„წარსული ფერებით შემოვინახე“… – რატომ არის ლურჯი გამორჩეული ფერი მარიამ კოზმანიშვილისთვის

კახეთის ულამაზეს სოფელ კისისხევში მშობლებმა შეაყვარეს კითხვა… მე-5 კლასში იყო, პირველი ლექსი რომ დაწერა. სკოლის ასაკშივე სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემში იბეჭდებოდა  ჩანახატები, წერილები, ლექსები
შემდეგ ჩამყუდროვება და ფიქრი შემოეჩვია… ლექსების ოთხი კრებულის ავტორია. დიდი ოჯახის გარემოცვაში უფრო და უფრო მეტ ფერ ინახავს სულის სკივრი. ლექსებთან ერთად ქვებისგან ულამაზეს კომპოზიციებსაც ქმნის.
ამბობს, რომ მწერლის როლი განსაკუთრებულიადროს არ უნდა ჩამორჩებოდეს და, ხშირად, ასწრებდეს კიდეც დროის მსვლელობას
ამბობს, რომ ფეისბუქმა  შეცვალა მისი სამყარო, „უფრო მეტად საინტერესო და მშვენიერი გახდა ყოველდღიური, მანამდე რაღაცნაირად უინტერესო და ნაცრისფერი გარემო გადაწყვიტა  ფეისბუქსტატუსების კრებულის გამოცემა…
წიგნის წარდგენაც უკვე იყო…  და ახალი კრებულის გამოცემაზე ფიქრობს… ამავე დრო, უყვარს მყუდრო, მშვიდი, თბილი ქალაქი თელავი,  გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანებით, კოლორიტებით
თუმცა არის ბევრი ისეთი რამ, რასაც სიამოვნებით შეცვლიდ, რომ შეეძლოს. – პოეტ მარიამ კოზმანიშვილის პერსონა.

 –  „მახსოვს ბავშვობა, მშვენიერი, როგორც სიზმარი“…  თუმცა ეს „სიზმარი“ ხშირად ტკივილიანი და კოშმარული იყო… „მკაცრი“ მამის წყალობით ძალიან პატარამ ვისწავლე, რომ ცხოვრება მხოლოდ ვარდისფერი და მხიარული არ არის… „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ და მისი გავლენა ღრმა სიბერემდე მიგვყვება. ასე დავიმეგობრე სევდა … ასე ვწერე დღემდე ლექსები…
„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“, ვეღარ მოიცილებ, რაც არ უნდა ბედნიერი გახდე.
საოცარი დედა მყავდა… უკეთილესი, ლამაზი, ჩიტივით ფიორა და სტუმართმოყვარე. არ მახსოვს, რაც არ უნდა დაღონებული, ან გაბრაზებული ყოფილიყო, სტუმრისთვის ეჩვენებინა საკუთარი უარყოფითი განცდები…
მამა – მაღალი, სიმპათიური კაცი, რთული ბავშვობით დაღდასმული, შესანიშნავი ხელოსანი და სუფრის სული და გული გახლდათ…
დედამ შემაყვარა კითხვა. პატარას თავად მიკითხავდა საბავშვო ლიტერატურას… წამოვიზარდე და მას მერე წიგნს ძალით თუ წამართმევდნენ.
ვკითხულობდი და იმ ლიტერატურული გმირების ცხოვრებით ვცხოვრობდი მეც. ხან ლედი ვიყავი, ხან გლეხის გოგო… დავბოდიალობდი ზღაპარ-ზღაპარ და ვოცნებობდი ბედნიერებაზე, მშვიდ და ლამაზ მომავალზე…
დაწყებითი კლასები ძველ სკოლაში გავატარე. დაბალი, ერთსართულიანი, გრძელი შენობა იყო … უკან ბაღი ჰქონდა, ვარდის ბუჩქებით, ჟასმინებით და იასამნებით დაბურული… მახსოვს, როგორ ვიპარებოდი ამ დიდრონი ბუჩქების ჩეროში, ვკითხულობდი და ვოცნებობდი… ვოცნებობდი დაუსრულებლად.
მერე ახალი, სამსართულიანი, სკოლის მშვენიერი შენობა წამოჭიმეს გვერდით და ჩემი მყუდრო ჩეროც ძველი სკოლის ნანგრევებს გაჰყვა…
ვიზრდებოდი კისისხევში, სოფელში, რომელიც ყველაზე ლამაზი და მდიდარი წარსულის ნაკვალევს ინახავს… 70-ზე მეტი ეკლესია-საყდრის მფლობელს, ულამაზესი გამოქვაბულები ამშვენებდა  (ამჟამად გაუდაბურებულია იმ გამოქვაბულებთან მისასვლელი ბილიკები)…  ხშირად ვსტუმრობდით ძველი დიდებულების ნაშთებს, თუ მოქმედ სალოცავებს, მიუხედავად მაშინდელი ათეისტური დამოკიდებულებისა…
ჩემი ბებია და პაპა (მამის მხრიდან) თბილისში ცხოვრობდნენ. ჩემი ბავშვობის ნახევარი სწორედ ამ ქალაქში გავატარე. ჩემი ყველაზე ლამაზი მოგონებებიც თბილისს უკავშირდება. სწავლის გაგრძელებასაც ქალაქში ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ქულების ნაკლებობის გამო, სხვა პროფესიაზე მეოცნებე, სულ სხვა ფაკულტეტზე აღმოჩენილი, დავბრუნდი ისევ ჩემს სოფელში…
სტუდენტობა
– ჩემი სტუდენტობაც ისეთივე არაორდინალური და ქაოსური იყო, როგორც მთელი ჩემი ცხოვრება…
18 წლის ვიყავი, როცა ჩემივე თანასოფლელის მეუღლე გავხდი… ორი ვაჟის დედამ, გათხოვებიდან 10 წლის შემდეგ, გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩავაბარე და 5 წელი ვზიდე ოჯახისა და სასწავლებლის მძიმე ჭაპანი… თუმცა, სტუდენტობას მაინც თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს და მეც შევძელი სასიამოვნო, სავალდებულოსთან შემეთავსებინა… იმავე პერიოდში დაიბადა ჩემი მესამე შვილი, გოგონა.
განსაკუთრებულად საინტერესო და შთამბეჭდავი არაფერი მახსოვს ინსტიტუტიდან. უფრო დედა და დიასახლისი ვიყავი, ვიდრე სტუდენტი…
როდის დაიწერა პირველი ლექსები
–  პირველი ლექსი მე-5 კლასელმა დავწერე სამშობლოს თემაზე.  ვწერდი ჩუმად, ჩემთვის… ჩუმადვე მიხაროდა, რომ მეც შემეძლო საკუთარი სიტყვის თქმა… მოგვიანებით გამოაშკარავდა ჩემი „ნიჭი“ და მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც მეტი ინტერესით დამიწყეს ყურება.  სკოლის ასაკშივე იბეჭდებოდა ჩემი ჩანახატები, წერილები, ლექსები სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში…
მე-10  კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი სკოლის ბიბლიოთეკის გამგის მეცადინეობით მონაწილეობა მივიღე საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის საბავშვო გადაცემა „საპოვნელაში“. დღემდე ძალიან თბილად მახსენდება ორი არაჩვეულებრივი ტელეჟურნალისტი ქალბატონი, ჟანეტა არჩვაძე და ლია მიქაძე….
უამრავი წერილი მოდიოდა ჩემს სახელზე ჩემი თანატოლებისგან, საქართველოს ყველა ქალაქიდან და მე ვიყავი უბედნიერესი გოგო.
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი“… როგორ დაიწერა ლექსი: „წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო!“… წელიწადის რომელი დრო გიყვართ?
– გაზაფხული ყველაზე საყვარელი დროა ჩემთვის… გამორჩეულად საყვარელი თვე -აპრილი…
მზიანი დარების მეტრფე ვარ… მზე ჩემთვის ბედნიერებასთან, სიხარულთან, სიყვარულთან ასოცირდება… შესაბამისად, არ მიყვარს წვიმიანი დღეები… მაგრამ წვიმას მაინც აქვს თავისი ხიბლი და ეს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად  (ზოგჯერ მარტოც) ჩამყუდროვებას და ფიქრს უკავშირდება…
წვიმების სეზონი გაიძულებს, მეტი ყურადღება დაუთმო, თვალებში ჩახედო და უსმინო საყვარელ ადამიანებს….
სწორედ ამ განწყობით დაიწერა ეს ლექსიც.
ამაღელვებელია თქვენიწერილი გალაკტიონს“ – როგორ დაიწერა ეს წერილი? რა ვერ უთხარით (გაანდეთ) გალაკტიონს?
– წერილების წერა ბავშვობიდან მიყვარდა. ხელით ნაწერ ბარათებს სხვა მადლი და სიხარული ახლდა… მოწყენილობის ჟამს ხშირად დამიძებნია უჯრებში დავიწყებული წერილები და ხელახლა წამიკითხავს და განმიცდია…
მწყინს, რომ დავივიწყეთ ეს მშვენიერი წესი და თანდათანობით გავუუცხოვდით ერთმანეთს ადამიანები…
ერთ დღეს გიო კილაძემ შემომთავაზა სოციალურ სივრცეში, მიმეწერა წერილი საყვარელი მწერლისთვის… გალაკტიონთან მომინდა „გულის გადაშლა“… ეს წერილი იყო მცდელობა, მეთქვა გულახდილად ყველაფერი, რაც მტკიოდა და მაწუხებდა… თუმცა არც ისე საინტერესო და მნიშვნელოვანი გზავნილი გამომივიდა.  უკეთესად შეიძლებოდა დამეწერა.
გალაკტიონი ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ჩემთვის საყვარელ პოეტად… მისი ლექსების საოცარი მუსიკა განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებდა და მავსებდა ბედნიერების განცდით…
თელავში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. როგორი გინდათ, რომ იყოს თელავი? რა არის რეგიონში მცხოვრები ინტელიგენციის პრობლემა?
– „თელავი ჩემი ქალაქია“… ასეც დავარქვით ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს მშობლიურ ქალაქზე და ქალაქელებზე.
ადამიანები ამშვენებენ საცხოვრებელ ადგილებს და არა პირიქით. ქალაქი თუ სოფელი სწორედ ისეთია, როგორი ბინადრებიც ჰყავს… თითოეული ადამიანი ვალდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და მშობლიური ადგილების განვითარებაში, წინსვლაში, კეთილდღეობაში…
მყუდრო, მშვიდი, თბილი ქალაქია ჩემი თელავი, არაჩვეულებრივი საზოგადოებით, გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანებით, თავისი კოლორიტებით…  
თუმცა არის ბევრი ისეთი რამ, რასაც სიამოვნებით შევცვლიდი, რომ შემეძლოს. პირველ რიგში, შევეცდებოდი მეტად ცოცხალი და საინტერესო გარემო შემექმნა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის…
ხელოვნებას და პოეზიას მეტ ყურადღებას უნდა აქცევდნენ… ხშირად უნდა ეწყობოდეს საღამოები, სადაც ადამიანები დაღლილ სულს ბედნიერებით აივსებენ… მეტი ღიმილი და მეტი ბედნიერი თანაქალაქელი მინდა…
თვალს ვადევნებ თბილისელი მეგობრების ყოველდღიურ ყოფას და ვხედავ, თელავთან შედარებით როგორ დუღს შემოქმედებითი ცხოვრება…
ქვათა სიმფონიაარაჩვეულებრივ კომპოზიციებს ქმნით ქვებისგანგამოფენაც გქონდათ. როდის დაეუფლეთ ამ ხელოვნებას? რომელი ქვა გიყვართ? და რატომ?
– ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. ჩვენში უამრავი ფარული ნიჭია, რომელსაც ან გამოვიყენებთ სიცოცხლეში, ან ვერა… ყველაფერი უფლის ნებით ხდება…
სანამ „ქვას დავინახავდი და აღმოვაჩენდი“, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ვცდილობდი, უდიდესი სურვილი ხატვის, რომელიც ვერ ვისწავლე, სხვა სახით განმეხორციელებინა…  ბუმბულებით და გამხმარი ყვავილებით ვქმნიდი სურათებს… პაწია მძივებით და სხვადასხვა მასალით „ვხატავდი“ თეფშებს… ყავის მარცვლებით ვქმნიდი კომპოზიციებს მინის ჭურჭელზე…
ერთ მშვენიერ დღეს კი სრულიად შემთხვევით დავინახე ქუჩაში, მიწაყრილზე დაგდებული უცნაური ფორმის ქვა… თითქოს მეძახდა: „მოდი, წამიყვანე სახლშიო“…  „წამოვიყვანე“ და პირველი ქანდაკება დაიმშვენა ჩემმა ოთახმა, ეს გახლავთ ოტია იოსელიანის მინიატურული სახე.
მას მერე ავადმყოფობასავით შემეყარა ქვის სიყვარული… დავდიოდი ქუჩებში თავჩახრილი და ვაგროვებდი უცნაური ფორმის ქვებს, რომლებსაც თითქოს განგება საგანგებოდ აბნევდა ჩემთვის…
2008 წლის მაისში მეწვია ეს გატაცება და წლის ბოლოსთვის 200-ზე მეტი ნამუშევარი მქონდა უკვე.
იმდენად მრავალფეროვანი და მხატვრულად საინტერესო კოლექცია დამიგროვდა, რომ სახელიც შესაბამისად პოეტური შევარქვით, „ქვის პოეზია“.
სამჯერ მქონდა გამოფენა თელავში, იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში და უამრავი ადამიანის აღტაცება დაიმსახურა.
ორი წლის წინ, 29 აპრილს, თბილისში, მწერალთა სახლში ჩემი პოეზიის საღამოზე 100 ნამუშევარი საჩუქრებად დავურიგე სტუმრად მოსულ საზოგადოებას.
1000-მდე ქვის სუვენირი გავაკეთე  და დღემდე ჩემთვის ყველაზე გამორჩეული „ჩემი ოტიაა.“
ქვისადმი ინტერესი და დამოკიდებულება იქცა ჩემს გატაცებად… მე რომ საკუთარი სახლი და ეზო მქონდეს, აუცილებლად მექნებოდა პატარა სახელოსნო და ფართი, სადაც გამოვფენდი ქვის სუვენირებს, გავაფორმებდი საინტერესოდ და მოვიწვევდი სტუმრებს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს და ცოტა ხნით მაინც დავავიწყებდი ცხოვრების მოსაწყენ მაჯისცემას.
თქვენი ხასიათის ერთი განსაკუთრებული თვისება
– რთული ხასიათი მაქვს. ერთდროულად შემიძლია ვიყო უსაზღვროდ ლმობიერი და ამავე დროს – ძალიან პრინციპულიც… და მაინც, „სიყვარულია დასაბამიდან ჩემი ყველაზე მტანჯველი ნიჭი“… ვინც მიყვარს, მიყვარს გულწრფელად და უპირობოდ. იმდენად ძლიერ, რომ ვივიწყებ მათგან მოყენებულ ტკივილებს და ძველებურად ვაგრძელებ ურთიერთობებს… სულ მგონია, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლდ მიხვდებიან საკუთარ შეცდომებს…
დაგვიწერეთ თქვენი ერთი ლექსი


ბნელა… აანთე გვირილები,
როგორც მზეები…
რა საჭიროა სიბნელეში
ხელისცეცება?…
ნუ გაერთობი საკუთარი
„მეს“ აღზევებით,
თორემ ერთ დღესაც სული
სევდით დაგეძენძება.
ცივა… სამყარო შეიბურა
ნისლის მარმაშით…
აგიწკრიალე სასთუმალთან
ცრემლის აკიდო…
როდის მიხვდები, რომ არ არის
ჟამი თამაში…
გული მომეცი, უჟმურ დღეებს
ცეცხლად წავკიდო.
გახსოვს? – ოდესღაც მიტოვებდი
კართან აპრილებს…
მთელი დღეები დავყვებოდით
ქარებს ხელკავით…
ახლა სიდინჯის მივადექით
უცხო ნაპირებს,
აღარც ქარი გვყავს, ვნების ზართა
ჩამომრეკავი…
ბნელა… აანთე გვირილები,
გხედავდე მინდა.

დრო და მწერალიროგორ განავრცობით ამ თემას
– მწერლის როლი განსაკუთრებულია… ერთის მხრივ, დროს არ უნდა ჩამორჩებოდეს და, მეორეს მხრივ, ხშირად ასწრებდეს კიდეც დროის მსვლელობას…
მწერალი ერის სახე უნდა იყოს… ახალგაზრდა მკითხველისთვის ზნეობრივი მაგალითი… ავისა და კარგის პირუთვნელად ამსახველი და გამხმოვანებელი…
ბილწსიტყვაობა და უწესობა არ უნდა მკვიდრდებოდეს და არ უნდა აბინძურებდეს ლიტერატურას…
მწერალი სხვათა ფეხის ხმას არ უნდა უთავსებდეს საკუთარ ნააზრევს, თავად უნდა უძღვოდეს მკითხველს კეთილი შუქურასავით …
როგორი უნდა იყოს პოეტი?
–  ბოლო ხანს განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობა პოეტებს შორის დაპირისპირება… სხვადასხვა ნაპირზე კლანებად დაყოფა და ქედმაღლობა…
ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ახდენს მკითხველზე… ხშირად მსჯელობენ და კამათობენ ლექსის ფორმასა და წყობაზე… კამათი ერთურთის შეურაცხყოფამდე მიდის…
პოეტს მზე უნდა დაჰქონდეს გულით… უნდა ათბობდეს და აკეთილშობილებდეს საკუთარ ნაკვალევს…
გულწრფელი უნდა იყოს მისი განცდები და ეს გულწრფელობა გადამდები, როგორც სინათლე…
მკითხველს ვერაფერს გამოაპარებ. ავსაც და კარგსაც შესანიშნავად გრძნობს და აფასებს.
თქვენი წიგნი გამოვიდა ფეისბუქის სკივრიდანფეისბუქის მომხმარებელთა სტატუსები შეკრიბეთ და კრებული გამოეცით
–  2011 წლიდან გავხდი ფეისბუქის მომხმარებელი. იმავე წლიდან შეიცვალა ჩემი სამყაროც. უფრო მეტად საინტერესო და მშვენიერი გახდა ყოველდღიური, მანამდე რაღაცნაირად უინტერესო და ნაცრისფერი გარემო…ერთბაშად შევიძინე უამრავი მეგობარი სოციალური სივრციდან…
უფლის წყალობით ყოველდღე ზღვა სიყვარულს და სითბოს ვიღებდი სრულიად უცხო ადამიანებისგან… გაოცებული ვფიქრობდი, რით ვიმსახურებდი ამ ბედნიერებას…
სამჯერ მქონდა პოეზიის საღამო თბილისში და სამივეჯერ სიყვარულის დღესასწაულს ჰგავდა მათთან გატარებული საათები…
როდესაც სიკეთეს უშურველად იღებ, შენც ვალდებული ხარ, გასცე ათმაგად… თავს ვიმტვრევდი ფიქრით, რა შეიძლებოდა გაემეკეთებინა ისეთი, რაც ჩემს მეგობრებს და მკითხველებს გაახარებდა… ასე დაიბადა იდეა, შემეგროვებინა მათი ფეისბუქპოსტები, ე. წ. სტატუსები და წიგნად გამომეცა.
ადამიანები, სოციალურ სივრცეში, წერენ სტატუსებს, ძირითადად, საკუთარი სიამოვნებისთვის, მეგობართა ყურადღების მისაქცევად, ან გულიდან დარდ-სიხარულის ამოსაცლელად… ეს ნაწერები სწრაფად მიდიან ინტერნეტის უძირო სკივრში და იკარგებიან… წიგნში „დაბინავებულებს“ კი აღარაფერი ემუქრებათ.
80 ადამიანის სტატუსებს მოვუყარე თავი პირველ წიგნში შესატანად. ბევრი შრომა დამჭირდა, მაგრამ საკუთარი ქმედებით მე უფრო მეტად ვარ ბედნიერი, ვიდრე ავტორები. პირველ წიგნს მეორე, პერსონალური, „ფეისბუქსტატუსების მეფის“, რამაზ (ლიცი) შუბითიძის წიგნი მოჰყვა, რომელიც ამ დღეებში წარვადგინეთ მკითხველთა წინაშე.
თითქმის მზად მაქვს მესამე, ისევ მრავალავტორიანი წიგნის მასალა და შემოდგომის ბოლოს მასაც გამოვამზეურებ.
იმედი მაქვს, ეს წიგნები საკადრის ადგილს დაიკავებენ სოციალური სივრცის ბინადართა და მათ მეგობარ-ახლობელთა ოჯახებში.
დიდი ოჯახი გაქვთ. შვილებს და შვილიშვილებს თუ დაჰყვათ ხელოვნების ნიჭი?
– ჩემი ოჯახი ჩემი კეთილი ნავსაყუდელია. მყავს მეუღლე, ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი.  ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრე და სიხარულია ამ ცის ვქეშ. ჩვენც ერთმანეთით ვხარობთ და ვდიდგულობთ.
ხელოვნებისადმი მიდრეკილება და სიყვარული ყველას რაღაც გარკვეული დოზით აქვს, თუმცა ჩემდა, სამწუხაროდ, არცერთი არ იყენებს ან ნიჭს სათანადოდ.
შვილიშვილების იმედი მაქვს…  მომავალი ხომ სწორედ მათ ეკუთვნით. სწორედ მათში იყრის თავს წინაპართა მემკვიდრეობა. სწორედ მათ უნდა შექმნან ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობები.
ფერები
– ფერებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მიყვარს თვალსაწიერის დიდხანს და დაჟინებით თვალთვალი… ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ფერი დავინახო და შევინახო სულის სკივრში. წარსული ფერებით მაქვს შემონახული. ბავშვობა (ტკივილების მიუხედავად) მზისფერია … სიყმაწვილე – მუქი ატმისყვავილისფერი…
მწვანე ფერი მიყვარდა უწინ ყველაზე მეტად. მერე ლურჯმა დაისაკუთრა გულში გამორჩეული ადგილი… „ლურჯი ჩემი ფერია, ჩემი სულის ფერი…“
რა არის ბედნიერება?
– ადამიანები სულ ბედნიერების ძიებაში ვართ… ვეძებთ და ვეძებთ დაუსრულებლად… ხშირად ხელისგულზე გვიდევს ეს განძი, მაგრამ ვერ ვამჩნევთ… ბედნიერების განცდა ინდივიდუალურია…
ჩემთვის ბედნიერება ჩემ ირგვლივ მყოფთა კეთილდღეობასთან და გაღიმებულ სახეებთან ასოცირდება…
ბედნიერებას მანიჭებს ადამიანების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მზის ამოსვლა, ყვავილთა სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი… ყველაზე დიდი ბედნიერება კი სიყვარულია.
სწორედ ყველაზე და ყველაფერზე შეყვარებული ადამიანი შეიძლება იყოს ნამდვილად ბედნიერი.
სამომავლო გეგმები...
-არასდროს ვგეგმავ წინასწარ ხვალინდელ დღეს. ყოველი გათენებული დღე უფლის ნება და წყალობაა. მაქვს უამრავი ნატვრა და სურვილი, რის განხორციელებას შევძლებ და მოვასწრებ, ჯერ არ ვიცი.
მინდა შევინარჩუნო ის სითბო და სიყვარული, რასაც, ჩემდა გასაკვირად და გასახარად, ვიღებ ადამიანებისგან. მინდა სამაგიერო სიყვარულის და ბედნიერების ჩუქება შემეძლოს. მინდა, რაც შეიძლება მეტი მზეჩაღვრილი მზერა მხვდებოდეს ქუჩაში გასულს. ვნატრობ, ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი და სამართლიანი, მდიდარი და ბედნიერი ადამიანების სამკვიდრო.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები