„ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში 40 წლის შემდეგ“ – მხატვარ ლელა დვალის შემოდგომა ულევი ფანტაზიით

ბავშვობა რაჭაში გაატარა. კარგ სწავლასთან ერთად, წერდა, ხატავდა… სასწავლო-შემოწმედებით ოლიმპიადებში იმარჯვებდა.
მერე იყო  თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, თუმცა სამხატვრო აკადემიაში სწავლა აღარ გაუგრძელებია, ოჯახი და შვილი გახდა საზრუნავი… ამბობს, რომ ფიქრში სულ ხატავდა, მაგრამ დრო არ ჰქონდა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის… ბოლო 5-6 წელი კი ერთბაშად შემობრუნდა ხატვისკენ. სხვადასხვა ტექნიკით და მასალით ქმნის ულამაზეს ფერწერულ კოლაჟებს…
ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, მანამდე „ონელობაზეც“ მრავალი ნამუშევარი გამოიფინა. მის ბინაში შესულს თვალს მოგტაცებთ ნახატებით და ყვავილებით გემოვნებით გაფორმებული კედლები და საინტერესო დეკორაციები. – მხატვარ ლელა დვალის პერსონა.

 – როდის დაიწყო ხელოვნების სიყვარული?
– ბავშვობიდან. ონში, რაჭაში დავიბადე, სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, მერე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი. ბავშვობიდანვე სულ რაღაცას ვაკეთებდი, ხელსაქმეს ვგულისხმობ. ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, ჯაფარიძეების გვარის ღირსეული წარმომადგენელი  – შუქურა ჯაფარიძე. მასთან დავიწყე წერაც, ხატვაც… და-ძმანი განთქმულნი იყვნენ ონში. შალვა ჯაფარიძე იყო ხალხური სიმღერების ანსამბლის ხელმძღვანელი მთელი სიცოცხლე, გიგა ჯაფარიძე იყო პირველი რეჟისორი, განუმეორებელი პიროვნება, უნიჭიერესი რეჟისორი. მათი და  შუქურა კი დედაჩემსაც და მთელ ონსაც  ქართულ ენას ასწავლიდა.
მეცხრე კლასში რომ ვიყავით, შუქურა მასწავლებელს 50 წლის იუბილეზე ხელით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ ვაჩუქეთ. მთლიანად ჩემი ნახატებით და კალიგრაფიით იყო გაფორმებული.
ამაზე მაშინ გაზეთებში დაიწერა და ძალიან პოპულარული ვიყავი.
გიგა ჯაფარიძის სპექტაკლებშიც მიმიღია მონაწილეობა. არცერთი საზეიმო სხდომა არ ჩატარებულა უჩემოდ, რადგან არაჩვეულებრივი მეტყველება მქონდა.
შუქურა მასწავლებელი გვაიძულებდა წერას. მერვე-მეათე კლასში თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ოლიმპიადების გამარჯვებულის დიპლომები დასტა-დასტად მქონდა, მინიატურებს, მოთხრობებს, ზღაპრებს ვაგზავნიდი და ვიმარჯვებდი.
ბავშვობაში ონში ჩემი ნახატების პატარა პერსონალური გამოფენაც გაიმართა, ახლა გვინდა შუქურა მასწავლებლის ლექსების წიგნის გამოცემა, რომ მის ხსოვნას პატივი მივაგოთ…
– თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ოჯახი შექმენით და ინტენსიურად აღარ დაგიხატავთ. ამ ბოლო დროს კი, დიდი შუალედის შემდეგ,  პერსონალური გამოფენაც გქონდათ…
– აქტიურად ხატვა 6 წლის წინ დავიწყე… მეგობარმა, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მთხოვა, რამე სამახსოვრო დამეხატა. ონის სინაგოგა დავუხატე. ძალიან მოეწონა, ონის სინაგოგა იყო პირველი ნახატი დიდი შუალედის შემდეგ. მას მერე სულ ვხატავ,  ელვის სისწრაფით დავიწყე ხატვა, ანუ თავიდან დავიწყე ყველაფერი…
– ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თქვენს გამოფენაზე ქვილთის ტექნიკით შესრულებული საინტერესო ნიმუშები ვნახე. როდის დაინტერესდით ქვილთით…
– 4 წლის წინ ფოლკლორის ცენტრში გაიმართა 82 წლის ბებოს ქვილთის გამოფენა, რომელმაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ნამუშევრების ძალიან დიდი ნაწილი ურთულესი ტექნიკით იყო შესრულებული… მას მერე აქტიურად დავიწყე ქვილთის ტექნიკით მუშაობა და დავრწმუნდი, რომ მას წარმოუდგენელი შესაძლებლობა აქვს. მუშაობის დროს ნატურალურ ქსოვილებს, ბამბას და აბრეშუმს ვიყენებ.
ქვილთის ხელოვნება ამერიკაში არის ძალიან განვითარებული. იქ პაკეტებში არის მოთავსებული დაჭრილ-გამზადებული მასალა, თავისი ხელსაწყოებით, მხოლოდ უნდა მანქანაზე გაატარო… აქ კიდევ თითოეულ ნაჭერს უნდა ელოლიავო…
ძალიან მინდა ქვილთისგან ქართული სამოსის დეკორის გაკეთება.
საინტერესოა ძველი ქართული სამოსი, თუშური და ფშაური ორნამენტები. ჩვენი წინაპრები მძივის გარდა ნაჭერსაც იყენებდნენ. მინდა,  სერიული წარმოებისთვის რაღაც ძალიან საინტერესო შევქმნა.
ქვილთის დიდ ნიმუშებს აღარ შევკერავ, სახლში შესანახი ადგილი აღარ დარცა,  ყუთები და ჩემოდნები გამოტენილია. პეიზაჟებზე მინდა გადასვლა. ქვილთის ტექნიკას, ფერწერის მსგავსად,  ამოუწურავი ფანტაზია აქვს… და კიდევ მომწონს, რომ ფერი არ გასდის.
– გატაცებული ხართ ძველი ეგვიპტის ხელოვნებით, ეგვიპტური ნახატებით…

ონის სინაგოგა

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეგვიპტური ხელოვნება. თუ სადმე წიგნს ან გაზეთის ნაგლეჯს ვიპოვიდი, წაუკითხავს არ ვტოვებდი. ეგვიპტური ხელოვნება ძალიან დახვეწილი, თავშეკავებული და თანაც ძალიან ზუსტია. პროპორციები, ზომა აბსოლუტურად იდეალურია.
ქვილთის ტექნიკას სამოსში იყენებდნენ ჯერ კიდევ უძველეს დროს…  ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში სამოსზე დეტალები ამ ტექნიკით არის შეერთებული. ქვილთით და ოქრომკედით არის ცხენის გადასაფარებლები შესრულებული, ოქრომკედით ნაქარგი ალბათ მათი მოგონილია.  სულ ოქრო იყო ყველაფერი… ჩაწიკწიკებულია ნაირ- ნაირი ნაქარგებით… მაშინ ურმებით წონიდნენ ოქროს, ჩვენ რომ გრამობით ვწონით.
იმდენად დახვეწილია ეს ორნამენტი, თავისებური მაგია აქვს…  ჩემთვის ძალიან საინტერესოა, შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო და ვისწავლო. და ყოველდღიურად ვსწავლობ… დღეში ერთი საათი რაიმე რომ არ გავაკეთო, არ შემიძლია. ფუჭდება ხელი… მინდა, რომ სულ ფორმაში რომ იყო…
– საინტერესო ფერწერული ნამუშევრები გაქვთ…
– უფრო აბსტრაქციაა, ფერწერულ კოლაჟებს ვუწოდებდი. ვიყენებ ნიჟარას, ხეს, მძივს, კენჭებს… რომ ვიწყებ ხატვას, არ მაკმაყოფილებს მხოლოდ საღებავი და ჩემი ფანტაზიით ვქმნი ასეთ კოლაჟებს. ადრე ზეთით ვხატავდი, ახლა აკრილიც შევაპარე. ამ ბოლო დროს პოლიმერულ თიხასაც ვიყენებ.
– სახლის შემოსასვლელში გოგონას პორტრეტია… ასევე მოქარგული ივერიის ღვთისმშობელი..
– გოგონას ყველა ავტოპორტრეტად მოიაზრებს. შენ გგავსო, მეუბნებიან… ასევე თიხისგან სხვადასხვანაირი კალათები გავაკეთე და  მათაც მე მამსგავსებენ… ივერიის ღვთისმშობელი 10 წლის წინ მოვქარგე, აქ, ახალ სახლში რომ გადმოვედით…
– შემოდგომისფერები ჭარბობს თქვენს ნახატებში…
– ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს. ფერიც – შემოდგომისფერი. ცისფერს ვერცერთ ნამუშევარში ვერ ნახავთ, ქვილთით შესრულებულშიც ნაჭერს ვერ იპოვით…
სურათი „შემოდგომა“ ექსპერიმენტია და სხვადასხვა მასალით დიდხანს ვხატავდი… აქ ნამდვილი ფოთლის ანაბეჭდებია ამოყვანილი. მეორე ნამუშევარი „სიცოცხლის ხე“  კი უცებ დავხატე.
– როგორ მუშაობთ?
– თუ რამეს ვქმნი, მთელი არსებით ვაკეთებ.  მერე მიკვირს,  როგორ დაიბადა, საიდან მოვიდა-მეთქი… მეორედ, ძალიანაც რომ მოვინდომო, იმ ნამუშევარს ვეღარ გავაკეთებ.
– თქვენს თაროს თოჯინებიც ამშვენებს…
– 20-მდე ქართული თოჯინა გავაკეთე. ფოლკლორის ცენტრში თოჯინების გამოფენაში 15 თოჯინა მივიტანე. ძალიან დაინტერესდნენ, რადგან არ იყო გადაპრანჭული. ჩემი თოჯინები პირველ სამეულში გავიდა.
– ოჯახი…
– მყავს შვილი – ნატო დვალი.  ადრე  თოჯინებს ისიც აკეთებდა… გულსაბნევებსაც აკეთებდა, კარგი გემოვნება აქვს. ახლა ვეღარ იცლის… მეუღლე მერაბ დვალი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. რაც შეუძლია, მეხმარება, ხელს მიწყობს.
– სამომავლოდ…
– თავიდან ნახატებს არავის ვაჩვენებდი, ჩემთვის ვხატავდი. მრავალ მეგობარს ვაჩუქე…  არ შემიძლია შეკვეთით რამის გაკეთება.
ამ ახალ გადასაფარებელს, რომელიც ქვილთის ტექნიკით ქართული ფერებით გავაკეთე, ონის მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმს გადავცემ, ასე რომ, ონს ვჩუქნი…
– ლექსებს და მოთხრობებს ისევ წერთ?
– უკვე აღარ, მთლიანად ხატვაში გადავერთე… მეცხრე კლასში დაწერილ მოზრდილ მოთხრობაში ვიწინასწარმეტყველე, ზუსტად რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში 40 წლის მერე, – რომ გამოფენა გაიმართებოდა, რა მოხდებოდა გამოფენაზე, ვინ იქნებოდნენ სტუმრები… ყველაფერი შესრულდა, ოღონდ 40 წლის შემდეგ… მე თავადაც მიკვირს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

  

 

  

   

   

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები