„ვეფხვის თვალისგან გულსაკიდი გავაკეთე, რომელიც ჩემს რომანში გამოვიყენე“ – ქეთევან ბარნაბიშვილის იდუმალი ქვები და ულევი ფანტაზია
ბავშვობა ლაგოდეხში გაატარა. შემოქმედებითი ნიჭით მაშინვე გამოირჩეოდა, მაგრამ რატომღაც ეკონომისტობა გადაწყვიტა და მარკეტინგულმა კვლევამ გაიტაცა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბავშვობის წლებმა უშედეგოდ არ ჩაიარა და ბებიას ნასწავლი ხელსაქმის სიყვარულმა იმძლავრა.
ქსოვს, კერავს, წერს… კონკურსებში მონაწილეობს. ერთხანს მოდელობაც სცადა და „მის კახეთის“ ტიტულის მფლობელი გახდა. მაგრამ ყველაზე მეტად იდუმალი ქვები იტაცებს, რომელთა მიხედვითაც ქმნის სამკაულებს. ამბობს, რომ ფანტაზია საოცარი რამაა და მრავალი რამის გაკეთება შეიძლება. – ქეთევან ბარნაბიშვილის პერსონა.
– ლაგოდეხში გავიზარდე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დედა პედაგოგია, მამა ინჟინერი. დიდი ოჯახი ვიყავით, ბებია-ბაბუსთან და მამიდასთან ერთად ვცხოვრობდით.
სკოლაც ლაგოდეხში დავამთავრე. სწავლა მიყვარდა და ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. პარალელურად ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს. კონცერტებზე გამოვდიოდით და გასტროლებზე დავდიოდით. ის წლები ძალიან კარგად მაგონდება.
– რატომ განაგრძეთ სწავლა ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე?
– მინდოდა ეკონომისტი გავმხდარიყავი. მარკეტინგის არჩევა კი შემთხვევითობა იყო. მერე საგანს გავეცანი და ძალიან მომეწონა. გამიმართლა არჩევანში. მიყვარს ჩემი პროფესია. მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, თესეუ-ს 67-ე სამეცნიერო კონფერენციაში გავიმარჯვე. მარკეტინგული კვლევა და რძის პროდუქტების ბაზრის ანალიზი მქონდა წარდგენილი. პირველი ხარისხის დიპლომით დამაჯილდოვეს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა.
– ბავშვობიდან ხელსაქმობდით. მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ ეს საქმე?
– ბებია მყავდა მკერავი, იგი დღემდე ახსოვთ ლაგოდეხში. შეიძლება მისგან გამომყვა ნიჭი. საღამოობით დედა და მამიდა ქსოვდნენ, ბებია კერავდა, მამა სულ წიგნს კითხულობდა. მეც მინდოდა, მათსავით საქმე მქონოდა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი, საქსოვ ჩხირებს ვერ მანდობდნენ, ვერც მოვქსოვდი, ამიტომ მამიდამ თითებით ქსოვა მასწავლა. მახსოვს, დიდი გატაცებით ვქსოვდი. მერე დედამ მასწავლა ჩხირებით თვლების ამოყვანა. ვუყურებდი და ყაისნაღით ქსოვა ჩემით ვისწავლე. რაც მთავარია, მიყვარს ეს საქმე და შემიძლია, უამრავჯერ მოვქსოვო და მერე დავშალო.
ბებიამ ერთხელ მითხრა, თუ არასწორად გაკერილის დაშლა და თავიდან გაკერვა დაგეზარება, ჯობია, ამ საქმეს ხელი აღარ მოკიდოო. ეს სიტყვები ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და ხშირად მახსენდება.
პირველი ჩანთა მეშვიდე კლასში შევკერე. კარგად შემონახული ჩანთების დიდი კოლექცია მაქვს და არავისთვის მიჩუქებია.
მე ბებიის სახელი მქვია და ჩემი ხელსაქმის ბრენდსაც ჩვენი სახელი – „ქეთო“ დავარქვი. სამწუხაროდ, ბებია ადრე გარდამეცვალა და ბევრის სწავლა ვერ შეძლო, მაგრამ მისგან მთავარი ვისწავლე. სიყვარული იმისა, რასაც ქმნი. ბებიაჩემი ანაზღაურებისთვის არ მუშაობდა. ხშირად შევსწრებივარ, როგორ უთქვამს ქალბატონებისთვის, რამდენიც გინდა იმდენი დამიტოვეო. ამიტომ არის, რომ დღემდე ახსოვთ და უყვართ.
– ქსოვთ, კერავთ და წერთ… ყველაფერი შენით ისწავლე… უკეთესად მაინც რომელი გამოგდის?
– ძნელია, ასე ვერ გამოვყოფ, ვერც შევადარებ. მე სამივე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– წერის დროს, ცდილობთ, ნაწარმოები რეალობას ასახავდეს. ოთხი მინირომანი და რამდენიმე მოთხრობა დაწერეთ… და რა არის ეს რეალობა?
– ეს არის ამბები, რომლებიც მართლა შეიძლება ხდებოდეს. „გაორებაში“ ინვალიდი ბიჭის ამბავია გადმოცემული, „ციგანში“ თბილისში მცხოვრები ბოშების მძიმე ცხოვრება და არა მარტო ეს ამბები, კიდევ სხვა თემებია განხილული.
– როგორ დაიწერა „ნომოფობია“?
-„ნომოფობია“ ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსისთვის დაიწერა. სამწუხაროდ, გვიან შევიტყვე იმ კონკურსის შესახებ. ფობიებზე უნდა დამეწერა, არც დრო მქონდა და არც სიუჟეტი. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია შიშებთან დაკავშირებით და ნომოფობია ავარჩიე. პირველ პირშია დაწერილი, ამიტომ ვინც წაიკითხა, ყველას ეგონა, რომ საკუთარ თავზე ვწერდი. სინამდვილეში, სრულად მოგონილი ამბავია და ჩემს პიროვნებასთან საერთო არაფერი აქვს.
–„პალიტრა L”-ის კონკურსზე – „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მე-15 ადგილი დაიკავეთ 277 ავტორს შორის…
– ჩემთვის დიდი გამარჯვება და დიდი პატივია მკითხველის მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც მე-15 ადგილზე გავიდა ჩემი „გაორება“. ძალიან მიყვარს კონკურსები და ხშირად ვმონაწილეობ.
– „მის საქართველო 2003“-ის მონაწილე იყავით და „საუკეთესო ოცეულის“ წევრი გახდით. „მის კახეთი 2003“-ის ტიტული გერგოთ… რას გრძნობდით მაშინ და როგორ ფიქრობთ, რამდენად ობიექტურად ტარდება ასეთი კონკურსები ჩვენთან?
– ბავშვობიდან მინდოდა, მოდელი ვყოფილიყავი, ჩემი მიზანი ეგ იყო. ქართული მოდის სამყარო მაშინ იწყებდა განვითარებას, მაგრამ მე არ გამომივიდა ოცნების ასრულება. „მის საქართველოს“ კონკურსზე მონაწილეობაც შემთხვევითი იყო, მეგონა, ჩაწყობის გამო ვერ მოვხვდებოდი, ამიტომ გასვლას არ ვაპირებდი. ლაგოდეხელმა ორგანიზატორმა მაინც დამიყოლია. სამი შესარჩევი ტური გავიარე და ბოლოს მოვხვდი „საუკეთესო ოცეულში“. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ უნდა წარმომეჩინა თავი. ზოგადად ვთვლი, რომ ყველა კონკურსი, მიუხედავად ჟანრისა, მაინც სუბიექტური გამოდის ბოლოს.
– იშვიათი ქვებისგან საყურეებს აკეთებთ… რა ქვებია და ფანტაზია როგორ მოდის?
– მინერალური ქვებია, სხვადასხვა სახეობის, ფერის, ფორმის და ზომის. საოცარია მათთან მუშაობა, ისეთი ძლიერი ენერგეტიკა აქვთ, თითქოს მათში სიცოცხლეა. ეს ქვები ზოდიაქოს მიხედვით გამოიყენება და სხვადასხვა მაგიური თვისებები აქვთ. ფანტაზიას რაც შეეხება, საიდან მოდის, ნამდვილად არ ვიცი. როდესაც ვეხები ქვას, ქსოვილს თუ ძაფს, გონებაში ვხედავ, მისგან რა უნდა გავაკეთო. ხატვა არ მეხერხება, ამიტომ ესკიზი არასდროს გამიკეთებია. წერის დროს წინასწარ არ ვიცი, რა გამოვა, როდესაც წერას ვიწყებ, ყველაფერი თავისით მოდის. პერსონაჟები თვითონ საუბრობენ ერთმანეთში.
– წერთ, რომ ქვები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით გამოიყენება და მაგიური თვისებები აქვთ. მაგალითად, ჟადეიტი…
– ყველა ქვას თავისი მაგიური თვისებები აქვს. სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ. უძველესი დროიდან არის გადმოცემული ამ მაგიურ თვისებებზე და ვისაც სჯერა, მისთვის ალბათ ჯადოსნურიც არის. მე უბრალოდ ძალიან მომწონს მათზე მუშაობის პროცესი. მაგიურ თვისებებს რაც შეეხება, მაგალითად, ჟადეიტი წარმოადგენს სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის ქვას. ჟადეიტის მაგიური თვისებები დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ტურმალინი სიყვარულის და ვნების ქვად მიიჩნევა და ერთ ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მინერალია. ამაზონიტი ენერგეტიკის მიხედვით საკმაოდ მშვიდი და მოსახერხებელი ქვაა. ადამიანს აყენებს კარგ ხასიათზე, ხსნის განგაშის გრძნობას და ამშვიდებს მფლობელს.
როცა ამაზონიტის საყურეზე ვმუშაობდი, იმდენად პატარა და ნაზი ქვა იყო, სათუთ მოპყრობას საჭიროებდა. გამიჭირდა, ბევრი ვიწვალე, ბევრჯერ გამიფუჭდა ღერძი, ხელიდანაც გამივარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიმშვიდით და მოთმინებით გავაკეთე. ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ძალიან ნაზი და სათუთია.
ფირუზი ძალიან მიყვარს. როგორც ამბობენ, ფირუზის ქვას თუ საფულეში ჩაიდებთ, ფული არასდროს შემოგაკლდებათ. ცოტა რამეს მარგალიტზეც გეტყვით. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქვაა. მე მდინარის მარგალიტზე მიმუშავია მხოლოდ, რომელიც დაუმუშავებელი და უფრო დაბალი ხარისხისაა. სწორედ ეს მომწონს მდინარის მარგალიტში, არ არის იდეალურად მრგვალი და ერთიანი ზედაპირი არ აქვს, ბუნებრივია და ნამდვილი. მარგალიტი ძალიან საშიში და „ბოროტი“ ქვაა, კარგია მხოლოდ ფანატიკოსი და საკუთარ თავში ძლიერ თავდაჯერებული ადამიანებისთვის, რადგან ის მათ აიძულებს, დაძლიონ ფანატიზმი და უფრო პრაგმატულები გახდნენ. ძველად მარგალიტის ტარების უფლება მხოლოდ ძლიერ და კეთილშობილ ადამიანებს ჰქონდათ.
– რამდენი სახეობის ქვას გაეცანით?
– სულ პირველად ფირუზისგან და ნეფრიტისგან გავაკეთე საყურეები. შემდეგ მთვარის ქვა, მთის ბროლი და ონიქსი გავაკეთე სვაროვსკის სარტყელით. შემდეგ იყო იაშმა, მარჯანი და ტურმალინი. ასევე ვიმუშავე მალაქიტზე, მარგალიტზე და კვარცზე. ლაზურიტის და ჟადეიტის როგორც საყურეები, ასევე მძივები გავაკეთე. მანამდე ამაზონიტი, აგატი და აკვამარინიც გამოვიყენე. დიდი ოთხკუთხედი ვეფხვის თვალისგან გულსაკიდი გავაკეთე, რომელსაც ავგაროზის დატვირთვა მივეცი და ჩემს რომანში გამოვიყენე. „ციგანში“, ბოშა გოგოს ჰკიდია კისერზე.
– რომელი მოგწონთ და რამდენად გჯერათ მათი მაგიური თვისებების?
– მიმაჩნია, რომ ადამიანებს ყველაფრის დაჯერება შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. მე პირადად, ქვების სამკაულს არ ვატარებ. ჩემს გაკეთებულ აქსესუარებს საერთოდ არ ვიყენებ. მიჭირს რომელიმეს გამორჩევა. ყველა ქვა ძალიან მომწონს. სულ პირველად ფირუზი და ნეფრიტი გავაკეთე. ალბათ ეს ორი ქვა.
– თექაზეც მუშაობთ. ვიცი, რომ თავად ისწავლეთ…
– სამკაულების კეთება, სრულიად შემთხვევით დავიწყე. ბავშვობის მეგობრისთვის ორიგინალური საჩუქარის მოფიქრება მინდოდა. მისი ზოდიაქოს მიხედვით შევიძინე მინერალური ქვები და სამკაული ავაწყვე, თექაც მაშინ პირველად გავაკეთე. არ ვიცოდი, როგორ კეთდებოდა, ხელსაწყოებიც კი არ მქონდა. ძალიან ვიწვალე, მაგრამ გამოვიდა. მერე შევყევი მაგ საქმეს და სხვებიც გავაკეთე, თანდათან ვისწავლე. თექისგან სხვადასხვა ფორმის საყურეებს რომ ვაკეთებდი, ძალიან მომწონდა. ერთ ღამეში ერთი კოლექციაც კი შემიქმნია. ბევრი გავაკეთე და თითქმის სულ გავაჩუქე.
– საკუთარი გვერდი გაქვთ ინტერნეტში. რას აპირებთ მომავალში?
– წლების წინ გავაკეთე გვერდი ფეისბუქზე – „Qeto” ჰქვია. ყველა ჩემი ნამუშევრია ატვირთული ფოტოების სახით. მომავალში რას ვაპირებ, არ ვიცი. ვნახოთ…
– საკუთარი პროფესიით მუშაობთ თუ…
– ჩემი პროფესია იმდენად ვრცელია და მრავალ სფეროს მოიცავს, რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი პროფესიით ვმუშაობ.
– შეიძლება თუ არა ხელსაქმით გქონდეს ოჯახის სარჩენი შემოსავალი?
– რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდები. თუმცა, მე ჩემი შემოქმედებითი საქმიანობისთვის ეგ დატვირთვა არასდროს მიმიცია.
– ოჯახი…
– მე და ჩემი მეუღლე 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. ორი შვილი გვყავს, ბიჭი და გოგო.
– ჰობი… რაზე ოცნებობ?
– ჰობი შემოქმედებითი საქმიანობაა. ფანტაზია საოცარი რამაა, მრავალი რამის გაკეთება შეიძლება. ჯერ ჩანთებს ვქმნიდი, მერე სამკაულს. მერე ლიტერატურულ პორტალ urakparaki.com-ზე მოვხვდი და წერა დავიწყე. „ურაკპარაკს“ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ახლანდელ გატაცებაში, ესეც შემთხვევითობა იყო. რომ არა „ურაკპარაკი“, ალბათ კიდევ დიდხანს არ დავწერდი. წერაც ბავშვობიდან მიყვარდა. პირველად მეცხრე კლასში ვიყავი, თავისუფალი თემის კონკურსში რომ გავიმარჯვე, მაშინ თავადაც არ მეგონა, თუ შემეძლო. მას მერე პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი, ესეებს ვწერდი. ბოლო ერთი წელია, აქტიურად ვწერ. ჩემი ნაწარმოებები, ჯერ არაა დასრულებული სახით, დასარედაქტირებელია, რომელსაც ალბათ მოუვა თავისი დრო. არ ვიცი, რას ვიზამ ხვალ, შეიძლება სხვა საქმე გამოვნახო. ჩემი ოცნებებიც რეალურია. ყველაზე მეტად ახლობლებზე ზრუნვა და მათი კარგად ყოფნა მაბედნიერებს.
თამარ შაიშმელაშვილი