„ჩემთვის ყველაზე საოცნებო ქვეყანაში ყველაზე მეტ წარმატებას მივაღწიე“…

5 წლის ასაკში მშობლებმა ბალეტის სამოყვარულო ჯგუფში  მიიყვანეს. შემდეგ იყო ჭაბუკიანის სასწავლებელი. 2014 წლიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტია.
ამბობს, რომ ნინო ანანიაშვილის დაბრუნებამ საქართველოში დიდად განაპირობა, რომ ბალერინა გახდა. დღე სხვა პროფესიაში თავი ვეღა წარმოუდგენია. ახალგაზრდა წარმატებული ბალერინა მრავალი ჯილდოს მფლობელია და სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს მიწვევები. განსაკუთრებით ეამაყება, რომ იაპონიაში ხშირად იწვევენ და აფასებენ, თუმცა  ყველაზე დიდი მიღწევა წინ ელოდება. – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტის, ნუცა ჩეკურაშვილის პერსონა.

– დავიბადე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. მამა – 24-ე ხელოვნების სკოლის დირექტორი, დედა – მუსიკის მასწავლებელი იყო. ბავშვობა ლაღი და ბედნიერი მქონდა. სასიამოვნო მოგონებად დამრჩა ის მომენტი, როცა საღამოობით, განსაკუთრებით თუ შუქი არ იყო, მამა ინსტრუმენტს მიუჯდებოდა და უკრავდა ბლუზებს, ჩაპლინის მელოდიებს, მე კი ვცეკვავდი და ვაწყობდი სპექტაკლებს. განსაკუთრებით ერთი მელოდია მომწონდა, რომელსაც „სიამოვნება” დავარქვი. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს დიურანის „ვალსი“ ყოფილა. მოკლედ, ქორეოგრაფიც მე ვიყავი და შემსრულებელიც, ვანაწილებდი გოგონებისა და ბიჭების პარტიებს. ამას დღემდე დიდი სიამოვნებით ვიხსენებთ. ალბათ ჩემი მშობლებისთვის ეს ერთგვარი მინიშნება იყო,  რომ ბალეტზე შემიყვანეს.
–  სკოლის პერიოდი…
– სკოლის პერიოდი მთლიანად ჭაბუკიანის სასწავლებელს უკავშირდება. ჩვენ ისეთი რეჟიმი გვქონდა, რომ მთელ დღეს – დილიდან 8 საათამდე სასწავლებელში ვატარებდით. ამას ემატებოდა ზოგადი საგნები, მუსიკა და თუ სცენაზე გამოსასვლელად ვემზადებოდით, უფრო გვიანაც ვამთავრებდით. ასე რომ, ამ რეჟიმმა, ჩვენი თანატოლებისგან განსხვავებით, უფრო კონცენტრირებულ და მობილიზებულ ბავშვებად ჩამოგვაყალიბა.
– 2011 წელს დაამთავრეთ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. რამ განაპირობა ბალერინობა?
– ის, რომ 2004 წელს ქალბატონი ნინო ანანიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და საბალეტო ხელოვნებას სათავეში ჩაუდგა, ამ ამბავმა ნამდვილად განაპირობა, რომ ბალერინა გავმხდარიყავი, ეს დიდი გამართლება იყო.
2014 წლიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტი ხართ…
– მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ მეორე კურსის მოსწავლემ ვიცეკვე „პატარა მარის” პარტია ბალეტ „მაკნატუნადან“. ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო, ამავდროულად, შესაძლებლობა მომეცა, მევლო დასთან ერთად გასტროლებზე. მესამე კურსის მოსწავლე კი უკვე დასის წევრი გავხდი და ჩვეული რეჟიმით განვაგრძე მუშაობა.
უამრავ წამყვან და სოლო პარტიას ასრულებთ. ყველაზე მეტად რომელს გამოყოფდით, რომელია თქვენს სულთან ახლოს?
–  უნდა გითხრათ, რომ რომელ ბალეტზეც ვმუშაობ, იმ დროს არის ეს ბალეტი ჩემთვის  ყველაზე საყვარელია, მაგრამ „ჟიზელს” მაინც გამოვყოფ, ეს ის ბალეტია, რომელზეც მუშაობა არასდროს მომბეზრდება მანამ იმ სრულყოფილებას არ მივაღწევ, რასაც დიდი ბალეტი ჰქვია. ეს სრულყოფილება ბალეტში და საერთოდ ხელოვნებაში უსასრულოა.
– თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი ალექსანდრ კრეინისლაურენსიასპრემიერით გაიხსნა, რომელშიც მთავარი პარტია შეასრულეთ. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. რას იტყვით ახალ რედაქციაზე და თქვენს განცდებზე ამ ბალეტში ცეკვის წინ?
– „ლაურენსიას“ ცეკვა ჩემთვის ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო და, ამავდროულად – დიდი პასუხისმგებლობაც, ისეთი შემსრულებლების შემდეგ, როგორებიც იყვნენ: ვერა წიგნაძე, ლილიანა მითაიშვილი, ირინე ჯანდიერი და ლალი კანდელაკი, სანერვიულო ნამდვილად მქონდა. სამწუხაროდ, ძველი რედაქციიდან მხოლოდ მცირე ჩანაწერები არსებობს და როდესაც აღდგენა მიმდინარეობდა, ძველი თაობის რეპეტიტორები ძალიან გვეხმარებოდნენ. მე პირადად ძალიან მომწონს განახლებული ვერსია და ვთვლი, რომ ქალბატონმა ნინომ დიდი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს მაყურებელს, ჯერ „გორდა“ დაუბრუნა სცენას,  შემდეგ – „ლაურენსია“.
თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი სახელგანთქმული პრიმა ბალერინა ნინო ანანიშვილია. რა განცდაა მასთან მუშაობა?
– წარმოიდგინეთ, ყოველ დღე, ძელთან, შენთან ერთად დგას დიდი ვარსკვლავი და ვარჯიშობს, არც დაღლის უფლება გაქვს, არც მოდუნების. სწორედ ეს არის ჩვენთვის სტიმულიც და მაგალითის მომცემიც.
– როგორც წარმატებული პრიმა ბალერინა იაპონიაში მიგიწვიეს… მანამდეც იაპონიაში გასტროლების დროს წარმატებით გამოდიოდით…
– ჩემთვის ყველაზე საოცნებო ქვეყანაში ყველაზე მეტ წარმატებას მივაღწიე. ბოლო მიწვევამდეც მქონდა გასტროლები იაპონიაში, მე და ჩემი პარტნიორი იონენ ტაკანო ანდრეი ბატალოვმა მიგვიწვია გალაკონცერტებზე, ორი კვირის განმავლობაში  სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად გვიწევდა გამოსვლა, მიუხედავად რთული რეჟიმისა, ამ გამოსვლებმა დიდი გამოცდილება შემძინა. ამჯერად ჩემი ვიზიტი იაპონიაში ასამი მაკის დასთან ერთად შედგა, გავემგზავრე ჩემს პარტნიორთან, ფილიპ ფედულოვთან ერთად, ჩვენთვის  – ორივესთვის დებიუტი შედგა და სპექტაკლმაც წარმატებით ჩაიარა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი კავშირი გაგრძელდება.
–  რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მიღწევად?
– ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მიღწევა წინ მელოდება.
– ჯილდოები… პეკინის საერთაშორისო  კონკურსზე ერთადერთი უცხოელი იყავით, რომელმაც სამივე ტური გაიარ და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდ
– დაიწყო პეკინის საერთაშორისო  კონკურსით, ამ კონკურსს მოჰყვა სერჟ  ლიფარის სახელობის  მეორე კონკურსი დონეცკში. აქაც მესამე ადგილის მფლობელი გავხდი, შემდეგ რიგაში პირველი ადგილი და გრან-პრი მოვიპოვე, ასევე ჰელსინკში დიპლომანტი გავხდი.
– ბალერინობა თქვენი მოწოდება იყო? თუ წარმოგიდგენიათ სხვა პროფესიით მოღვაწეობა?
– 5 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა მოსწავლეთა სასახლეში, ბალეტის სამოყვარულო ჯგუფში  მიმიყვანეს. მახსოვს, პირველი გაკვეთილის მერე დედას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ იქ მიმიყვანა, რაც ძალიან მომწონდა. ასე რომ, დღევანდელი გადასახედიდან სხვა პროფესიაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. მიხარია, რომ ჩემი არჩევანი,  რომელიც ბავშვობის ასაკში გავაკეთე, გამართლდა და ყოველგვარი ყოყმანისა და ფიქრის გარეშე გრძელდება ჩემი კავშირი ბალეტთან. ცეკვა ჩემი სიყვარულია.
–  ჰობი?
– ბავშვობიდან ხატვა ძალიან მიყვარდა, მახსოვს ძალიან  ბევრს ვხატავდი, დედა გამოფენებსაც კი მიწყობდა სახლში. მერე ჩემი რეჟიმის  გამო ხატვისთვის ვეღარ ვიცდიდი, ახლა კი რატომღაც ისევ ავიღე ფანქარი და პატარ-პატარა ჩანახატებსაც ვაკეთებ.
– როგორია ნუცა ჩეკურაშვილის ერთი დღე…
– ყოველი დღე იწყება: დილის საუზმე ფეხზე დგომით, გაქცევა თეატრში, „კლასი”, მერე რეპეტიციები, რეპეტიციებს შორის პატარა წახემსება. გაქვს როლი, ნერვიულობ, არ გაქვს როლი, მაინც ნერვიულობ. ღამდება, შენ ისევ თეატრში ხარ  და ასეა ყოველ დღე…
– წარმატებული ბალერინა რომ გახდე, რა არის ამისთვის საჭირო – ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა?
– რა თქმა უნდა, ნიჭი და მონაცემები უმთავრესია, რომელსაც თან შრომისმოყვარეობა და სრულყოფილებისაკენ დაუღალავი სურვილი ერთვის.
–  საგასტროლო ტურნედან რომელს გამოყოფდით?
– ალბათ „დიდი თეატრის“ სცენაზე პირველად რომ დავდგი ფეხი. ეს მოხდა ორი წლის წინ  “რაისა სტრუჩკოვასადმი” მიძღვნილ საღამოზე, რომელიც  ქალბატონმა ნინომ მოაწყო. როდესაც ფარდა გაიხსნა და ამდენი მაყურებლის წინაშე წარვდექით, სუნთქვა შემეკრა.
–  დღეს მუსიკოსები და ხელოვანები საზღვარგარეთ  უფრო ფასობენ… თუ გიფიქრიათ თქვენც იქ წასვლა?
– პეკინის საერთაშორისო კონკურსის მერე მქონდა მიწვევა „მონტე-კარლოში”. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ჯერ სასწავლებელიც არ მქონდა დამთავრებული. მშობლებმა ვერ გარისკეს ჩემი მარტო გაშვება და დღეს რომ მკითხოთ, არც ერთი წუთითაც არ ვნანობ, ალბათ ამდენი მთავარი პარტიის შესრულების შესაძლებლობა იქ არ მექნებოდა. ასე რომ, ჯერჯერობით აქაც ბევრი რამ დამრჩა საცეკვაო.
–  რა არის ხელოვანის უმთავრესი პრობლემა დღეს საქართველოში?
– საქართველოში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მოღცაწეობს ხელოვნების ნებისმიერ დარგში და ვფიქრობ, მათ გაფრთხილება და ხელის შეწყობა ესაჭიროებათ. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ხელოვანებისადმი.
– ოცნება?
– ოცნება? დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი “კარნეგი ჰოლის” სცენაზე.
– სამომავლო გეგმები…
– ამჯერად ვმუშაობ „რომეო და ჯულიეტაზე” , რომელსაც მიხაილ ლავროვსკი განაახლებს  ჩვენს სცენაზე. საახალწლოდ ჩვენს მაყურებელს შევთავაზებთ „მძინარე მზეთუნახავის” პრემიერას და კიდევ  სხვა მრავალი სიურპრიზი ელოდებათ ბალეტის მოყვარულებს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები