი კრებული მაქვს. თუმცა, პირველი, „მონოლოგი ტკივილთან“ წიგნად შეიძლება არც ჩაითვალოს. „შანსის“ რედაქციაში, ასე ვთქვათ, საჩუქრად გამიკეთეს. მეორე იყო „შურიმშინე“, მესამე კი „სულისცალი“, რომლის წარდგენაც 21 ნოემბერს გაიმართება ლიტერატურის მუზეუმში.
წიგნიდან წიგნამდე, ვფიქრობ, ვიცვლები, ვიზრდები, გამოცდილებას ვიძენ, უმეტესად ტკივილიანს, მაგრამ მაინც, ალბათ, აუცილებელს ახალი ლექსების შესაქმნელად.
– თქვენი რომელი ლექსი გიყვართ და რატომ?
– ჩემი ლექსებიდან ყველაზე მეტად „შურიმშინე“ მიყვარს. თავიდან ეს სიტყვა, რაც ლაზურად სულის მახსენებელს ნიშნავს, სწორედ „ლექსების გამოფენაზე“ გავიგე პირველად, სასტუმროს ლაზი მენეჯერისაგან. ეს სიტყვა ამეკვიატა და არ მომასვენა, მერე კი ლექსიც დაიბადა.
– „შურიმშინეს“ მიხედვით სიმღერა დაიწერა…
– „შურიმშინეზე“ ორი სიმღერაა შექმნილი. ერთი შესანიშნავი კომპოზიციაა, რომლის ავტორია არაჩვეულებრივი მუსიკოსი, დავით შანიძე. მეორე კი დაწერა ბათუმელმა ქალბატონმა, ძალიან ნიჭიერმა კომპოზიტორმა ინგა გოგუაძემ. ორივეს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.
– რას ფიქრობთ ლიტერატურულ პროცესებზე და კასტებად დაყოფილ მწერლებზე?
–  მწერლების კასტებად და ჯგუფებად დაყოფას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უარყოფითად ვერ შევაფასებ. ასე უფრო ჩანს კონკურენციაც, უპირატესობებიც, მნიშვნელობაც… ყველაფერი ხელისგულზეა. დრო კი ყოველ მათგანს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს ლიტერატურაშიც და მკითხველის გონებაშიც. უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოების განათლების დონის ამაღლება მგონია, მისი კარგ მკითხველად ჩამოყალიბება. ეს კი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.
რაც მთავარია, საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი  გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში და ეს ძალიან მახარებს.
– ოჯახი… მეუღლე და ორი შვილი გყავთ…
–  ორი ქალიშვილი მყავს. უფროსმა, ელენემ გრაფიკა-ანიმაციის ფაკულტეტი დაამთავრა. კარგად ხატავს, აკეთებს ყდის დიზაინს. ჩემი მესამე წიგნის დიზაინიც მას ეკუთვნის. უმცროსი, თამთა, მეშვიდე კლასის მოსწავლეა. სკოლაშიც კარგად სწავლობს და წერს კიდეც მოთხრობებსა და ლექსებს.
– ახალ კრებულს  „სულისცალი“ ჰქვია…
–  ჩემს მესამე წიგნს, როგორც ვთქვი, „სულისცალი“ ჰქვია. ეს სიტყვა ჩემი მოფიქრებულია და მიხარია, რომ მოსწონთ, უკვე იყენებენ კიდეც. წიგნი გამომცემლობა „კალმოსანმა“ დაბეჭდა. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს მეგობარს, გამომცემლობის დირექტორს, ხვიჩა ყალაბეგაშვილს. წიგნის რედაქტორია ასევე ჩემი მეგობარი, პოეტი ედუარდ უგულავა. მასვე ეკუთვნის გარეკანის მხატვრობა. წიგნში შესულია ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები.
– რომელი ყვავილი გიყვართ?
–  ყველა სახის ყვავილი და მცენარე მიყვარს. ყველაზე ძალიან – ალბათ მაინც გვირილა და ვარდი.
– ძალიან გიყვართ ფშავი, მეუღლის სოფელი… იქ ხშირად ადიხართ…
– კი, ხშირად ვარ თეთრაულებში, არტანში. ეს არის სოფელი თიანეთის რაიონში, მეუღლის დედულეთში, სადაც მან მიწის ნაკვეთი შეიძინა და სახლი ააშენა. ხშირად მსტუმრობენ მეგობრები, მათაც ძალიან უყვართ იქაურობა. მეხმარებიან კიდეც მოსავლის აღებაში. ვერთობით, კოცონს ვანთებთ, ლექსებს ვკითხულობთ, ვმღერით. მოკლედ, იქაურობას ვახმაურებთ.
–  ერთი ლექსი…
– კი, ბატონო:

შენ იცი…

შენ ახლა ჩემი ყველა გზა იცი,
(ყველა გზა რაღაც ახალს მასწავლის).    
შენი ფიქრების გამხადე ღირსი
და ღირსი შენი თავგადასავლის.
ადრე ცხოვრებას ვალადღა ვთვლიდი,
ბედს კი ვეკიდე სადა საყურედ…
და შენთან ყოფნა არ ვიცი რითი,
არ ვიცი, როგორ დავიმსახურე.
და მაინც რა ვქნა, რა ვუყო სევდას,
გულზე რომ მაყრის ეჭვის ყინულებს…
სევდას, რომელიც ზოგჯერ სულს ლევს და
მერე კვლავ ჩემი ტანჯვით იბრუნებს.
შენ ახლა ჩემი იცი ყველა გზა,
ჩემს ყველა ბილიკს სერავ ბრჭყალებით.
სასაყვედუროდ სიტყვას ვერ დავძრავ,
ხვალამდე ასე თუ გეყვარები.
ჩვენ რას გავუძლებთ, რასაც დრო იტანს,
ან რას ვიპოვით, რასაც დრო ეძებს…
რადგან წარსული ტკბილი გრძნობიდან
მხოლოდ ლექსები რჩებათ პოეტებს.

 – სამომავლოდ…
–  მომავლის დაგეგმვა არ მიყვარს. ცხოვრებას მივუყვები… ვნახოთ, რა მელოდება.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები