„მე თავისუფლება მიყვარს“ – რატომ უწოდებს საკუთარ თავს „უჩაფხუტო კასკადიორს” ლელა არაბული?
პოეზიის სიყვარული ბავშვობიდან დედამ ჩაუნერგა. თუმცა ლექსების წერა მოგვიანებით მოულოდნელად დაიწყო, როცა თეატრალური ინსტიტუტის კინო-ტელეფაკულტეტი უკვე დამთავრებული ჰქონდა. ლექსები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა, სამი წიგნიც გამოსცა…
პარალელურად, მის მოღვაწეობას საინტერესო რეჟისორული საქმიანობა ახლდა თან. დოკუმენტური ფილმი „ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის” 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიას ეხება. აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე დაწერილი მისი პიესა – „გვერდს ვერ აუვლი შენს ძველ სადგურებს” გორის უძველესმა თეატრმა დადგა, პარალელურად კი, „პირველი არხის“ რადიოდადგმების რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა ჩაწერა. უყვარს შემოქმედებითი რისკი, ექსპერიმენტები, „ხულიგნობა” და ექსცენტრულობა. მისი ცხოვრება სავსეა რადიკალურად განსხვავებული მოვლენებით…
აბედნიერებს, როცა ადამიანებს ახალისებს საკუთარი ლექსებით, ბავშვობიდან მეგზურივით მოჰყვება მშობლების მრწამსი: ადამიანი არასოდეს არ უნდა ცხოვრობდეს თავის ხალხზე უკეთესად. – რეჟისორისა და პოეტის, ლელა არაბულის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, მართალია, მძიმე კომუნისტურ ეპოქაში, მაგრამ სამაგიეროდ – რომანტიკულ ვარდობისთვეში. ნიშნით ვარ ტყუპი, წლით კი – მურია, რაღაც ისეთი მუდამ მწყურია… მოკლედ, ასეთი მოვევლინე მერი მენაღარიშვილისა და მუხა არაბულის ოჯახს. დედა ფილოლოგია, მამა – ჟურნალისტი და ჩემდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ დღემდე ჩვენს ოჯახში ენისა და მამულის სიყვარულის კულტია. ღრმა ბავშვობიდან მომყვება ჩემი მშობლების მრწამსი: ადამიანი არასოდეს არ უნდა ცხოვრობდეს თავის ხალხზე უკეთესად. ბაგის, საბავშვო ბაღისა და სკოლის პერიოდზე ვერაფერს ვიტყვი – არცერთი არ მიყვარდა.
– როდის დაწერეთ პირველი ლექსები? პირველი კრებული „ჩემი წაწალი“ 2003 წელს გამოიცა, მეორე – „სხვა იყო ურვა არაგველების“ 2007 წელს გამოიცა. მესამე კრებულის გამოცემაც იგეგმება…
– პოეზიის სიყვარული დედამ ჩამინერგა. როგორც წესი, ყველა შაბათი „პოეზიის დილით” იწყებოდა. როდესაც 13 წლის გავხდი, ვისწავლე გალაკტიონის „13 წლის ხარ“ და დავწერე 3 პიესა. ჩემი „დრამატურგობა“ 14 წლის ასაკში დასრულდა და დაიწყო ახალი ვნებათაღელვანი: ხან გინეკოლოგობა მინდოდა, ხან – კინოსცენარისტობა, ხან – მასწავლებლობა, ხან – მსახიობობა და ბოლოს რეჟისორი გავხდი.
მეამაყება, რომ ორი გამოცდა სპეციალობაში ჩავაბარე დიდ მაესტროს, ბ-ნ მიხეილ თუმანიშვილს და მოვხვდი თეატრალური ინსტიტუტის კინო – ტელეფაკულტეტზე (ჯგუფში ერთადერთი გოგო ვიყავი და ცამეტი ბიჭი). სახელოსნოს ხელმძღვანელები იყვნენ: ბატონი რეზო ჩხეიძე და ბატონი გიორგი ხაინდრავა. ჩემი პროფესიის პარალელურად, სრულიად მოულოდნელად, 28 წლის ასაკში ლექსების „წერამ ამიტანა”.
როგორც ჩანს, არ მომასვენა მამის მხრიდან ხევსურულ – ფშაურმა გენეტიკამ და მაგრად შემომიტია. უარს როგორ ვიტყოდი უფლის ასეთ წყალობაზე და შევტოპე, მაგრამ რა შევტოპე… ბოლოს ისე გავთავხედდი, სამი წიგნი გამოვეცი. ჩემდა სასიხარულოდ, ლექსები პარალელურად დაიბეჭდა ჟურნალებში: „ცისკარი”, „ლიტერატურული პალიტრა”, „ანეული”. 2012 წელს ბოლო კრებული „მიცნობდეთ – ლელა მუხას ასული” გავაცანი მკითხველს. ახალი ლექსების საკმაოდ დიდი რაოდენობა დამიგროვდა, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ მათ გამოცემაზე, ჯერ არ ვარ მზად, მაკლია ის მნიშვნელოვანი, რაზედაც მინდა დავწერო.
– 10 წელი პირველ არხზე იმუშავეთ…
– პირველი 9 წელი ვიყავი დილის შემეცნებით – გასართობი გადაცემის „9 -დან 12 – მდე” რეჟისორი და მეათე წელს გია მაჩაბლის საავტორო გადაცემის – „საღამოს საუბრების“ რეჟისორი.
– როგორც რეჟისორი, რას გამოყოფდით თქვენი შემოქმედებიდან და რატომ?
– როგორც რეჟისორმა, შევძელი და ჩემი სათქმელი ვთქვი დოკუმენტურ ფილმში „ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის”, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიას ეხება. დღემდე მიმძიმს გადაღებების დეტალებზე საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა შინდისის ბრძოლის ველს ვიხსენებ… ეგებ, ოდესმე ფურცელზეც გადმოვიტანო ნანახი და განცდილი.
– პიესა „გვერდს ვერ აუვლი შენს ძველ სადგურებს“ 2012 წელს გორის თეატრმა დადგა, ასევე რადიოსპექტაკლიც დაიდგა. პიესა ომზეა… როგორ დაიწერა და რისი თქმა გინდოდათ?
– 18 წელია, ლექსებს ვწერ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე პოეზიაში ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსის გამოხატვა, რადგანაც, ძირითადად, ეროტიკული ჟანრის ლექსები გამომდის. ამის გამო წლების განმავლობაში ძალიან განაწყენებული ვიყავი საკუთარ თავზე და ბოლოს ასეთი გამოსავალი ვიპოვნე: აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე დავწერე პიესა – „გვერდს ვერ აუვლი შენს ძველ სადგურებს” და შვებით ამოვისუნთქე. წილად მხვდა პატივი იმისა, რომ გორის გიორგი ერისთავის სახელობის უძველესი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ნემსაძემ დადგა ეს პიესა, პარალელურად კი, „პირველი არხის“ რადიოდადგმების რეჟისორმა ბატონმა ზურაბ კანდელაკმა ჩაწერა. მოგვიანებით ახალგაზრდა კინორეჟისორმა სოფიკო ჭინჭარაულმა გადაიღო ფილმი ჩემი პატარა პიესის მიხედვით (სულ ორი პიესის ავტორი გახლავართ, თუ არ ჩავთვლით ბავშვობაში დაწერილს). ძალიან გამიმართლა, რომ უნიჭიერესმა პროფესიონალებმა გააცოცხლეს ჩემი გმირები.
ძალიან არ მიყვარს, როცა მეკითხებიან, რაზე ვწერ. ყოველთვის მიჭირს პასუხის ჩამოყალიბება. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვწერ ჩემთვის და თუკი სათქმელი მავანის გულამდე მივა, ბედნიერი ვარ, თუ არადა, დიდად არ განვიცდი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წერის პროცესია.
– „კინოდოკუმენტალისტი, ტელევიზიის რეჟისორი, კასკადიორი ჩაფხუტის გარეშე“... – ასე გიწერიათ თქვენს ბლოგზე. იქნებ განავრცოთ ეს მოკლე წინადადება… რატომ კასკადიორი?
– ჩემს თავს „უჩაფხუტო კასკადიორს” იმიტომ ვუწოდებ, რომ მიყვარს შემოქმედებითი რისკი, ექსპერიმენტები, „ხულიგნობა” და ექსცენტრულობა. ჩემი ცხოვრება სავსეა რადიკალურად განსხვავებული მოვლენებით: ხან გადაღებები, ხან თურქეთში მოხუცის მოვლა, ხან სცენაზე, ხან დამლაგებელი ფიტნესკლუბში, ხან პოეზიის საღამოები, ხან მიმტანი რესტორანში, ხან მთა – ბარში ხეტიალი და ხანაც ვაჟას მეორე კვარტალში დეპრესიაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, ყველა თავგადასავლი თავისებურად ძვირფასია ჩემთვის და მიყვარს, რაც არ უნდა მძიმე და მწარე იყოს. ლელა არაბულისთვის ყოველთვის საინტერესოა ომის მოგება – წაგება საკუთარ თავთან, დაცემა – წამოდგომა და პირიქით… ეს ყველაფერი შემეცნებითი პროცესი და დიდი შემოქმედებითი სტიმულია ჩემთვის.
– რას იტყვით ქართულ ფილმებზე… დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მათ წარმატებებზე სხვადასხვა ფესტივალზე… წინა საუკუნეშიც ქართული ფილმი ყოველთვის წარმატებული იყო. რა არის ამის საიდუმლო? რომელ ფილმებს გამოყოფდით, რომელი გიყვართ?
– დღევანდელ მძიმე რეალობაში დიდ გმირობად მიმაჩნია ნებისმიერი შემოქმედებითი ნაბიჯი და მითუმეტეს – კინოსამყაროში. მახარებს ქართველ კინორეჟისორთა ყველა წარმატება და ვუსურვებ მათ მუზებისა და თაყვანისმცემელთა ალყას. რა თქმა უნდა, მრავალი ქართული ფილმი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით – გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ მიხედვით შექმნილი კინოშედევრი, რომელიც ძალიან ეროვნულია, სავსეა საინტერესო პერსონაჟებით და ცხოვრებისეული სიბრძნით.
– რომელს ანიჭებს ლელა არაბული უპირატესობას – პოეტ ლელა არაბულს თუ რეჟისორ ლელა არაბულს?
– არასოდეს არცერთ სტატუსს არ ვანიჭებდი უპირატესობას, ბორკილივითაა ჩემთვის, მეასეხარისხოვანია. მე თავისუფლება მიყვარს.
– სიყვარული… რას გააკეთებდით სიყვარულისთვის?
– ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები ისეთივე მოკლეა, როგორც ჩემი ლექსები (თქვენ გეგონათ, სხვა მიზეზის აქვს იმას, რომ ასეთ პატარა ლექსებს ვწერ?!).
– დღევანდელობა… რის შეცვლას ისურვებდით?
– ჩემი აზრით, მთავარია, საზოგადოებას ახსოვდეს და იცავდეს ქვეყნის ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს.
– ჰობი…
– ასეთი ჰობი მაქვს – ძალიან მომწონს ადამიანების გახალისება ჩემი ლექსებით და ვახერხებ კიდეც. მე ეს მაბედნიერებს.
– რას ინატრებდით?
– ვინატრებდი, ყველას ასრულებოდეს თავისი გულისწადილი და ყოველთვის გავფრთხილებოდეთ ერთმანეთს.
თამარ შაიშმელაშვილი