„სამაჩაბლოს გაზაფხულები დღემდე მენატრება“… – ვინ არის ცნობილი სიმღერის: „ტირიფების“ ლექსის ავტორი?
ბავშვობა ქართლის ულამაზეს სოფელ ცერონისში გაატარა. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, რომ დაოჯახდა და მუშაობა ქალაქ ცხინვალის ქართულ გაზეთში დაიწყო, იქ არეულობის დაწყების შემდეგ კი, მუშაობა თბილისში განაგრძო…
სწორედ სტუდენტობის პერიოდში ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა მისი ლექსები. ჟურნალიდან აიღო ლექსი – „ტირიფები“ კომპოზიტორმა ზურაბ მანაგაძემ და შესანიშნავი მუსიკა დაწერა, რომელიც ბესიკ კალანდაძის შესრულებით დღემდე პოპულარულია.
სამაჩაბლო მისი ტკივილია.
„ქართლი ჩემი გულია და მისმა ტკივილმაც გულზე გადამიარა. სამაჩაბლოს გაზაფხულები დღემდე მენატრება. მჯერა, რომ დაგვიბრუნდება ჩვენი ტერიტორიები. მანამდე კი სული შვებას ისევ ლექსებში პოულობს“. – პოეტისა და ჟურნალისტის, ლია ჭიღლაძის პერსონა.
– ბავშვობა ქარელის რაიონში, სოფელ ცერონისში გავატარე, ულამაზეს სოფელში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძალიან დაზარალდა. აგრესორებმა მრავალი სახლი გადაწვეს. მათ შორის, ჩემი მშობლების და ძმის… სოფელს მდინარე ფრონე ჩამოუდის, სადაც ბავშვები ზაფხულში ვბანაობდით. მდინარის ანკარა წყალში, სიპ ქვებზე მოსრიალე თევზებს ხელით ვეხებოდით, ამწვანებულ მდელოზე ქოხებს ვაგებდით და სახლობანას ვთამაშობდით…
პაპაჩემის შთამომავლები, ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილები – ყველანი განათლებულები იყვნენ და, ბუნებრივია, ჩემი მშობლებიც სწავლას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მე და ჩემი და-ძმანი კარგად ვსწავლობდით და ფრიადოსნების დაფაზე ჩვენი სურათები ყოველთვის იყო გამოკრული. მშობლები პატიოსანი შრომით ცხოვრობდნენ და მაღალი ღირებულებებით გვზრდიდნენ, გვაჩვევდნენ შრომას, უფროსებისადმი პატივისცემას. ტყუილი, სხვათა განკითხვა და სხვა ამგვარი მანკიერებანი ჩემთვის ამიტომაც დღემდე მიუღებელია.
– გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ... რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– ბავშვობიდანვე ვწერდი და ვაქვეყნებდი ლექსებს რესპუბლიკურ პრესაში .სკოლაში თუ თავი მასწავლებლად წარმომედგინა, უკვე სტუდენტი ლექტორობაზე ვოცნებობდი… თუმცა, ამავდროულად, რადგან შემოქმედებითად ვმუშაობდი, უკვე მყარი ძაფებით ვიყავი დაკავშირებული მედიასთან. ამ პერიოდში ჟურნალ “ცისკარში” გამოქვეყნდა ჩემი ლექსები. სწორედ ჟურნალიდან აიღო ჩემი ლექსი – “ტირიფები” კომპოზიტორმა ზურაბ მანაგაძემ და შესანიშნავი მუსიკა დაწერა, რომელიც დღემდე პოპულარულია.
დავამთავრე გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. რადგან გაზეთი ჩემს სულთან ძალიან ახლოს იდგა, სტუდენტი ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და მუშაობა დავიწყე ქალაქ ცხინვალის ქართულ გაზეთ “საბჭოთა ოსეთში”, ხოლო იქ არეულობის დაწყების შემდეგ, 1991 წლიდან მუშაობა გავაგრძელე თბილისში, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციაში, სადაც ორი ათეული წელი ვიმუშავე, ვიყავი საკანცელარიო და საპარლამენტო ჟურნალისტი, წლების განმავლობაში ვუშვებდით გაზეთის ყოველთვიურ ჩანართს “დედოზარს”, რომელიც სოფლის მეურნეობის საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა…ვთვლი, რომ ჩემი “საქართველოს რესპუბლიკაში” მუშაობა იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი.
– სხვადასხვა გაზეთში მუშაობდით… რომელი რეპორტაჟის თუ სტატიის მომზადება იყო განსაკუთრებული?
– ჩემ თვალწინ გაიარა საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა და მე, როგორც მოქმედი ჟურნალისტი, ბუნებრივია, ვერ ავუვლიდი გვერდს ამ პრობლემებს. რედაქციაში სულიერების რუბრიკასთან ერთად ვაშუქებდი კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკას, კერძოდ, ცხინვალის რეგიონს. ეს არ იყო იოლი, რადგან ყოველი ჩემი მივლინება კონფლიქტის ზონაში დაკავშირებული იყო სიცოცხლის რისკთან, შიშის განცდასთან…. ხშირად გავმხდარვარ მომსწრე ორმხრივი სროლების და აფეთქებების…დამიგროვდა უამრავი დოკუმენტური მასალა, რომელსაც, ალბათ, ბოლოსდაბოლოს გამოუჩნდება სპონსორი და გამოიცემა წიგნად, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა მოაქვს ომს და ბოროტებას, რამხელა სიფრთხილე და სიფხიზლეა საჭირო, რომ ომის ალი არ ავარდეს… ჯერ კიდევ როდის ამბობდა აბრაამ ლინკოლნი, რომ “ომი ჭირია, განკვეთეთ აგრესორები”.
ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის “კულმინაციად” მიმაჩნია 2008 წლის 8 აგვისტოს საღამო, როდესაც ჩემს ვაჟთან ერთად მოვყევი აფეთქების ტალღაში სოფელ ერედვში და ჩემი თვალით ვნახე ამ ულამაზესი სოფლის დაცემა… დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს ცეცხლი ეკიდა და ეს იყო ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება ადამიანის თვალმა ნახოს… რაღა თქმა უნდა, ამან გავლენა შემდეგ ჩემს შემოქმედებაზეც მოახდინა…
– როგორ დაიწერა პოპულარული ლექსი „ტირიფები“, რომელიც მერე ბესიკ კალანდაძემ აამღერა?
– არ მინდა მძიმე საუბრით თავი შევაწყინო მკითხველს, ამიტომ მოდი, ისევ პოეზიას მივუბრუნდეთ. რაღა თქმა უნდა, ნებისმიერი ავტორისთვის სასიხარულოა, როდესაც მისი სულის ნაყოფი სიზარულს მიანიჭებს ადამიანებს. ასე ვარ მეც, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში არაფრად დაგიდევდნენ საავტორო უფლებებს. ამის გამო, ზოგიერთი ჟურნალისტი თვითნებურად ჩემს “ტირიფებსაც” სხვა, ჩემთვის მეტად საპატიო ავტორს მიაწერდა, რაც დანაშაულია. ახლა საქართველოს საავტორო საზოგადოება ცდილობს, გამოასწოროს ამ სფეროში ადრე დაშვებული შეცდომები, რაც მისასალმებელია, რადგან ბევრი ავტორი უჩივის უფლებების დარღვევას…
ქართლი ჩემი გულია და, ბუნებრივია, მისმა ტკივილმაც გულზე გადამიარა. სამაჩაბლოს გაზაფხულები დღემდე მენატრება. მჯერა, რომ დაგვიბრუნდება ჩვენი ტერიტორიები. მანამდე კი სული შვებას ისევ ლექსებში პოულობს, პოეზია ღმერთების ენაა და მხოლოდ ღმერთის განგებულება და სამართალია ყველაზე უტყუარი ყოველგვარი ცოდვის დროს…
– ერთი საკუთარი ლექსი დაგვიწერე…
– ალალ შენ, ქართლის ციხევ, ნაშალო,
გოდორას წყარო კენჭებს გილოკავს,
უკვე დაგარქვი, მტერო, სახელი
და სადიდგორე ძარღვი მიტოკავს.
სამაჩაბლოდან მიწის სურნელი
ჩამომიტანა ალუბლის ფიფქმა,
მონატრებია ციხის ქონგურებს
მუსიკის რიტმი და ლექსის რითმა.
გველოდებიან ნასახლარები,
იმედის ყვავილს ფურცლებს აცლიან,
გველოდებიან, რომ დავბრუნდებით
და ცრემლით სავსე დოქებს დაცლიან.
– როგორ უნდა შერიგდნენ ქართველები და ოსები?
– ომმა კარგი არავის მოუტანა, პირიქით, დღემდე ვერ გამოიკვეთა მომავლის კონტურები. აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც დაპირისპირებული მხარეები ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ და თუ ეს ქვეყანა ვერ დადგება ფეხზე, კარგად ვერავინ იქნება. ამაზე უნდა ვიფიქროთ და აღარავის მივცეთ უფლება, საუკუნობით ნაშენი დაანგრიოს და ათასობით ადამიანს ცხოვრება გაუუბედუროს…
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი ვაჟი, რძალი და ჯერჯერობით, ერთი შვილიშვილი – ერთი წლის ელენე. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ქალზე ბევრია დამოკიდებული ოჯახშიც, ქვეყანაშიც… როდესაც ვსაუბრობთ და ვწუხვართ, რომ ქართველი ქალებმა აიღეს თავზე მამაკაცის ტვირთი, ხოლო კაცები ოჯახს ვეღარ არჩენენ, ლოთობენ ან უსაქმურობენ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი დედების გაზრდილები არიან… სწორედ ქალებმა უნდა შევაყვაროთ და პატარაობიდანვე მივაჩვიოთ შვილები შრომას, თორემ სულ ასეთ დღეში ვიქნებით…
მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის. ისინი მზად არიან სიახლეების დასანერგად დამისაღებად. ახლა სხვა დროა და მრავა;ი ღირებულება თუ დარჩება, მრავალიც – გადაფასდება. მთავარია, ადამიანს, ქალი იქნება ის თუ კაცი, უყვარდეს თავისი ქვეყანა, ოჯახი და ღირსეულად ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც აკეთებს! თუ გასცემ სიკეთეს, აუცილებლად მოიმკი საზოგადოების სიყვარულს და პატივისცემას, ურომლისოდაც წესიერი, ნორმალური ადამიანისათვის ცხოვრება წარმოუდგენელია!
– სამომავლო გეგმები?
– მედიაში ამდენი ხნის მუშაობამ საკმაო გამოცდილება და პროფესიონალიზმი შემძინა. ჩვენნაირი ქვეყნისათვის, რომელსაც თავს დაატყდა ომები, აუცილებელია ჰქონდეს ისეთი მედია, რომელიც ანალიტიკურად გააშუქებს პრობლემას და მთელი სიგრძე -სიგანით წარმოაჩენს მის სავარაუდო შედეგებს… თორემ ვერც რეპორტაჟები და ვერც რიგით რესპონდენტთა დასკვნები ცხელი წერტილებიდან ვერ შეანელებს დაძაბულობას, პირიქით, შესაძლოა, უფრო გაამწვავოს კიდეც. თანაც, ყველა ჟურნალისტი არ უნდა აშუქებდეს სამხედრო თემებს – ამას სპეციალური მომზადება სჭირდება, ფსიქოლოგიურიც, კვალიფიციურიც… ამაზე ბევრს ვფიქრობ და ვმუშაობ.
ამჟამად ვარ დოქტორანტი და ლექციებს ვკითხულობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.მსურს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადავცე მომავალ თაობებს. მსურს, ქართული მედია უფრო გაძლიერდეს, გაუტოლდეს წამყვანი ქვეყნების მედიასიმაღლეებს და ღირსეულად გაუმკლავდეს დღევანდელობის გამოწვევებს. ამას კი მხოლოდ სწავლით და ახალი ტექნოლოგიების ათვისებით შეძლებს.
საინფორმაციო ომის მოგება, სიმართლის დამტკიცება ამ ინფორმაციულ ქაოსში ყველაზე რთული და საპატიო საქმეა, რაც კი შეიძლება ჟურნალისტებმა თავის ქვეყანას მოუტანონ.
თამარ შაიშმელაშვილი