რა საერთო აქვს ნოტებს კოქტეილთან და რატომ ჰქვია ფრანგული სახელი უხუცეს ბარმენს…

დაიბადა ლაგოდეხში, მაგრამ თბილისში გაიზარდა. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. სკოლაში დადიოდა და პარალელურად სხვადასხვა საქმეს აკეთებდა,  არც მძღოლობა უთაკილია. მერე ისე მოხდა, რომ უცხო ენების ინსტიტუტში ფრანგულის სპეციალობაზე ჩააბარა. მეოთხე კურსიდან კი ბარში მუშაობა შესთავაზეს…  სწორედ აქედან გადაეჯაჭვა მისი ბედი ბარმენის ბედს…  ყველგან იღბალი თან სდევდა…  წარმატებული ბარმენი იყო, საქართველოს ბარმენთა ასოციაცია და სკოლა შექმნა, ახალი კოქტეილები გამოიგონა, სახელმძღვანელოები დაწერა…
გული სწყდება, რომ ჩვენს ბარებში ხშირად ამახინჯებენ რეცეპტებს და კოქტეილსაც ის გემო არ აქვს, რაც უნდა ჰქონდეს… არადა, ტურიზმის განვითარებასთან ერთად,  ბარზე მოთხოვნილება იზრდება…
დიდი სურვილი აქვს, რომ მეღვინეობის სამშობლოში ღვინოზე დაყენებული უნიკალური კოქტეილები შეიქმნას.
ახლახან საქართველოს ბარმენთა ასოციაცია მსოფლიოს ბარმენთა ასოციაციაში მიიღეს და საზრუნავი გაასმაგდა. რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია კაცი-ლეგენდა – ჟაკო ჯორჯაძე.

 – ჯორჯაძეები კახელი თავადები არიან. 1492 წელს საქართველოს მეფემ მამულები უბოძა ჩვენს წინაპარს კახეთში – გრემში, ენისელში, საბუეში…
ჩვენი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, მამაჩემი იყო აფთიაქის გამგე, რომ გაჭირდა ცხოვრება, ურჩიეს, კოტე, წადი სოფელში, პროდუქტი იქ უფრო ადვილად იშოვებაო. მართლაც, წავიდა მამა ლაგოდეხში.  ამიტომ მე 1940 წლის 3 ივლისს ლაგოდეხში დავიბადე. 
მოდიოდა მოსახლეობა, მოჰქონდათ პროდუქტები წამლის მაგივრად. ჩვენი თავიც შევინახეთ და აქეთაც უგზავნიდა მამა ოჯახს დახმარებას.
დედა სკოლის მასწავლებელი იყო. მყავს უფროსი ძმა  – ვასიკო, პროფესიით ინჟინერი. უკვე 86 წლისაა.
5 წლის ვიყავი, რომ დავბრუნდით თბილისში. როგორც ყველა ბავშვი, ვსწავლობდი სკოლაში, ბოლო რამდენიმე წელი საღამოს სკოლაში დავდიოდი. პარალელურად ვმუშაობდი, „მოტორისტის“ მოწაფე ვიყავი… მერე ძრავებს ვშლიდით, ვაწყობდით… სკოლა რომ დავამთავრე, სამხედრო კომისარიატმა  მძღოლის კურსებზე გამგზავნა, 1960 წელს ჯარში გამიშვეს. ვმსახურობდი პოლონეთში, ჩამოვედი და ავტობუსის მძღოლად ვმუშაობდი.
შემდეგ მოვემზადე ფრანგულ ენაში, სასაუბრო კი ვიცოდი, ბებია მელაპარაკებოდა ფრანგულად… კარგად მახსენდება ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, ბელინსკის ქუჩაზე და საერთო სამზარეულო, მეზობლები, ლამაზი ურთიერთობები…
მოგვიანებით უცხო ენების ინსტიტუტში ფრანგულის სპეციალობაზე ჩავაბარე, ინსტიტუტში შევისწავლე ფრანგული ენა და ლიტერატურა…
მეხუთე კურსზე ვიყავი, როცა მოვიდა ინსტიტუტში სასტუმრო „ივერიის“ დირექტორი, ვალერი გაგლოშვილი და ენების მცოდნე სანდო პიროვნებას ეძებდა. ლექციაზე ვიყავი, რომ დამიძახეს. წინათ  ასეთი სისტემა იყო,  ინტურისტის სასტუმროები, ძირითადად, განკუთვნილი იყო უცხოელებისთვის, ჩვენი მოსახლეობა ვერ შედიოდა. მეტწილად კაპიტალისტური ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ,  იმ დროისთვის ამ სასტუმროებში უკვე იყო ბარები.
ვიუკადრისე ბარმენად მუშაობა, რადგან  წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ბარი.
დირექტორმა შემამჩნია, რომ ცოტა ვყოყმანობდი, გაიღიმა და მითხრა, დღეს მობრძანდით, მე გავაფრთხილებ ბარის პერსონალს და მეორე დღეს მითხარით პასუხიო…
მეორე დღეს, მართლაც, მივედი და სულ სხვა სამყარო დამხვდა, ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, მრგვალი მაგიდებით, სპეციფიკური არომატით –  სიგარების არომატი ტრიალებდა,  ბარის გრძელი დახლი  და უკან ვიტრინა… ყველაფერი კარგად იყო განათებული, გავიდა ნახევარი საათი და  ხალხი მოდის,  სოლიდური საზოგადოება, მოდიან ჩუმად ბარმენთან, ჩაუმად საუბრობენ, წყნარი მუსიკა უკრავს, მერე ლამაზი ქალებიც გამოჩნდნენ, დავრჩი ღამის 2 საათამდე. მეორე  დილით უკვე მივედი დირექტორთან და თანხმობა ვუთხარი…
ერთი თვე დამხმარედ ვმუშაობდი, ჭურჭელს, საფერფლეებს ვრეცხავდი, მაგიდებიდან ჭურჭელს ვზიდავდი, ნელ-ნელა ვაკვირდებოდი, როგორ აკეთებდნენ სასმელებს და ერთ თვეში ბევრი რამ შევისწავლე. ასე აღმოვჩნდი ძირითად შემადგენლობაში. უკვე დამოუკიდებლად ვმუშაობდი. ხელფასიც კარგი იყო…  300 – 400 მანეთამდე ავდიოდი, იმდენს ვიღებდი, რაც დოცენტებს და პროფესორებს ჰქონდათ, ამას ემატებოდა ნაჩუქარი ფული. კმაყოფილი ვიყავი…
სიმართლე გითხართ, მეზობლებმა რომ გაიგეს, ბარში დავიწყე მუშაობა, ეგონათ, რომ ბორდელში დავდიოდი.  არანაირი ინფორმაცია ბარებზე მაშინ არ იყო…
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უფროს ლაბორანტად დამნიშნეს…  როცა ფრანგულის მასწავლებელი ვერ მოდიოდა, ან ავად ხდებოდა, მე ვცვლიდი.
მერე რექტორად ბატონი თენგიზ ბუაჩიძე მოვიდა. მან თანაშემწედ დამნიშნა… თითქოს იღბალი მდევდა, უფალს მადლობა უნდა ვუთხრა, რომ კარგი ხალხი ყოველთვის გვერდით მყავდა და ახლაც რომ აქ ვარ.
მოგვიანებით „ივერიიდან“ სასტურმო „აჭარაში“ („ჰოლიდეი ინში“) გადმომიყვანეს, სადაც  1994 წლამდე ვიმუშავე.
მერე აირია ვითარება საქართველოში… ჩემი მრავალი კოლეგა უმუშევარი დარჩა, მეც მდოგვის ბიზნესი დავიწყე…  ასე ვიმუშავე 1995-96 წლამდე.
და ისევ ბარმენად დავიწყე მუშაობს. „ივერიაში“ ყოფნისას მოსკოვში გამაგზავნეს სასწავლებლად,  ბარმენის პროფესიის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სამთვიანი კურსები გავიარე, მასწავლიდნენ იტალიელები და რუსი ლექტორი, ალექსანდრ კუდრიავცევი. მასთან დღესაც მაქვს ურთიერთობა, პეტერბურგში ასწავლის. ბატონი ალექსანდრესგან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე.
ასე რომ, მოსკოვიდან  „პროფესორი“ ჩამოვედი…
სად აღარ ვიმუშავე, დიდი გამოცდილება დამიგროვდა… ერთხანს  სასტუმრო „მუზაში“ პატარა რესტორნის დირექტორიც ვიყავი. მერე  ღამის კლუბ „ავტოგრაფში“ გადავედი.  ვიცოდი, რომ არსებობდა მსოფლიო ბარმენთა ასოციაცია და სამომავლო გეგმებიც დავსახე…
– 2002 წლის 2 ივლისს გია მჭედლიშვილთან ერთად საქართველოს ბარმენთა ასოციაცია ჩამოაყალიბეთ…
– ეს ჩემი იდეა იყო. პრეზიდენტად  მე ამირჩიეს, ასოციაციასთან ბარმენთა სკოლაც გავხსენით. მას მერე ვასწავლით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. დღეისათვის ბარმენთა 50 პროცენტი, თვითნასწავლია. მათ  უნდა მადლობა ვუთხრა, მრავალი მათგანი საკუთარ თავზე მუშაობს, სიახლეებისკენ ისწრაფვის. კარგები არიან, მაგრამ სუსტებიც არ გვყავს ცოტა.. ახლა მრავალი უცხოელი ჩამოდის და ცოტა უხერხულია, უცოდინარი ბარმენი ემსახურება…
– კვალიფიკაციას გულისხმობთ, ალბათ… ტურიზმი ვითარდება და ამ პროფესიაზე დიდი მოთხოვნილებაა…
– გული მწყდება, რომ დღეს ჩვენს ბარებში ხშირად უცოდინარობის გამო ამახინჯებენ რეცეპტებს და კოქტეილსაც ის გემო აღარ აქვს, რაც უნდა ჰქონდეს და რაც რეცეპტით არის ჩაფიქრებული.
ჩვენ გვაქვს 77 კლასიკური კოქტეილი მსოფლიოში. რა არის კლასიკური კოქტეილი? ეს არის 150-200 წლის წინ შექმნილი უკვდავი კლასიკური მუსიკის მსგავსი, რომელსაც დღესაც უსმენს ხალხი.  მთელი მსოფლიოს ბარებში ეს კოქტეილებია მიღებული და ყველგან ერთნაირად უნდა მზადდებოდეს, ერთი გემო ჰქონდეს.
– როგორც ვიცი, საქართველოში ბარმენთა მომზადების კოლეჯები არსებობს…
– ამ პროფესიაზე სადღეისოდ დიდი მოთხოვნილებაა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში 2006-2007 წლიდან სამ კოლეჯში ისწავლება ბარმენის პროფესია. თბილისში არის კოლეჯი „იკარუსი“, სადაც პირველი დღიდან მეც ვასწავლი დღემდე. შესანიშნავი კოლეჯი და კოლექტივია. მრავალი წარჩინებული სტუდენტი პრესტიჟულ ადგილებში მუშაობს მენეჯერად, ბარმენად, უფროს ბარმენად… კოლეჯს რუსუდან ჩართოლანი ხელმძღვანელობს.
არის კოლეჯი ქობულეთშიც, სადაც ასევე ბრწყინვალე კოლექტივია დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. იქ ჩემი ყოფილი მოწაფე ლაშა ხახუტაიშვილი ასწავლის. არის კიდევ ბათუმში კოლეჯი – „ბლექ სი“ ჰქვია, სადაც შესანიშნავი პედაგოგი ვასილ შენგელია ასწავლის.
წელს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა  საქართველოს ბარმენთა ასოციაცია მსოფლიოს ბარმენთა ასოციაციაში გაწევრიანდა…
– მსოფლიოს ბარმენთა ასოციაცია ლონდონში 1951 წელს შეიქმნა. დაახლოებით 7 ქვეყანა იყო პირველი, ვინც მასში გაერთიანდა და დაარქვეს ბარმენთა საერთაშორისო ასოციაცია. დღეისათვის ასოციაციაში უკვე 70-მდე წევრია.   ასოაციაცია მსოფლიოს სიახლეებს აკვირდება, უგზავნის რეკომანდაციებს თავის წევრებს ამა თუ იმ სფეროში, ეს იქნება ახალი კოქტეილი თუ რამე ცვლილებები პროგრამაში.
საქართველო სამი წელი იყოთ, როგორც დამკვირვებელი, წესით, მესამე წელს, 2018-ში  უნდა გავწევრიანებულიყავით… მაგრამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე ჩვენი დელეგაციისთვის მოულოდნელად პრეზიდენტმა რონალდ ბუსმანმა გამოაცხადა, რომ საქართველო გახდა მსოფლიო ასოციაციის ოჯახის წევრი. ბუსმანი  ჰოლანდიელია, რომელიც მრავალჯერ სტუმრობდა საქართველოს, კარგად გაიცნო ჩვენი ქვეყანა და მასტერკლასებიც ჩაგვიტარა.
ანუ სამი წელი უნდა ვყოფილიყავით, როგორც კანდიდატი ქვეყანა და 1 წლით ადრე შეგვიყვანეს ასოციაციაში.  მოულოდნელად გადაწყვიტეს, ალბათ გაითვალისწინეს ჩვენი აქტიურობა, ჩვენ ვგზავნით ხოლმე ინფორმაციას ცენტრში,  ნახეს, რომ ვმუშაობთ, მოეწონათ და გაგვაწევრიანეს.
– სულ რამდენი წევრია ახლა მსოფლიო ბარმენთა ასოციაციაში?
– ახლა არის 67 წევრი, ჩვენ 67-ე ვართ, სამი ქვეყანა ელოდება გაწევრიანებას  ჩვენ  ბარმენთა სკოლაში ვასწავლით მსოფლიოს ბარმენთა ასოციაციიდან მოწოდებული პროგრამის მიხედვით. ჩემი წიგნის მიხედვით დაიწერა პროგრამა, ორი სახელმძღვანელო  და ბროშურები დავწერე.
– ბარმენთა მსოფლიოს ასოციაციის წევრი რას ელით სამომავლოდ, რა შეიცვლება უკეთესობისკენ?
– უნდა აღინიშნოს, რომ უკვე უფლება გვაქვს, მომავალ წელს  ჩვენი ორი ბარმენი მსოფლიოს პირველობაზე გამოვიყვანოთ. ეს არის  ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რომ საქართველოც  მსოფლიოს ასპარეზზე თავის სიტყვას იტყვის. ამის გარდა, მსოფლიოს ასოციაცია ხელს გვიწყობს სპონსორების მოძიებაში. ესეც დადებითი მომენტია.
უახლოეს ხანში, ჩემი თხოვნით სრულიად უანგაროდ მოვიწვევთ კარგ სპეციალისტს, რომელიც  აქ ტრენინგს, მასტერკლასს ჩაგვიტარებს.
– თქვენ კოქტეილების ავტორი ხართ?
– ყველა ბარმენს აქვს თავისი გამოგონილი, მაგრამ მე ბევრი არ მაქვს, დაახლოებით 5-7 კოქტეილის ავტორი ვარ. ბევრიც შევქმენი და არ ჩამიწერია. ამ ხუთიდან 3 წიგნში შევიტანე და ჩემი სტუდენტები ქალაქის ბარებში ამზადებენ.
რომ გადავხედოთ კლასიკურ კოქტეილებს, თითქმის ყველას თავისებური ისტორია აქვს. მაგალითად, კოქტეილი „მანჰეტენი“ 1874 წელს შეიქმნა  ნიუ-იორკში.
ჩვენ  გვყავს ბარმენების მამა ჯერი ტომასი, რომელმაც 1861 წელს გამოსცა პირველი წიგნი ამერიკაში.  ბარის და კოქტეილის სამშობლო ხომ ამერიკაა. კოქტეილი „მანჰეტენი“  შექმნა დიდმა პიროვნებამ ჯერი ტომასმა. „მანჰეტენი“ კლუბი იყო, სადაც იგი მუშაობდა. მანჰეტენი ინდიელების ტომის – დელავარების ენაზე, რომლებიც ძველი მაცხოვრებლები, აცტეკები იყვნენ,  ნიშნავს ადგილს, სადაც ჩვენ მოვიწამლეთ… ეს საკმაოდ მაგარი, მამაკაცური კოქტეილია.
ყველა კოქტეილს, მართლაც, პატარა-პატარა ისტორია აქვს.
თქვენს კოქტეილებზეც გვიამბეთ…
– გამოვყოფდი კოქტეილს – „ტკბილი გოგონა 2“, რომელიც სახელმძღვანელოშიც შევიტანე. ბარმენის ცხოვრება რომანტიკით და შეხვედრებით სავსეა. ყველა კოქტეილი განსაკუთრებულია თავისი გემოთი.  ეს კოქტეილი შევქმენი წინა საუკუნის 80-იან წლებში. გოგონას მიეძღვნა, რომელთანაც  რომანტიკული ისტორია მქონდა… ამ შთაგონებით გავაკეთე ეს კოქტეილი.
– შთაგონებას უკავშირდება… როგორც ლექსი, მუსიკა?
კომპოზიტორმა მუსიკა რომ დაწეროს, ნოტები უნდა იცოდეს, იგივე ითქმის ბარმენზეც, ზეპირად  უნდა იცოდეს იმ სასმელების გემო, რაც აქვს გასაყიდად. მე შემიძლია  წარმოსახვით  გავაკეთო კოქტეილი და დარწმუნებული ვარ, გემრიელი გამოვა. წინასწარ ვიცი, რა გემო აქვს თითოეულ სასმისს და რას მივიღებ ბოლოს…
გეტყვით, რომ სულ მსოფლიოში 25 ათასი კოქტეილია. აქედან 3 ათასი გერმანელებმა აღრიცხეს. ეს კოქტეილები კეთდება, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე, თუმცა არის კიდევ 300 კოქტეილი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება მთელ მსოფლიოში.  სულ 8760 ალკოჰოლური სასმელია. აქედან ბარში 1 პროცენტი, ან პროცენტნახევარი არის ხოლმე და ყველაზე მდიდარ ბარად ის ითვლება,  თუ ასეთი სასმელი 2 პროცენტი აქვს. და ეს 2 პროცენტი  უნდა ვიცოდეთ კარგად.
– საქართველო ღვინის სამშობლოა და  რა ვითარებაა ღვინოზე კოქტეილის შექმნის თვალსაზრისით?
– ძალიან რთულია ღვინოზე კოქტეილის შექმნა. ჩვენ  ქართულ ღვინოებში დიდი არჩევანი გვაქვს.  მე და ირაკლი ხოტეველს ჩაფიქრებული გვაქვს, ისეთი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო გამოვიყენოთ,  რომელიც გამოადგება კოქტეილს. ნებისმიერ კოქტეილში რქაწითელის ან საფერავის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ღვინოს მიჰყავს კოქტეილი თავის ჭკუაზე. ასე არ შეიძლება.
კოქტეილში ღვინის, ლიქიორის, წვენის ბალანსი უნდა იყოს. სამივე უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ  გამოკვეთილად – არცერთი… ღვინო რთული პროდუქტია, როგორც გითხარით, თავის ჭკუაზე მიჰყავს მთელი კოქტეილი. ამიტომ ისეთი ღვინო უნდა შეირჩეს, რომელიც  კოქტეილისთვის ნაკლებად წამყვანი იქნება. ვფიქრობთ ტვიშის ჯიშზე, რომელიც  რაჭა-ლეჩხუმში ძალიან მცირე რაოდენობით მოდის… ვნახოთ, მისი გამოყენებით რას მივიღებთ.
– თქვენ რომელი სასმელი გიყვართ?
– მე რომ ვიყო არაბარმენი, გიპასუხებდით, რომ ვისკი,  ან კონიაკი მიყვარს-მეთქი, ბარმენი კი ასე პასუხობს: რა ხასიათზე ვარ, რა დრო არის და ვისთან ერთად ვარ. ანუ სამივე შემთხვევაში სხვადასხვა სასმელი მომწონს.
– საქართველო მეღვინეობის სამშობლოდ აღიარეს და კარგიც არის, რომ ღვინოზე დაყენებული კოქტეილები შეიქმნას… მაგრამ რამდენად მოიკიდებს ფეხს კოქტეილის კულტურა ჩვენთან, ტრადიციულ ქვეყანაში?
– ჩვენ ღვინის ქვეყანა, ღვინის სამშობლო და აკვანი ვართ, საქართველოში კოქტეილები ძალიან ძნელად შემოდის, რადგან ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის. მას ურჩევნია კარგი ღვინო და ხაჭაპური, ტრადიციული სასმელ-საჭმელები, მაგრამ  მოდის ახალი თაობა, ხალხი, რომელმაც იმოგზაურა და ნახეს ბარები… ისიც მინდა ვთქვა, რომ მაგალითად 20 და 10 წლის წინ, ჩვენი ხალხი მზად არ იყო ბარებში სასიარულოდ… ანუ ბარი არის ვიწრო მიმართულებით დასასვენებელი ადგილი, ბარში ყველა ვერ მოდის. საამისოდ  ფინანსურად მომზადებული უნდა იყო, კარგი ხელფასი უნდა გქონდეს, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც შეხვიდე ბარში.
ამის გარდა, მოქცევაც უნდა იცოდე, როგორ დაელაპარაკო ბარმენს, როგორ გადაიხადო, მაგალითად, ამერიკაში ბარში შესვლის  და მოქცევის 200 და მეტი წლის კულტურაა. იქ ბარმენთან თუ რამეს დალევენ, საფასურის გარდა ეგრევე ტოვებენ საჩუქარს, ანუ ზედმეტ თანხას. იქ არავინ კითხულობს, რატომ უნდა დავუტოვო ბარმენს ზედმეტი, იქ მიჩვეულები არიან,  ჩვენი საზოგადოება კი, რომელიც ბარში მოდის, არ არის მიჩვეული. დღეს ამ მხრივაც უკვე პატარა პროგრესია, ბევრმა იმოგზაურა, გაიგეს, როგორ მოიქცნენ ბარში, მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში, ვინც არ დატოვებს არაფერს, ცუდი პიროვნებაა. არ მინდა ეს სიტყვა ვთქვა. ჩვენთან ეს არ იცის ჯერ ბევრმა, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევეიან, ბარი სულ სხვა ცნებაა – დასვენება ალკოჰოლთან ერთად.
ჩვენი მოვალეობაა, სტუმარი ნასვამი არ გავიდეს ბარიდან. ევროპასა და ამერიკაში მიღებულია კანონი, კანონში ნათქვამია, რომ ბარის მეპატრონე და ბარმენი პასუხიმგებლები არიან ბარში  მოსული სტუმრის ჯანმრთელობაზე. ანუ  როცა ბარმენი ხედავს, რომ ბევრი დალია და სტუმარი ითხოვს უარი უნდა უთხრას… ბარმენის მთავარი მოვალეობაა, იყოს კარგი გამყიდველი, მაგრამ ისეთი გზით, რომ სტუმარი ცუდად გახდეს და მერე სასწრაფოს გამოძახება დასჭირდეს, არა. დროზე უნდა გააჩეროს სტუმარი და კულტურულ ფორმებში უარი უთხრას.
– ჯორჯაძეებს გამორჩეული ისტორია გაქვთ, სახელი ჟაკოც ერთ ისტორიას უკავშირდება…
– როგორც გითხარით, ჯორჯაძეები თავადები არიან, მამამ, მისმა ძმამ – ყველამ კადეტთა კორპუსი დაამთავრა. წინათ ასე იყო, ან უნივერსიტეტში უნდა გესწავლა, ან სამხედრო გამხდარიყავი. პაპა სამხედრო კაცი იყო, საქართველოს ენციკლოპედიაშიც არის შესული -ვასილ ჯორჯაძე,  მერე შვილებიც გააგზავნა სასწავლებლად ვორონეჟში.
მამა და ბიძა იმ დროს  8-9 წლისანი რომ იყვნენ,  გამოიპარა თურმე, ერთ დღეს მამაჩემი შატალოზე და წასულა საბანაოდ. ორნი ყოფილან… მამაჩემი პირველი შესულა და ორმოში ჩავარდნილა…  იხრჩობოდა, რომ არა პატარა ბიჭი, რომელსაც ჯოხი მიუწოდებია და გამოუყვანია.. სამშვიდობოზე გამოსულს  უთქვამს, დიდი რომ გავიზრდები, პირველ შვილს მამაჩემის სახელს დავარქმევ, მეორეს  – შენს სახელსო. ის ბიჭი ჟაკ დოჟე ფრანგი იყო. ასე დამარქვეს ჟაკო.
– ოჯახი…
– სამი ვაჟი მყავს და ორი შვილიშვილი. მეუღლე ბუღალტერია. რამდენიმე თვის წინ ინტერვიუს დროს ჟურნალისტი შემეკითხა, 18 წლის რომ იყოთ, ცხოვრებას როგორ დაიწყებდითო? რა თქმა უნდა, არაფერს შევცვლიდი, მაგრამ მეოთხე ცოლი არ მეყოლებოდა, ერთზე გავჩერდებოდი-მეთქი… მაგრამ ახალგაზრდობისას განა ადამიანი ფიქრობს ამდენს?
– რას ეტყოდით მომავალ ბარმენებს?
– დღევანდელი ბარმენები არ უნდა დაკმყოფილდნენ იმ ცოდნით, რაც აქვთ. ბარმენი თუ გაჩერდა, ის კვდება, როგორც სპეციალისტი. ჩვენთან არ არსებობს მწვერვალი.  მწვერვალზე რომ ადის ალპინისტი, მერე ისევ უნდა ჩამოვიდეს.
ჩვენთან არის დონე, უსაზღვრო სწავლა და სწავლა, მრავალი სიახლეა და უნდა გაეცნო. საერთოდ კი, ვურჩევდი მათ, რომ ყველამ დაამთავროს უმაღლესი სასწავლებელი, ან მიიღონ თვითგანათლება. მადლობა უფალს, გვაქვს ინტერნეტი და კომპიუტერი. ბარს ყველანაირად განათლებული პიროვნება სჭირდება. თორემ დავემსგავსებით დამსხმელს და სხვა არაფერს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები